Facebook Twitter

¹ 3გ/ად-23-კ-02 10 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: 1) საკონკურსო კომისიის 1998 წლის 8 ივლისის სხდომის ოქმი ¹12-ის ბათილად ცნობა; 2) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 21 ივლისის ¹1-3\509 ბრძანების (საკონკურსო კომისიის 1998 წლის 8 ივლისის სხდომის ოქმი ¹12-ის დამტკიცების შესახებ) ბათილად ცნობა; 3) სს «ს.-ის» სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტის (75%) _ 128790 ცალი აქციის _ შპს «ე.-ისათვის» მიყიდვის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «ე.-ს» შორის 1998 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მხარეთა აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში.

აღწერილობითი ნაწილი:

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფო საწარმო «ს.-ი» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის ¹288 დადგენილების საფუძველზე დაექვემდებარა აუცილებელ აქციონირებას და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით დაფუძნდა სს «ს.-ად». საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 11 აგვისტოს ¹829 დადგენილების ¹1 დანართის III თავის I, II და III მუხლების შესაბამისად შრომითი კოლექტივის წევრებს (404) მიეცათ საწარმოს საწესდებო კაპიტალის _ 7,91% უფასო და 3,96% 20%-ის ფასდაკლებული აქციების შეძენის უფლება.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულებისა და აქციონერთა კონფერენციის 1995 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 25 აპრილის დადგენილებით შრომითი კოლექტივის წევრებს დამატებით მიეცათ საწარმოს საწესდებო კაპიტალის 50,23%-ის პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება, საიდანაც 1995 წლის 25 ივლისამდე მოასწრეს 12679,82 აშშ დოლარის ღირებულების 8673 ცალი აქციის, ანუ საწესდებო კაპიტალის _ 12,81%-ის გამოსყიდვა.

სარჩელის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 17 ივლისის ¹84 განკარგულებით «სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე» შეჩერდა სს «ს.-ის» შენობა-ნაგებობების პრივატიზაცია.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1998 წლის 28 თებერვლის ¹61 განკარგულებით განახლდა სააქციო საზოგადოება «ს.-ის» პრივატიზაცია.

მოსარჩელეთა განმარტებით, მიუხედავად მრავალი თხოვნისა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსადმი, განეახლებინა საწარმოს პრივატიზაცია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 თებერვლის ¹61 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 25 აპრილის დადგენილებით განსაზღვრული წესითა და პირობებით, შედეგი არ მოჰყოლია და 1998 წლის 14 ივლისს სააქციო საზოგადოების კრებაზე მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1998 წლის ¹1-3\389 ბრძანების საფუძველზე 1998 წლის 8 ივლისს ჩაატარა კომერციული კონკურსი სს «ს.-ის» აქციათა საკონტროლო პაკეტის (75%-ის) გაყიდვის შესახებ და კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად ცნო შპს «ე.-ი».

1998 წლის 22 ივლისს მყიდველსა და გამყიდველს შორის გაფორმდა აქციათა პაკეტის 75%-ის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. მოსარჩელეები არ დაეთანხმნენ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან მან შრომითი კოლექტივისაგან ფარულად მოახდინა ამავე შრომითი კოლექტივის სასარგებლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 25 აპრილის დადგენილებით უფლებრივად დატვირთული აქციების (საწესდებო კაპიტალის 37%) გასხვისება. 1998 წლის 30 სექტემბრიდან, მყიდველის სააქციო საზოგადოებაში შემოსვლის დღიდან, დაიწყო აქციონერების მიზანმიმართული დევნა, აგრეთვე, კომერციული კონკურსისა და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების საწინააღმდეგოდ მათი სამსახურიდან განთავისუფლება.

მოსარჩელეთა განმარტებით, 1998 წლის 21 დეკემბერს სარჩელით მიმართეს სასამართლოს და ითხოვეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის ¹1-3\389 და 1-3\509 ბრძანებების ბათილად ცნობა თანამდევი შედეგებით. ამის საპირისპიროდ, მმართველობაში მოსულმა «მყიდველმა» 1998 წლის 23 დეკემბერს გამოსცა ¹75 ბრძანება, რომლის თანახმადაც საპროექტო სამუშაოების მკვეთრად შემცირებასთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული ყველა თანამშრომელი განთავისუფლდა სამსახურიდან და «ს.-ის» რეორგანიზაციისა და რესტრუქტურიზაციის მიზნით მოხდა საშტატო განრიგისა და განყოფილებების კომპლექტაციის კორექტირება, მისი მკვეთრი შემცირების გზით (ანუ რაც იმას ნიშნავდა, რომ მმართველობაში მოსული «მყიდველისათვის» არასასურველი პირები თავისუფლად მოეშორებინათ თავიდან). აღნიშნული ბრძანება აშკარად იყო მიმართული საკონკურსო პირობებისა და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (მუხლი 3.2-ის «ა» და «გ») საწინააღმდეგოდ.

