3გ-ად-19-02 13 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მსაჯულები: ლ. გაჩეჩილაძე,
ლ. თამაზაშვილი
დავის საგანი: «¹48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის 2002 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე” 08.06.02წ. ¹94/2002 განკარგულება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) 08.06.02წ. ¹94/2002 განკარგულებით, კომისიამ ძალაში დატოვა ¹48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის 03.06.02წ. გადაწყვეტილება ¹48.01 ხარაგაულის დაბის საარჩევნო ოლქის პირველ საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
¹48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის 03.06.02წ. საოქმო გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ხარაგაულის დაბის საარჩევნო უბანში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა დადგენილი ვადის დარღვევით, არჩევნების წინ, ამომრჩეველთა ძირითად სიაში დამატებით დაბის გამგებლის მოადგილის მიერ საოლქო კომისიაში გადმოგზავნილი მოქალაქეთა ჯგუფის დამატებით ამომრჩეველთა სიაში შეტანა. აღნიშნა აგრეთვე, რომ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დროს ირღვეოდა განცხადება-საჩივრების მიღებისა და განხილვის წესი, კოდექსის 61-ე მუხლის დარღვევით, საარჩევნო პროცესის მსვლელობის დროს არ ხდებოდა რეაგირება კომისიაში შესულ განცხადებებსა და საჩივრებზე, კოდექსის 61.9 მუხლის დარღვევით საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი ცალკე პაკეტში არ დალუქულა, რითაც შეიქმნა ბეჭდის 20.00 საათის შემდეგ გამოყენების შესაძლებლობა. საარჩევნო უბნის შენობა 7.00 საათზე ჩაკეტილი იყო, შენობის კარი გაიღო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით. საარჩევნო პროცესში ყუთიდან ამოღებულ იქნა 64 ბეჭედდაუსმელი კონვერტი, მათ დაესვათ ბეჭედი და კვლავინდებურად ჩაიყარა საარჩევნო ყუთში, ყუთი განმეორებით დაილუქა. საოლქო კომისიამ აღნიშნული არჩევნების შედეგების კორექტირების მიზნით შეგნებულადმოწყობილ გაუგებრობად მიიჩნია. საოლქო საარჩევნო კომისიამ ხარაგაულის ¹48-01 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნო. გადაწყვეტილებას კომისიის 8 წევრმა დაუჭირა მხარი, ორის წინააღმდეგ, ერთმა თავი შეიკავა.
საკრებულოს წევრობის კანდიდატმა დ. ს-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ცსკოს 08.06.02წ., ¹94/2002 განკარგულების გაუქმება. აღნიშნული განკარგულება მოსარჩელის აზრით არის უკანონო, იურიდიულად დაუსაბუთებელი და არ წარმოადგენს საარჩევნო უბანში ჩატარებული არჩევნების ბათილად ცნობის საფუძველს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების შესახებ. ხარაგაულის ¹48 საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ¹48.01 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არ მიუღია, ნაწარმოებია მხოლოდ სხდომის ოქმი, საოლქო სასარჩევნო კომისია უფლებამოსილი იყო ეცნო კენჭისყრის შედეგები ბათილად კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღებით, ამის სანაცვლოდ არსებობს მხოლოდ სხდომის ოქმი, რომელიც არ წარმოადგენს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს.
მოსარჩელე აღნიშნავს აგრეთვე, რომ დეპუტატობის კანდიდატების: მ. მ-ძის, ჯ. უ-ძის, ც. ბ-შვილის, ნ. ვ-ძის, ვ. გ-ძის, ა. ტ-ძის განცხადება არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ წარედგინა კომისიას 3 ივნისს ანუ არჩევნების შემდეგ, იგი არ არის შედგენილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დაცვით, რის გამოც განცხადება, კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიას არ უნდა განეხილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა ცსკოს 08.06.02წ. ¹94/2002 განკარგულების ბათილად ცნობა. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა: «¹48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის 03.06.02წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე» საქართველოს ცსკოს 08.06.02წ. ¹94/2002 განკარგულების ბათილად ცნობა; «¹48.01 ხარაგაულის დაბის საარჩევნო ოლქის პირველ საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე» ¹48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის 03.06.02წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საარჩევნო ოლქის შესაბამისი საარჩევნო უბნების არჩევნების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ¹48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის შედეგების დამტკიცების და საკრებულოში არჩეული წევრების რეგისტრაციაში გატარების დავალება ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის.
