Facebook Twitter

3გ/ად-16-კს-02 1 მაისი, 2002 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

კერძო საჩივრის თხოვნა: სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 19 ივლისს ფოთის საქალაქო სასამართლომ განიხილა ესპანური კომპანია «ი.-ს» სარჩელი მოპასუხეების: საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარატმენტის საბაჟო «...-ის», საჯარო სამართლის იურიდიულ პირ «ფ.-ისა» და თანამონაწილე შპს «კ.-ს» მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, შპს «კ.-ს» ესპანეთის კომპანია «ი.-ს» სასარგებლოდ დაეკისრა 227000 აშშ დოლარის გადახდა, გემ «უ.-ზე» დატვირთული 2917 ტ. შავი ლითონის ჯართის ნაწილში მიყენებული ზარალის გამო. სარჩელს უარი ეთქვა გემ «ო.-ით» გატანილი 1650 ტ. შავი ლითონის ჯართის ღირებულების _ 196846 აშშ დოლარის _ ზარალის სახით ანაზღაურების ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კომპანია «ი.-ს» წარმომადგენელმა გ. ჯ-იამ.

ამის შემდეგ აღნიშნული საქმე განიხილა, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლომ და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას «ფ.-ის» წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ მოცემულ საქმეში არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად ადასტურებდა სააპელაციო საჩივრის ხელმომწერი პირის გ. ქ-ს უფლებამოსილებას, ამიტომ მას არ ჰქონდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 18 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა «ფ.-ის» წარმომადგენლის შუამდგომლობა და კომპანია «ი.-ს» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ წარმომადგენელზე გაცემულ რწმუნებულებაში სპეციალურად არ იყო მითითებული წარმომადგენლის მიერ გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების უფლება.

აღნიშნულ განჩინებაზე კომპანია «ი.-ს» წარმომადგენელმა გ. ჯ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მაგრამ იგი ხარვეზით იქნა შეტანილი და სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს იმავე წლის 15 თებერვლამდე მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.

2002 წლის 21 თებერვალს გ. ჯ-ძემ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო პალატას და ითხოვა 2001 წლის 15 იანვრის განჩინებით დადგენილი ვადის აღდგენა იმ საფუძვლით, რომ მას ხარვეზის შესახებ 2002 წლის 15 იანვრის განჩინება ჩაბარდა 2002 წლის 16 თებერვალს, რის გამოც ვერ უზრუნველყო ხარვეზის შევსება. ამასთან, გ. ჯ-ძემ სააპელაციო პალატაში წარადგინა სათანადო წესით გაცემული და დადასტურებული რწმუნება, რომელიც გასცა კომპანია «ი.-ს» დირექტორმა ხ. ა-მ.

გარდა ამისა, გ. ჯ-ძემ შუამდგომლობაში ითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, კომპანია «ი.-ს» მძიმე ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა, აგრეთვე, «ი.-ს» დირექტორმა ხ. ა-მ და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შინაარსსა და ფორმას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლეამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას, სასამართლო ავალებს სააპელაციო საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა, რის გამოც მიიღო უკანონო განჩინება.

გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი, ესპანური კომპანია «ი.-ს» დირექტორი და დამფუძნებელი ხ. ა-სა კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი მთლიანად ეთანხმება და ადასტურებს მისი წარმომადგენლის გ. ქ-ს ყველა მოქმედებას, რომელიც მან განახორციელა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 25 თებერვლის განჩინებით კომპანია «ი.-ს» წარმომადგენელ გ. ჯ-ძის შუამდგომლობა, ხარვეზის შევსების ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლისა და მისი აღდგენის თაობაზე, აგრეთვე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე კომპანიის დირექტორ ხ. ა-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 18 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში მიიღო კომპანია «ი.-ს» წარმომადგენელ გ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ხარვეზად არ ჩათვალა ის ფაქტი, რომ კომპანია «ი.-ს» დირექტორ ხ. ა-ს მიერ გაცემულ რწმუნებულებულებაში სპეციალურად არ იყო მითითებული რწმუნებულის მიერ გადაწყვეტილების ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების უფლება და შესაბამისად, სასამართლოს ვადაც არ მიუცია სააპელაციო საჩივრის შემტანი პირისათვის ხარვეზის შესავსებად. ამის შემდეგ საქმე განხილულ იქნა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით.

კომპანია «ი.-ს» დირექტორ ხ. ა-ს, ე.ი პირს, რომელსაც უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება, არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია და ადასტურებდა თავისი რწმუნებულის გ. ქ-ს მიერ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო წესით, რაც აღნიშნულია კერძო საჩივარშიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი არანაირ ხარვეზს არ შეიცავდა და მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რადგანაც გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე და 185-ე მუხლები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ესპანური კომპანია «ი.-ს» დირექტორ ხ. ა-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 დეკემბრისა და 2002 წლის 25 თებერვლის განჩინებები და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.