3გ/ად-19-კ-02 8 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახადის თანხის საურავის გათვალისწინებით დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
მოწინააღმდეგე მხარემ, შპს «ე.-მ» 2000 წლის 22 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის რეგიონალური საბაჟოსა და საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მის სასარგებლოდ მოპასუხეთათვის 86 693 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა შემდეგი მოტივით:
შპს «ე.-მ» 1997 წლის 15 მაისიდან 1997 წლის 8 დეკემბრამდე პერიოდში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან განახორციელა 298 717,59 აშშ დოლარის ღირებულების დიზელის საწვავისა და საავტომობილო ბენზინის იმპორტი, რაც თბილისის რეგიონალურმა საბაჟომ არასწორად დაბეგრა და საბაჟო გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) სახით ზედმეტად გადაახდევინა 56379,14 ლარი. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის 1996 წლის 8 მარტს დაიდო შეთანხმება «საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრაობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ», რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1997 წლის 16 მარტის ¹633-II-ს დადგენილებით. შეთანხმების პირველი პუნქტის მიხედვით: “მონაწილე მხარეები არ იყენებენ საბაჟო გადასახადებსა და ეკვივალენტური ქმედების მქონე ბეგარას, საქონლის ექსპორტსა და იმპორტზე, რომელიც წარმოშობილია ერთ-ერთი მონაწილე მხარის საბაჟო ტერიტორიიდან და განკუთვნილია მეორე მხარის საბაჟო ტერიტორიისათვის». ამდენად, შპს «ე.-მ» თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლით უპირატესი ძალა აქვს, ასევე «საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-18 მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის (ძველი) 272-ე მუხლის მე-15 პუნქტისა და ახალი საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა აზერბაიჯანიდან განხორციელებულ იმპორტზე ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახადისა და დღგ-ს ანაზღაურება 74 178,84 ლარის ოდენობით, ასევე პროცესის ხარჯებისა და ადვოკატის ჰონორარის – 10 000 ლარის მოპასუხეებზე დაკისრება.
მოპასუხე – საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო იმპორტზე ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახადის _ 60 273,57 ლარის ფარგლებში, ხოლო დღგ-ს თანხისა და საურავის დარიცხვის ნაწილში სარჩელი არ ცნო. ამასთან მოპასუხემ მიუთითა, რომ საბაჟო გადასახადის დაბრუნებას ისინი არ უარყოფდნენ 1999 წლის 15 იანვარს, შპს «ე.-ის» წერილის პასუხად მომზადებულ ¹05-121/332 წერილშიც, რომლითაც შპს «ე.-ს» ეცნობა, რომ «საქართველოს მთავრობის მიერ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული ორმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების მოთხოვნათა შესრულების დამატებით ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 29 დეკემბრის ¹991 განკარგულება არეგულირებდა აღნიშნული თანხების დაბრუნებისა და შესაბამის ანგარიშებზე გადატანის საკითხს.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 26 დეკემბერს, მოსამზადებელ სხდომაზე დააკმაყოფილა საბაჟო დეპარტამენტის შუამდგომლობა და საქმეში თანამოპასუხედ ჩააბა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად იქნა გაზიარებული და მოპასუხეებს _ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტს შპს «ე.-ის» სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 86 680 ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ, მოსარჩელე შპს «ე.-მ» სააპელაციო საჩივრის შესაგებელში გაზარდა თავისი მოთხოვნა და ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახადის თანხის ანაზღაურება მოითხოვა 2001 წლის დეკემბრამდე დარიცხული წლიური 9%-ის გათვალისწინებით, სულ 90 893 ლარი, რაც სააპელაციო პალატამ მიზანშეუწონლად მიიჩნია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს შპს «ე.-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 83 015 ლარის გადახდა, შემდეგი საფუძვლით:
1. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულად ცნო, რომ შპს «ე.-მ» 1997 წლის 15 მაისიდან – 1997 წლის 8 დეკემბრამდე აზერბაიჯანიდან განახორციელა დიზელის საწვავისა და ბენზინის იმპორტი, რაზეც საბაჟო გადასახადის სახით გადაიხადა 60 273,57 ლარი. აღნიშნული თანხის საურავების გარეშე დაბრუნების ნაწილში აპელანტი _ საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო ცნობს სარჩელს «თავისუფალი ვაჭრობის შესახებ» 1996 წლის 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე;
2. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის მოტივით არ გაიზიარა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ზედმეტად გადახდილ საბაჟო გადასახადზე საურავის დარიცხვის ნაწილში, რადგან სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 29 დეკემბრის ¹991 განკარგულების გამოცემის მომენტისათვის, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტს დაევალა 1999 წლის 15 იანვრამდე არსებული წესის მიხედვით რეზიდენტი-იმპორტირების მიერ შესრულებული იმპორტის ოპერაციებზე შედარების აქტების შედგენა, საბაჟო დეპარტამენტში უკვე არსებობდა შპს «ე.-ის» წერილი იმპორტის უკანონო დაბეგვრით ზედმეტად გადახდილი საბაჟო, დღგ და აქციზის დაბრუნების შესახებ; ამიტომ საბაჟო დეპარტამენტი ვალდებული იყო შეესრულებინა ¹991 განკარგულება, შეედგინა «ე.-თან» შედარების აქტი, რაც შპს «ე.-ის» ინიციატივით, მოგვიანებით განხორციელდა და დაფიქსირდა ზედმეტად გადახდილი 60 273,5 ლარი. ამდენად, 1998 წლის 16 დეკემბრის შპს «ე.-ის» წერილი სააპელაციო პალატამ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების საფუძვლად ჩათვალა, არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, თითქოს შპს «ე.-მ» კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ განახორციელა ქმედითი ზომები დროული ანგარიშსწორებისათვის და საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახადის 60273,53 ლარის შესაბამისი საურავებით ასანაზღაურებლად 83015 ლარის საბაჟო დეპარტამენტისათვის დაკისრება;
3. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლობის მოტივით არ დააკმაყოფილა შპს «ე.-ის» სარჩელი წარმომადგენლობისათვის გაწეული მომსახურების ხარჯების, დავის საგნის ღირებულების 4% _ 3 334 ალარის ანაზღაურების ნაწილში, რადგან საქმეში წარმოედგენილი არ ყოფილა შპს «ე.-სა» და მის წარმომადგენელს შორის წერილობით დადებული შეთანხმება იურიდიულ მომსახურებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედმეტად გადახდილ საბაჟო გადასახადზე საურავების დარიცხვის ნაწილში ასაჩივრებს კასატორი - საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით შპს «ე.-ის» სარჩელის დაკმაყოფილებას მხოლოდ 60 273,57 ლარის ნაწილში, შემდეგი მოტივით:
1. კასატორი აღიარებს, რომ 1997 წლის 15 მაისიდან 8 დეკემბრამდე აზერბაიჯანიდან განხორციელებული სადავო იმპორტი, «თავისუფალი ვაჭრობის შესახებ» 1996 წლის შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლებული იყო საბაჟო გადასახადისაგან, ამიტომ, საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი თანხა განცხადების მიღების დღიდან 30 დღის განმავლობაში უნდა დაბრუნებოდა შპს «ე.-ს» და ამდენად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება საბაჟოს ეკისრებოდა დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან შესაბამისი გაანგარიშებები უნდა წარმოედგინა, რაც მოსარჩელე «ე.-ს» არ განუხორციელებია და 1998 წლის 16 დეკემბრის განცხადებით მოითხოვა არა ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახადის 60 273,57 ლარის დაბრუნება, არამედ დღგ-ს და აქციზის გადასახადის უკან დაბრუნებაც, სულ 141 029,95 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით. ამასთან, განცხადებაში თანხები გადასახადის სახეების მიხედვით დაანგარიშებული არ იყო და არც შესაბამისი მტკიცებულებები ერთვოდა, რაც სააპელაციო პალატამ არასათანადოდ შეაფასა. კასატორის აზრით, შპს «ე.-ის» წერილი არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის ¹991 განკარგულებით გათვალისწინებულ განცხადებად ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნების თაობაზე;
