3გ/ად-14-კს-02 19 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქარნთველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 18 ივლისს პ. ზ-ძემ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს და მოითხოვა წერილობითი ინფორმაცია 1999 წლის 15 მაისიდან 2000 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პირველი ინსტანციითა და სააპელაციო წესით განხილული ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების შესახებ, კერძოდ: საქმეების დასახელების, განჩინება-გადაწყვეტილებების გამომტანი სასამართლოს, სარჩელის დაკმაყოფილების, მასზე უარის თქმისა და სხვა ინფორმაცია.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 27 ივლისის ¹588 წერილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლისა და 273 მუხლის საფუძველზე, უარი ეთქვა პ. ზ-ძეს ზემოაღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე, რის გამოც პ. ზ-ძემ 2001 წლის 23 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 27 ივლისის ¹588 წერილის, როგორც ადმინისტრაციული აქტის გაუქმება, საჯარო ინფორმაციის გაცემა, განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუღებლობით მიყენებული ქონებრივი ზიანის – 26 480 ლარისა და მორალური ზიანის – 550 002 ლარის ოდენობით ანაზღაურება. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მას ხელშეკრულება ჰქონდა დადებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სამტომეულის გამოცემის შესახებ, რომლის თანახმად მას კონტრაჰენტისათვის უნდა მიეწოდებინა სასამართლოსადმი მოთხოვნილი ინფორმაცია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 20 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ძალას კარგავდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის წერილით მოსარჩელე პ. ზ-ძეს 2001 წლის 18 დეკემბრამდე მიეცა ვადა ხელშეკრულების დედანისა და საგამომცემლო საქმიანობის შესახებ ლიცენზიის წარმოსადგენად, რომლის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის გამო, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 18 დეკემბრის განჩინებით პ. ზ-ძის სასარჩელო განცხადება დატოვებული იქნა უმოძრაოდ და მასვე სარჩელი დაუბრუნდა თანდართული მასალებით. 2001 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელემ სასამართლოში შეიტანა განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე სასამართლო კოლეგიის აცილების შესახებ.
სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა პ. ზ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
1. სასამართლო კოლეგიამ განჩინებაში არასწორად მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის სინამდვილეს, ვინაიდან ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი სწორედ სასამართლოს ეკისრებოდა და არა მოსარჩელეს;
2. სასამართლო კოლეგიამ იმის მაგივრად, რომ ემსჯელა განცხადებით დასმულ აცილების საკითხზე, გამოიტანა განჩინება სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ, რაც თავისთავად უსწოროა, ვინაიდან სასამართლო საქმის არსებითად განხილვამდე და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენამდე ვალდებული იყო აცილების საფუძვლების გამო აეცილებინა საქმე და გადაეგზავნა იგი ზემდგომი სასამართლოსათვის;
3. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შესახებ განჩინება არ მიუღია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად არ ჰქონდა უფლება სარჩელი დაეტოვებინა უმოძრაოდ. ამასთან, სასამართლოს რომც დაეცვა ზემოაღნიშნული 185-ე მუხლის მოთხოვნები და მიეღო განჩინება, იგი მაინც არ იქნებოდა კანონშესაბამისი, ვინაიდან სასამართლომ აღნიშნული საკითხის გარკვევა დაიწყო სარჩელის შეტანიდან ორი თვის შემდეგ, კოდექსის 183-ე და 185-ე მუხლების თანახმად კი აღნიშნული საკითხი უნდა გარკვეულიყო სარჩელის წარმოებაში მიღების დროს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002 წლის 8 თებერვლის განჩინებით, დაუსაბუთებლობის მოტივით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და სასამართლო კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ პ. ზ-ძის კერძო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 18 დეკემბრისა და 2002 წლის 8 თებერვლის განჩინებები უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან პ. ზამბახიძის სასარჩელო განცხადება აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს განსჯადობით გადაეცა 2001 წლის 23 ოქტომბერს, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ უნდა ემსჯელა სასარჩელო განცხადების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში და გადაეწყვიტა მისი დასაშვებობის საკითხი ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მიეცა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, 5 დღის ვადის გასვლის შემდეგ სასარჩელო განცხადება წარმოებაში მიღებულად ითვლება;
2. აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, 2001 წლის 12 დეკემბრის წერილით მოსარჩელეს მოსთხოვა 2001 წლის 18 დეკემბრამდე რიგი მტკიცებულებების წარმოდგენა, რითაც, საკასაციო პალატის აზრით, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ სარჩელზე ხარვეზის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება და მოსარჩელეს ეძლევა ვადა მითითებული ხარვეზის შესავსებად, ხოლო წერილი, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოს აქტს არ წარმოადგენს და არც რაიმე სამართლებრივი შედეგი მოჰყვება;
3. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სარჩელი უმოძრაოდ იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სარჩელის საფუძვლიანობას. განჩინებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის «ზ» პუნქტის დარღვევაზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან ამ პუნქტის მიხედვით, სარჩელში მითითებული უნდა იყოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ იმ გარემოებებს, რაზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. პ. ზ-ძის სარჩელში სწორედაც რომ იყო მითითებული ის მტკიცებულებები, კერძოდ ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებდა მის მოთხოვნას, მაგრამ არ იყო წარმოდგენილი თავად ხელშეკრულება. მტკიცებულებების წარმოუდგენლობა, საკასაციო სასამართლოს აზრით, შეიძლება გახდეს საქმის არსებითად განხილვის შემდეგ, დაუსაბუთებლობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, მაგრამ სარჩელის უმოძრაოდ დატოვების, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის საფუძველი ვერ გახდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 18 დეკემბრისა და 2002 წლის 8 თებერვლის განჩინებები და პ. ზ-ძის სარჩელი განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ აცილების თაობაზე დასმულ შუამდგომლობაზე და განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო ამ ეტაპზე არაუფლებამოსილია იმსჯელოს მოცემულ საკითხზე, ვინაიდან აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს ჯერ არ განუხილავს აღნიშნული შუამდგომლობა. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად უნდა იმსჯელოს აცილების თაობაზე, ვინაიდან სარჩელის მიხედვით იგი წარმოადგენს მოპასუხეს, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო _ სასამართლო იმავდროულად წარმოადგენდეს სამართალწარმოებაში მონაწილე სუბიექტს (მოსარჩელეს, მოპასუხეს, მესამე პირს).
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-II მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ. ზ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 18 დეკემბრისა და 2002 წლის 8 თებერვლის განჩინებები და პ. ზ-ძის სარჩელი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.