Facebook Twitter

3გ-ად-23-02 13 ივნისი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

მსაჯულები: ს. გამრეკელი,

ვ. მგელაძე

დავის საგანი: «ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკოს) 04.06.02წ. ¹82/2002 განკარგულების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ» ცსკოს 08.06.02წ. ¹88/2002 განკარგულების ბათილად ცნობა;

2002წ. 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ» ცსკოს 10.06.02წ. ¹103/2002 განკარგულების ბათილად ცნობა;

თბილისის საკრებულოს 02.06.02წ. ჩატარებული არჩევნების შედეგების გადამოწმების წესის შესახებ დადგენილების შემუშავების და გამოცემის დაკისრება ცსკოსათვის.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 02.06.02წ. ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენის მიზნით ცსკოს მიერ გამოიცა 04.06.02წ. ¹82/2002 განკარგულება «არჩევნების შედეგების დადგენის შესახებ». აღნიშნული განკარგულება ძალადაკარგულად ჩაითვალა ცსკოს 08.06.02წ. ¹88/2002 განკარგულებით. კომისიის 10.06.02წ. ¹103/2002 განკარგულებით დამტკიცდა 02.06.02წ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

საარჩევნო ბლოკ «.. ..-ის» ხელმძღვანელმა ზ. მ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა « ცსკოს 04.06.02წ. ¹82/2002 განკარგულების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ 08.06.02წ. ¹88/2002 და «2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ» 10.06.02 ¹103/2002 განკარგულებების ბათილად ცნობა, ცსკოსათვის თბილისის საკრებულოს 02.06.02წ. ჩატარებული არჩევნების შედეგების გადამოწმების წესის შესახებ დადგენილების შემუშავების და გამოცემის დაკისრება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა სარჩელის და საქმის მასალების განცობის, სარჩელის დასაშვებობისა და განსახილველად წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საარჩევნო ბლოკ «.. ..-ის» ხელმძღვანელის ზ. მ-შვილის სასარჩელო განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეთა რიგს განეკუთვნება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 109-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. ქ. თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის იქმნება ერთი საარჩევნო ოლქი (კოდექსის 15.3 მუხ). პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თბილისის საკრებულოს არჩევნებისას საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ასრულებს ცსკო (კოდექსის 115.5 მუხ.). საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს ოქმს (123.11 მუხ.). საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ცსკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო პირველი ინსტანციით იხილავს ცსკოს გადაწყვეტილებას ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების შესახებ. საარჩევნო დავების სასამართლოს განსჯადობის განმსაზღვრელი «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლი არ ითვალისწინებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული დავების განხილვის განმსაზღვრელი საერთო სასამართლოების განსჯადობის საკითხს, რის გამო, ამგვარი მოთხოვნების შემცველი სასარჩელო განცხადებები ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა საერთო განსჯადობის წესების დაცვით უნდა გადაწყდეს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი განსაზღვრავს საოლქო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებს. აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელებს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის, აგრეთვე მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე. ვინაიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმოადგენს უმაღლეს საარჩევნო ადმინისტრაციას და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მსგავსად, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს განეკუთვნება, ცსკოს გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს, ორგანული კანონის 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში.

ამდენად, სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-286-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საარჩევნო ბლოკ «.. ..-ის» სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

2. სარჩელის გადაგზავნის შესახებ ეცნობოს მოსარჩელეს.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.