გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-20-კ-02 13 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: ქ. ბათუმის აღმასკომის 1991 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებისა და 1991 წლის 21 მარტის საბინაო ორდერის გაუქმება; ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 19 აპრილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონულმა სამმართველომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ა. ბ-ძის, ჟ. გ-ძისა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეს სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სახელზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის ქ. ბათუმში, ... მდებარე 36 კვ.მ. ფართის ბინა.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბინა უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული ა. ბ-ძესა და მის მეუღლე ჟ. გ-ძეს. აჭარის რეგიონულ სამმართველოზე რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის მიერ ბინების გადაცემის დროისათვის, ა. ბ-ძეს მოსარჩელესთან არანაირი სამსახურებრივი ურთიერთობა არ აკავშირებდა, რის გამოც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 თავის მე-14 პუნქტის თანახმად მოსარჩელეებმა დაკარგეს სამსახურებრივი ბინით სარგებლობის უფლება.
სარჩელის თანახმად ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1991 წლის 13 თებერვლის ¹93 გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა აღმასკომის საბინაო კომისიის წინადადება ქ. ბათუმის სამხედრო გარნიზონის ფონდში რიცხულ ბინებში სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების შესახლების შესახებ და დამტკიცდა სამხედრო გარნიზონის ხელმძღვანელობის მოთხოვნის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე ა. ბ-ძის ოთხსულიანი ოჯახის შესახლება გარნიზონის ფონდში რიცხულ სამოთახიან ბინაში, რომელიც მდებარეობდა ... ქ. ბათუმში. ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი იყო სამხედრო ნაწილის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 1990 წლის 17 დეკემბრის ¹19 ოქმი, რომელიც, როგორც წესი, გაიცემოდა სამხედრო ნაწილის მიერ და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საუწყებო ბინა სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემოდა სამსახურებრივი დანიშნულებით, ე.ი. მისი სამხედრო სამსახურის ვადის გავლის პერიოდით. მართალია, 1991 წლის 21 მარტს ა. ბ-ძის სახელზე გაიცა საბინაო ორდერი, მაგრამ მოსარჩელის განმარტებით, იგი უნდა გაუქმებულიყო, რადგანაც მოპასუხეს შეწყვეტილი ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1991 წლის 13 თებერვლის ¹93 გადაწყვეტილებისა და ა. ბ-ძის სახელზე 1991 წლის 21 მარტს გაცემული ორდერის გაუქმება, აგრეთვე, ა. ბ-ძისა და ჟ. გ-ძის ბინიდან გამოსახლება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ა. ბ-ძემ განმარტა, რომ 1987 წლიდან მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში, ხოლო სსრკ-ს დაშლის შემდეგ სამსახური განაგრძო საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ¹2016 სამხედრო ნაწილში. მისი განმარტებით, სადავო ბინა მიიღო კანონიერად, რაც გამოიხატა უვადო და არა სამსახურებრივი ორდერის გამოწერით. ამიტომ, რუსეთის ფედერაციის ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის მიუხედავად, მას უფლება ჰქონდა, ოჯახთან ერთად განეგრძო სადავო ბინაში ცხოვრება, მითუმეტეს, რომ სხვა საცხოვრებელი ბინა არსად გააჩნდა, ხოლო აღნიშნულ ბინაში ჩატარებული ჰქონდა კაპიტალური რემონტი და ცხოვრობდა 10 წლის განმავლობაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2001 წლის 3 დეკემბერს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი. შესაბამისად უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივარში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონულმა სამმართველომ ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივარს საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები:
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დებულება, აგრეთვე, საქართველოს საბინაო კოდექსის 116-ე მუხლი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა _ საბინაო კოდექსის 58-ე მუხლი, რის გამოც განჩინება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ სადავო ბინა, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მონაცემებით, რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ სადავო ბინა იყო სამსახურებრივი დანიშნულების და ვინაიდან მოპასუხე ა. ბ-ძემ არ გააგრძელა სამხედრო სამსახური საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში, ამიტომ მას დაეკარგა სამსახურებრივი ბინით სარგებლობის უფლება.
კასატორის განმარტებით, მოპასუხე ა. ბ-ძე არასდროს ყოფილა სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე და მისი ბინით დაკმაყოფილება კანონიერ საფუძველზე არ მომხდარა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებში არის ქ. ბათუმის ვიცე-მერის რ. ბადოევის 2001 წლის 7 სექტემბრის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლები «ქ. ბათუმის აღმასკომის 1987 წლის 22 დეკემბრის ¹1179 გადაწყვეტილებით გადაცემული იქნა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ნაწილი 2016-ის საბინაო ფონდში».
აღნიშნული წერილის თანახმად ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლები 1987 წლიდან 1999 წლამდე ფაქტობრივად ირიცხებოდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ბალანსზე. ხოლო 1999 წლის ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლასთან დაკავშირებით, მისი კუთვნილი ქონება სამართალმემკვიდრეობით გადაეცა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონულ სამმართველოს.
წერილში მითითებულია, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მონაცემებით ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლები რეგისტრირებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარატმენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს სახელზე.
საკასაციო სასამართლოში ანალოგიური საქმის განხილვის დროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა აჭარის ა/რ ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა.
2002 წლის 8 იანვრის ცნობაში კი აღნიშნულია, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალების თანახმად ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლები 1987 წლიდან ფიქსირებული იყო ქ. ბათუმის აღმასკომის სახელზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოარკვია, თუ რომელი უწყებაა სადავო ბინის მესაკუთრე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რაც სააპელაციო სასამართლოს კონკრეტულ შემთხვევაში არ გაუკეთებია.
საკასაციო სასამართლო თავად ვერ გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც საჭიროა ფაქტობრივი გარემოებების დამატებით გამოკვლევა, რის გამოც საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქვემდგომ სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.