3გ/ად-15-კ-1.02 5 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზ. ნ.-მ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ შპს «ს.-ის» კუთვნილი ქონება გატანილია აუქციონზე სარეალიზაციოდ, ამასთან, შპს «ს.-ს» ფინანსთა სამინისტროს მიმართ გააჩნია დავალიანება 29.12.93წ., 28.02.94წ. და 15.03.94წ. შეთანხმებების საფუძველზე, რომელიც 2001 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 7659177 აშშ დოლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის აზრით არსებობს საშიშროება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა შეუძლებელს გახდის შემდგომში გადაწყვეტილების აღსრულებას, რის გამოც განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სარჩელის აღძვრამდე ყადაღა დაედოს შპს «ს.-ის» კუთვნილ ქონებას, მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს, საოფისე შენობას, საბანკო ანგარიშებს, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებს, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 25.12.01წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, განცხადებაში აღნიშნული დავალიანების ფარგლებში, ყადაღა დაედო შპს «ს.-ის» კუთვნილ ქონებას, მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს, მათ შორის შპს «ს.-ის» საოფისე შენობას მდებარე ქ. თბილისი, ...-ის გამზირი ¹142 და მის კუთვნილ წილს შპს «ე.-ში». ყადაღა დაედო აგრეთვე შპს «ს.-ის» საბანკო ანგარიშებს, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ 26.12.01წ. გამოწერილი იქნა სააღსრულებო ფურცლები.
15.01.02წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს «ს.-ზე» 7 659 177 აშშ დოლარის დაკისრება. აღნიშნული სარჩელი თბილისის საოლქო სასამართლომ 17.01.02წ. მიიღო წარმოებაში.
07.02.02წ. შპს «ა.-ს» დირექტორმა ა. ა-ძემ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ შპს «ს.-ის» ქონებაზე ყადაღის დადების გამო შეჩერდა შპს «ს.-ის» უძრავი-მოძრავი ქონების რეალიზაცია, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 27.12.2000წ. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით უნდა ჩაეტარებინა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს შპს «ა.-ს» მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს «ს.-ს» შპს «ა.-ს» სასარგებლოდ დაეკისრა 4 755 250 აშშ დოლარის გადახდა. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სასამართლოს მიერ დადებული ყადაღა უშუალო ზიანს აყენებს შპს «ა.-ს» ინტერესებს, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 25.12.01წ. განჩინების გაუქმება შპს «ს.-ის» ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 12.02.02.წ. განჩინებით შპს «ა.-ს» კერძო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ არის დასაშვები და უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მხოლოდ მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს კერძო საჩივარი. მართალია, კერძო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ზოგადი ნორმის, სსსკ-ის 414-ე მუხლის მეორე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა მხარეებთან ერთად შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, მაგრამ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი განჩინების გასაჩივრების პროცედურას არეგულირებს კოდექსის სპეციალური ნორმა _ სსსკ-ის 194-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს გასაჩივრების განსხვავებულ წესს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს «ა.-ს» არ ჰქონდა უფლებამოსილება გაესაჩივრებინა სასამართლო კოლეგიის 25.12.01წ. განჩინება, რის გამოც მისი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408, 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ა.-ს» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 25.12.01წ. განჩინება.
2. საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.