Facebook Twitter

3გ-ად-22-კს-02 5 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში არსებითად განსახილველად.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 6 ოქტომბერს შპს «ა-მა» სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის მიმართ და ითხოვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლისა და 278-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მოპასუხის მიერ 2000წ. 28 სექტემბერს გამოტანილი ¹002402 დადგენილების გაუქმება და შპს «ა-ის» მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტა.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ გასაჩივრებულ დადგენილებაში დაჯარიმების საფუძვლად მითითებული იყო «საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვის საერთო წესების» პირველი მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა, რასაც არ ეთანხმებოდა მოსარჩელე იმის გამო, რომ «საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის საერთო წესები» არ წარმოადგენდა იმ ნორმატიულ აქტს, რომლის მოქმედებაც უნდა გავრცელებულიყო შპს «ა-ზე»

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წესები განეკუთვნება საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვებს, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში რეგისტრირებული გადამზიდავების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე ან მის საზღვრებს გარეთ. წესებს აქეთ ძალა სხვა ქვეყნების გადამზიდავთათვის, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიაზე. მოსარჩელე კი არ აწარმოებდა იმ სახის გადაზიდვებს, რომლებიც მოწესრიგებული იყო ამ წესებით. იგი წარმოადგენდა კომპანია «.. ..-ის» ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში და მის მთელ ტერიტორიაზე თავისივე კუთვნილი ავტოტრანსპორტით ავრცელებდა ამ კომპანიის მიერ გამოშვებულ პროდუქციას. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შპს «ა-ის» მიერ თავისი საკუთრების გავრცელების, თუ სხვაგვარად გადატანის საკითხებში ჩარევის უფლება არავის ჰქონდა.

სარჩელის თანახმად შპს «ა-ი» არ იყო რეგისტრირებული გადამზიდავად, როგორც ამას ითხოვდა ზემოთ აღნიშნული წესების პირველი მუხლის მე-2 ნაწილი და არ დებდა გადაზიდვის ხელშეკრულებებს, ე.ი. არ მონაწილეობდა იმ ურთიერთობებში, რომლებზეც უნდა გავრცელებულიყო «საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვის საერთო წესები».

აღნიშნული წესების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად «საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვა ექვემდებარება სერტიფიცირებას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით». მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ეს პუნქტი, ისევე როგორც აღნიშნული წესები, ვრცელდებოდა მხოლოდ რეგისტრირებულ გადამზიდავებზე, რომლებიც გადაზიდვებს ახორციელებდნენ ხელშეკრულების საფუძველზე.

რაც შეეხება სერტიფიცირებას, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ «პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ» საქართველოს კანონი ითვალისწინებდა სავალდებულო და ნებაყოფლობით სერტიფიკაციას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ის მუხლი, რომელიც გასაჩივრებულ დადგენილებაშია მოყვანილი, ანუ 1775-ე მუხლი ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას მხოლოდ სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის რეალიზაციაზე. 1999წ. 1 ივნისს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ დაამტკიცა «სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომლის ბოლო გვერდზეც მითითებული იყო, რომ სავალდებულო სერტიფიკაციას ექვემდებარებოდა «სატრანსპორტო მომსახურება». შპს «ა-ი» კი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, სატრანსპორტო მომსახურებას არ ეწეოდა. იგი ახორციელებდა თავისივე პროდუქციის გადატანას თავისივე ტრანსპორტით. სატრანსპორტო მომსახურებას კი, მოსარჩელის განმარტებით საწარმოს საქმიანობის ძირითადი საგანი უნდა შეედგინა.

ამდენად, მოსარჩელე თვლიდა, რომ შპს «ა-ის» საქმიანობა არ შეიძლებოდა სავალდებულო სერტიფიკაციას დაექვემდებარებოდა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს «ა-ს» უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც ამ უკანასკნელმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მარტის განჩინებით ნაწილობრივ გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და შპს «ა-ს» უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა განეხილა არა სასარჩელო წარმოების წესით, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე-15, მე-20, 21-ე და 22-ე თავების მიხედვით, საჩივრის საფუძველზე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «ა-მა».

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რადგანაც იგი აკმაყოფილებს ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ ყველა ელემენტს, კერძოდ, გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოვალეობას გარკვეული თანხის გადახდის შესახებ. ამდენად, შპს «ა-ის» მიმართ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, რომელმაც შელახა მისი უფლებები და უსაფუძვლო ვალდებულება დააკისრა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და მისი გასაჩივრება სასარჩელო წარმოების წესით კანონს არ ეწინააღმდეგება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, ანუ ეს ნორმა უშვებს ადმინისტრაციული აქტის გაუქმების მოთხოვნას სასარჩელო წარმოების გზით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონის ის ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა. შპს «ა-ი» ითხოვს სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მარტის განჩინების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც შპს «ა-ს» უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში არსებითად განსახილველად.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 29 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს «ა-ის» კერძო საჩივარი, არ დააკმაყოფილა იგი და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ შპს «ა-ის» მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა განეხილა არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საერთო სასარჩელო წარმოების წესით, არამედ საქართველოს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-15, მე-20, 21-ე, 22-ე თავების მოთხოვნათა შესაბამისად, საჩივრის საფუძველზე.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს დადგენილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა აღნიშნულ ფაქტს, მაგრამ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტს, რომლითაც შპს «ა-ს» უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომელიც გამოტანილია საქმის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში განხილვის დროს და რომლებიც წინ უსწრებენ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია, თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შპს «ა-ის» სარჩელის წარმოებაში მიღების განჩინება სააპელაციო წესით არავის გაუსაჩივრებია. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რადგანაც იგი გასცდა გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებს. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ისე უთხრა უარი შპს «ა-ს» სარჩელის მიღებაზე, რომ არ გაუუქმებია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 10 ოქტომბრის განჩინება შპს «ა-ის» სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატას თავად კი არ უნდა ემსჯელა შპს «ა-ის» სარჩელის დასაშვებობაზე, არამედ აღნიშნული საკითხის გასარკვევად საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაებრუნებინა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ა-ის» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 13 მარტის განჩინება შპს «ა-ისათვის» სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.