3გ-ად-17-კ-02 6 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე (მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლის და დაკისრებული ჯარიმის მართლზომიერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «კ.» დაარსდა 1998 წლის სექტემბერში, 1998 წლის დეკემბერში გაიმარჯვა ტენდერში და შეისყიდა ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი. შპს «კ.» რეგისტრირებულია საგადასახადო ინსპექციაში როგორც დღგ-ს გადამხდელი, რაზედაც გაცემულია დღგ-ს გადამხდელის სერტიფიკატი ¹025544. ტენდერის პირობების თანახმად შპს «კ.» იმავდროულად აწარმოებს ბაზრის ტერიტორიაზე ახალი აგრარული კომპლექსის კაპიტალურ მშენებლობას. მშენებლობა მიმდინარეობს საკუთარი ძალებით, მშენებლობაზე ლიცენზია გაცემულია საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროს მიერ 07.03.2000წ., ბაზრის ახალი შენობის ექსპლოატაციას თავად შპს «კ.» განახორციელებს. მშენებლობის პერიოდში შეძენილ სხვადასხვა სამშენებლო მასალებზე, შესრულებულ სამუშაოზე და მომსახურეობაზე გადახდილია დღგ, რომელიც მიქცეულია ჩათვლაზე
საგადასახადო დეპრარტამენტის 20.04.01წ. ¹03-3-11/1239 წერილის შესაბამისად ფოთის საგადასახადო ისპექციის მიერ, ინსპექციის უფროსის 02.05.01წ. ¹60 ბრძანების საფუძველზე, ქალაქის მშენებარე ობიექტებში, მათ შორის შპს «კ.»-ში, დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლის სისწორის დასადგენად ჩატარებულ იქნა მიზნობრივი შემოწმება. შემოწმების შედეგად, რომელიც შეეხო 01.09.2000წ. – 22.05.01წ. პერიოდს, 23.05.01. შედგენილ აქტში აღინიშნა, რომ 2000 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეძენილ სხვადასხვა სამშენებლო მასალებზე გადახდილი დღგ შპს «კ.»-ს მიქცეული აქვს ჩათვლებზე. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, დღგ-გან თავისუფლდება უძრავი ქონება. მის საწარმოებლად გამოყენებულ საქონელზე გადახდილი დღგ-ს ჩათვლა, საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, არ წარმოებს. აღნიშნულის საფუძველზე შპს «კ.»-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა დღგ-ს გადასახადის სახით – 4932 ლარი, ხოლო ფინანსური სანქციის სახით 2466 ლარი.
შპს «კ.» გენერალური დირექტორი – გ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ფოთის საგადასახადო ინსპექციის 23.05.01წ. აქტის ბათილად ცნობა. მოსარჩელე არ ეთანხმებოდა საგადასახადო ინსპექციის მიერ მშენებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის მიკუთვნებას 101-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტში მითითებული «უძრავი ქონების მიწოდებას», ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად საქონლის მიწოდება გულისხმობს საკუთრების უფლების გადაცემას, რის გამო «ქონების მიწოდებას» არ აქვს ადგილი არც მშენებლობის და არც შემდგომი ექსპლუატაციის სტადიაზე. ვინაიდან შენობა შენდება შპს-ს საკუთარი ძალებით, საკუთარი საჭიროებისათვის, შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, ჩათვლები განხორციელებულია კანონთან ზუსტი შესაბამისობით. მოსარჩელე უმართებულოდ მიიჩნევდა აგრეთვე მასზე დარიცხული ფინანსური სანქციის – 2466 ლარის დაკისრებას. ფოთის საქალაქო სასამართლოს 28.06.01წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა მთლიანად, ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ინსპექციის 23.05.01წ. აქტი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ შეტანილ იქნა სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო პალატის მიერ ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ. ფოთის სასამართლოს 28.06.01წ. გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა, რომ აქტი ზოგადად უთითებს რომ საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით დღგ-გან თავისუფლდება «უძრავი ქონება» მაშინ, როდესაც საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-გან გათავისუფლებულია «უძრავი ქონების მიწოდება» და არა უძრავი ქონება. საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად ადგილი არ ჰქონია უძრავი ქონების მიწოდებას
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის და საგადასახადო დეპარტამენტის მიერ. კასატორები თვლიან, რომ საგადასახადო ინსპექციამ სწორად მოახდინა ჩათვლების ანულირება, პირველი და სააპელაციო სასამართლოებმა არასწორად განმარტეს საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტი და უსაფუძვლოდ მიანიჭეს უპირატესობა კოდექსის 101-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტს, რომლის თანახმად დღგ-გან თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება. კოდექსის 114-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად აიკრძალა იმ საქონელზე გადახდილი დღგ-ს ჩათვლა, რომელიც გამოიყენება კოდექსის III კარის მიხედვით დღგ-გან გათავისუფლებული საქონლის საწარმოებლად, მათ შორის არასაცხოვრებელი ფართის (ანუ უძრავი ქონების) ასაშენებლად. ამასთანავე, კასატორები აღიარებენ, რომ საზოგადოებას ნაცვლად აქტით დარიცხული 2466 ლარისა გადასახდელი აქვს 1233 ლარი, რის შედეგადაც შპს «კ.»-ს, კასატორების აზრით, ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაერიცხოს 6165 ლარი.