აღნიშნული ¹75 ბრძანების საფუძველზე სამუშაოდან თანამშრომელთა (აქციონერთა) დათხოვნის გამო საწარმოში ფაქტობრივად მუშაობს აქციონერთა 10%.

1998 წლის 8 ივლისის კომერციული კონკურსის პირობებს შეადგენდა:

1) ობიექტის პროფილის შენარჩუნება 10 წლის განმავლობაში.

2) სამუშაო ადგილების შენარჩუნება არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.

3) მუშა-მოსამსახურეებისათვის სამუშაო პირობების შექმნა თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით.

4) საზოგადოების შენობის შესაკეთებლად 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების ინვესტიციების განხორციელება.

მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული პირობები აისახა მხარეებს შორის 1998 წელს (ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას თარიღი არა აქვს) გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1., 3.1.2., 3.1.3 და 3.1.4 პუნქტებში.

2001 წლის 13 აპრილის მდგომარეობით სს «ს.-ი» არ ასრულებდა წესდებით განსაზღვრულ საპროექტო სამუშაოებს. მისი მუშაობა განისაზღვრებოდა შენობის ცალკეული ოთახების გაქირავებით, მოცემული შემოსავალი კი არ ხმარდებოდა სააქციო საზოგადოებას.

1998 წლის 8 ივლისის მდგომარეობით სამუშაოდან დათხოვნილი ან იძულებით წასული იყო მომუშავე თანამშრომელთა 70%, ადგილზე მყოფი პირები სამუშაოს არარსებობის გამო გაშვებული იყვნენ უხელფასო შვებულებაში. მუშა-მოსამსახურეებს, რომლებიც იმავდროულად აქციონერებს წარმოადგენდნენ, არ უშვებდნენ შენობაში, რაზედაც რამდენჯერმე მიმართეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, მაგრამ მათგან თანადგომისა და მხარდაჭერის ნაცვლად წერილობითი პასუხიც კი ვერ მიიღეს.

არავითარი სახსრები არ დახარჯულა შენობის შესაკეთებლად ვინაიდან შენობას არავითარი რემონტი არ გაკეთებია 1998 წლიდან დღემდე.

საკონკურსო პირობების შესრულების მოთხოვნის ნაცვლად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო მყიდველს მაქსიმალურად უწყობდა ხელს, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ არავითარ ზომებს არ ღებულობდა, უფრო მეტიც, 2001 წლის 24 იანვარს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, ამავე პალატის 2000 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის საკითხზე არ უმსჯელია და მაინც მოითხოვა განმარტება, უნდა მომხდარიყო თუ არა ცვლილებების შეტანა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში «მყიდველის» მიერ ნაკისრი ვალდებულებების შემცირების ნაწილში, რაზედაც საკასაციო სასამართლოს 2001 წლის 15 მარტის ¹3გ-ად-149-კ განჩინებით უარი ეთქვა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სამინისტრო «მყიდველთან» ერთად პირდაპირ იყო დაინტერესებული, არ შესრულებულიყო საკონკურსო პირობები.

მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნულით დასტურდება, რომ «მყიდველს» «გამყიდველის» _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს _ ხელშეწყობით არ ჰქონდა შესრულებული საკონკურსო პირობების არც ერთი მუხლი და არც აპირებდა მის შესრულებას.

მოსარჩელეებმა ითხოვეს 1998 წლის 8 ივლისის საკონკურსო კომისიის ¹12 სხდომის ოქმის, მისი დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 21 ივლისის ¹1-3\509 ბრძანების, ამავე სამინისტროსა და შპს «ე.-ს» შორის სს «ს.-ის» სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტის 75%-ის _ 128790 ცალი აქციის _ შპს «ე.-ისათვის» მიყიდვის შესახებ 1998 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მხარეთა პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.

მოპასუხე შპს «ე.-მ» სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი აღიძრა არასათანადო მოსარჩელეთა მიერ, რადგანაც იგი ვალდებულებითი ურთიერთობებით დაკავშირებული იყო არა მოსარჩელეებთან, არამედ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან, ვის წინაშეც ვალდებულებებს პირნათლად და ჯეროვნად ასრულებდა. თავად სამინისტროს კი შპს «ე.-ის» მიმართ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არავითარი პრეტენზია არ ჰქონდა.

