Facebook Twitter

¹3გ-ად-20-გ-02 6 სექტემბერი 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე (მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივრის განსჯადობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს «ა-ის» ლიკვიდატორმა ც. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მიუთითა, რომ მოპასუხე ი. ბ-მა 13.04.99წ. სამომხმარებლო მიზნებისათვის ისარგებლა სს «ა-იდან» კრედიტით 75 100 ლარის ოდენობით, 1 წლის ვადით, წლიური 18%-ის დარიცხვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ბანკის სასარგებლოდ მოპასუხეზე 88618 ლარის დაკისრება.

17.1201.წ. ი. ბ-ის მეუღლემ _ ა. ბ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა 03.09.99წ, მას და მის შვილებს მატერიალური საშუალება არ გააჩნიათ ადვოკატის ასაყვანად, განმცხადებელმა მოითხოვა სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევა. თბილისის დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 21.12.01წ. განჩინებით ა. ბ-ის განცხადება სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის აყვანის შესახებ დაკმაყოფილდა. დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 22.12.01წ. განჩინებით დაკმაყოფილდა აგრეთვე ა. ბ-ის განცხადება და სამოქალაქო საქმეზე ს.ს «ა-ის» ლიკვიდატორის სარჩელის გამო ი. ბ-ის მიმართ, მოპასუხის უფლებამონაცვლედ სქმეში ჩაბმულ იქნა ა. ბ-ი.

რაიონული სასამართლოს 27.12.01წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს.ს. «ა-ის» ლიკვიდატორს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. 04.03.02წ დიდუბე_ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ა. ბ-ის ადვოკატად დანიშნულმა, დიდუბის რაიონის ადვოკატურის წევრმა ზ. გ-მ. განმცხადებელმა მოითხოვა კანონით დადგენილი წესით მისთვის ანაზღაურების დანიშვნა გაწეული მომსახურებისათვის.

თბილისის დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 07.03.02წ. განჩინებით ზ. გ-ს განცხადება იურიდიული მომსახურების ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა, მას დაენიშნა ანაზღაურება სახელმწიფო სალაროდან დავის საგნის _ 88618 ლარის 4%-ი ანუ 3544,72 ლარი. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ 27.12.01წ. სასამართლო სხდომაზე ა. ბ-ის ინტერესებს წარმოადგენდა ზ. გ-ა, რომელიც სასამართლოს 21.12.01წ. განჩინებით იქნა მოწვეული. საქმეზე გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა 88618 ლარის დაკისრებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. გ-ს მოთხოვნა საფუძვლიანია და დააკმაყოფილა იგი.

საქართვლოს ფინანსთა სამინისტრომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზემოაღნიშნული განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება. დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 23.0502.წ. განჩინებით ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადააგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 20.06.02წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 05.07.02წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადვოკატ ზ. გ-ს განცხადება, მისთვის როგორც სახაზინო წესით მოწვეული ადვოკატისათვის ანაზღაურების დანიშვნის თაობაზე არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ვინაიდან ადვოკატის სახაზინო წესით მოწვევა გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ისევე როგორც მისთვის შესაბამისი ანაზღაურების საკითხი. გარდა ამისა, პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში რაიონული სასამართლოს მიერ განხილულ იქნა არა დავა მხარეებს შორის, არამედ განცხადება გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული დავა განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს ძალაში შესული 27.12.01წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებითY გადაჭრილია კერძო_სამართლებრივი ხასიათის დავა (რამაც განაპირობა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა), საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენდა აღნიშნული სამართალურთიერთობის მონაწილეს, შესაბამისად განსჯადობის ფორმალური კრიტერიუმი _ სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული_საპროცესო კანონმდებლობით განსჯადობის საკითხზე დაშვებული დავის გადაწყვეტის საშუალებას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5, მე-6, 26-ე მუხლები აწესრიგებენ სარჩელის უფლებამოსილ სასამართლოში წარდგენას, ადმინისტრაციული კატეგორიის დავის განხილვისათვის უფლებამოსილ სასამართლოთა წრე განისაზღვრება სარჩელით და არა კერძო საჩივრით, რომლის წარდგენა, სსსკ 414.2 მუხლის მიხედვით მხარეების გარდა შეუძლიათ იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება. ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო კატეგორიის საქმეზე, მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მათ შორის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების საკითხი, კერძო_სამართლებრივს წარმოადგენს, პალატა შეუძლებლად თვლის აღნიშნული დავის ერთი ნაწილის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე იმას, რომ მხარე რომელსაც მომსახურებას უწევდა სახაზინო ადვოკატი 27.12.01წ. ძალაში შესული გადაწყვეტილების მიხედვით, წარმოადგენს დავაში გამარჯვებულ მხარეს. სსსკ 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, რაც დამატებით ადასტურებს დავის სამოქალაქო_სამართლებრივ ხასიათს.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივრის გამო არის თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯადი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.