3გ-ად-15-02 13 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
მსაჯულრები: ლ. გაჩეჩილაძე,
ნ. ალხანიშვილი
დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) 2002 წლის 5 ივნისის ¹87/2002 განკარგულებით გაუქმდა ბაღდათის ¹52 საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დამტკიცდა ¹52-10 საკრაულას სოფლის საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ამავე განრგულებით, ბათილად იქნა ცნობილი ¹52-10 საკრაულას სოფლის საარჩევნო ოლქის ¹1 საარჩევნო უბნის 2002წ. 2 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს არჩევნების კენჭისყრის შედეგები. განკარგულებას საფუძვლად დაედო საკრაულოს ¹1 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების: ა. ს-ავას, ვ. ჭ-შვილისა და ა. ზ-ძის საჩივარი, რომელშიც მითითებულია, რომ საკრაულას ¹1 საარჩევნო უბანში კენჭისყრა, ნაცვლად 7 საათისა, დაიწყო დაახლოებით 12 საათზე. ამასთან, კენჭისყრა ჩატარდა ისე, რომ არ ყოფილა გამოყენებული საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი.
ცსკოს ზემოაღნიშული ¹87/2002 განკარგულება სასარჩელო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა საკრაულოს სოფლის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა გ. ა-შვილმა, რომელმაც ამომრჩევლთა ხმების უმრავლესობა (265 ხმა) მიიღო. მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი ცსკოს 2002წ. 5 ივნისის ¹87/2002 სადავო განკარგულება შემდეგი საფუძვლებით:
1. საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 64-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველია აღნიშნული კოდექსის უხეში დარღვევა. კანონი არ განსაზღვრავს თუ რა ჩაითვლება «უხეშ დარღვევად". აღიარებული განმარტებით, საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევად ითვლება ისეთი დარღვევა, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა კენჭისყრის შედეგებზე, რამაც დაარღვია შესაბამისი სუბიექტების აქტიური თუ პასიური საარჩევნო უფლება ან, რაც შეუძლებელს ხდის ამომრჩეველთა ნების დადგენას. არც მესამე პირთა საჩივარი და არც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი ასეთი სახის დარღვევებზე არ მიუთითებს.
2. თანდართული მასალები ცხადყოფენ, რომ საკრაულას ¹1 საარჩევნო უბანში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 92%-მა. საკრაულას სოფლის საკრებულოს წევრის 5 მანდატის მოსაპოვებლად არჩევნებში მონაწილეობდა 7 კანდიდატი. ამომრჩეველთა ხმები განაწილდა შემდეგნაირად: მ. კ-ძე _ 51; ტ. კ-ძე _ 14, პ. თ-შვილი _ 243; გ. გ-ძე _ 208; რ. მ-ძე _ 225; გ. ა-შვილი _ 265,6, ი. ა-ავა _ 245; კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასა და არჩევნებში გამარჯვებულ და დამარცხებულ კანდიდატთა მიერ მიღებული ხმების რაოდენობებს შორის არსებული დიდი სხვაობა ცხადყოფს, რომ კენჭისყრის დაგვიანებით დაწყებას არ შეუზღუდავს ამომრჩეველთა აქტიური საარჩევნო უფლება.
3. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დაგვიანებით დაწყება გამოწვეული იყო საჩივრის ავტორთა მიზეზით. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ა. ს-ავამ, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის ავადმყოფობის გამო თავმჯდომარის უფლებამოსილება ეკისრებოდა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწლის «ბ' ქვეპუნქტის დარღვევით, არ უხელმძღვანელა კენჭისყრას, არ უზრუნველყო არჩევნების ორგანიზებულად ჩატარება, უფრო მეტიც, საერთოდ არ გამოცხადდა საარჩევნო უბანზე. საჩივრის დანარჩენი ავტორები, კომისიის წევრები: ვ. ჭ-შვილი და ა. ზ-ძე კენჭისყრის დღეს ასევე არ გამოცხადნენ საარჩევნო უბანში და არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა.
