3გ-ად-18-კ-ს-02 5 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: საქმის წარმოების შეწყვეტა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს კონტროლის პალატის 21.09.99წ. ¹442, 26.09.99წ. ¹483, 25.11.99წ. ¹518 ბრძანებების საფუძველზე დამტკიცებული პროგრამის მიხედვით ჩატარდა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სს «ს-ის» 1997წ. 1 იანვრიდან 1999 წლის 1 ივლისამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური შემოწმება. 17.12.99წ. შედგენილი აქტით ცენტრალურ ბიუჯეტში დამატებით ჩარიცხვას დაექვემდებარა 176765,5 ლარი, სს «ს-ის» ცენტრალური აპარატის სალაროში აღდგენას – 56.073,7 ლარი, საქართველოს კონტროლის პალატის ანგარიშზე ჩარიცხვას დაექვემდებარა 208613, 5 ლარი.
25.05.01წ. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს «ს-მა» მოპასუხის – საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ. მოსარჩელე მოითხოვდა საქართველოს კონტროლის პალატის მუშაკების მიერ შედგენილი 17.12.99წ. აქტის ბათილად ცნობას. რაიონული სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების შედეგად სარჩელი 28.05.01წ. წარმოებაში იქნა მიღებული. 03.08.01წ. ჩატარებულ მოსამზადებელ სხდომაზე საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლების მიერ, სარჩელის ფასის გათვალისწინებით, აღიძრა შუამდგომლობა საქმის მასალების თბილისის საოლქო სასამართლოსათვის გადაგზავნის შესახებ. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 03.08.01წ. განჩინებით საქმის მასალები გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, რომლის 14.08.02წ. განჩინებით სს «ს-ს» უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების აქტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად ამ შემოწმების აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა არ განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილებას.
29.11.01წ. შპს ,,ს-ი» სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღება, საქართველოს კონტროლის პალატის 17.12.99წ. აქტის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის 21.06.2000წ. ¹6-სხ-ა-1-05/333 წერილის ბათილად ცნობა. კოლეგიის მიერ 03.12.01წ. განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების შემდეგ კოლეგიის 07.12.01წ. განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. მოსამზადებელი სხდომების ჩატარების შემდეგ კოლეგიის მიერ მხარეთა დასწრების გარეშე მიღებული 06.02.01წ. განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა. კოლეგიამ აღნიშნა, რომ შპს ,,ს-ი» არის სს «ს-ის» სამართალმემკვიდრე. უკანასკნელის სარჩელი 17.12.99წ. აქტის ბათილად ცნობაზე კოლეგიამ 14.08.01წ. განჩინებით წარმოებაში არ მიიღო. სს «ს-ის» განჩინება არ გაუსაჩივრებია და იგი კანონიერ ძალაშია შესული. აღნიშნულიდან გამომდინარე კოლეგიამ მიუთითა, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. რაც შეეხება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 21.06.2000წ. წერილს, კოლეგიამ მიიჩნია, რომ ის არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მას არ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, აღინიშნა, რომ პალატის თავმჯდომარის წერილი ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის უფროსისადმი წარმოადგენს შეხსენებას საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის საფუძველზე პალატის შემოწმების შედეგად დარიცხული საბიუჯეტო გადასახადების სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საინკასო დავალების საფუძველზე ამოღების შესაძლებლობის შესახებ. კოლეგიამ მიუთითა აგრეთვე, რომ «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ» კანონის 82-ე მუხლის და კონტროლის პალატის რეგლამენტის 51-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლის პალატის მიერ რევიზია-შემოწმების შედეგად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოვლენილ თანხებს ამოიღებს საგადასახადო სამსახური, რის გამო მოსარჩელეს არ ესპობა შესაძლებლობა გაასაჩივროს შემოწმების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოვლენილი თანხების ამოღების მიზნით საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კოდექსის 244-ე და 265-ე მუხლების შესაბამისად მიღებული განკარგულებები.
