¹ 3გ/ად-21-კ-02 19 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულშ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ბინაზე ორდერის გაუქმება; გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 20 ოქტომბერს კასატორმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სარჩელი აღძრა მოპასუხე ფიზიკური პირების ი. ბ-აშის, ი. ს-ოვისა და ე. დ-ევის მიმართ და 1995 წლის 27 ნოემბერს ი. ბ-აშის სახელზე გაცემული ბინის ¹07665 ორდერის გაუქმება და ბათუმში, ... მდებარე 27 კვ.მ. საცხოვრებელი ფართიდან მათი გამოსახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ორდერი უკანონოდ იქნა გაცემული ი. ბ-აშის სახელზე, რომ კასატორს სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ¹... სამხედრო ნაწილის სახელზე რიცხული რუსეთის სამსახურებრივი ბინები, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეთა ბინით უზრუნველყოფისათვის იყო განკუთვნილი, ხოლო მოპასუხე ფიზიკურ პირებს საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან სამსახურებრივი ურთიერთობა არ აკავშირებთ.
მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს იმ მოტივით, რომ მოპასუხე ი. ბ-აში, რომლის სახელზედაც არის გამოწერილი სადავო ბინის ორდერი, 1982 წლიდან ბუღალტრად მუშაობდა სსრ კავშირის სასაზღვრო ჯარის ქ.ბათუმის ¹... სამხედრო ნაწილში, 1994 წლის 2 დეკემბერს სამხედრო ნაწილის საბინაო კომისიის ¹7 ოქმის საფუძველზე, გაფართოების მიზნით, მის ოთხსულიან ოჯახს აღნიშნულ მისამართზე გამოეყო 27 კვ.მ. ფართობის ოროთახიანი ბინა, რაც დამტკიცებულია ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1995 წლის 17 ოქტომბრის ¹452 გადაწყვეტილებით. 1999 წელს რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასაზღვრო ნაწილის საქართველოდან გაყვანასთან დაკავშირებით, მოხდა ნაწილის რეორგანიზაცია, რის გამოც ი. ბ-აში უმუშევარი დარჩა, თუმცა ორჯერ უშედეგოდ მიმართა საზღვრის დაცვის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს სამსახურში მოწყობის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით არ დაკმაყოფილდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1997 წლის) 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს საბინაო კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის ¹603 დადგენილების საფუძველზე მოსარჩელეს უარი ეთქვა ორდერის გაუქმებასა და მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლებაზე, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა და ქ. ბათუმის მერიამ სააპაელაციო საჩივარი არ ცნეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სააპელაციო პალატამ წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე ი. ბ-აში 1982 წლიდან ბუღალტრად მუშაობდა სსრ კავშირის სასაზღვრო ჯარების ქ.ბათუმის ¹... სამხედრო ნაწილში და ამ ნაწილის საბინაო კომისიის დასკვნის საფუძველზე, გაფართოების მიზნით, ოთხ სულზე მიეცა სადავო ოროთახიანი ბინა. 1999 წელს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილის საქართველოდან გაყვანასთან დაკავშირებით, ჯარების რეორგანიზაციის გამო ი. ბ-აში დარჩა უმუშევარი, ორჯერ მიმართა აჭარის რეგიონალურ სამმართველოს ხელმძღვანელობას სამსახურის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. ამდენად, სამმართველოს აპელირება იმ ფაქტზე, რომ მოპასუხემ მასთან სამსახურებრივი კავშირი გაწყვიტა და ამიტომ უნდა გამოსახლდეს სადავო ბინიდან, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ და უსამართლოდ მიიჩნია;
2. სააპელაციო პალატის აზრით, მოპასუხე ი. ბ-აში სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარებში მუშაობით, როგორც საქართველოს მოქალაქე, ემსახურებოდა საქართველოს საზღვრის დაცვის ინტერესებს, ამიტომ არ შეიძლება მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის ¹603 დადგენილების მე-14 პუნქტი და მას მიენიჭოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურის სტატუსი;
3. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხე ი. ბ-აშმა ბინა ფაქტობრივად მიიღო 1990 წელს, როცა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ¹05954 ორდერით ორ სულზე გამოუყვეს ერთოთახიანი ბინა და ვინაიდან ¹603 დადგენილება ი. ბ-აშის მდგომარეობას აუარესებს, სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, დადგენილებას უკუქცევითი ძალა არ უნდა მიეცეს და არ უნდა გავრცელდეს ი. ბ-აშზე. პალატის აზრით, დავა სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უნდა გადაწყდეს იმჟამად მოქმედი საქართველოს საბინაო კოდექსის 53-ე, 105-ე მუხლების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახურიდან გადამდგარი ან თადარიგში დარჩენილი სამხედრო მოსამსახურეები ან მათთან გათანაბრებული პირები გამოსახლდებიან მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობიდან სხვა კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სადგომის მიცემით;
