Facebook Twitter

¹ 3გ-ად-11-კს-02 3 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

კერძო საჩივრის თხოვნა: სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმება და შეჩერებული საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 20 აგვისტოს სს «...-ის» წარმომადგენელმა დ. ქ-შვილმ თბილისის საოლქო სასამართლოს მიმართა განცხადებით სარჩელის აღძვრამდე ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ «საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ სააქციო საზოგადოება «...-ში» ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დაცვის შესახებ» საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 25 ივლისის ბრძანებით განისაზღვრა სს «...-ის» მიერ მიღებული უკანონო შემოსავლისა და საჯარიმო სანქციების, სულ 7431114 ლარის, სს «...-ის» ანგარიშსწორების ანგარიშებიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღება.

აღნიშნული ბრძანება გადაეგზავნა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს, რათა მომხდარიყო დაკისრებული თანხის უდავო წესით ამოღება სს «...-ის» ანგარიშსწორების ანგარიშებზე საინკასო დავალებათა წარდგენის გზით.

განცხადებაში მითითებული იყო, რომ სს «...-ი» არ ეთანხმებოდა ზემოთ აღნიშნულ ბრძანებას, მიიჩნევდა მას არამართლზომიერად, უსაფუძვლოდ და უკანონოდ, რის გამოც სასამართლოში აპირებდა მისი ბათილობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრას.

სარჩელის აღძვრამდე, სს «...-მა» ითხოვა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 25 ივლისის ¹95 ბრძანების მოქმედების შეჩერება, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარატმენტისათვის სს «...-ის» საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებათა წარდგენის აკრძალვა, ამასთან დაკავშირებით გამოტანილი განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 21 აგვისტოს განჩინებით სს «...-ის» შუამდგომლობა სარჩელის აღძვრამდე ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა სრულად. ამავე განჩინებით სს «...-ს» სასამართლო კოლეგიამ სასამართლოში სარჩელის აღძვრისათვის 2001 წლის 10 სექტემბრამდე დაუნიშნა ვადა.

2001 წლის 10 სექტემბერს სს «...-მ» სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართ.

სარჩელში მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 25 ივლისის ¹95 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სს «...-ის» სარჩელი მიიღო წარმოებაში.

2001 წლის 18 დეკემბერს სს «...-ის» წარმომადგენელმა დ. ქ-შვილმა თბილისის საოლქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

შუამდგომლობაში მითითებულია, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 25 ივლისის ¹95 ბრძანება წარმოადგენდა ამავე სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2001 წლის 15 ივნისის შემოწმების აქტის აღსასრულებლად გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მხარეთა შორის დავა ეხება როგორც ზემოთ აღნიშნული ბრძანების მომზადებისა და გამოცემის პროცედურულ მხარეს, ისე _ თავად შემოწმების აქტის საფუძვლიანობასა და კანონიერებას, რის გამოც შეუძლებელი იყო სარჩელზე მსჯელობა თავად შემოწმების აქტის გარკვეულწილად განხილვის გარეშე.

შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ სს «...-მა» ცალკე სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიმართ და ითხოვა მოპასუხის მიერ შედგენილი 2001 წლის 15 ივნისის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე _ შემოწმების აქტის მოქმედების შეჩერება.

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 14 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული სარჩელი მიიღო წარმოებაში, ხოლო იმავე დღეს დააკმაყოფილა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და შეაჩერა შემოწმების აქტის მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სს «...-ის» წარმომადგენელმა დ. ქ-შვილმა ითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის შესაბამისად საქმის განხილვის შეჩერება ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2001 წლის 15 ივნისის შემოწმების აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მანამდე შეუძლებელი იქნებოდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების გამოატანა შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არსებულ საქმეზე სასამართლო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელი იქნებოდა შემოწმების აქტის კანონიერებისა და საფუძვლიანობის გამოკვლევის გარეშე, რასაც იხილავდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლო. მხოლოდ შემოწმების აქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ წარმოების განახლება.

