Facebook Twitter

3გ/ად-18-კ-01 12 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 8 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა არარეგისტრირებული პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» წარმომადგენელმა ჯ. ი-იანმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2001 წლის 4 მაისის ¹166-ე ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნული ბრძანებით პოლიტიკურ ორგანიზაცია «მ.-ს» უარი ეთქვა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციაზე. მოსარჩელემ მოპასუხისაგან პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» რეგისტრაციაში გატარების შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მოითხოვა.

სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

საქართველოს ორგანული კანონის «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად «პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან ამ კანონის მოთხოვნებს». მოსარჩელის მოსაზრებით, სხვა რაიმე საფუძველს პარტიის რეგისტრაციისათვის უარის თქმის შესახებ, კანონი არ იცნობს. იუსტიციის სამინისტროს ბრძანებაში ამასთან დაკავშირებით სიტყვა-სიტყვით მითითებულია _ «წარმოდგენილი წესდება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას», ანუ გამომდინარე აქედან, უარის თქმის საფუძველი სამინისტროს არ ჰქონდა და 2001 წლის 4 მაისის ¹166-ე ბრძანება უკანონოა. მოსარჩელის განმარტებით, «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონი იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის ფუნქციას აკისრებს, სამინისტრომ უნდა შეამოწმოს პოლიტიკური გაერთიანების წესდება, მისი შესაბამისობა კონსტიტუციასთან და ამ კანონთან, ანუ, უნდა გამოამჟღავნოს უარის თქმის ფორმალური საფუძვლები, ხოლო თუ რა აზრის არის იუსტიციის სამინისტრო ამ პარტიის არსებობა-არარსებობის, ან პოლიტიკური მრწამსის შესახებ, მნიშვნელობა არ აქვს საკითხის გადაწყვეტისათვის. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ¹166-ე ბრძანებას, პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, არასწორად დაედო საფუძვლად საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 10 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენი «მ.-ის» ხელმძღვანელის ჯ. ი-იანისა და სხვა წევრების მიმართ. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულია სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში, სადაც ამჟამად განიხილება.

მოსარჩელის მოსაზრებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ ¹166-ე ბრძანების მიღებისას იგნორირებულ იქნა საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ, კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც «ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსაარებლობის და რწმენის თავისუფლება» და, რომ რწმენის გამო დაუშვებელია ადამიანის დევნა. მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკური გაერთიანებების შექმნის უფლებას ანიჭებს.

მოპასუხემ _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ _ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად «დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს». მოპასუხის მოსაზრებით, პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ი» აშკარად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილს და «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს. იუსტიციის სამინისტროს ეკრძალება ამ ნორმების დამრღვევი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია. კონსტიტუციის და «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის ფორმულირება ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს ორგანიზაციის მიზნის განსაზღვრისას არა მხოლოდ წესდების წაკითხვას, არამედ რეალური მიზნების და ქმედებების შეფასებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მტკიცებულებათა შეფასების შედეგად დადგენილად ცნო შემდეგი:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 1995 წლის 10 აგვისტოს ¹16\3 დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა პოლიტიკური გაერთიანება «საქართველოს მ.-ი». რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანების მიზნებსა და ამოცანებს იმჟამინდელი წესდებით განეკუთვნებოდა: საქართველოს პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, საქართველოს რეალური სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობიანი გზითა და მეთოდით თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და სხვა. პოლიტიკურ გაერთიანებას გააჩნდა ბეჭედი წარწერით «საქართველოს მ.-ი». პოლიტიკური ორგანიზაცია «საქართველოს მ.-ის» ხელმძღვანელობის სია აერთიანებდა შემდეგ პირებს: ჯ. ი-იანს, გ. ა-ძეს, გ. გ-შვილს, დ. გ-შვილს, გ. რ-უას, თ. ჩ-ძეს და სხვებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 10 ნოემბრის ¹2-09-98 განაჩენით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი «საქართველოს მ.-ის» წევრები, მათ შორის ჯ. ი-იანი, გ. გ-შვილი და სხვები. მითითებული განაჩენით შეფასება მიეცა პოლიტიკური ორგანიზაცია «საქართველოს მ.-ის» საქმიანობას. კერძოდ, განაჩენში აღნიშნულია, რომ «საქართველოს მ.-ის» წევრთა ბაზაზე შეიქმნა მყარად ორგანიზებული სტრუქტურების მქონე მობილური ჯგუფები, რომელთა მიზანსაც სახელმწიფო, საზოგადოებრივი და მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლება შეადგენდა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მიცემულნი იქნენ «საქართველოს მ.-ის» («...-ის») ხელმძღვანელები და ბანდიტური ჯგუფის წევრები.