საჩივარში მითითებული მეორე დარღევა, საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდის გარეშე კენჭისყრის ჩატარების შესახებ, გამოწვეული იყო ისევ და ისევ საჩივრის ავტორთა მიზეზით. სარჩელზე დართული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი ჩაიბარეს კომისიის თავმჯდომარემ და საჩივრის ავტორებმა. კენჭისყრის დღეს კი ბეჭედი საარჩევნო უბანზე არ აღმოჩნდა, რის გამოც, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით (საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებთან შეთანხმებით), საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები დამოწმდა დამატებით, კომისიის მესამე წევრის ხელმოწერით. კომისიის ეს წევრი კი გამოვლინდა წილისყრის შედეგად.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ კენჭისყრის შედეგები სადავოდ არ გაუხდია არც ერთ ამომრჩეველს, არჩევნებში დამარცხებულ კანდიდატებს, მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს ან დამკვირვებლებს.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა საჩივარი, რომლის საფუძველზეც მიღებილ იქნა გასაჩივრებული განკარგულება, თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს განცხადებას (საჩივარს) საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასეთი საჩივარი შედგენილი უნდა ყოფილიყო კენჭისყრის დღეს 7 საათიდან 20 საათამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახამდ კი, იგი უნდა გადაცემოდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. მოცემულ შემთხვევაში, საჩივარი შედგენილია კენჭისყრიდან მესამე დღეს და წარმოდგენილია უშუალოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ე.ი. დარღვეულია ზემოთ მითითებული წესები. აღნიშნულის გამო, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცსკოს საჩივარი არ უნდა განეხილა.
5. გასაჩივრებული განკარგულება მიღებულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონით დადგენილი პროცედურის დარღვევით. კერძოდ, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 98-ე მუხლის მოთხოვნები ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის შესახებ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დარღვევით, ცსკოს განკარგულება არ შეიცავს სამოტივაციო ნაწილს და არ ემყარება მითითებას იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, რამაც განაპირობა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმება და საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა.
ცსკომ შესაგებელი არ წარმოდგინა, ხოლო მთავარ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ კომისიის 2002წ. 5 ივნისის ¹ ¹87/2002 განკარგულება მიღებულია საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის «ა" და «გ" ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის «ზ" და «თ" ქვეპუნქტების შესაბამისად, რომელთა თანახმად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ განკარგულების მიღების უფლებამოსილება გააჩნია. ამასთან, მართალია, განკარგულებაში მითითებული არ არის სამართილს იმ ნორმებზე, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევებზე მიუთითებენ, მაგრამ სახეზეა აღნიშნული დარღვევები, კერძოდ, კენჭისყრა საკრაულოს ¹1 საარჩევნო უბანზე დაიწყო 12 საათზე, ნაცვლად 7 საათისა, და ამასთან, კენჭისყრის დროს გამოყენებული არ ყოფილა საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი, რითაც დაირღვა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ა" ქვეპუნქტის მოთხოვნა.
მესამე პირები: ა. ს-ავა, ვ. ჭ-შვილი და ა. ზ-ძე მთავარ სხდომაზე არ გამოცხადნენ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ (პირველი ინსტანციით) მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, დაკითხა მოწმეები, გამოიკვლია და შეაფასა წერილობითი მტკიცებულებები, ვიდეომასალა და დადგენილად ცნო შემდეგი:
2002წ. 2 ივნისს, არჩევნების დღეს, სოფ. საკრაულას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კ. კ-ძე, ავადმყოფობის გამო (თუმცა ავადმყოფობის ცნობა საქმეში არ არის), საარჩევნო უბანზე არ გამოცხადდა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ა. ს-ავა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის ავადმყოფობის გამო თავმჯდომარის უფლებამოსილება ეკისრებოდა, ასევე არ გამოცხადდა საარჩევნო უბანზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები: ვ. ჭ-შვილი და ა. ზ-ძეც არ გამოცხადნენ საარჩევნო უბანზე. სარჩელზე დართული წერილობითი მტკიცებულბებით დასტურდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების ჩასატარებლად გადაცემული მასალები და მათ შორის კომისიის ბეჭედი ამ პირებმა ჩაიბარეს.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2002წ. 2 ივნისს სოფ. ...ას ¹1 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი სწორედ ამ პირთა მიერ საარჩევნო კოდექსით (38-ე და 39-ე მუხლები) მათზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო დაიწყო დაგვიანებით. მიუხედავად კენჭისყრის პროცესის დაგვიანებით დაწყებისა, საუბნო საარჩევნო კომისიის დანარჩენმა წევრებმა, მათი უფლებამოსილების ფარგლებში ორგანიზაცია გაუკეთეს არჩევნების კანონიერად ჩატარებას. კერძოდ, ...ას ¹1 საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 289-ე, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 266-მა ამომრჩეველმა (92%). ამდენად, კენჭისყრის პროცესის გვიან დაწყებამ გავლენა ვერ იქონია კენჭისყრის შედეგებზე. შესაბამისად არ დარღვეულა მოქალაქეთა აქტიური თუ პასიური საარჩევნო უფლება და ხელი არ შეშლია ამომრჩეველთა ნების გამოვლენას.
უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ასევე იმ გარემოებას, რომ კომისიის ბეჭედი საარჩევნო უბანზე არ აღმოჩნდა, რის გამოც საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით (საოლქო და ცენტარლური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან შეთახნებით) საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები დამოწმდა დამატებით, კომისიის მესამე წევრის ხელმოწერით, რომელც წილისყრის შედეგად გამოვლინდა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე" და «ვ" ქვეპუნქტების, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ"'ქვეპუნქტის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია კენჭისყრის ორგანიზებაზე, მათვე ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო უფლების განხორციელებაზე და უფლებამოსილია მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება კენჭისყრის ორგანიზების თაობაზე. მით უმეტეს, რომ რეკომენდაციები საუბნო კომისიის საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიებიდან მიიღო. ამდენად, საუბნო კომისიის მიერ შემუშავებული ამომრჩეველთა საარჩევნო უფლების უზრუნველყოფისა და კენჭისყრის ორგანიზების დამცავი მექამიზმი (კომისიის წევრის დამატებითი ხელმოწერა) გამოწვეული იყო აუცილებლობით, რადგან საუბნო კომისიის ბეჭედი საუბნო კომისიის დალუქულ სეიფში არ აღმოჩნდა.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გაიგივებული საქართველოს საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა" ქვეპუნქტთან, როცა საარჩევნო ბიულეტები ან სპეციალური კონვერტი დამოწმებული არ არის საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული დარღვევა არ წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსითE გათვალისწინებულ უხეშ დარღვევას, რაც შეიძლება არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი გახდეს, მით უმეტეს, რომ კენჭისყრის შედეგები სადავო არ გაუხდია არც ერთ ამომრჩეველს, არჩვნებში დამარცხებულ კანდიდატს, მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს ან დამკვირვებელს, ვისაც შეიძლება პატივსადები ინტერესი გააჩნდეს არჩევნების შედეგების მიმართ. არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვეს საუბნო საარჩევნო კომოსიის იმ წევრებმა, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედება მიმართული იყო ამ არჩევნების ჩაშლისაკენ.
უზენაესი სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას და თვლის, რომ ზემოთ დასახელებულ პირთა განცხადება ცსკომ მიიღო და განიხილა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით.
უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ცსკოს 2002წ. 5 ივნისის ¹87/2002 სადავო განკარგულება მიღებულია ადმინისტრსციული აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონით დადგენილი პროცედურის დარღვევით, კერძოდ, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 86-ე და 98-ე მუხლები. განკარგულება არ შეიცავს სამოტივაციო ნაწილს და მასში არ არის მითითებული, თუ საარჩევნო კოდექსის რომელი მოთხოვნა დაირღვა უხეშად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლო თვლის, რომ გ. ა-შვილის სარჩელი საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრსციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო, კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 249-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის, «საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ. ა-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ცსკოს 2002წ. 5 ივნისის ¹87/2002 განკარგულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.