3გ-ად-20-02 14 ივნისი, 2002 წ.. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. კობერიძე
მსაჯულები: ვ. მგელაძე,
ს. გამრეკელი
დავის საგანი: ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განიხილა ზ. ჯ-ძისა და დ. ხ-ძის სარჩელი მოპასუხე ცსკოს მიმართ ცსკოს 2002 წლის 8 ივნისის ¹92\2002 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 11 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას სარჩელით მიმართეს ზ. ჯ-ძემ და დ. ხ-ძემ მოპასუხე ცსკოს მიმართ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹92\2002 განკარგულების პირველი პუნქტით ბათილად იქნა ცნობილი ¹23.01 ბოლნისის ქალაქის საარჩევნო ოლქის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 საარჩევნო უბნებში 2002წ. 2 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს, გამგებლის არჩევნების კენჭისყრის შედეგები, ხოლო განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა 2002წ. 16 ივნისს.
აღნიშნული განკარგულება ცსკომ მიიღო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის «ა», «გ», «ზ» ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის «თ» ქვეპუნქტისა და 124-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მოსარჩელეთა განმარტებით, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტს საფუძვლად დაედო ქ. ბოლნისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა ერთი ჯგუფის საჩივარი, რომელშიც მითითებული იყო, რომ ქ. ბოლნისში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს, გამგებლის არჩევნები ჩატარდა კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დარღვევით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის არჩევნების ბათილად ცნობის საფუძველია აღნიშნული კოდექსის მოთხოვნების უხეში დარღვევა. კანონი არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს კანონის უხეშ დარღვევად. მოსარჩელეთა განმარტებით, კანონის უხეშ დარღვევად ითვლება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა ისეთი დარღვევა, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე ან რაც შეუძლებელს გახდიდა ამომრჩეველთა ნების დადგენას.
სარჩელში მითითებულია, რომ ცსკომ კენჭისყრის შედეგები ისე ცნო ბათილად, რომ არ მიუთითა, საარჩევნო კოდექსის დარღვევის რომელი ფაქტები იქნა მის მიერ დადგენილი, რომელ მათგანს შეეძლო მოეხდინა გავლენა კენჭისყრის შედეგებზე და შესაბამისად, კანონის დარღვევის რომელ ფაქტებს მიეცა «უხეში დარღვევის» კვალიფიკაცია, რაც საფუძვლად დაედო ქ. ბოლნისის ოთხივე საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნორმები, რომელზე მითითებითაც იქნა მიღებული გასაჩივრებული განკარგულება, განსაზღვრავს მხოლოდ ცსკოს ზოგად კომპეტენციას (29-ე მუხლი), აგრეთვე, საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას (124-ე მუხლი) და არა კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძვლებს.
ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი არ შეიცავს მითითებას კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ საფუძვლებზე. აღნიშნულის გამო იგი უსაფუძვლოა და მიღებულია კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით.
მოსარჩელეთა განმარტებით, ცსკოს განკარგულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და იგი მიღებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის აღნიშნული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნა _ განკარგულება არ შეიცავს სამოტივაციო ნაწილს, მასში ასახული არ არის ადმინისტრაციული წარმოებისას მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები _ ფაქტები, მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი.
ამრიგად, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ცსკოს 2002წ. 8 ივნისის 92\2002 განკარგულების პირველი პუნქტი მიღებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
სარჩელში აღნიშნულია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე შესწავლილ იქნა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში, ისე უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრები და ისინი არ იქნა მიჩნეული კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძვლად. აღსანიშნავია ისიც, რომ ქ. ბოლნისის საკრებულოსა და გამგებლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტები ადასტურებენ, რომ არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევების გარეშე და რაიმე პრეტენზია კენჭისყრის შედეგების მიმართ, არ გააჩნიათ. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები თან ერთვის წინამდებარე სასარჩელო განცხადებას.
