3გ/ად-19-კს-02 8 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქათველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
კერძო საჩივრის თხოვნა: სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმება საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში და საქმის არსებითად განხილვის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 23 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა გ. ჩ-ძემ მოპასუხეების: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს «გ.-ის» მიმართ.
მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხეებისათვის 399411 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც 385051 აშშ დოლარი წარმოადგენს მოსარჩელის მიერ შემნახველ ბანკში შეტანილი ანაბრის _ 214512 საბჭოთა მანეთის _ ეკვივალენტს (კურსით 1 აშშ დოლარი უდრის 0,5571 საბჭოთა მანეთს). მოსარჩელემ, აგრეთვე, ითხოვა მოპასუხეებისათვის 14360 აშშ დოლარის დაკისრება, რაც წარმოადგენს რვა ცალი სერთიფიკატის (თითოეული 1000 საბჭოთა მანეთის ტოლფასი) ღირებულების ოდენობას.
2002 წლის 14 იანვარს თბილისის საოლქო სასამართლოს წერილობითი შუამდგომლობით მიმართა მოსარჩელე გ. ჩ-ძემ და ითხოვა სახაზინო წესით კვალიფიციური ადვოკატის დანიშვნა.
სასამართლო კოლეგიამ შუამდგომლობა ჩათვალა საფუძვლიანად და 2002 წლის 11 თებერვლის განჩინებით მოსარჩელე გ. ჩ-ძეს სახაზინო წესით დაენიშნა ადვოკატი.
ამავე განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის თანახმად მოცემულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება.
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნული საქმის წარმოება შეაჩერა შემდეგი საფუძვლით:
დავის საგანთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 2001 წლის 2 ივლისს გამოსცა ¹258 ბრძანებულება «საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების შესახებ», რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 დეკემბრის ¹716 ბრძანებულება და შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც დაევალა ორი თვის ვადაში საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების შემდგომი დაბრუნების პროცესის კომპლექსური მოწესრიგების თაობაზე მთავრობის სხდომისათვის საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტის წარდგენა.
აღნიშნულ ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის ¹455 ბრძანებულებით შევიდა ცვლილება და სამთავრობო კომისიის დავალების შესრულებისათვის 10 თვიანი ვადა განისაზღვრა.
2002 წლის 21 იანვარს თბილისის საოლქო სასამართლოს წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიულმა სამსახურმა. წერილში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების რეალიზაციის შემთხვევაში შესაძლებელი იყო, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის გადაწყვეტა სასამართლოს გარეშე. ამასთან, წერილში გამოთქმული იყო მოსაზრება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის თანახმად სამთავრობო კომისიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის ¹258 ბრძანებულებით განსაზღვრული დავალების შესრულებამდე.
სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ჩ-ძემ, რომელმაც ითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა საქმის წარმოება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 25 თებერვლის განჩინებით გ. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ როცა აღსრულდება საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის ¹258 და 6 ნოემბრის ¹455 ბრძანებულებების მოთხოვნები, ანუ ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება სადავო ურთიერთობების რეგლამენტაცია, მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი იმ ურთიერთობების სასამართლო წესით გადაწყვეტა, რომელთა გადაწყვეტასაც სარჩელით ითხოვს გ. ჩ-ძე, ანუ სასამართლო კოლეგიამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის თანახმად კანონიერად ჩათვალა საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვაში გულისხმობს სასამართლოში არსებულ ადმინისტრაციული საქმის წარმოებას და არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «კ» პუნქტით განსაზღვრულ «ადმინისტრაციულ წარმოებას», რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, აგრეთვე, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის მიზნით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის შესაბამისად, მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ჩ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 12 თებერვლის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში, მთლიანად გაუქმდეს 2002 წლის 25 თებერვლის განჩინება და მოცემული საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.