3გ/ად-15კ-02 3 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე)
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: მეცხოველეობის ფერმიდან გამოსახლება; მოსარჩელეზე გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება და აღნიშნულ ფერმაზე მოპასუხეების საკუთრების უფლების ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მიერ 1998 წლის 19 ნოემბერს გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც კოოპერატივ «ნ.-ს» ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 22 668 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი. გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიებად არჩეულ იქნა უძრავი ქონების იძულებითი აუქციონი. მოპასუხის ნ. შ-ძის მიერ 1999 წლის 28 თებერვალს ფერმის შესასყიდად გადახდილი იქნა 3 000 ლარი. აღნიშნული თანხის ბიუჯეტში შეტანა მოხდა საგადასახადო ინსპექციასთან შეთანხმებით, კოოპერატივ «ნ.-ის» დავალიანების დასაფარავად. იმავე წლის 19 ივლისს აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა კოოპერატივ «ნ.-ის» ქონება, მათ შორის მშრალი საქონლის ბინა, მწყემსების ბინა, საზაფხულო ფარდული სოფ. ... 1999 წლის 2 აგვისტოს ლაგოდეხის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ი. ტ-ძემ მიიღო განკარგულება, რომელიც შეეხებოდა 1999 წლის 28 ივლისს კოოპერატივ «ნ.-ის» ქონებაზე ჩატარებულ აუქციონს. განკარგულებით ნ. შ-ძეს მიეყიდა სოფ. ... მდებარე მშრალი საქონლის ბინა, მწყემსების ბინა და საზაფხულო ფარდული 3 300 ლარად. ნ. შ-ძემ თანხის ნაწილი _ 3 000 ლარი წინასწარ გადაიხადა 1999 წლის 28 თებერვალს, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 300 ლარი გადაიხადა 1999 წლის 10 აგვისტოს.
ნ. შ-ძემ მიმართა ლაგოდეხის ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობა-დახასიათებისათვის მაგრამ, რადგან აღნიშნულ ფერმაზე არ იყო ტექნიკური პასპორტი შედგენილი, თავისი ხარჯებით შეადგენინა იგი და 1999 წლის 1 დეკემბერს მის სახელზე გაიცა ს/ს კოოპერატივ «ნ.-ის» საქონლის ფერმის ცნობა-დახასიათება. ნ. შ-ძემ ფერმის აუქციონზე შესყიდვის საბუთები წარადგინა ნოტარიუსთან ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად და ვინაიდან ხელშეკრულების მეორე მხარე _ აღმასრულებელი ს. ტ-ძე იქ არ იმყოფებოდა, ნოტარიუსმა მას უარი უთხრა ხელშეკრულების დამოწმებაზე. 1999 წლის სექტემბერში ფერმაში გაჩნდა ხანძარი, დაიწვა მისი ნაწილი, რაც აღადგინეს ნ. შ-ძემ და ზ. ც-ძემ.
აუქციონზე შეძენილ მეცხოველეობის ფერმაზე დავა დაიწყო კოოპერატივის წევრმა გ. მ-ძემ, რის გამოც აღმასრულებელმა ი. ტ-ძემ 1999 წლის 29 ნოემბერს შეადგინა აქტი კოოპერატივ «ნ.-ის» ... მდებარე მშრალი საქონლის ფერმის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც ხელმეორედ გაყიდვის შემდეგ 4060 ლარად შეიძინა გ. მ-ძემ. გ. მ-ძის სახელზე ტექ. აღრიცხვის ბიუროს მიერ გაიცა ცნობა-დახასიათება და 2000 წლის 2 თებერვალს აღმასრულებელ ი. ტ-ძესა და გ. მ-ძეს შორის დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება საქონლის ფერმის ნასყიდობის თაობაზე, რაც ტექაღრიცხვის ბიუროში რეგისტრიებულ იქნა გ. მ-ძის სახელზე.
2000 წლის 2 ნოემბერს გ. მ-ძემ სარჩელით მიმართა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სადავო ფერმიდან მოპასუხეების _ ნ. შ-ძისა და ზ. ც-ძის იძულებითი წესით გამოსახლება. მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და შეგებებული სარჩელით მოითხოვეს გ. მ-ძესთან 2000 წლის 2 თებერვალს დადებული ხელშეკრულების გაუქმება.
აღმასრულებელმა ი. ტ-ძემ არ ცნო სარჩელი, კანონიერად მიიჩნია 1999 წლის 29 ნოემბრის აუქციონის ჩატარება და შესაბამისად, 2000 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულების დადება. სარჩელს ასევე არ დაეთანხმა ნოტარიუსი ზ. ჩ-შვილი.