ცსკოს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ ¹48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო ხარაგაულის ¹48.01 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები და სთხოვა ცსკოს ამ გადაწყვეტილების დადასტურება. ცსკოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი ცსკოს იურიდიული განყოფილების წინადადებას ¹48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. სარჩევნო კოდექსით დადგენილი ვადების დარღვევით საოლქო საარჩევნო კომისიის 29.05.02წ. განკარგულების საფუძველზე ამომრჩეველთა ძირითად სიებში დამატებით შეიყვანეს ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა. აღნიშნულ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურა კანონის უხეში დარღვევებით წარიმართა. დილის 7 საათზე საუბნო საარჩევნო კომისიის კარი იყო ჩაკეტილი, გარეთ მყოფი კომისიის წევრები და ამომრჩევლები მოითხოვდნენ საარჩევნო პროცედურების სასწრაფო დაწყებას, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის შემდეგ კარი გაიხსნა, შენობაში იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და რამდენიმე წევრი. კომისიის წევრთა შორის ფუნქციები კანონით დადგენილი წესის დარღვევით კომისიის თავმჯდომარის მიერ ერთპიროვნულად განაწილდა. დაშვებული დარღვევების შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კენჭისყრის დასრულებამდე გადაეცა განცხადება-საჩივრები, დარღვევის აღმოსაფხვრელად არ იყო მიღებული ზომები. საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა ბეჭედდაუსმელი 64 საარჩევნო კონვერტი, გაიხსნა საარჩევნო ყუთი, ყუთიდან ამოღებულ იქნა საარჩევნო ბიულეტენები და კონვერტები, მათზე დაისვა საარჩევნო კომისიის ბეჭედი და კვლავ ჩაიყარა საარჩევნო ყუთში, რის შემდეგ ყუთი განმეორებით დაილუქა, რითაც უშეშად დაირღვა საარჩევნო კდექსის ნორმები.
¹48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ა. მ-ხმა თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა ძირითად სიაში 29.05.02წ. ცვლილებები შეტანილ იქნა შ.ს. რაიგანყოფილებაში სიის გადამოწმების შედეგად. კენჭისხრის დღეს საარჩევნო უბანი მისი დაჟინებული მოთხოვნის შედეგად გაიხსნა, შემდგომში საარჩევნო უბნიდან მას დაუკავშირდა უბნის თავმჯდომარე, რომლისგანაც შეიტყო, რომ საარჩევნო ყუთში აღმოჩენილია უბეჭდო კონვერტები. საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს მიეცა მითითება, რომ ემოქმედა კანონით დადგენილი წესით, რის შემდეგ საარჩევნო ყუთი გაიხსნა, კონვერტებს დაესვა ბეჭედი და კვლავინდებურად მოთავსდა ყუთში. ხმის დათვლის პროცსში ის არ ჩარეულა, თუმცა ესწრებოდა უბანში ხმის დათვლის პროცედურას.საკრებულოს წევრთა კანდიდატების განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 ივნისს, დაახლოებით დღის 16.00 საათზე შემოვიდა საოლქო კომისიაში, კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით საკითხი იმავე დღეს იქნა განხილული.საოლქო კომისიის თავმჯდომარის აზრით, კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საკითხი განხილვას არ ექვემდებარებოდა, რის გამო საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაზე მას განსხვავებული აზრი ჰქონდა ჩამოყალიბებული.
საქმეზე მოწმეების სახით დაკითხულებმა, საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა – ც. ბ-შვილმა და ჯ. უ-ძემ აღნიშნეს, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები დაბა ხარაგაულში საარჩევნო კოდექსის ნორმების სერიოზული დარღვევებით წარიმართა, საოლქო კომისიიდან ბიულეტენები გატანილია მითვლის გარეშე. საუბნო საარჩევნო კომისია ფაქტობრივად ბლოკირებული იყო საოლქო კომისიის თავმჯდომარის ა. მ-ხის მიერ, რომელმაც არჩევნების წინა პერიოდში კოდექსით დადგენილი ვადების დარღვევით, ამომრჩეველთა სიაში შეიყვანა პირები, რომელთა უმრავლესობა დაბა ხარაგაულში არ ცხოვრობდა. ხმის მიცემა დაიწყო ინსპირირებული ექსცესებით, რის შესახებაც საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის დილის გადაცემამ აუწყა მთელ ქვეყანას. არჩევნების დაწყების შემდეგ, კანონით დადგენილი პროცედურის გარეშე, საარჩევნო ყუთში მოხვედრილი უბეჭდო კონვერტები ამოღებულ იქნა ყუთიდან. მათ დაესვათბეჭედი და კვლავ ჩაიყარა ყუთში, რითაც გაყალბებული ბიულეტენები მიეთვალა ამომრჩეველთა ხმებს. კომისიის საქმიანობაში ერეოდნენ პოლიციისა და კომისარიატის მუშაკები. საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ, ნათურის გამოცვლის მომიზეზებით, ოთახში გამოირთო შუქი. მთელი დღის განმავლობაში დაშვებული დარღვევების გამო არჩევნების შედეგები არ არის ამომრჩეველთა მიერ გამოვლენილი ნების ადეკვატური, ამდენად არჩევნების შედეგები სამართლიანად იქნა ბათილად ცნობილი.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალების შესწავლის, ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგს: ¹48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის 03.06.02წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ¹48.01 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები, ცსკოს 08.06.02წ. ¹94/2002 განკარგულებით, კომისიამ ძალაში დატოვა ¹48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის 03.06.02წ. გადაწყვეტილება ¹48.01 ხარაგაულის დაბის საარჩევნო ოლქის პირველ საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
