3გ-ად-11-02 30 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
მსაჯულები: შ. მამფორია,
ნ. დუმბაძე
დავის საგანი: საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო ოლქში რეგისტრაციაში გატარება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. თ-ძის რწმუნებულმა ქ. თ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ნ. თ-ძის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად ქ. თბილისის ¹6 სამგორის საარჩევნო ოლქში რეგისტრაციაში გატარება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ნ. თ-ძე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილ იქნა საინიციატივო ჯგუფის მიერ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მხარდამჭერთა სიების გადამოწმების შედეგად ნ. თ-ძეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. იმავე დღეს მას მხარი დაუჭირა პოლიტიკურმა გაერთიანება «.. ..-მა", რომელმაც კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად წერილობითი განაცხადით ცსკოს. 24.05.02წ. მოსარჩელემ მიმართა ცსკოს დეპუტატობის კანდიდატის მოწმობის ასაღებად, «.. ..-ის" მიერ წარდგენილი პარტიული სიების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავის გამო იგი სხვა დროისათვის დაიბარეს, ხოლო 25.05.02წ. კომისიის საოქმო განყოფილებაში განუცხადეს, რომ «.. ..-ს" ნ. თ-ძის ¹6 საოლქო საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანიდადატად წარდგენის შესახებ განაცხადი ცსკოში არ შეუტანია. 25.05.02წ. ცსკოს წარედგინა ხელმეორე განაცხადი, რაც არ იქნა მიღებული ვადის გაცდენის გამო. მოსარჩელე ითხოვს ქ. თბილისის ¹6 სამგორის საარჩევნო ოლქში ნ. თ-ძის რეგისტრაციაში გატარებას.
მოპასუხე _ ცსკოს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ ნ. თ-ძე დეპუტატობის კანდიდატად საარჩევნო ოლქში წარდგენილ იქნა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ცსკოს გადაეგზავნა ნ. თ-ძის სააღრიცხვო ბარათი. საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა ნ. თ-ძის რეგისტრაციაზე. პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ს" არ წარუდგენია ცსკოში რაიმე დოკუმენტაცია ნ. თ-ძის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაში გაატრების შესახებ, შესაბამისად, ცსკოს არ მიუღია რაიმე დოკუმენტი ნ. თ-ძის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
საქმეზე მოწმედ დაკითხულმა პოლიტიკური გაერთიანება «.. ..-ის" წარმომადგენელმა ცსკოში _ შ. ბ-შვილმა აღნიშნა, რომ ¹6 სამგორის საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატად ნ. თ-ძის რეგისტრაციაში გატარების საკითხი ცსკოს არ განუხილავს, მან კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის ბოლო დღეს პირადად წარუდგინა ცსკოს სარეგისტრაციოდ პარტიული სია, წარდგენილ დოკუმენტაციას შორის არ ყოფილა ნ. თ-ძის მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციაში წარდგენის განაცხადი, მისთვის უცნობია რაიმე ასეთი წარდგინების შესახებ.
საქმეზე მოწმედ დაკითხულმა _ ქ. თბილისის ¹6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ _ ი. ხ-იამ აღნიშნა, რომ ნ. თ-ძე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ იქნა საოლქო საარჩევნო კომისიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატად სარეგისტრაციოდ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ «საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 40-42-ე მუხლების შესაბამისად მხარდამჭერთა სიის გადამოწმების შედეგად 07.05.02 წ. განკარგულებით ნ. თ-ძეს უარი ეთქვა საარჩევნო რეგისტრაციაზე. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება კანონით განსაზღვრულ ვადაში ნ. თ-ძის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა, რომელიმე პარტიის მიერ ნ. თ-ძის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ცსკოში წარდგენა მოწმისათვის ცნობილი არ არის, ასეთი შეუძლებელიც იყო დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ვადის გასვლის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის განხილვის შედეგად პალატა დადგენილად თვლის შემდეგს: ნ. თ-ძე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად ქ. თბილისის ¹6 სამგორის საარჩევნო ოლქში პარლამენტის გამოკლებული წევრის ნაცვლად დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-40, 41-ე, 42-ე მუხლების საფუძველზე ნ. თ-ძეს ქ. თბილისის ¹6 საოლქო საარჩევნო კომისიის 07.05.02წ. განკარგულებით უარი ეთქვა საქართველოს პარლამენტის წევრის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაზე. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ნ. თ-ძის მიერ არ გასაჩივრებულა. 24.05.02წ. ნ. თ-ძემ მოითხოვა დეპუტატაობის კანდიდატის მოწმობა და განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის გამო მას მხარი დაუჭირა საქართველოს პოლიტიკურმა გაერთიანება «.. ..-მა", რომელმაც წარადგინა იგი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.
პალატა აღნიშნავს, რომ ნ. თ-ძეს არ გაუსაჩივრებია საქართველოს საარჩევნო კოდექსით (77.10 მუხ.) განსაზღვრულ სამდღიან ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 07.05.02წ. განკარგულებით საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმა. პალატა არ იზიარებს ნ. თ-ძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის შემდეგ პოლიტიკური გაერთიანება «.. ..-მა" წარადგინა იგი კანდიდატად. კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ" ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-11 ნაწილის «ა" ქვეპუნქტის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის, 106-ე მუხლის მე-9 ნაწილის ნორმათა ანალიზი ადასტურებს პარტიის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის ცსკოში რეგისტრაციის შესაძლებლობას, ამასთანავე, «.. ..-ის" მიერ ნ. თ-ძის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად წარდგენას უარყოფენ ცსკოს წარმომადგენლები, პოლიტიკური გაერთიანება «.. ..-ის" წარმომადგენელი ცსკოში. საქმეში არ მოიპოვება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია (მხარდამჭერთა ხელმოწერები, პარტიის მიერ წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის სააღრიცხვო ბარათი, პარტიის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენა), ასეთად ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი «.. ..-ის" ბლანკის ასლზე უთარიღო, ხელმოუწერელი მიმართვის ტექსტი ნ. თ-ძის ¹6 საარჩევნო ოლქში დეპუატატობის კანდიდატად წარდგენის შესახებ.
პალატა ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ¹6 საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა ნ. თ-ძის რეგისტრაციაზე 07.05.02წ., საქართველოს საარჩევნო კოდექსის 97-ე და 98-ე მუხლების თანახმად კანდიდატთა წარდგენის ვადა ამ პერიოდისათვის ამოწურული იყო. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 25 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი საოლქოს საარჩევნო კომისიები ამოწმებენ საბუთებს და წყვეტენ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის საკითხს. ამასთანავე, კოდექსის 1283-ე მუხლი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების ვადების გახანგრძლივებას ითვალისწინებს 2002 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან და არა საქართველოს პარლამენტის წევრების არჩევნებთან დაკავშირებით. კოდექსის 77-ე მუხლის მე-11 ნაწილის «ა" ქვეპუნტის მიხედვით, პარტიების (საარჩევნო ბლოკების) და პარტიული სიით წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტარციის შესახებ ცსკოს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. აღნიშნული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა, მისი აღდგენა არ დაიშვება, ვინაიდან საარჩევნო პროცესი დროში მკაცრადაა რეგლამენტირებული. შესაბამისად, ნ. თ-ძის მიერ ს.ა.ს.კ. 23-ე, 33-ე მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის _ რეგისტრაციაში გატარების მოთხოვნით საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის მიმართვისას აღნიშნული ვადა გაცდენილი იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ნ. თ-ძეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 249-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ. თ-ძის სასარჩელო განაცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 10 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.