ლაგოდეხის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა გ. მ-ძის სარჩელი მოპასუხეების ფერმიდან გამოსახლების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნ. შ-ძისა და ზ. ც-ძის შეგებებული სარჩელი 2000 წლის 2 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და სადაო ფერმაზე მათი საკუთრების ცნობის თაობაზე.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იგივე მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ძემ თბილისის საოლქო სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, დააკმაყოფილა გ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი სადავო ფერმიდან ზ. ც-ძისა და ნ. შ-ძის გამოსახლების თაობაზე და შემდეგი საფუძვლით არ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი 2000 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მეცხოველეობის ფერმაზე შ-ძე-ც-ძის საკუთრების ცნობის შესახებ:
1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. მ-ძემ ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე სადავო ობიექტი შეიძინა ლაგოდეხის სააღსრულებო ბიუროს მიერ 1999 წლის 29 ნოემბერს ჩატარებული აუქციონის საფუძველზე;
2. ნ. შ-ძეს და ზ. ც-ძეს შეგებებული სარჩელით აღნიშნული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა არ მოუთხოვიათ, რის გამოც სასამართლო ვერ იმსჯელებდა მის საფუძველზე, 2000 წლის 2 თებერვალს ლაგოდეხის სააღსრულებო ბიუროს უფროსსა და გ. მ-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების არაკანონიერებაზე, რომელიც დამოწმებულია სანოტარო წესით და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ამდენად, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 170-ე მუხლების დაცვით გ. მ-ძის მოთხოვნა კანონიერად მიიჩნია;
3. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ფერმა ი. ტ-ძისაგან შეძენილი ჰქონდათ შ-ძესა და ც-ძეს და რომ 2000 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულებით ხელმეორედ გასხვისებულ იქნა ერთხელ უკვე გაყიდული ქონება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შ-ძესა და ც-ძეს სადავო ფერმის შეძენაზე სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი არ გააჩნიათ და არც აღნიშნული ფართის შემძენებად არიან რეგისტრირებულნი საჯარო რეესტრში, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით: «რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია» ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცებულა მათი უზუსტობა.
ზ. ც-ძემ და ნ. შ-ძემ სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე შემოიტანეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც სამოქალაქო კოდექსის 303-304-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმა, პირველი აუქციონის შედეგების კანონიერად ცნობა და სამოქალაქო კოდექსის 485-ე მუხლის თანახმად, ფერმის მათთვის მიკუთვნება, კერძოდ:
1. კასატორთა აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაუქმებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით, რადგან მთელი გადაწყვეტილება პალატამ დააყრდნო საქმეში წარმოდგენილ სანოტარო წესით გაფორმებულ ხელშეკრულებას, შესაბამისად არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი და შემძენი – გ. მ-ძე მიიჩნია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად, თუმცა საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გ. მ-ძე რეესტრში რეგისტრირებული არ არის, პირიქით, საქმეში წარმოდგენილია ლაგოდეხის ტექაღრიცხვის ბიუროს 1999 წლის 1 დეკემბრის ცნობა-დახასიათება, რომლითაც ნათელია, რომ «ნ.-ის» საქონლის ფერმა მთლიანად ეკუთვნის ნ. შ-ძეს;
2. კასატორების განმარტებით, სანოტარო ხელშეკრულება უკანონოა, რადგან მასში შეტანილია არასწორი ინფორმაცია, თითქოს მ-ძეს ბიუჯეტში შეტანილი აქვს 4060 ლარი. სამოქალაქო კოდექსის 307-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მყიდველი ნივთის მესაკუთრე ხდება მხოლოდ ფასის გადახდის შემდეგ;
3. კასატორები მიუთითებენ, რომ მათ სადავო ფერმა შეიძინეს სამოქალაქო კოდექსის 301-309-ე მუხლების დაცვით. იგივე კოდექსის 69-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად: «თუ გარიგება მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას, მაშინ დამოწმება უნდა განახორციელოს ნოტარიუსმა, მოსამართლემ ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა». კასატორთა აზრით, ფერმის მათ სახელზე ტექბიუროში აღრიცხვა მოხდა კანონიერად, რადგან 1999 წლისათვის ე.ი. რეგისტრაციის მომენტისათვის ჯერ არ იყო ამოქმედებული საჯარო რეესტრი;
4. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ფაქტობრივად გაუქმდა ფერმის ქვეშ და მის გარშემო არსებულ მიწის ნაკვეთზე, სულ 74 ჰექტარზე, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ნ. შ-ძესა და ლაგოდეხის გამგეობას შორის, რითაც დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 592-ე, 606-ე მუხლები.