2. სააპელაციო პალატამ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს «ე.-ი» წინააღმდეგი იყო მიეღო დაბრუნებას დაქვემდებარებული გადასახადის თანხა 60 273,57 ლარი და საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი პასუხის მიღების შემდეგ, 1999 წლის 19 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 144 624,68 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე, რაც ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, განუხილველად იქნა დატოვებული, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო;
3. სასამართლომ არასწორი შეფასების შედეგად გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სარჩელის შეტანის შემდეგაც საბაჟო დეპარტამენტს თანხმობა არ გამოუხატავს შედარების აქტის შედგენის თაობაზე და აღნიშნული ინიციატივა «ე.-ის» მხრიდან წამოვიდა, რაც უსწოროა რადგან შედარების აქტი გაფორმდა მას შემდეგ, როდესაც «ე.-მ საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინა სათანადო დოკუმენტები.
თანამოპასუხე – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი მხარს უჭერს კასატორის მოთხოვნას, ითხოვს მის დაკმაყოფილებას, სააპელაციო სამართლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და შპს «ე.-ის» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ზედმეტად გადახდილ საბაჟო გადასახადზე საურავების ანაზღაურების ნაწილში.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკასაციო საჩივარს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ე.-ი», ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე, საგადასახადო კოდექსის 252-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 53-ე მუხლების გათვალისწინებით, ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახადისა და წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურებას 95 801 ლარის ოდენობით, რადგან მოპასუხე საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს არანაირი ქმედითი ზომები არ მიუღია შპს «ე.-ისათვის» ზედმეტად გადახდილი თანხების კანონმდებლობის შესაბამისად დროულად დაბრუნებისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადახასადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი _ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ასაჩივრებს შპს «ე.-ის» მიერ ზედმეტად გადახდილ საბაჟო გადასახადზე საურავების დარიცხვის ნაწილში და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას მხოლოდ ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახადის – 60 273,57 ლარის ოდენობით. შპს «ე.-ის» მიერ 1997 წლის 15 მაისიდან 8 დეკემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან განხორციელებული დიზელის საწვავისა და საავტომობილო ბენზინის იმპორტის «საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ» შეთანხმების მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი (იმპორტირებული საქონლის წარმოშობა – განკუთვნილობა, მხარეთა რეზიდენტობა) არც კასატორს და არც საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს სადავოდ არ გაუხდიათ, მოპასუხეები აღიარებენ შპს «ე.-ის» სარჩელს 60 273,57 ლარის დაბრუნების ნაწილში, ამიტომ საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, საქმეს განიხილავს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კერძოდ შპს «ე.-ის» მიერ ზედმეტად გადახდილ საბაჟო გადასახადზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე და საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საურავის დარიცხვის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ იზიარებს საკასაციო საჩივარს ზედმეტად გადახდილ საბაჟო გადასახადზე საურავების დარიცხვის ნაწილში და ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საურავების ნაწილში სარჩელის კანონიერების თაობაზე. ვინაიდან სააპელაციო პალატამ უტყუარად დადასტურებულად ცნო «თავისუფალი ვაჭრობის შესახებ» შეთანხმების დარღვევით, შპს «ე.-ის» მიერ საბაჟო გადასახადის სახით 60 273,57 ლარის ზედმეტად გადახდის ფაქტი, რასაც მოპასუხეებიც ადასტურებდნენ, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ მოქმედი კანონმდებლობის სწორი გამოყენებითა და განმარტებით, მართებული შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სახელდობრ, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შპს «ე.