2. იმის გამო, რომ შეჩერებული იყო შემოწმების აქტის მოქმედება და შესაბამისად _ მისი აღსრულება, შეუძლებელი იქნებოდა სასამართლო კოლეგიის მიერ სადავო ბრძანების კანონიერების დადგენაც, რადგან აღნიშნული ბრძანება იმ დროისათვის ემყარებოდა მხოლოდ შეჩერებულ აქტს, რომელსაც იმჟამად კანონიერი ძალა არ გააჩნდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორმა ითხოვა საქმის წარმოების შეჩერება მანამ, სანამ არ გადაწყდებოდა ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2001 წლის 15 ივნისის შემოწმების აქტის ბათილობისა და მისი მოქმედების შეჩერების საკითხი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელე სს «...-ის» წარმომადგენელ დ. ქ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. კერძოდ, საქმის წარმოება, მოსარჩელე სს «...-ის» სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართ 2001 წლის 25 ივლისის ¹95 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, შეჩერდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2001 წლის 15 ივნისის შემოწმების აქტის ბათილად ცნობის გამო, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებულმა ფასების სახელმწიფო ინსპექციამ და ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმება და სს «...-ის» მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში აღძრულ სარჩელთან დაკავშირებული საქმის წარმოების განახლება.

ფასების სახელმწიფო ინსპექცია კერძო საჩივრის ძირითად საფუძვლად მიიჩნევდა, რომ ფასების სახელმწიფო ინსპექციის ინსპექტორების მიერ შედგენილი შემოწმების აქტი, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში 2001 წლის 26 ოქტომბრის კანონით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებითაც კი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს და არ შეიძლებოდა მისი გაიგივება ადმინისტრაციულ აქტთან.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის შემოწმების აქტი არ შეიძლება ჩაითვალოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ აქტად, რადგანაც იგი დამოუკიდებლად არ აწესებს, არ ცვლის, არ წყვეტს და არ ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. იგი, აგრეთვე, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებულ დოკუმენტს, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ფასების სახელმწიფო ინსპექციის შემოწმების აქტის საფუძველზე ზემოთ აღნიშნული სამინისტროს მიერ გამოიცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2001 წლის 15 ივნისის შემოწმების აქტი წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 25 ივლისის ¹95 ბრძანების იურიდიულ საფუძველს, და დაუშვებელია შემოწმების აქტისა და სამინისტროს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების განხილვა ცალ-ცალკე, სხვადასხვა სასამართლოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირების მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შედგენილი სხვა დოკუმენტებიც (მოხსენებითი ბარათი, დასკვნა, პატაკი და ა.შ.), რომლებსაც დამოუკიდებლად ასევე არ შეიძლება მოჰყვეს იურიდიული შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» პუნქტში განსაზღვრულ სამართლებრივ შედეგად არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის აღნიშნულ ნორმაში მითითებულ «სამართლებრივ შედეგში» იგულისხმება ის შედეგი, რომელიც პირდაპირ შეიძლება მოჰყვეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებულ დოკუმენტს.

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ადმინისტრაციული აქტის იურიდიული საფუძვლის დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევა ან მისი ცალკე გასაჩივრების დაშვება გამოიწვევს ძირითადი ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ფორმალიზაციას, ვინაიდან, თუ ადმინისტრაციული აქტის საფუძველი იქნება დამოუკიდებელი განხილვის საგანი და გადაწყდება მისი კანონიერების საკითხი, მაშინ ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება აზრს დაკარგავს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის შემმოწმებლების მიერ 2001 წლის 15 ივნისს შედგენილი შემოწმების აქტი პირდაპირ არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, კერძოდ, მხოლოდ მის საფუძველზე შეუძლებელი იქნება სს «...-ის» ანგარიშიდან შესაბამისი თანხის ამოღება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, არამედ, შემოწმების აქტი წარმოადგენს იურიდიულ საფუძველს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ გამოცემულ იმ ადმინისტრაციული აქტისას (2001 წლის 25 ივლისის ¹95 ბრძანება), რომელიც პირდაპირ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.

ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად საქართველოს სამთავრობო დაწესებულების მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე სარჩელს განიხილავენ საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 25 ივლისის ¹95 ბრძანებისა და ამავე სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2001 წლის 15 ივნისის შემოწმების აქტის კანონიერება პირველი ინსტანციით უნდა განიხილოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა კოლეგიის მიერ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 25 ივლისის ¹95 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელზე საქმის წარმოების შეჩერება მანამ, სანამ ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2001 წლის 15 ივნისის შემოწმების აქტის ბათილად ცნობის გამო საქმეზე არ გამოვა საბოლოო გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 24 დეკემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და განახლდეს საქმის წარმოება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 24 დეკემბრისა და 2002 წლის 24 იანვრის განჩინებები და განახლდეს საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.