1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ». საქართველოს 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პარტიები ექვემდებარებოდნენ ხელახალ რეგისტრაციას 1998 წლის 1 მარტამდე. პოლიტიკური გაერთიანება «საქართველოს მ.-ს» ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია.

2001 წლის 24 მარტს თბილისში, ოფიცერთა სახლში ჩატარდა საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» დამფუძნებელი ყრილობა, ყრილობის მიმდინარეობის აღმნუსხველი ¹1 ოქმის ტექსტიდან ირკვევა, რომ ყრილობას ესწრებოდა 350 დელეგატი.

პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ჯ. ი-იანი, კოორდინატორად _ დ. გ-შვილი. დამფუძნებელი ყრილობის ოქმი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული არ ყოფილა.

2001 წლის 28 მარტს არარეგისტრირებულმა პოლიტიკურმა ორგანიზაცია «მ.-მა» სადამფუძნებლო დოკუმენტები პოლიტიკური ორგანიზაციის რეგისტრაციაში გასატარებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინა. იუსტიციის სამინისტროში ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით წარდგენილი არ ყოფილა. მოქალაქეთა პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» წესდება დამოწმებული იყო ბეჭდით, რომლის ტვიფრზეც აღინიშნებოდა წარწერა «საქართველოს მ.-ი».

2001 წლის 27 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიამ განიხილა მოქალაქეთა პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და მისი რეგისტრაციის თაობაზე მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. სარეგისტრაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცემულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2001 წლის 4 მაისის ¹166-ე ბრძანება «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ». აღნიშნული ბრძანება ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს ორგანული კანონის «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. სადავო აქტის დანართში მითითებულია, რომ ორგანიზაცია «მ.-ი» გარკვეული დროის მანძილზე ფუნქციონირებდა არაფორმალურად, როგორც არალეგალური შეიარაღებული ფორმირება, რომელსაც არაერთხელ შეუტანია დესტაბილიზაცია სახელმწიფოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ინდივიდუალურად, როგორც ამ ორგანიზაციის წევრები, ისე უშუალოდ «...-ი» («საქართველოს მ.-ი») მისი არსებობის მანძილზე იყო ჩაბმული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში და ეწეოდა ძალადობის პროპაგანდას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 10 ნოემბრის განაჩენით შეფასება მიეცა «საქართველოს მ.-ის» საქმიანობას. სადავო აქტის დანართში ასევე აღნიშნულია, რომ ახლად დაფუძნებული მოქალაქეთა პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ი» წარმოადგენს ადრე არსებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია «...-ის» («საქართველოს მ.-ის») სამართალმემკვიდრეს, როგორც ხელმძღვანელობის და წევრების, ასევე იდეოლოგიური და მსოფლმხედველობითი თვალსაზრისით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით არარეგისტრირებული პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების გამოტანისას საოლქო სასამართლომ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

1) პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» სარეგისტრაციო დოკუმენტები შეიცავდა რიგ ხარვეზებს:

ა) პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი არ იყო დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, რითაც დარღვეული იყო ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნა;

ბ) პოლიტიკურ ორგანიზაცია «მ.-ს» იუსტიციის სამინისტროსათვის არ წარუდგენია პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახლების ესკიზები, რითაც დარღვეული იყო ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ზ» ქვეპუნქტის მოთხოვნები.

2) უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 10 ნოემბრის განაჩენი, რომელმაც შეფასება მისცა «...-ის» («საქართველოს მ.-ის») დანაშაულებრივ საქმიანობას, არ ყოფილა შეცვლილი ან გაუქმებული და დღეისათვის მოქმედებს. განაჩენის დებულებებს ენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და სასამართლო კოლეგიამ აღნიშნული დებულებები სადავოდ არ მიიჩნია. სასამართლო კოლეგიამ ასევე დადასტურებულად ჩათვალა ის ფაქტი, რომ ახლად დაფუძნებული მოქალაქეთა პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ი» ადრე არსებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია «...-ის» («საქართველოს მ.-ის») იდეოლოგიური სამართალმემკვიდრეა, რის გამოც მისი რეგისტრაცია, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს ორგანული კანონის «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია.

