3გ-ად-17-02 11 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე ბ. კობერიძე
მსაჯულები: ს. გამრეკელი, რ. შურღაია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ცსკოს წევრის დ. დ-შვილის სარჩელის დასაშვებობის საკითხი მოპასუხე ცსკოს მიმართ ცსკოს 2002წ. 6 ივნისის ¹17\2002 დადგენილების გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 10 ივნისს ცსკოს წევრმა დ. დ-შვილმა სარჩელით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოპასუხე ცსკოს მიმართ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ცსკომ 2002წ. 6 ივნისის ¹17\2002 დადგენილებით დაადგინა, რომ ქ. თბილისის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს არჩევნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება და ამ ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა მომხდარიყო არაუგვიანეს 2002წ. 10 ივნისისა.
მოსარჩელის განმარტებით, ცსკომ აღნიშნული დადგენილების მიღების საფუძვლად მიუთითა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, როცა შეუძლებელია კანონის მოთხოვნათა შესრულება. უფრო მეტიც, «დ» ქვეპუნქტი პირდაპირ უთითებს, რომ საარჩევნო ღონისძიებათა ჩატარების ახალ ვადასა და წესს ცსკო წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს არჩევნებს ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე.
ამდენად, მოსარჩელე თვლის, რომ ცსკომ საარჩევნო კოდექსისა და თავისი რეგლამენტის პირობებში უხეშად გააყალბა პროცედურის, დაყენებული საკითხის განხილვის, ახალი საკითხის შემოტანის, კენჭისყრაზე დაყენების წესი და უსაფუძვლოდ მიიღო აშკარად უკანონო დადგენილება.
მოსარჩელე სარჩელში ითხოვს ცსკოს 2002წ. 6 ივნისის ¹17\2002 დადგენილების გაუქმებას, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე _ ცსკოს 2002წ. 6 ივნისის ¹17\2002 დადგენილების შეჩერებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის დასაშვებობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ქ. თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს არჩევნებისათვის იქმნება ერთი საარჩევნო ოლქი. ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ქ. თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თბილისის საკრებულოს არჩევნებისას საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ასრულებს ცსკო. ამავე კოდექსის 123-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს ოქმს.
საარჩევნო დავების განხილვის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო ცსკოს გადაწყვეტილება _ სასამართლოში.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი უნდა დარეგულირდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად. ვინაიდან ცსკო განეკუთვნება უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების სათანადოდ მომზადებასა და ჩატარებას, ამიტომ მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამრათლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე სარჩელი პირველი ინსტანციის წესით უნდა განიხილოს თბილისის საოლქო სასამართლომ. გარდა ამისა, სასამართლო თვლის, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ცსკოს გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტით, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ცსკოს წევრის დ. დ-შვილის სარჩელი მოპასუხე ცსკოს მიმართ, ცსკოს 2002 წლის 6 ივნისის ¹17\2002 დადგენილების გაუქმების თაობაზე, განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.