-ის» 1998 წლის 16 დეკემბრის განცხადება საქართველოს საბაჟო დეპარტამეტისადმი ზედმეტად გადახდილი საბაჟო, აქციზისა და დღგ-ს თანხის 141 029,95 აშშ დოლარის დაბრუნების ან მომავალ გადასახდელებში ჩათვლის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის I ნაწილითა და საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ გადამხდელის განცხადებას და «საქართველოს მთავრობის მიერ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული ორმხრივი შეთანხმებებით გათვალისწინებული დებულების მოთხოვნათა შესრულების დამატებით ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის ¹991 განკარგულების შესაბამისად, თანამოპასუხე _ საბაჟო დეპარტამენტი ვალდებული იყო შეესრულებინა ¹991 განკარგულების მითითებები, საბაჟო დეპარტამენტში არსებული შპს «ე.-ის» საბაჟო დეკლარაციებისა (დოკუმენტაციის) და 16 დეკემბრის განცხადება-დაანგარიშების შესწავლა-შემოწმებით შეედგინა შედარების აქტები და დროულად მოეხდინა შპს «ე.-სთან» ანგარიშსწორება, რაც საბაჟო დეპარტამენტს არ განუხორციელებია.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საბაჟო დეპარტამენტის უმოქმედობით, საქართველოს პრეზიდენტის ¹991 განკარგულების მოთხოვნათა შეუსრულებლობით შეილახა ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახადის დროულად ანაზღაურებაზე შპს «ე.-ის» უფლებები, ამიტომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე და საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შპს «ე.-ის» მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახადის თანხაზე საურავების დარიცხვის შესახებ კანონიერია, სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა მოსარჩელეს მოთხოვნა საურავების გათვალისწინებით 83 015 ლარის დაკისრების შესახებ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს, ხოლო კასატორს უსაფუძვლობის მოტივით უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და საბაჟო დეპარტამენტზე დაკისრებული თანხის საურავების ნაწილში შემცირებაზე.
საკასაციო პალატა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად და შპს “ე.-ის” სარჩელზე უარის თქმის მოტივად ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ შპს “ე.-მ” ადრეც მიმართა სასამართლოს იგივე მოთხოვნით, რაც ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, განუხილველად იქნა დატოვებული, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, შპს “ე.-ი” უფლებამოსილი იყო იგივე მოთხოვნით კვლავ მიემართა სასამართლოსთვის და აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს შპს “ე.-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან სააპელაციო სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
საკასაციო პალატა ასევე ვერ დააკმაყოფილებს შპს «ე.-ის” მოთხოვნას საბაჟო დეპარტამენტზე 95 801 ლარის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილოებით მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საბაჟო დეპარტამენტს მის სასარგებლოდ დაეკისრა 83 015 ლარის (ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახადისა და საურავის) ანაზღაურება, ხოლო ადვოკატის ხარჯების 3 334 ლარის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის (სათანადო ხელშეკრულების წარმოუდგენლობის) გამო. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე შპს «ე.-ს» საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, ამიტომ ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაშია შესული და საკასაციო სასამართლო პროცესუალურად არაუფლებამოსილია იმსჯელოს მასზე.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, როგორც აღვნიშნეთ, შპს «ე.-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საბაჟო დეპარტამენტს მის სასარგებლოდ დაეკისრა 83015 ლარის ანაზღაურება. ამჟამად შპს «ე.-ი» საკასაციო საჩივრის შემოტანის გარეშე ითხოვს მის სასარგებლოდ დეპარტამენტისათვის 95801 ლარის დაკისრებას, რასაც საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული მიზეზის გარდა იმ მოტივითაც ვერ დააკმაყოფილებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის გადიდება საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება, ვინაიდან სააპელაციო პალატამ კანონის მართებული გამოყენებითა და განმარტებით სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.