გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-10-კ-02 29 ივნისი, 2002 წ., ქ .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ზედმეტად გადახდილი თანხის და საურავის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
08.08.2000წ. შპს «ს-მა” სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის რეგიონალური საბაჟოს მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 08.03.96წ. საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ,,თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” შეთანხმების I მუხლის I პუნქტის თანახმად მონაწილე მხარეები არ იყენებენ საბაჟო გადასახადებსა და ექვივალენტური ქმედების ბეგარას საქონლის ექსპორტსა და იმპორტზე, რომელიც წარმოშობილია ერთ-ერთი მონაწილე მხარის საბაჟო ტერიტორიიდან და განკუთვნილია მეორე მონაწილე მხარის საბაჟო ტერიტორიისათვის. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა 16.04.97წ. დადგენილებით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მის მიერ 18.03.98წ. და 27.03.98წ. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან იმპორტირებული იქნა 102,153 ტონა დიზელის საწვავი, რომელსაც 12%-იანი საბაჟო გადასახადისა და ამ თანხით გაზრდილი საბაჟო ღირებულებიდან გამოანგარიშებული დღგ-ს სახით ზედმეტად დაერიცხა 7734,51 ლარი, რაც მოსარჩელის აზრით ექვემდებარება დაბრუნებას. ამასთან, მოსარჩელემ დამატებით განმარტა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, დასაბრუნებელ თანხას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული განაკვეთების მიხედვით უნდა დაერიცხოს საურავი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა უკანონოდ გადახდევინებული თანხის _ 7734,51 ლარის და მასზე დარიცხული საურავის _ 2492,7 ლარის, სულ 10227,2 ლარის დაკისრება მოპასუხეზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის თანხის ანაზღაურება.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 23.10.2000წ. გადაწყვეტილებით შპს «ს-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისის რეგიონალურ საბაჟოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის 7734,51 ლარის და მასზე დარიცხული საურავის 2292,7 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის და სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების, სულ 660 ლარის გადახდა.
საქართველოს საბაჟოO დეპარტამენტმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 28.12.98.წ. ¹991 განკარგულების შესაბამისად მხარისათვის დაბრუნებულ თანხაზე დარიცხული საურავი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს უნდა გადაეხადა, რის გამო უმართებულოა საბაჟო ორგანოსათვის მითითებული თანხის ანაზღაურების დაკისრება. აპელანტმა აღნიშნა აგრეთვე, რომ საბაჟოOორგანოები «სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის თანახმად, საერთო სასამართლოში საქმის განხილვისას ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, რის გამო რაიონული სასამართლოს მიერ მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრება არ ემყარება კანონის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.11.01წ. გადაწყვეტილებით საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს ,,ს-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის რეგიონალურ საბაჟოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზედმეტად გადახდილი თანხის 7734 ლარის და საურავის 5675,7 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 08.03.96წ. საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ,,თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” შეთანხმების I მუხლის I პუნქტის თანახმად მონაწილე მხარეები არ იყენებენ საბაჟო გადასახადებსა და ექვივალენტური ქმედების ბეგარას საქონლის ექსპორტსა და იმპორტზე, რომელიც წარმოშობილია ერთ-ერთი მონაწილე მხარის საბაჟო ტერიტორიიდან და განკუთვნილია მეორე მონაწილე მხარის საბაჟო ტერიტორიისათვის. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა 16.04.97წ. დადგენილებით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მიერ ზედმეტად გადახდილ თანხას საურავი უნდა დარიცხვოდა გადამხდელისათვის ანაზღაურების შესახებ დეკლარაციის წარდგენის მომენტიდან ნამეტი თანხის დაბრუნების მომენტამდე, რაც მთლიანობაში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ყოველწლიური განაკვეთის შესაბამისად, 2292,7 ლარს შეადგენს. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით საბაჟო დეპარტამენტი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან შპს «ს-ს” გადახდილი ბაჟი უკან დაუბრუნდა.
