გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-20-კს 28 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: მოსარჩელის სათანადოობა, საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება.
აღწერილობითი ნაწილი:
ფიზიკურმა პირმა ნ. რ-ძემ სარჩელი აღძრა მოპასუხე ა. ბ-შვილისა და მთაწმინდის რაიონის ¹58 საბინაო-საექსპლოატაციო უბნის მიმართ და თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში საერთო გასასვლელის აღდგენა, ამოშენებული კარების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და 1992წ. 14 აგვისტოს ა. ბ-შვილის ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებიდან საერთო სარგებლობის გასასვლელის ამორიცხვა და პრივატიზაციის ხელშეკრულების ამ ნაწილში გაუქმება მოითხოვა. საქმე მრავალჯერ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოთა მიერ და ბოლოს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. რ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მხარეს იატაკიდან 1,80 მ. ზემოთ ჭერის სიმაღლეზე ამოშენებული კარის გახსნა დაევალა, ხოლო სადავო დერეფანი ა. ბ-შვილის საკუთრებაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი, რომლითაც უარი ეთქვა ნ. რ-ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამ უკანასკნელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საბოლოოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000წ. 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას დაუბრუნდა.
საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მიუთითა, რომ საქმის არსებითად განხილვისას სააპელაციო სასამართლოს საქმეში სათანადო მოპასუხედ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის ჩაბმაზე უნდა ემსჯელა.
სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 12 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობა იქნა ჩაბმული, ხოლო 2002წ. 9 იანვრის სხდომაზე სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ნ. რ-ძე ა. ბ-შვილის ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში არასათანადო მოსარჩელეს წარმოადგენდა, რადგან ნ. რ-ძესა და გამყიდველ ა. წ-იას შორის 1996წ. 29 მარტს გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებული იყო ბინის იდეალურ წილზე, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნ. რ-ძე სათანადო მოსარჩელით _ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობით შეცვალა. 2002წ. 4 მარტს სასამართლო სხდომაზე გამგეობამ უარი განაცხადა სარჩელის წარდგენაზე, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 4 მარტის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინება ნ. რ-ძის წარმომადგენელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლრომ არასწორად მიიჩნია ნ. რ-ძე არასათანადო მოსარჩელედ და არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. თავდაპირველად იგი წინააღმდეგი იყო და თვლიდა, რომ სათანადო მოსარჩელეა, მაგრამ იძულებული გახდა დათანხმებულიყო გამგეობით შეცვლაზე რადგან მხარის სათანადოობის დადგენა სასამართლოს პრეროგატივაა და ამის თაობაზე არც კერძო საჩივარი დაიშვება, მითუმეტეს, რომ გამგეობა თანახმა იყო ჩაბმულიყო საქმეში მოსარჩელედ. მას შემდეგ, რაც გამგეობამ სასამართლოს განუცხადა, რომ იგი ამ საქმეში მოპასუხეა და მოსარჩელედ ვერ იქნებოდა მოწვეული, სასამართლო ვალდებული იყო კვლავ ემსჯელა ნ. რ-ძის სათანადოობაზე და საქმის წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2 ნაწილით არ უნდა შეეწყვიტა.
კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 15 მარტის განჩინებით ნ. რ-ძის წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ნ. რ-ძის წარმომადგენლის ე. ო-შვილის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 4 და 15 მარტის განჩინებები და საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას არასწორად მიიჩნია ნ. რ-ძე არასათანადო მოსარჩელედ და არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი არასათანადო მოსარჩელის შეცვლის შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. რ-ძემ სარჩელი აღძრა თავისი დარღვეული უფლების დასაცავად, რადგან თვლიდა, რომ ა. ბ-შვილის ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებით დაირღვა მისი უფლება ესარგებლა საცხოვრებელი სახლის საერთო ფართით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ა. წ-იასთან დადებული 1996წ. 29 მარტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ნ. რ-ძემ საცხოვრებელი სახლის იდეალური წილი შეიძინა, რადგან ხელშეკრულებაში იდეალური წილის შესახებ არაფერია ნათქვამი. ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ მთელი საცხოვრებელი სახლი სამსართულიანია, სასარგებლო ფართია 1245 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახების რაოდენობაა 38, საცხოვრებელი ფართია 862 კვ.მ. დამხმარე ფართი 383 კვ.მ. და რომ ნ. რ-ძემ შეიძინა საცხოვრებელი სახლის 69/862 წილი, რაც საცხოვრებელ ფართში მის რეალურ წილს შეადგენს. ამდენად, ნ. რ-ძის არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არასწორია, მითუმეტეს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-232-ე მუხლებით განსაზღვრულია, თუ რას წარმოადგენს მრავალბინიან სახლებში ინდივიდუალური და საერთო საკუთრების უფლება. დადგენილია ასევე, საერთო საკუთრებით სარგებლობის უფლება.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ დავაში სათანადო მოსარჩელეა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობა, რადგან სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 12 დეკემბრის საოქმო განჩინებით გამგეობა სათანადო მოპასუხედ არის საქმეში ჩაბმული, ვინაიდან სარჩელი მიმართულია იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რომელმაც მოსარჩელე ნ. რ-ძის მოსაზრებით, საერთო ფართი უკანონოდ გადასცა საკუთრებაში ა. ბ-შვილს. საყურადღებოა ისიც, რომ სასამართლო სხდომის განმავლობაში მოსარჩელე ნ. რ-ძის ადვოკატი ც. ცხვედიანი არ ეთნახმებოდა სასამართლო კოლეგიას და ამტკიცებდა, რომ ნ. რ-ძე სათანადო მოსარჩელეა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ იგი მაინც არასათანადო მოსარჩელედ მიიჩნია, რის გამოც მხარე იძულებული იყო დათანხმებოდა გამგეობის სათანადო მოსარჩელედ ჩაბმას, მითუმეტეს, რომ თავდაპირველად გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი და არასწორად შეწყვიტა საქმის წარმოება, რის გამოც ნ. რ-ძის წარმომადგენლის ე. ო-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. რ-ძის წარმომადგენლის ე. ო-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 4 და 15 მარტის განჩინებები და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.