მოწინააღმდეგე მხარე, შპს «კ.» სასამართლოში წარმოდგენილი შეპასუხებით უსაფუძვლოდ მიიჩნია საკასაციო საჩივრები და აღნიშნა, რომ ტენდერით გათვალისწინებული აგრარული კომპლექსის კაპიტალურ მშენებლობას აწარმოებს საკუთარი ძალებით, საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროს მიერ 07.03.2000წ. გაცემული მშენებლობის ლიცენზიის საფუძველზე, ბაზრის ახალი შენობის ექსპლოატაციას თავად შპს «კ.» განახორციელებს. მშენებლობის პერიოდში შეძენილ სხვადასხვა საშენმასალებზე, ჩატარებულ სამუშაოებზე და მომსახურებაზე გადახდილი დღგ მიქცეული იქნა ჩათვლაზე. საგადასახადო ინსპექციის აქტი ამახინჯებს კანონის ტექსტს და უთითებს, რომ დღგ-გან გათავისუფლებულია უძრავი ქონება, მაშინ როდესაც კოდექსის 101-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტი ითვალისწინებს დღგ-გან უძრავი ქონების მიწოდების გათავისუფლებას, კოდექსის მე-15 მუხლის მე-15 ნაწილში საქონლის მიწოდება განსაზღვრულია, როგორც «საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა», რასაც არ აქვს ადგილი. კოდექსის 114-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტი ბლანკეტურ ნორმას წარმოადგენს, რის გამოც არ დაიშვება 101-ე და 114-ე მუხლებიდან რომელიმეს უპიტარესობის მინიჭება. საქმის განხილვისას, შპს «კ.»-ის წარმომადგენლები ცნეს საკასაციო საჩივრის საფუძვლები, ამასთანავე მათ უარი არ უთქვიათ სარჩელზე და მოითხოვეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ საგადასახადო ინსპექციის მიერ შპს «კ.»-ს სწორად დაეკისრა უმართებულოდ ჩათვლილი დღგ-ის თანხის – 4932 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი (სსსკ 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტი), გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რაც სსსკ 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს გადაწყვეტილების კანონის დარღვევით მიღებულად ჩათვლის საფუძველს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის მე-3 ნაწზილის «გ» ქვეპუნქტის ბლანკეტური ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ დღგ-ის ჩათვლა არ წარმოებს იმ საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე) გადახდილ დღგ-ზე, რომელიც გამოიყენება III კარის (დამატებული ღირებულების გადასახადი) შესაბამისად გათავისუფლებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურრების) საწარმოებლად, მიუხედავად იმისა დამზადებულია იგი საკუთარი მოხმარებისათვის თუ მისაწოდებლად. აწარმოებს რა საბაზრო კომპლექსის მშენებლობას, შპს «კ.» უძრავი ქონების მშენებლობის ნაწილში წარმოადგენს დღგ-გან განთავისუფლებული საქონლის მწარმოებელს, მიუხედავად მიწოდებისა.
ამასთანავე, ვინაიდან გადასახადის შემცირებული თანხა არ აღემატება 5000 ლარს, საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ფინანსური სანქციის სახით ჯარიმდება გადასახადის შემცირებული თანხის 25 და არა 50 პროცენტით, შესაბამისად «კ.»-ს ფინანსური სანქციის სახით უნდა დაეკისროს არა 2466 ლარი, არამედ 1233 ლარი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი, საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რაც აძლევს საკასაციო პალატას საქმეზე გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საგადასახადო დეპარტამენტის და ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.11.01წ. განჩინების შეცვლით მიცებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს «კ.» სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ფოთის საგადასახადო ინსპექციის 23.05.01წ. აქტი ბათილად იქნეს ცნობილი ჯარიმის ნაწილში. შპს «კ.» გადასახდელი საურავის ოდენობა 2466 ლარის ნაცვლად განისაზცვროს 1233 ლარის ოდენობით. ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექციის სადავო 23.05.01წ. აქტი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
4. შპს «კ.»-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომლის 70% _ 35 ლარი უნდა ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე (კოდი 59), ხოლო 30% _ 15 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.