Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-16-კ-02 27 მარტი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართელოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: ვანის რაიონის გამგეობის დადგენილების ნაწილობრივ გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 13 დეკემბერს ვანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვანის რაიონის საკრებულომ მოპასუხე ვანის რაიონის გამგეობის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ვანის რაიონის საკრებულომ 2000 წლის 27 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება «ვანის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის მიზნით ტერიტორიული ზონირების, მისი საზღვრების დამტკიცებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ», რომლის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემის მიზნით ვანის რაიონის ტერიტორია დაიყო სამ ზონად და დამტკიცდა მისი საზღვრები. აღნიშნული გადაწყვეტილებით პირველ ზონაში შევიდა ქ. ვანში მდებარე ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო რეკლამების განთავსების, საავტომობილო პარკირებისა და მცირე ზომის მოძრავი სამომსახურეო ობიექტებისათვის გაქირავების (იჯარის) მიზნით.

ვანის რაიონის გამგეობამ 2000 წლის 27 სექტემბერს მიიღო ¹71 დადგენილება, რომლის თანახმად «ვანის რაიონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის შესახებ» ვანის რაიონის გამგეობის 2000 წლის 16 აგვისტოს ¹54 დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად მომზადდა წინადადებები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში განკარგვის თაობაზე. აღნიშნული დადგენილების 1.2 პუნქტით დადგინდა ქ. ვანში, .... ქუჩაზე, მდინარე სულორის მარჯვენა სანაპიროზე, საქპრესის ჯიხურისა და შპს «ს.» საფირმო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილის გასწვრივ მდებარე 60 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის (ნორმატიული ფასი _ 1080 ლარი) გამოყენება კომერციული ობიექტის მშენებლობისათვის.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ვანის რაიონის გამგეობამ 2000 წლის 27 სექტემბრის ¹71 დადგენილებით აუქციონზე დააყენა და შემდეგ გაყიდა ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთი. დადგენილების მიღება და აუქციონის ჩატარება მოხდა ისე, რომ საკრებულოს გამგეობიდან არავითარი შეტყობინება არ მიუღია. მოსარჩელის განმარტებით, გამგეობის მიერ გაყიდული სადავო მიწის ნაკვეთზე საკრებულოს გადაწყვეტილებით ვრცელდებოდა აკრძალვა.

ნაკვეთის გაყიდვის ფაქტი საკრებულოსათვის ცნობილი გახდა არაოფიციალურად, დაგვიანებით და ვინაიდან გამგეობის მოქმედება მიიჩნია უკანონოდ, ოფიციალურად მიმართა მას და მიუთითა, რომ სანამ არ იყო შეცვლილი ვანის რაიონის საკრებულოს 2000 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ფორმულირება, სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისების არავითარი იურიდიული საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, გამგეობისაგან მოითხოვა ოპერატიული რეაგირება, მაგრამ საკრებულოს მოპასუხისაგან პასუხი არ მიუღია.

საკრებულო სარჩელში აღნიშნავდა, რომ რაიონის გამგეობამ თავისი 2000 წლის 27 სექტემბრის ¹71 დადგენილებით იგნორირება გაუკეთა საკრებულოს 2000 წლის 27 ივლისის ¹7 გადაწყვეტილების პირველ და მეოთხე პუნქტებს, რის გამოც უკანონოდ განკარგა ზემოთ მითითებული მიწის ნაკვეთი.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის ¹688 ბრძანებულების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 1998 წლის 11 ივლისს ხელმოწერილი «საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის ¹60\30 გადაწყვეტილების» მე-2 პუნქტის, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს 1996 წლის 29 მარტის ¹9 ბრძანების მე-5 პუნქტის მოთხოვნები.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა ვანის რაიონის გამგეობის 2000 წლის 27 სექტემბრის ¹71 დადგენილების იმ ნაწილის გაუქმება, რომელიც ეხებოდა ქ. ვანში, .... ქუჩაზე, მდინარე სულორის მარჯვენა სანაპიროზე, ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილის გასწვრივ მდებარე 60 კვ.მ. ფართობის სადავო მიწის ნაკვეთს.

ვანის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 6 ივლისს განიხილა აღნიშნული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ვანის რაიონის საკრებულოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ვანის რაიონის საკრებულომ ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ვანის რაიონის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ვანის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივარში ვანის რაიონის საკრებულო აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებული აუქციონი ჩატარდა საკრებულოს გადაწყვეტილებისა და მთელი რიგი ნორმატიული აქტების დარღვევით, თუმცა, სადავო მიწის ნაკვეთის შემძენს, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ თ. მ-ძეს, ბუნებრივია, სურდა აღნიშნული ტერიტორიის შეძენა კანონის სრული დაცვით.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სქემატური ნახაზით შეუძლებელი იყო ტერიტორიის სტატუსისა და მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ხოლო საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქ. ვანის დაგეგმარების გენერალური გეგმა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის ¹688 ბრძანებულება, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ 1998 წლის 11 ივლისს, ხელმოწერილი «საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის ¹60\30 გადაწყვეტილება», რის გამოც გამოიტანა უკანონო განჩინება.

კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა და მესამე პირის განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის ზეპირი განხილვის დროს საკასაციო სასამართლო შინაგანი რწმენის გამყარების მიზნით გაეცნო ქ. ვანის სქემატურ ნახაზს, რომლის თანახმად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ არის ქ. ვანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. იგი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიას უფრო წარმოადგენს და ამიტომ მასზე არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო ვანის რაიონის საკრებულოს 2000 წლის 27 ივლისის ¹7 გადაწყვეტილების პირველი მუხლის მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ 2000 წლის 27 სექტემბრის ¹71 დადგენილების მიღებისა და სადავო მიწის ნაკვეთის განკარგვისას ვანის რაიონის გამგეობამ სწორად გამოიყენა «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად გამგეობა კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებებს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მიწათსარგებლობის საკითხთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ სადავო ტერიტორია არ განეკუთვნება იმ კატეგორიის მიწის ფართობს, რომლის განკარგვისათვის დადგენილია სხვა რეჟიმი, აკრძალულია მისი გასხვისება, ან მისი განკარგვისათვის საჭიროა შესაბამისი უწყებების ნებართვა.

რაც შეეხება სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისებისათვის ჩატარებულ აუქციონს, მისი შედეგების ძალადაკარგულად ცნობა მოსარჩელეს სარჩელში არ მოუთხოვია და საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს აუქციონის კანონიერებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა იურიდიულად სრულყოფილად დასაბუთებული განჩინება და მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებში მითითებული არც ერთი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვანის რაიონის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ნოემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.