3) სადავო ¹166-ე ბრძანება მიღებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომპეტენციის ფარგლებში და არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტების მოთხოვნებს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა არარეგისტრირებულმა მოქალაქეთა პოლიტიკურმა ორგანიზაცია «მ.-მ». კასატორი მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორის მოსაზრებით, იუსტიციის სამინისტროს მათთვის არ უცნობებია იმ ხარვეზების შესახებ, რაც თურმე მათ მიერ წარდგენილ მოქალაქეთა პოლიტიკურ ორგანიზაცია «მ.-ის» სადამფუძნებლო დოკუმენტებს გააჩნდა და რაზედაც მიუთითებს საოლქო სასამართლო. კასატორი თვლის, რომ საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს პარლამენტის მიერ 1994 წლის 3 მაისს რატიფიცირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო შეთანხმებები: «სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ», ასევე, «საერთაშორისო შეთანხმება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ».

კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2001 წლის 4 მაისის ¹166-ე სადავო ბრძანების ბათილად ცნობა და მოქალაქეთა პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ არარეგისტრირებული მოქალაქეთა პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. საოლქო სასამართლომ საპროცესო ნორმების დაცვით გამოიკვლია და შეაფასა მტკიცებულებები და დადგენილად ცნო, რომ ახლად დაფუძნებული მოქალაქეთა პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ი» წარმოადგენდა ადრე არსებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია «...-ის» («საქართველოს მ.-ის») სამართალმემკვდირეს, როგორც ხელმძღვანელობისა და წევრების, ასევე იდეოლოგიური და მსოფლმხედველობითი თვალსაზრისით. ამასთან, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება «საქართველოს მ.-ი», რომელიც რეგისტრირებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 1995 წლის 10 აგვისტოს ¹163 დადგენილებით, ხელახალ რეგისტრაციაში «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის ორგანული კანონის შესაბამისად, აღარ გატარებულა. საოლქო სასამართლომ დადგენილად ცნო ასევე ის ფაქტი, რომ ახლადდაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეიცავდა რიგ ხარვეზებს:

ა) პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი არ იყო დამოწმებული ნოტარიუსის მიერ და

ბ) იუსტიციის სამინისტროსათვის არ იყო წარდგენილი პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სიმბოლიკის გამოსახულების ესკიზები, რითაც დარღვეული იყო «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» და «ზ» ქვეპუნქტები. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან მოქალაქეთა პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამრათლომ სწორად გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამრათლის საქმეთა კოლეგიიის 1998 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც «...-ის» («საქართვლეოს მ.-ის») ხელმძღვანელებისა და წევრების დანაშაულებრივ მოღვაწეობას ეხება და შეფასებას აძლევს ამ ორგანიზაციის ძალადობაზე აგებულ საქმიანობას. ვინაიდან უზენაესი სასამართლოს განაჩენი დღემდე არ ყოფილა შეცვლილი ან გაუქმებული, საკასაციო სასამართლო ამ დებულებებს სადავოდ არ მიიჩნევს და იზიარებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებას, რომ ახლად დაფუძნებული მოქალაქეთა პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ი» წარმოადგენს ადრე არსებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია «...-ის» («საქართველოს მ.-ის») იდეოლოგიურ სამართალმემკვიდრეს, რის გამოც, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კანონიერად მიიჩნევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2001 წლის 4 მაისის ¹166-ე სადავო ბრძანებას «მოქალაქეთა პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ».

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო აქტის მიღებისას იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა «სიტყვის აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესახებ». საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტით იუსტიციის სამინისტროს არარეგისტრირებული მოქალაქეთა პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ისათვის» არ შეუზღუდავს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, არამედ უარი უთხრა რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ იგი ეწეოდა ძალადობას საქართველოს მოსახლეობაში. ამასთან, ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად «დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს». საყურადღებოა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლი, რომლის თანახმად «საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები».

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო აქტის მიღებით იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეთა პოლიტიკურ ორგანიზაცია «მ.-ს» შეუზღუდა «სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ» საერთაშორისო პაქტის 25-ე მუხლით მინიჭებული უფლებები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ნორმა ეხება მოქალაქეთა უფლებებს: მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში, როგორც უშუალოდ, ისე თავისუფლად არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით; მისცენ ხმა და არჩეულ იქნენ პერიოდულ არჩევნებში; შევიდნენ თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში თანასწორობის საფუძველზე. არცერთი ზემოაღნიშნული უფლება არარეგისტრირებული პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» წევრებისათვის იუსტიციის სამინისტროს სადავო აქტით არ შეუზღუდავს, იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც დანაშაულებრივი ორგანიზაციის იდეოლოგიური სამართალმემკვიდრეა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არარეგისტრირებული პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. არარეგისტრირებული პოლიტიკური ორგანიზაცია «მ.-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.