სასამართლოს ყურადღებას მოსარჩელეები მიაქცევენ იმ ფაქტზე, რომ კანონით დადგენილ ვადებში საუბნო-საარჩევნო კომისიების მიხედვით დაფიქსირდა და რეგისტრაციაში გატარდა საჩივრები შემდეგი რაოდენობით:
1. საარჩევნო უბანი _ 2
2. საარჩევნო უბანი _ 0
3. საარჩევნო უბანი _ 5
4. საარჩევნო უბანი _ 2
სხვა საჩივრები უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში იქნა შეტანილი. საჩივრების უმრავლესობა ფორმით და შინაარსით არ პასუხობდა საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მოთხოვნებს. მათი უმრავლესობა არ იძლეოდა დამრღვევისა და მოწმეების იდენტიფიკაციის საშუალებას და, შესაბამისად, არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო იმის მტკიცებად, რომ საარჩევნო პროცესში ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევებს. აღსანიშნავია, რომ საჩივრების ნაწილი ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსისაა. მათ შორის, საჩივრის ავტორები არიან პირები, რომელთა მიმართაც კანონით დადგენილი წესით შედგენილი და საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული განცხადებებით დაფიქსირებულია კანონის დარღვევა. საჩივრების ნაწილზე მონაცვლეობენ მათი ავტორები და მოწმეები. მოწმეთა უმრავლესობად მითითებულია არა ნეიტრალური პირები, არამედ საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლები. ამავე დროს არც ერთი ეს საჩივარი არ შეიცავს მითითებას კანონის დარღვევებზე, რომელთაც მოახდინეს ან შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ კენჭისყრის შედეგებზე, კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობის გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა სარჩელში ითხოვეს ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹92\2002 განკარგულების პირველი პუნქტის ბათილად ცნობა და ¹23-01 ბოლნისის ქალაქის საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცების შესახებ ბოლნისის ¹23 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
სასამართლო სხდომის დაწყებისას სასამართლო შემადგენლობას შუამდგომლობით მიმართა ქ. ბოლნისის საკრებულოს წევრობის კანდიდატების: გ. ს-ძის, ვ. ა-შვილისა და ზ. კ-შვილის წარმომადგენელმა ვ. ს-ძემ და ითხოვა მისი მარწმუნებლების საქმეში მესამე პირებად ჩაბმა.
აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 13 ივნისის განჩინებით ქ. ბოლნისის საკრებულოს წევრობის კანდიდატები: გ. ს-ძე, ვ. ა-შვილი და ზ. კ-შვილი მოცემულ საქმეში ჩაებნენ მესამე პირებად.
მოსარჩელეებმა და მათმა წარმომადგენლებმა სარჩელს მხარი დაუჭირეს და საბოლოოდ ითხოვეს მხოლოდ ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹92\2002 განკარგულების პირველი პუნქტის ბათილად ცნობა.
მოპასუხე – ცსკოს წარმომადგენელი დაეთანხმა სარჩელს.
მესამე პირების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹92\2002 განკარგულების პირველი პუნქტი სამართლებრივად სწორია და მისი ბათილად ცნობის არავითარი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ¹23.01 ბოლნისის ქალაქის საარჩევნო ოლქის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე საარჩევნო უბნებში 2002წ. 2 ივნისს თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს, გამგებლის არჩევნები ჩატარდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა მთელი რიგი დარღვევებით.
მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილმა მოწმემ, ბოლნისის ¹23 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ი. ო-შვილმა, განმარტა, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა და ამომრჩეველთა მიერ წარდგენილი განცხადებები და საჩივრები თავისი არსით ვერ გამოიწვევდნენ არჩევნების შედეგების გადასინჯვას ან მათ ბათილად ცნობას, ვინაიდან კანონის უხეში დარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში არჩევნები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მისი განმარტებით, ბოლნისის ¹23 საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული განცხადებებისა და საჩივრების ნაწილი არ იქნა განხილული საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 62-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევის გამო. რაც შეეხება იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ იქნენ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან, თავისი არსით არ წარმოადგენდნენ კანონის უხეშ დარღვევას და გავლენას ვერ იქონიებდნენ არჩევნების საერთო შედეგზე. წარდგენილი საჩივრები არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო.
მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა: ბოლნისის ქალაქის ¹23 საარჩევნო ოლქის ¹1 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლ. ა-შვილმა, ¹2 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მ. ყ-შვილმა, ¹3 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გ. გ-ძემ და ¹4 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბ. ა-შვილმა განმარტეს, რომ შესაბამისად მათ უბნებში კანონის უხეშ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. შეიძლება, იყო მცირეოდენი დარღვევები, რაც არ უნდა გახდეს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი.
მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა: 2002წ. 2 ივნისს ბოლნისში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს, გამგებლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების _ «ახალი მემარჯვენეების»წარმომადგენელმა ა. მ-ძემ და «.. ..-ის» წარმომადგენელმა ო. ც-ძემ განაცხადეს, რომ მათ მიერ არც ერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა საარჩევნო უბნებში.
მესამე პირების რწმუნებულის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა: მ. ვ-ძემ, ნ. მ-ძემ, დ. ჯ-ძემ, ი. მ-ძემ, ე. ფ-შვილმა და თ. ხ-იამ აღნიშნეს, რომ ოთხივე საარჩევნო უბანზე იყო საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევის ფაქტები, რის შესახებაც შეადგინეს კიდეც საჩივრები. მათი განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბოლნისში ჩატარდა კანონის დარღვევით.