საბაჟო დეპარტამენტმა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ჯარიმებისა და საურავების სადავო თანხების დაბრუნება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. კასატორი, მიუთითებს აგრეთვე, რომ შპს «ს-ის” მიერ ზედმეტად გადახდილი თანხისა და ამ თანხაზე დარიცხული საურავის თანხა იმ ორგანომ უნდა გადაიხადოს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის 29.12.98წ. ¹991 განკარგულებით ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება დაევალა, კერძოდ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
08.03.96წ. საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის «თავისუფალი ვაჭრობის შესახებ» ხელმოწერილი შეთანხმების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად მონაწილე მხარეები არ იყენებენ საბაჟო გადასახადებს და ექვივალენტური ქმედების მქონე ბეგარას საქონლის ექსპორტსა და იმპორტზე, რომელიც წარმოშობილია ერთ-ერთი მონაწილე მხარის საბაჟო ტერიტორიიდან და განკუთვნილია მეორე მონაწილე მხარის საბაჟო ტერიტორიისათვის. შეთანხმების სავალდებულობა აღიარებულ იქნა საქართველოს პარლამენტის 16.04.97წ. დადგენილებით შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ. ამდენად, შპს «ს-ის» მიერ 18.04.98წ. და 27.03.98წ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიიდან იმპორტირებული ნავთობპროდუქტი არ ექვემდებარებოდა საბაჟო გადასახადით დაბეგვრას. «საქართველოს საბაჟო კოდექსის» 75-ე მუხლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხა უბრუნდება გადამხდელს 30 დღის განმავლობაში განცხადების მიღების დღიდან სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით ან ჩაეთვლება გადასახდელების გადამხდელს საბაჟო გადასახდელების გადახდის ანგარიშში. საბაჟო გადასახდელების უკან დაბრუნებისას მათზე დაირიცხება პროცენტი საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით. საგადასახადო კოდექსის მითითებული ნორმის თანახმად, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით გადასახადის ზედმეტად გადახდევინების შემთხვევაში, პროცენტი გადახდილ უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელისათვის ანაზღაურების შესახებ დეკლარაციის წარდგენის მომენტიდან ნამეტი თანხის დაბრუნების მომენტამდე. აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შპს «ს.» საბაჟო გადასახადების სახით ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს, დაბრუნებულ თანხას უნდა დაერიცხოს აგრეთვე საურავი. ამასთანავე, დავის სწორი გადაწყვეტა მოითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის და თანხაზე დარიცხული საურავის ანაზღაურებისათვის ვალდებული პირის ზუსტად განსაზღვრას. «საქართველოს მთავრობის მიერ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული ორმხრივი შეთანხმებებით გათვალისწინებული დებულებების მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 29.12.98წ. ¹991 განკარგულების თანახმად, სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის და საგადასახადო დეპარტამენტის შეჯერებული მონაცემები ორგანიზაციებსა და ბიუჯეტებს შორის არსებული ურთიერთდავალიანების თაობაზე უნდა გადასცემოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტს, რომელსაც უშუალოდ ეკისრებოდა წარმოდგენილი დასკვნების შესაბამისად თანხების დაბრუნების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კონკრეტულ სამართალურთიერთობაში საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხების და მასზე დარიცხული საურავების დაბრუნებაზე ვალდებული პირის საბაჟო დეპარტამენტის მხარეზე თანამოპასუხის სახით ჩაბმა. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სახაზინო დეპარტამენტის მხარედ ჩაბმა განპირობებულია განსახილველი სამართალურთიერთობის სპეციფიურობით და იგი არ ვრცელდება სხვა სახის საბაჟო სამართალურთიერთობებზე.
სსსკ-ს 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს სსსკ-ს 412-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი. საქმის ხელმეორე განხილვისას სააპელაციო პალატამ, საქმის სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა იქონიოს მსჯელობა საქმეში საბაჟო დეპარტამენტის მხარეზე თანამოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის ჩართვის თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.11.01წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.