Facebook Twitter

3გ-ად-22-02 12 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე: ნ. კლარჯეიშვილი

მსაჯულები: ლ. გაჩეჩილაძე,

ლ. თამაზაშვილი

დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 11 ივნისს მოსარჩელე – ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხე –ცსკოს მიმართ და მოითხოვა «ცსკოს 2002 წლის 4 ივნისის ¹82/2002 განკარგულების ძალადაკარგულად ჩათვლის (გამოცხადების) შესახებ” ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹88/2002 განკარგულების ბათილად ცნობა. არჩევნების შედეგების დადგენის შესახებ” ცსკოს ¹82/2002 განკარგულებით ცსკომ დაადგინა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ცსკოში წარდგენილი საარჩევნო დოკუმენტაციის (ამომრჩეველთა ძირითადი და დამატებითი სიების, გამოყენებული და გამოუყენებელი, ასევე ბათილი ბიულეტენების, დალუქული პაკეტების) გადამოწმება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა სარჩელისა და საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის დასაშვებობისა და განსახილველად წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის დარღვევით და იგი განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მოსარჩელე ითხოვს ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹88/2002 განკარგულების ბათილად ცნობას, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა ცსკოს 2002წ. 4 ივნისის ¹82/2002 განკარგულება, ქ. თბილისის საკრებულოს 2002წ. 2 ივნისის არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენის მიზნით ცსკოში წარდგენილი საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმების შესახებ. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტი _ ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹88/2002 განკარგულება ეხება ცსკოს მიერვე მიღებული ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად ცნობას;

2. «საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მართალია, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით ახდენს საარჩევნო დავების განხილვას, მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სახელდობრ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის, რომელიც საარჩევნო დავების განსჯადობასა და განხილვის წესს განსაზღვრავს, მე-2 ნაწილით იმპერატიულად დადგენილია: «საქართველოს ცსკოს გადაწყვეტილება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების შესახებ მისი მიღებიდან სამი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში”.

ვინაიდან განსახილველი დავის საგანი – ცსკოს ¹88/2002 განკარგულება სამართლებრივად არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული 77-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების შესახებ გადაწყვეტილებას, არამედ ეხება იმავე ადმინისტრაციული ორგანოს – ცსკოს ადრე მიღებულ ადმინისტრაციულ აქტს _ ¹82/2002 განკარგულებას, ამიტომ, პალატის აზრით, სარჩელი უზენაეს სასამართლოში შეტანილია განსჯადობის დარღვევით და განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

კერძოდ, 2002წ. 2 ივნისს ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნები, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩატარდა პროპორციული საარჩევნო სისიტემის საფუძველზე, მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებით ქ. თბილისში შეიქმნა ერთი საარჩევნო ოლქი, 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თბილისის საკრებულოს არჩევნებისას ცსკო ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს და ¹82/2002 განკარგულებით ცსკომ, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიამ, 123-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების დადგენის მიზნით, გადაწყვიტა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან წარმოდგენილი საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმება, ხოლო სადავო ¹88/2002 განკარგულებით იმავე ადმინისტრაციულმა ორგანომ – ცსკომ ძალადაკარგულად ცნო მის მიერ ადრე მიღებული ¹82/2002 განკარგულება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” და «გ” პუნქტების თანახმად, ცსკო, მართალია, წარმართავს საოლქო-საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, ამოწმებს მათ გადაწყვეტილებათა კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ცვლის ან აუქმებს მათ, მაგრამ როგორც აღინიშნა, კონკრეტულ შემთხვევაში ცსკომ სადავო ¹88/2002 განკარგულებით ძალადაკარგულად ცნო არა ქვემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულება, არამედ მის მიერვე მიღებული ¹82/2002 განკარგულება, რისი უფლებამოსილებაც მას გააჩნდა, როგორც ძალადაკარგულად ცნობილი აქტის მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და, თუმცა სადავო განკარგულებაში მითითებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტი, პალატას მიაჩნია, რომ ¹88/2002 განკარგულებით ცსკომ ¹82/2002 განკარგულება ძალადაკარგულად ცნო არა როგორც ზემდგომმა საარჩევნო ორგანომ, არამედ როგორც აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

3. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ზოგად ნორმას, რომლის მიხედვითაც: “საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილება მისი მიღებიდან სამი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო ცსკოს გადაწყვეტილება – სასამართლოში”.

სადავო აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანო – ცსკო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით არის «მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების სრულ და განუხრელ განხორციელებას, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას”. ამდენად, ცსკო არის საქართველოს უმაღლესი საარჩევნო ორგანო, უმაღლესი საარჩევნო ადმინისტრაცია, ამიტომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ” პუნქტის თანახმად, ცსკოს ადმინისტრაციული აქტები განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, ანალოგიურად საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) საბჭოსა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) დადგენილებებისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სარჩელი განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლის I-II ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-286-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სარჩელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 8 ივნისის ¹88/2002 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

2. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები დაეგზავნოთ მხარეებს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.