4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ი. ბ-აშს არ მიუძღვის ბრალი აჭარის რეგიონალური სამმართველოსთან სამსახურებრივი კავშირის გაწყვეტაში და მან სამსახური მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, ჯარების რეორგანიზაციით დაკარგა, ამასთან ბინას 11 წელია ფლობს და სხვა ბინა მოპასუხეებს არ გააჩნიათ, სარჩელის დაკმაყოფილება და მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლება იქნება უკანონო, როგორც საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებისა და გარანტიების დარღვევა, ასევე “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” ევროპის კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის უგულვებელყოფა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მოსარჩელე სახელმწიფო საზღვრის დაცვის აჭარის რეგიონალური სამმართველო, განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს შემდეგი საფუძვლით:
1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის ¹603 დადგენილების მე-2 და მე-14 პუნქტის მიხედვით, სამხედრო სამსახურის შეწყვეტისთანავე სამხედრო მოსამსახურე ი. ბ-აში ვალდებული იყო სამხედრო ნაწილისათვის ჩაებარებინა სამსახურებრივი დანიშნულების ბინა;
2. სააპელაციო პალატამ სათანადო მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე გაიზიარა მოპასუხის დაუსაბუთებელი მოტივი ჯარის რეორგანიზაციის შედეგად მისი სამუშაოდან დათხოვნის და აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიერ სამსახურში მიღებაზე უსაფუძვლო უარის თქმის შესახებ. სამხედრო კომისარიატიდან ამოღებული საქმის მასალებით დასტურდება, რომ 1998 წელს ი. ბ-აში სამსახურებრივი წესრიგის დარღვევის, სამსახურებრივი სიყალბის მცდელობისათვის დათხოვილი იქნა სამხედრო ნაწილიდან, თუმცა სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ არ აღძრულა;
3. უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მითითება ¹603 დადგენილების ი. ბ-აშზე გაუვრცელებლობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარები დაკომპლექტებული იყო მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე სამხედრო მოსამსახურეებით და 1997 წლიდან საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამხედრო მოსამსახურენი ან დათხოვნილი იყვნენ სამსახურიდან ან მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა;
4. სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, საქართველოს საბინაო კოდექსის 105-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან იგი არეგულირებს სამხედრო ქალაქებიდან სამხედრო მოსამსახურეთა გამოსახლებას, რაც განსხვავებული რეჟიმია და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 112-ე, 116-ე მუხლები, რომელთა თანახმადაც მუშები და მოსამსახურეები, რომელთაც შეწყვიტეს შრომითი ურთიერთობა საწარმოსთან, ორგანიზაციასთან, გამოსახლებულნი უნდა იქნენ სამსახურებრივი დანიშნულების სადგომებიდან მათთან ერთად მცხოვრები ყველა პირითურთ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად;
5. მცდარი და დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება, თითქოს მოპასუხე ი. ბ-აში სადავო ბინას 11 წელია ფლობდეს, რადგან ბინის ორდერის მიხედვით, სადავო ბინა მას მიეცა 1993 წელს ე.ი. 6 წლის წინ. უსაფუძვლოა მითითება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზეც, რადგან აჭარის რეგიონალურ სამმართველოს ¹... სამხედრო ნაწილიდან ბინის ფონდი გადაეცა 1999 წლის სექტემბერში, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ამ მომენტიდან გახდა კასატორებისათვის მოთხოვნის უფლება ცნობილი, სარჩელი კი 1 წლის შემდეგ, 2000 წლის ოქტომბერშია აღძრული და ამდენად, დაცულია ამავე კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
მოწინააღმდეგე მხარე ი. ბ-აშმა საკასაციო საჩივარზე შესაგებლის სახით დამატებით წარმოადგინა ¹... სამხედრო ნაწილის მიერ 1998 წლის 20 ოქტომბერს გაცემული ცნობა ¹77, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ ამ სამხედრო ნაწილიდან ნამდვილად მიიღო გაფართოების მიზნით სადავო ოროთახიანი ბინა. ცნობის მიხედვით სამხედრო ნაწილიდან დათხოვნის შემდეგ, ბინა ი. ბ-აშის სარგებლობაში რჩება 1995 წლის 17 ოქტომბერს გაცემული ¹07665 ორდერის საფუძველზე და სამხედრო ნაწილს ი. ბ-აშის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია ბინის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 დეკემბრის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კასატორი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო ითხოვს რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ¹... სამხედრო ნაწილიდან მის ბალანსზე გადაცემული სამსახურებრივი ბინიდან ოჯახის წევრებთან ერთად მოპასუხე ი. ბ-აშის გამოსახლებას იმ მოტივით, რომ აღნიშნული ბინა სამსახურებრივი დანიშნულებისაა, ი. ბ-აშს კი აჭარის რეგიონალური სამმართვლოსთან სამსახურებრივი ურთიერთობა არ აკავშირებს. საქმეში წარმოდგენილია ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ 2001 წლის 19 ივლისს გაცემული ცნობა ¹1-5/91, რომლის მიხედვითაც სადავო ბინა და