სარჩელი არ ცნო მეორე მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ სათანადო მხარეს. მათ აქციათა კონკურსის წესით პრივატიზებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამდენად, ისინი არც ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდნენ და არც მოთხოვნის უფლება ჰქონდათ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ს.-ის» აქციონერთა წარმომადგენელმა ნ. გ-იანმა.

საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

1. სასამართლო კოლეგიის მიერ ფაქტობრივი გარემოებები ან საერთოდ არ არის შეფასებული, ან შეფასებულია არასწორად.

2. სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებები გარიგებების, კერძოდ, თვალთმაქცური და მოტყუებით დადებული გარიგებების შესახებ, ასევე არ არის გამოყენებული «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილისა და მე-11 მუხლის მოთხოვნები.

3. სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» და «გ» პუნქტების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

4. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ვინაიდან საჭირო აღარ არის დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევა, ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს «ს.-ის» აქციონერთა ჯგუფის სარჩელი მოპასუხეების: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «ე.-ის» მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი: 1) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 5 ივნისის ¹1-3\389 ბრძანება სს «ს.-ის» საწესდებო კაპიტალის 26,32%-ის შესაბამისი აქციების კონკურსის წესით გაყიდვის ნაწილში; 2) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 21 ივლისის ბრძანება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის დამტკიცების შესახებ სს «ს.-ის» საწესდებო კაპიტალის 26,32%-ის შესაბამისი აქციების შპს «ე.-ისათვის» გადაცემის ნაწილში; 3) სს «ს.-ის» საწესდებო კაპიტალის 26,32%-ის შესაბამისი აქციების გაყიდვის ნაწილში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «ე.-ს» შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. გარდა ამისა, ამავე გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შპს «ე.-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 69435,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, აგრეთვე, სს «ს.-ის» აქციონერთა ჯგუფს აღუდგა პირდაპირი შესყიდვის უფლება სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 26,32%-ის შესაბამის აქციებზე.

ამის შემდგომ შპს «ე.-მა» სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ და ითხოვა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 1998 წლის 5 აგვისტოს გაფორმებული სს «ს.-ის» აქციათა პაკეტის (75%) 128790 ცალი აქციის შპს «ე.-ისათვის» მიყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს 2000 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ სამინისტრო ვალდებული იყო, სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის თანახმად ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება მიესადაგებინა შეცვლილი გარემოებებისადმი, რადგანაც ხელშეკრულების დადების საფუძველი აშკარად შეიცვალა. ამ ცვლილებების გათვალისწინებით კი მხარეები ხელშეკრულებას დადებდნენ სხვა შინაარსით.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, გაუქმდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «ე.-ს» შორის 1998 წლის 5 აგვისტოს გაფორმებული აქციათა პაკეტის (75%) 128790 ცალი აქციის შპს «ე.-ისათვის» მიყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლი და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი. აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლი შეეხებოდა მხარეთა ვალდებულებებს, კერძოდ, შპს «ე.-ის» შემდეგ ვალდებულებებს: საწარმოს პროფილის შენარჩუნებას არანაკლებ 10 წლის განმავლობაში, სამუშაო ადგილების არანაკლებ 70%-ის შენარჩუნებას 5 წლის განმავლობაში, შპს «ე.-ის» მიერ აქციათა პაკეტის ან მისი ნაწილის (საწარმოს ძირითადი საშუალებების) გასხვისების აკრძალვას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე 10 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს, მასში მითითებული იყო საკონკურსო პირობების არსებითი შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციების გამოყენების შესაძლებლობა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ არ არსებობს ის გარემოებები, რომელზედაც მოსარჩელეები ამყარებდნენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 2001 წლის 12 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა ხელშეკრულების ის მუხლები, რომლითაც განსაზღვრული იყო შპს «ე.-ის» ვალდებულებები და რომელთა შეუსრულებლობის გამო აღძრა სარჩელი მოსარჩელემ. რაც შეეხება შპს «ე.-ის» ვალდებულებას (ხელშეკრულების 4.1. პუნქტი), 2 წლის განმავლობაში საწარმოში არანაკლებ 300000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების შესახებ, საქმის მასალებში არსებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 დეკემბრის ¹1-3\962 ბრძანებით შპს «ე.-ს» ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა გადაუვადდა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ შპს «ე.-სა» და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის 1998 წლის 5 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება თვალთმაქცური და მოტყუებით დადებული გარიგებების კატეგორიას განეკუთვნება. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება თვალთმაქცური ან მოტყუებით დადებული. ამიტომ კასტაორის განმარტება, რომ საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 81-84-ე მუხლები, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «ს.-ის» აქციონერთა წარმომადგენელ ნ. გ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.

3. სს «ს.-ის» აქციონერებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 40 ლარის ოდენობით.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.