საოლქო საარჩევნო კომისიის 03.06.02წ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაბა ხარაგაულის საკრებულოს წევრობის კანდიდატების – თ. მ-ძის, ჯ. უ-ძის, ც. ბ-შვილის, ნ. ვ-ძის, ა. გ-ძის ა. ტ-ძის განცხადების განხილვის შედეგად. საოლქო საარჩევნო კომისიის 03.06.02წ. საოქმო გადაწყვეტილების, დაბა ხარაგაულის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა განცხადების, მოპასუხეთა წარმომადგენლების,მოწმეების ახსნა-განმარტებების, საჩივარ-განცხადებათა გაცნობის შედეგად დგინდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო პროცედურები დაიწყო კანონით დადგენილი წესის დარღვევით, კერძოდ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის დარღვევით, კენჭისყრის დაწყებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით არ განაწილებულა. საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა ბეჭედდაუსმელი საარჩევნო კონვერტების გარკვეული რაოდენობა, კომისიის მიერ განკარგულების მიღების გარეშე კენჭისყრა შეჩერდა, საარჩევნო ყუთი გაიხსნა, ყუთიდან ამოღებულ იქნა კონვერტები, მათზე დაისვა საარჩევნო კომისიის ბეჭედი და კვლავ ჩაიყარა საარჩევნო ყუთში, რის შემდეგ ყუთი განმეორებით დაილუქა. აღნიშნულით უხეშად დარიღვა საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის,59-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის მოთხოვნები.
პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას არ მიუღია კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ¹48.01 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, მის ნაცვლად ნაწარმოებია მხოლოდ ოქმი და ამდენად, არ არსებობს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი _ კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის «გ» ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტი. პალატა თვლის, რომ ¹48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულების ნაცვლად (25-ე მუხლის 1 ნაწ. «გ» ქვეპუნქტი) საოქმო ფორმით გადაწყვიტელიბს მიღება, რომელსაც ხელს აწერს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი (კოდექსის 25.3 მუხ.), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, არ გამორიცხავს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სამართლებრივ შედეგებს – საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას. პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა შესაძლებელი იყო კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის მიღებით. პალატა აღნიშნავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისია არ არის უფლებამოსილი მიიღოს ნორმატიული აქტი, კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება თავისი ბუნებით არის არა ნორმატიული, არამედ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი (კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწ.). ამასთანავე, კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის «გ» და «ზ» ქვეპუნქტებით, მე-3 პუნქტის «ზ» ქვეპუნქტით ცსკო განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის არჩევნების შედეგების შეჯამების შესახებ.
პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საკრებულოს წევრების კანდიდატების განცხადება არ არის შედგენილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დაცვით, რის გამო იგი კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არ უნდა განხილულიყო. განცხადება ეხება არა მხოლოდ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილ დარღვევებს, არამედ აგრეთვე ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურის დროს ჩადენილ დარღვევებს. ამასთანავე, საკრებულოს წევრობის კანდიდატთა განცხადებაში კენჭისყრის პროცედურასთან დაკავშირებით მოყვანილი დარღვევები (საარჩევნო ყუთში ბეჭედდაუსმელი კონვერტების ჩაყრა, ყუთის გახსნა, ბეჭდის დასმა და კვლავინდებურად საარჩევნო ყუთში მოთავსება,აღნიშნულის შედეგად ხმის დათვლის დროს ბათილად საცნობი ბიულეტენების დასათვლელ ხმათა რაოდენობაში გათვალისწინება), თავისთავად უშუალოდ უკავშირდება ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგებს. განცხადება საოლქო სასამართლოში შეტანილ იქნა 61-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. გარდა ამისა, საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ საუბნო კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილი წესით განცხადებებით (საჩივრებით) მიმართავდნენ აგრეთვე საარჩევნო უბნის დამკვირვებელი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი და საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარმომადგენელი. ამასთანავე, საოლქო საარჩევნო კომისიის 03.06.02წ. გადაწყვეტილების მიხედვით საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა საუბნო კომისიის მიერ კოდექსის 61-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა, საარჩევნო პროცესის მსვლელობისას წარდგენილი კომისიის თავმჯდომარის მიერ საჩივარ-განცხადებების უგულებელყოფა, არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად ზომების მიუღებლობა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ არჩევნების მსვლელობისას საარჩევნო უბანზე დაშვებულმა დარღვევებმა უშუალო ზემოქმედება იქონია კენჭისყრის შედეგზე, რის გამო ცსკოს 08.06.02წ. ¹94/2002 განკარგულება და ¹48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის 03.06.02წ. გადაწყვეტილება ¹48.01 ხარაგაულის დაბის საარჩევნო ოლქის პირველსაარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე ძირითადში ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არარსებობს ცსკოს 08.06.02წ. ¹94/2002 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დ. ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ცსკოს 08.06.02წ. ¹94/2002 განკარგულება «¹48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის 03.06.02წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე».
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.