სამოტივაციო ნაწილი:
ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2002წ. 7 ივნისს ქ. ბოლნისის საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა გ. მ-იანმა, გ. ს-ძემ, ზ. კ-შვილმა, ვ. ა-შვილმა, ბ. მ-ძემ, ო. უ-ძემ, გ. კ-ავამ, გ. დ-შვილმა და ქ. ხ-იანმა საჩივრით მიმართეს ცსკოს და ითხოვეს ქ. ბოლნისის ¹23.01 საარჩევნო ოლქის ¹1, ¹2, ¹3 და ¹4 საარჩევნო უბნებში 2002წ. 2 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს, გამგებლის არჩევნების კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა.
ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹92\2002 განკარგულების პირველი პუნქტით ბათილად იქნა ცნობილი ¹23.01 ბოლნისის ქალაქის საარჩევნო ოლქის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 საარჩევნო უბნებში 2002წ. 2 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს, გამგებლის არჩევნების კენჭისყრის შედეგები, ხოლო განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა 2002წ. 16 ივნისს.
მოსარჩელეებმა ზ. ჯ-ძემ და დ. ხ-ძემ ითხოვეს ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹92\2002 განკარგულების პირველი პუნქტის ბათილად ცნობა.
ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია, კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. ამავე კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის «თ» ქვეპუნქტისა და 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ცსკოს უფლება აქვს, ბათილად ცნოს კენჭისყრის შედეგები იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები.
სასამართლო შემადგენლობა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა, მათი წარმომადგენლების, მესამე პირთა წარმომადგენლის ახსნა-განმარტების, მოწმეთა ჩვენებების მოსმენის, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შემოწმების შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ¹23.01 ბოლნისის ქალაქის საარჩევნო ოლქის ¹1, ¹2, ¹3 და ¹4 საარჩევნო უბნებში 2002წ. 2 ივნისს ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს გამგებლის არჩევნების მიმდინარეობის დროს კანონის უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საქმეში წარმოდგენილია 2002წ. 2 ივნისს ბოლნისში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს, გამგებლის არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის ოქმი, რომელიც შედგა 2002წ. 3 ივნისს ქ. ბოლნისში. შეხვედრას ესწრებოდნენ «ა-ის», «ე.»-ს, «მ. გ. ს-ს», «მ. კ-ისა» და «ა. მ-ების» წარმომადგენლები. აღნიშნული ოქმით დადგინდა, რომ არჩევნებში მოსახლეობის 85%-მა მიიღო მონაწილეობა. ჩატარებული არჩევნების დროს შეიმჩნეოდა მცირე დარღვევები, არჩევნების გაყალბების ფაქტები არ ყოფილა და პარტიების წარმომადგენლებს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გააჩნდათ.
აგრეთვე, საქმის მასალებში წარმოდგენილია 2002წ. 2 ივნისს ბოლნისში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საკრებულოს წევრობის 23 კანდიდატის შეხვედრის ოქმი, რომელიც შედგა ქ. ბოლნისში 2002წ. 3 ივნისს.
ოქმში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა ნორმალურად, გამოირჩეოდა მოსახლეობის მაღალი აქტიურობით, მოსახლეობის 85%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, იყო ცალკეული დარღვევები, მაგრამ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საკრებულოს წევრობის 23 კანდიდატს ამასთან დაკავშირებით, პრეტენზიები არ გააჩნია.
მესამე პირების წარმომადგენლის მიერ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებიდან დასტურდება, რომ ოთხივე საარჩევნო უბანზე იყო დარღვევები, მაგრამ სასამართლო შემადგენლობას მიაჩნია, რომ აღნიშნული დარღვევები არ შეიძლება ჩაითვალოს კანონის იმ უხეშ დარღვევად, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს, გამგებლის არჩევნების კენჭისყრის შედეგები ¹23.01 ბოლნისის ქალაქის საარჩევნო ოლქის ¹1, ¹2, ¹3 და ¹4 საარჩევნო უბნებში. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულმა მოწმეებმა ჩვენებებით ვერ დაადასტურეს საქმის მასალებში არსებული, მათ მიერვე შედგენილი საჩივრები.
რაც შეეხება მოწმეთა: ე. ფ-შვილისა და თ. ხ-იას განმარტებებს, მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე საარჩევნო სუბიექტ ზ. ჯ-ძისა და მისი ძმის მხრიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტები არ შეიძლება განხილულ იქნეს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა იმ უხეშ დარღვევად, რომლის გამოც არჩევნების კენჭისყრის შედეგები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და ისინი სამართალდამცავი ორგანოების შესწავლის საგანს წარმოადგენენ.
ამდენად, სასამართლო შემადგენლობას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევიან იმის საფუძველს, რომ ¹23.01 ბოლნისის ქალაქის საარჩევნო ოლქის ¹1, ¹2, ¹3 და ¹4 საარჩევნო უბნებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს, გამგებლის არჩევნები ჩატარდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო შემადგენლობა თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ხოლო ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹92\2002 განკარგულების პირველი პუნქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ზ. ჯ-ძისა და დ. ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹92\2002 განკარგულების პირველი პუნქტი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.