Facebook Twitter

3გ-ად-21-02 12 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნ. კლარჯეიშვილი

მსაჯულები: ლ. გაჩეჩილაძე,

ლ. თამაზაშვილი

დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკოს) განკარგულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 11 ივნისს მოსარჩელე _ ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხე – ცსკოს მიმართ და მოითხოვა “2002წ. 2 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹ 91/2002 განკარგულების ბათილად ცნობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა სარჩელისა და საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის დასაშვებობისა და განსახილველად წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის დარღვევით და იგი განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მოსარჩელე ითხოვს «2002წ. 2 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” ცსკოს 2002 წლის 8 ივნისის ¹91/2002 განკარგულების ბათილად ცნობას. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტი ეხება ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებას;

2. «საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მართალია, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით ახდენს საარჩევნო დავების განხილვას, მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სახელდობრ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის, რომელიც საარჩევნო დავების განსჯადობასა და განხილვის წესს განსაზღვრავს, მე-2 ნაწილით იმპერატიულად დადგენილია: “საქართველოს ცსკოს გადაწყვეტილება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების შესახებ მისი მიღებიდან სამი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში”.

ვინაიდან განსახილველი დავის საგანი –ცსკოს ¹91/2002 განკარგულება სამართლებრივად არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული 77-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებას ეხება, ამიტომ, პალატის აზრით, სარჩელი უზენაეს სასამართლოში შეტანილია განსჯადობის დარღვევით;

3. აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ საარჩევნო კომისიების განკარგულებათა სასამართლოში გასაჩივრების განსჯადობა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლით რეგლამენტირებული არ არის, მაგრამ აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ზოგად ნორმას, რომლის მიხედვითაც: “საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილება მისი მიღებიდან სამი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო საქართველოს ცსკოს გადაწყვეტილება – სასამართლოში”.

2002წ. 2 ივნისს ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნები, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩატარდა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებით ქ. თბილისში შეიქმნა ერთი საარჩევნო ოლქი, 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თბილისის საკრებულოს არჩევნებისას ცსკო ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს და სადავო ¹91/2002 განკარგულებით ცსკომ, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიამ, დაადგინა ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგები და 123-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დაამტკიცა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

სადავო აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანო – ცსკო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით არის “მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების სრულ და განუხრელ განხორციელებას, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას”. ამდენად, ცსკო არის საქართველოს უმაღლესი საარჩევნო ორგანო, უმაღლესი საარჩევნო ადმინისტრაცია, ამიტომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ” პუნქტის თანახმად, ცსკოს ადმინისტრაციული აქტები განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, ანალოგიურად საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) საბჭოსა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) დადგენილებებისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სარჩელი განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლის I-II ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-286-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სარჩელი ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹91/2002 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

2. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები დაეგზავნოთ მხარეებს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.