მოწინააღმდეგე მხარეებმა გ. მ-ძემ და ი. ტ-ძემ საკასაციო საჩივარი არ ცნეს, უსაფუძვლობის მოტივით ითხოვენ მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
მოწინააღმდეგე მხარე ნოტარიუსი ზ. ჩ-შვილი და მესამე პირის – ლაგოდეხის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს წარმომადგენელი, მიუხედავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გამოძახებისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდა და საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მათ გარეშე, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. შ-ძისა და ზ. ც-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლების დარღვევით გამოტანისა და სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის უსწოროდ განმარტების თაობაზე, რადგან აღნიშნული ნორმის მართებული განმარტებით სააპელაციო პალატამ სწორი შეფასება მისცა საქმეში მე-5, 116-ე ფურცელზე წარმოდგენილ მტკიცებულებას, აღმასრულებელ ი. ტ-ძესა და გ. მ-ძეს შორის სოფ. ... მდებარე «ნ.-ის» საქონლის ფერმის სანოტარო წესით დამოწმებულ და რეგისტრირებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რის შედეგადაც გ. მ-ძე სწორად იქნა მიჩნეული სადავო ფერმის შენობის მესაკუთრედ. საქმეში მე-13 ფურცელზე წარმოდგენილ ნ. შ-ძის სახელზე ლაგოდეხის რაიონის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებას, საკასაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძვლად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან აღნიშნული ცნობა-დახასიათება ნ. შ-ძეს მიეცა ნასყიდობის გასაფორმებლად, სანოტარო კანტორაში წარსადგენად და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ცნობა-დახასიათება საკუთრების უფლებას ვერ წარმოშობდა;
2. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა არგუმენტს, რომ სადავო ფერმა მათ გ. მ-ძემდე შეიძინეს კანონით დადგენილი წესით და ამიტომ გ. მ-ძესთან 2000 წლის 2 თებერვალს დადებული ხელშეკრულება გასაუქმებელია. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივს, რომ სადავო ფერმაზე საკუთრების უფლება კასატორებს არ შეუძენიათ სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით იმპერატიულად განსაზღვრული წესით, ამიტომ ფერმის მესაკუთრეებად ვერ ჩაითვლებიან. რაც შეეხება გ. მ-ძესთან 2000 წლის 2 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას, პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე, 377-ე მუხლის თანახმად, შეგებებული სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სწორად განიხილა კასატორთა სააპელაციო საჩივარი და ვინაიდან კასატორებს არ მოუთხოვიათ 1999 წლის 29 ნოემბრის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, არ უდავიათ მეორე აუქციონის ჩატარების კანონიერებაზე, სააპელაციო პალატა ვერ გასცდებოდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, ვერ იმსჯელებდა აუქციონზე, მით უფრო, რომ სააპელაციო პალატამ დააზუსტებინა კასატორებს, მათ წარმომადგენელ ადვოკატ გ. ლობჟანიძეს, თავიანთი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და შესაბამისად, საოლქო სასამართლო ვერ გააუქმებდა მეორე აუქციონის საფუძველზე, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილი წესით გაფორმებულ 2000 წლის 2 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებას;
3. საკასაციო სასამართლო ვერც 74 ჰა მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულების ფაქტობრივად გაუქმების შესახებ კასატორთა პრეტენზიას გაიზიარებს უსაფუძვლობის მოტივით, ვინაიდან ლაგოდეხის რაიონის გამგეობასა და ნ. შ-ძეს შორის 2000 წლის 26 აპრილს დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულება გ. მ-ძესთან დავის საგანი არ ყოფილა, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მასზე არაფერია ნათქვამი და ამასთან, კასატორებმა უტყუარად ვერ დაადასტურეს გ. მ-ძის მიერ შეძენილი სადავო ფერმის სწორედ ამ საიჯარო მიწის ნაკვეთზე მდებარეობის (განთავსების) ფაქტი.
ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, სააპელაციო პალატამ კანონის მართებული გამოყენებითა და განმარტებით, სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და საპროცესო ნორმების დაცვით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება, ამიტომ უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორ ნ. შ-ძეს, რომ კოოპერატივ «ნ.-ის» ქონების შესაძენად გადახდილი 3300 ლარის დაბრუნება შეუძლია მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 409-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. შ-ძისა და ზ. ც-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. ნ. შ-ძეს და ზ. ც-ძეს საკასაციო საჩივარზე სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 40 ლარის გადახდა.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.