მთლიანად, ... და ... მდებარე 9 სართულიანი სახლები 2001 წლის 19 ივლისიდან რეგისტრირებულია ¹... სამხედრო ნაწილის სახელზე. ანალოგიური დავების განხილვასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოსათვის ქ. ბათუმის მერიიდან და ტექინვენტარიზაციის სამსახურიდან გადმოგზავნილი სხვა წერილების მიხედვით ცნობილია, რომ ... და ... მდებარე საცხოვრებელი სახლები ირიცხებოდა ქალაქის აღმასკომის (მერიის) სახელზე და არა სამხედრო ნაწილის სახელზე. საკასაციო პალატას საქმის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის უმთავრესად მიაჩნია ამ სადავო საცხოვრებელი სახლების უწყებრივ-სამართლებრივი მდგომარეობისა (სტატუსის) და კუთვნილების დადგენა, თუ ვის ბალანსზეა იგი ქ. ბათუმის მერიის, ¹... სამხედრო ნაწილის, რომელიც 1999 წლიდან ბათუმში აღარ ფუნქციონირებს თუ კასატორის - აჭარის საზღვრის დაცვის რეგიონალური სამმართველოსი. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთარი ინიციატივით უნდა შეაგროვოს მტიცებულებები ფაქტობრივი გარემოებების გასარკვევად და შემდეგ მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება;
2. როგორც აღვნიშნეთ, კასატორი მოპასუხე ფიზიკური პირების სადავო ბინიდან გამოსახლებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ბინა სამსახურებრივი დანიშნულებისაა, განკუთვნილია საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა ბინით უზრუნველყოფისათვის, მოპასუხეებს კი სამსახურებრივი ურთიერთობა აღარ აკავშირებთ სამმართველოსთან. აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ სარჩელი იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ ჩათვალა მოპასუხე ი. ბ-აში რუსეთ-საქართველოს ურთიერთშეთანხმებით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილში მუშაობით ემსახურებოდა საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო ინტერესებს, ამიტომ მასზე არ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის ¹603 დადგენილება “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ”.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი სახელმწიფო საზღვრის დაცვის აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიერ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოდგენილია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სახელდობრ, სახელმწიფო სამხედრო კომისარიატიდან გამოთხოვილი საქმის მასალების მიხედვით მოპასუხე ი. ბ-აშმა სამხედრო სამსახური 1999 წელს შეწყვიტა არა რუსეთის ჯარების საქართველოდან გასვლასთან დაკაშვირებით, არამედ მანამდე, რუსეთის ფედერაციის ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების ¹... სამხედრო ნაწილის 1998 წლის 19 მაისის ¹115 ბრძანების ამონაწერის მიხედვით, საატესტაციო კომისიის 7 მარტის ¹12 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე საკონტროლო სამსახურის ეფრეიტორი, ბუღალტერი ი. ბ-აში დათხოვილ იქნა სამხედრო სამსახურიდან, ყველანაირი შეღავათის ჩამორთმევით, სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის მცდელობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამხედრო ნაწილის საწყობის გამგე ლ. მ-ოვთან ერთად აღმოაჩნდა 6698 მანეთის ქონების დანაკლისი და უწყისებში გამოვლინდა 49440 მანეთის მიწერა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე მათ მიმართ არ აღძრულა.
მოწინააღმდეგე მხარე ი. ბ-აშმა თავის მხრივ წარმოადგინა ¹... სამხედრო ნაწილიდან 1998 წლის 20 ოქტომბერს (ე.ი. სამსახურიდან დათხოვის შემდეგ) გაცემული ¹77 ცნობა, რომლის თანახმადაც სადავო სამხედრო ბინა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ სარგებლობაში რჩება ი. ბ-აშს და სამხედრო ნაწილს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით, სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა თუ არა კანონი, ხოლო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა საკასაციო ინსტანციაში პროცესუალურად დაუშვებელია, ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე საჭიროა არსებითად ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, მოპასუხე ი. ბ-აშის სამხედრო ნაწილიდან დათხოვნასთან და თვით საცხოვრებელი სახლის კუთვნილებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს ი. ბ-აშის მიმართ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹603 დადგენილებისა თუ იმჟამად მოქმედი საქართველოს საბინაო კოდექსის გამოყენების მართლზომიერების საკითხი.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ამ ეტაპზე შეუძლებელია სასამართლოს მიერ საქმის არსებითად სწორად გადაწყვეტა, საჭიროა ახალ მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ამიტომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 დეკემბრის განჩინება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო სპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 407-ე, 412-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 დეკემბრის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.