¹3გ-ად-17-კს-02 24 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ქუთაისის მერიისა და მიწის მართვის სამმართველოს პროექტის გაუქმება, ხელშეკრულების, მიწათსარგებლობისა და ტოპოგრაფიული გეგმების კანონიერად ცნობა, გრუნტის გატანა და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 2 აგვისტოს ქ.ქუთაისის მერიამ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მ. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – ბათილად იქნა ცნობილი და გაუქმდა ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ინსპექციის მიერ ქუთაისში, ჭ-ძის გამზირსა და გ-ს ქუჩის გადაკვეთაზე სკვერის კეთილმოწყობის მიზნით, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტზე გაცემული 2001 წლის 20 იანვრის ესკიზური გეგმა. ამავე გადაწყვეტილებით კანონიერად იქნა აღიარებული ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოსა და მოსარჩელე მ. მ-შვილს შორის 2000 კვ.მ მიწის ყიდვა-გაყიდვის შესახებ 1999 წლის 3 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება; ასევე, კანონიერად იქნა მიჩნეული მიწათსარგებლობისა და ტოპოგრაფიული გეგმები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს განჩინებით ქუთაისის მერიის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ-შვილის სარჩელი კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კანონიერად იქნა ცნობილი ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 1998 წლის 22 დეკემბერს ჩატარებული აუქციონი მ-შვილის მიერ ქუთაისში, ჭ-ის გამზირისა და გ-ას ქუჩის გადაკვეთასთან არსებულ 14 სართულიანი საცხოვრებელი სახლების ჩრდილოეთით მდებარე 2000 კვ.მ. მიწის ფართის შეძენის თაობაზე; კანონიერად იქნენ მიჩნეული ასევე 1999 წლის 3 სექტემბერს ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოსა და მ. მ-შვილს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და გაცემული მიწათსარგებლობისა და ტოპოგრაფიული გეგმები. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი და გაუქმდა ქუთაისის მერიის 2001 წლის 24 ივლისის ¹375-ე განკარგულება, ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ გაცემული ესკიზები, სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის 2001 წლის 24 აგვისტოს ¹გას/41 დოკუმენტი მიშენებული ნებართვის ბათილად ცნობის თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-შვილს ნება დაერთო მის მიერ შეძენილ 2000 კვ.მ-ზე, გაცემული პროექტისა და დასკვნების შესაბამისად, ეწარმოებინა მშენებლობა. ამასთან, მ. მ-შვილს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტისაგან მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა.
ამავე გადაწყვეტილებით სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტის სადავო ტერიტორიიდან გრუნტის საკუთარი ხარჯებით გატანა დაევალა.
ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ინსპექციამ და ქუთაისის მერიამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, აპელანტების მიერ ბაჟის გადაუხდელობის გამო, სააპელაციო საჩივრები უმოძრაოდ იქნა დატოვებული და ხარვეზის შესავსებად ვადა განისაზღვრა 2001 წლის 28 დეკემბრამდე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 4 იანვრის განჩინებით, ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის გამო, ქუთაისის მერიის და არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ინსპექციის სააპელაციო საჩივრები განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ, კერძო საჩივრით ქუთაისის მერიამ გაასაჩივრა. კვლავ ბაჟის გადაუხდელობის გამო, წარმოდგენილი კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და ქუთაისის მერიას ხარვეზის გამოსასწორებელად 2002 წლის 8 თებერვლამდე მიეცა ვადა. აღნიშნულის თაობაზე 2002 წლის 31 იანვარს გამოტანილი განჩინება ქუთაისის მერიას (კერძო საჩივრის ავტორს) 2002 წლის 4 თებერვალს ჩაბარდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 8 თებერვლის განჩინებით, ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის გამო, ქუთაისის მერიის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა უმოძრაოდ და დაუბრუნდა ქუთაისის მერიას.
ქუთისის მერიამ 2002 წლის 11 თებერვალს განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს და ხარვეზის გამოსწორების დასტურად ბაჟის გადახდის ქთივარი წარადგინა. იმავე დღეს ჩაბარდა ქუთაისის მერიის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. 2002 წლის 8 თებერვალს გამოტანილი განჩინება, როელიც კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთით, რომ მას ხარვეზი 8 თებერვალს ჰქონდა შევსებული, 6 თებერვალს გადაიხადა ბაჟი, რაც, ქუთაისის მერიის მოსაზრებით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმების საფუძველი უნდა ყოფილიყო მიჩნეული.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 26 თებერვლის განჩინებით ქუთაისის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეს ვადაგი არ შეუვსია ხარვეზი, მას კანონით დადგენილი წესით საპროცესო ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თაობაზე არ მიუმართავს სასამართლოსათვის და, ამდენად, საოლქო სასამართლოს მიიჩნია, რომ ქუთაისის მერის კერძო საჩივარი იქნა განუხილველად დატოვებული და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენლი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ქუთაისის მერის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 8 და 26 თებერვლის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრება და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, «თუ საპროცესო ვადა კანონით დადგენილი არ არის, მას სასამართლო განსაზღვრავს. საპროცესო ვადის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა». ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩევს, რომ მითითებულ მუხლში ხარვეზის შესავსებად გონივრული ვადის დადგენაზეა საუბარი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 31 იანვარის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს (ქუთაისის მერიას) 4 თებერვალს ჩაბარდა და ბაჟის გადასხდელად ვადა მ/წ 8 თებერვლამდე განესაზღვრა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რადგან 4 დღე ვერ იქნება მიჩნეული ხარვეზის შესავსებად გათვალისწინებულ გონივრულ ვადად.
მართალია ქუთაისის მერიას სასამრთლოში ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები განჩინებით განსაზღვრულ ვადამდეს 8 (თებერვლამდე) არ წარუდგენია, მაგრამ ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისაბ ქუთაისის მერიამ ხარჯები 6 თებერვალს შეავსო _ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხარვეზის შევსებად უნდა იქნეს მიჩნეული და კერძო საჩივარი კანონით დადგენილი წესით განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად «საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე, ამდენად, ქუთაისის მერიას ბაჟის გადახდის ქუთაისის წარდგინება სასამართლოში ხარვეზის შესავსებად გათვალისწინებული ბოლო დღის 24 საათამდე შეეძლო და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატა არ იყო უფლებამოსილი საპროცესო ვადის გასვამდე – 2002 წლის 8 თებერვალს სამუშაო დღის ბოლომდე, კერძო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების თაობაე მიეღო განჩინება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრება უნდა დაკმაყოფილდეს ქუთაისის მერიის კერძო საჩივარი და უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 8 და 26 თებერვლის განჩინებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 61-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 8 და 26 თებერვლის განჩინებები.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.