შპს ,,ს-მა» კერძო საჩივარი შეიტანა კოლეგიის 06.02.02წ. განჩინებაზე, რომლითაც მოითხოვა 06.02.02წ. განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების გაგრძელება. კერძო საჩივრის შემტანმა აღნიშნა, რომ ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში 26.10.01წ. შეტანილი ცვლილებების შედეგად კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტს დაემატა წინადადება, რომლის ძალითაც ადმინისტრაციულ აქტად ჩაითვალა აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, რის გამო კონტროლის პალატის აქტი ნებისმიერ შემთხვევაში ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად. კოდექსის აღნიშნულ ცვლილებაზე მითითებული იყო 29.11.01წ. საოლქო სასამართლოში შეტანილ სარჩელში, რის შედეგადაც იგი მიღებულ იქნა წარმოებაში. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სსსკ-ს 272-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის გამოყენება საქმის შესაწყვეტად დაუშვებელია ვინაიდან შეიცვალა სარჩელის შეტანის საფუძველი, შემოწმების აქტი კოდექსში 26.10.01წ. შეტანილი ცვლილებების შედეგად მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციულ აქტად და ექვემდებარება სასამართლო განხილვას. ამასთანავე, წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ 14.08.01წ. განჩინებით სარჩელი არ განხილულა და შესაბამისად არც მის დაკმაყოფილებაზე თქმულა უარი. კერძო საჩივარში აღინიშნა აგრეთვე, რომ სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს აგრეთვე კონტროლის პალატის თავმჯდომარის 21.06.2000წ. წერილს, რომლის არსებობა 14.08.01წ. განჩინების გამოტანისას უცნობი იყო. ვინაიდან საქმის წარმოების შეწყვეტას საფუძვლად დაედო სსსკ-ს 272-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტი, სსსკ-ს 273-ე მუხლის თანახმად სასამართლო ვალდებული იყო მიეთითებინა, თუ რომელ ორგანოს უნდა მიმართოს განმცხადებელმა.
საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 25.02.02წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაუშვებლობის და დაუსათებლობის გამო გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს. კოლეგიამ აღნიშნა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1 ნაწილის «დ» ქვეპუნქტში 26.10.01წ. კანონით შესულ ცვლილებებს არ შეიძლება მიეცეთ უკუძალა, შესაბამისად არ დაიშვება ამ კანონის გავრცელება კონტროლის პალატის 17.12.99წ. შემოწმების აქტის მიმართ. სასამართლოს 14.08.01წ. განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ უნდა იქნეს მიჩნეული სასამართლო გადაწყვეტილებად (ამ სიტყვის ფართო გაგებით), რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რის გამო სასამართლოს სსსკ-ს 272-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით უნდა შეეწყვიტა წარმოებით საქმე. კოლეგიამ მიუთითა აგრეთვე, რომ კერძო საჩივრის შემომტანი ვალდებული იყო გადაეხადა სახელმწიფო ბიუჯეტში კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საკასაციო პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ს 272-ე მუხლი შეიცავს საქმის წარმოების შეწყვეტის ამომწურავ საფუძვლებს, არ დაიშვება მათი განვრცობითი განმარტება. სსსკ-ს 272-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესაძლებლობას, უკეთუ არსებობს იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით გამოტანილი გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ. მითითებული ნორმა გულისხმობს საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილების ან განჩინების არსებობას მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის ან მორიგების დამტკიცების შესახებ. ამასთანავე, პალატა დაუშვებლად თვლის საქმის წარმოების შეწყვეტას თავდაპირველი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ 14.08.01წ. განჩინების ძალაში ყოფნის გამო, ვინაიდან მოსარჩელე _ შპს ,,ს-ი» სარჩელის წარმოებაში მიღების საფუძვლად უთითებდა 26.10.01წ. კანონს «საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ», რომლის მიხედვით კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტში შეტანილი დამატების თანახმად ადმინისტრაციულ აქტად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის აღნიშნული დამატება ძალაში იყო და მოქმედებდა საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების მიღებისას. საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები არ ვრცელდება კოდექსის ძალაში შესვლამდე რამდენიმე დღით ადრე შედგენილ აქტზე ეწინააღმდეგება ამავე კოლეგიის 14.08.01წ. განჩინებას, რომლითაც სარჩელი წარმოებაში არ იყო მიღებული 17.12.99წ. სადავო აქტის სახელდობრ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 და სხვა მუხლებისადმი შეუსაბამოსობის გამო. ამასთანავე, სადავო აქტის შედგენის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა (სსსკ-ს 359-ე მუხლის მე-2 ნაწ.) არ გამორიცხავდა 17.12.99წ. აქტის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, ვინაიდან კონტროლის პალატის მიერ რევიზია-შემოწმების შედეგად შედგენილი აქტი იწვევს სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ» კანონის 82-ე მუხლის თანახმად კონტროლის პალატის მიერ რევიზია-შემოწმების შედეგად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოვლენილ თანხებს ამოიღებს საგადასახადო სამსახური. უმართებულოა აგრეთვე კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 21.01.2000წ. წერილი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისადმი არის მხოლოდ შეხსენება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის განმარტება, მაშინ როდესაც საოლქო სასამართლოს კოლეგიის 14.08.01წ. განჩინებით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ერთ-ერთი მოტივი იყო ის, რომ საქმეზე არ მოიპოვებოდა საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილება ან კონტროლის პალატის თავმჯდომარის (ან მისი მოადგილის) მიწერილობა საგადასახადო სამსახურის მიმართ თხოვნით სს «ს-ის» მომსახურე საბანკო დაწესებულებაში საინკასო დავალების წარდგენის თაობაზე. საკასაციო პალატა ითვალისწინებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ» კანონის VI თავის თანახმად რევიზია-შემოწმების შედეგებზე აქტის შედგენა, კონტროლის პალატის მიწერილობა და წარდგინება იწვევს სამართლებრივ შედეგებს და შესაბამისად წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს კერძო საჩივრის შემტანის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 29.11.01წ. სარჩელი განსხვავდება თავდაპირველი სარჩელის საფუძვლისაგან. უმართებულოა აგრეთვე გასაჩივრებულ განჩინებაში გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ აქტებს არ გამოუწვევიათ რაიმე სამართლებრივი შედეგი. თავად მოპასუხე კოლეგიისადმი წარდგენილ შესაგებელში აღნიშნავს, რომ სს «ს-ის» ხელმძღვანელობას საქართველოს კონტროლის პალატის და სარევიზიო დეპარტამენტის ხელმვღვანელობის მიერ განემარტა აქტის მიმართ გამოთქმული შენიშვნების უსაფუძვლობა, რის შემდეგაც საგადასახადო ინსპექციებში გაიგზავნა ფორმა ¹1 დარიცხული თანხების დანიშნულებით ამოღების უზრუნველყოფისათვის. ის რომ რევიზიის აქტს მოჰყვება სამართლებრივი შედეგი აღიარა კონტროლის პალატის წარმომადგენელმა.
პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ ჩატარდა რამდენიმე მოსამზადებელი სხდომა, საკითხი სარჩელების იგივეობის შესახებ მოსამზადებელ სხდომებზე არ განხილულა, სასამართლომ ისე გადაწყვიტა სასამართლო განხილვისადმი საქმის წარმოების მომზადების სტადიაში საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი, რომ არ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები ამ საკითხის ირგვლივ. პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე იმას, რომ საქმის წარმოების შეწყვეტა, სადავო აქტების სასამართლოში გასაჩივრების დაუშვებლობა შეუძლებელს ქმნის სადავო აქტების შემდგომში გასაჩივრების, სარჩელის უფლების რეალიზაციის, სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების (კონსტიტუციის 42-ე, 45-ე მუხლები) განხორციელების შესაძლებლობას.
პალატა არ იზიარებს აგრეთვე საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კერძო საჩივარი არის დაუშვებელი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. კერძო საჩივრის შემტანს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, სახელმწიფო ბაჟის გადახდილი ოდენობა შეესაბამება აქტისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობას.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ს-ის» კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 06.02.02წ. და 25.02.02წ. განჩინებები.
3. საქმე არსებითი განხილვისათვის გადაეცეს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.