3გ-ად-13-კ-02 14 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაბრუნებულ თანხებზე საურავის გადახდევინების მოთხოვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 8 აგვისტოს შპს «თ-მ” სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოპასუხე თბილისის რეგიონალური საბაჟოსათვის 25785,5 ლარის ოდენობით საურავის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლისათვის ხელშეკრულებით გადასახდელი თანხების დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ შპს «თ-ს” უკანონოდ გადახდილი საბაჟო გადასახდელები 265421,81 ლარი 1999წ. თებერვლისათვის დაბრუნებული ჰქონდა. მისმა წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით დაბრუნებულ თანხებს საქართველოს ბანკის მიერ განსაზღვრული განაკვეთების მიხედვით საურავი უნდა დარიცხვოდა, რომელიც, კანონის თანახმად, გადამხდელისათვის ანაზღაურებას ექვემდებარებოდა. შპს «თ-სათვის» ასანაზღაურებელი თანხა სულ 25785,5 ლარს შეადგენდა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე შპს «თ-ს” დაბრუნებულ თანხებთან ერთად საურავიც ეკუთვნოდა და სარჩელი დააკმაყოფილა. თბილისის რეგიონალურ საბაჟოს მოსარჩელის სასარგებლოდ საურავის თანხის _ 25785,5 ლარის, სახელმწიფო ბაჟის _ 644,6 ლარისა და ადვოკატისათვის გადასახდელი თანხის _ 1031 ლარის გადახდა დაეკისრა.
საქართველოს საბაჟო Oდეპარტამენტმა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 28 დეკემბრის ¹991 განკარგულების შესაბამისად მხარისათვის დაბრუნებულ თანხაზე დარიცხული საურავი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს უნდა გადაეხადა და საბაჟო ორგანოსათვის მითითებული თანხის ანაზღაურების დაკისრება არამართებული იყო.
საბაჟო დეპარტამენტი აქვე დაამატებდა, რომ საბაჟოO ორგანოები «სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის თანახმად საერთო სასამართლოში საქმის განხილვისას ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებოდნენ და რაიონული სასამართლოს მიერ მისთვის ბაჟის დაკისრება კანონის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე შპს «თ-ის” მიერ ზედმეტად გადახდილ თანხას საურავი უნდა დარიცხვოდა გადამხდელისათვის ანაზღაურების შესახებ დეკლარაციის წარდგენის მომენტიდან ნამეტი თანხის დაბრუნების მომენტამდე, რაც მთლიანობაში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ყოველწლიური განაკვეთის შესაბამისად 25785,5 ლარს შეადგენდა.
საოლქო სასამართლომ აპელანტს მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის გადახდილი თანხა _ 1031 ლარის ანაზღაურებაც დააკისრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილება საბაჟო დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ჯარიმებისა და საურავების სადავო თანხების დაბრუნება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება.
კასატორი, ამასთან, მიუთითებს, რომ შპს «თ-ის” მიერ ზედმეტად გადახდილ თანხაზე დარიცხული საურავის თანხა იმ ორგანოს უნდა გადაეხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 29 დეკემბრის ¹991 განკარგულებით ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება დაევალა, კერძოდ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტს. კასატორმა უკანონოდ მიიჩნია, მისთვის ადვოკატის ხარჯების დაკისრებაც და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
«საქართველოს საბაჟო კოდექსის” 75-ე მუხლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი საბაჟოO გადასახდელების თანხა გადამხდელს უბრუნდება განცხადების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში და ზედმეტად გადახდილ თანხებზე, «საქართველოს საგადასახადო კოდექსის” 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით დაირიცხება საურავი. «საგადასახადო კოდექსის» მითითებული მუხლის თანახმად, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით გადასახადის ზედმეტად გადახდევინების შემთხვევაში, პროცენტი გადახდილ უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელისათვის ანაზღაურების შესახებ დეკლარაციის წარდგენის მომენტიდან ნამეტი თანხის დაბრუნების მომენტამდე.
ზემოთქმული ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება საოლქო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ შპს «თ-ის” ზედმეტად გადახდილ თანხაზე საურავი უნდა დარიცხვოდა და შესაბამისი ანაზღაურებაც მიეღო, მაგრამ აღნიშნულ შემთხვევაში ნიშანდობლივია ის გარემოება, თუ ვინ არის საურავის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი. მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, ჩვეულებრივ საბაჟოO ურთიერთობებში სამართალურთიერთობა წარმოებს საბაჟო ორგანოსა და საბაჟო გადასახადის გადამხდელს შორის, მაგრამ კონკრეტული დავა სპეციფიკურ ხასიათს ატარებს, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 29 დეკემბრის ¹991 განკარგულების თანახმად, სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტსა და საგადასახადო დეპარტამენტს ორგანიზაციებსა და ბიუჯეტს შორის არსებული ურთიერთობების თაობაზე შეჯერებული მონაცემები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტისათვის უნდა გადაეცა, რომელსაც წარმოდგენილი დასკვნების შესაბამისად თანხების დაბრუნების უზრუნველყოფა უშუალოდ ეკისრებოდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ სამართალურთიერთობაში თანამოპასუხედ ჩაბმულ უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტი, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხებისა და მასზე დარიცხული საურავების დაბრუნებაზე ვალდებული პირი. საკასაციო სასამართლო მხარისა და სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მითითებული მხოლოდ კონკრეტულ დავაზე ვრცელდება და სხვა საბაჟო სამართალურთიერთობებს არ ეხება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ საქმე ხელახლა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას უნდა დაუბრუნდეს და საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.