Facebook Twitter

3გ-ად-23-კს-02 6 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე (მომხსენებელი), მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

28.02.02 წ. აჭარის ა.რ. უმაღლეს სასამართლოს განცხადებით მიმართა შუახევის რაიონის გამგეობა, რომლითაც მოითხოვა აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს 19.07.99 წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. აღნიდშნული გადაწყვეტილებით შუახევის რაიონის ...ის თემის საკრებულო, კოოპერატიული საწარმოს საერთო 13.02.98 წ. ოქმის და შუახევის რაიონის გამგეობის 1998 წ. ¹38 გადაყვეტილების საფუძველზე, ცნობილ იქნა სოფ. ...ის კოლმეურნეობის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ...ის კოოპერატიული საწარმოს სამართალმემკვიდრედ, რის შედეგადაც შუახევის რაიონის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციის საბჭოსთან ერთად, საკრებულოს, მოსარჩელე ა.ფ-ის სასარგებლოდ, ზემო კიდურების პროტეზირების, მგზავრობის და ჰოსპიტალიზირების მიზნით, სოლიდარულად დაეკისრათ 15008 გერმანული მარკის და 1000 აშშ დოოლარის შესაბამისი ეროვნული ვალუტის ლარის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.10.99 წ. განჩინებით ა.ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს 19.07.99 წ. გადაწყვეტილება. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში შუახევის რაიონის გამგეობამ აღნიშნა, რომ დღვვანის კოლმეურნეობის საერთო კრების 16.03.93წ. დადგენილებისა და ...ის სასოფლო-სამიეურნეო კოოპერაციული საწარმოს საერთო კრების (ყრილობის) 11.02.98 წ. დადგენილების მიხედვით ...ის ყოფილი კოლმეურნეობის უფლებამონაცვლეა სოფ. ...ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმო და არა შუახევის რაიონის ...ის თემის საკრებულო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოს კუთვნილი ქონება არ გადაცემულა თემის საკრებულოსათვის, შუახევის რაიონის სასამართლოს 30.09.98 წ. განჩინებით მასზე დადებული იყო ყადაღა და იგი გაიყიდა აუქციონზე კრედიტორ ა.ფ-ის სასარგებლოდ.

აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 05.03.02 წ. განჩინებით შუახევის რაიონის გამგეობის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ იქნა დაშვებული. კოლეგიამ მიუთითა, რომ გამგეობა არ ყოფილა საქმეში ჩაბმული მხარედ ან მესამე პირად, 19.07.99 წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით გამგეობის უფლება-მოვალეობები რომელიმე მხარის მიმართ არ განსაზღვრულა, შესაბამისად გამგეობა არ არის განცადების შეტანაზე უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, განცხადებაზე თანდართული სოფ ...ის კოლმეურნეობის საერთო კრების 16.03.93წ. და ...ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოს საერთო კრების 11.02.98 წ. ოქმები ცნობილი იყო მხარისათვის, რის გამო შეუძლებელია მათი ახლადაღმოჩენილ გარემოებად მიჩნევა. კოლეგიამ აღნიშნა, აგრეთვე, რომ განმცხადებლის მიერ დარღვეულია სსსკ 426-ე მუხლის მოთხოვნა, რამდენადაც გამგეობას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცება ერთთვიანი ვადის დაცვის შესახებ.

შუახევის რაიონის გამგეობის მიერ კერძო საჩივარი იქნა შეტანილი 05.02.02 წ. განჩინდებაზე. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გამგეობა არ წარმოადგენს განცხადების შეტანაზე უფლებამოსილ პირს. გამგეობა არის დაინტერესებული პირი, იგი წარმოადგენს სახელმწიფოს ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, 19.07.99 წ. გადაწყვეტილებით თანხების გადახდა დაეკისრა საკრებულოს, რომელიც შედის შუახევის რაიონის ადმინისტრაციულ ტერიტორიაში, ამდენად შუახევის რაიონის გამგეობა არის დაინტერესებული პირი, რადგანაც იგი ახორციელებს აღმასრულებელ ხელისულებას რაიონის მთელ ტერიტორიაზე, ვალდებულება, საბოლოო ჯამში, წარმოეშვა ერთ იურიდიულ პირს – სახელმწიფოს. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ მისთვის ცნობილი იყო 1993 წ. კოლმეურნეობის და 1998 წ. კოოპერაციული საწარმოს გაუქმების შესახებ, ამასთანავე მისთვის არ იყო ცნობილი ...ის თემის საკრებულოს მიმართ სარჩელის წარდგენა. 19.07.99 წ. გადაწყვეტილების ასლი არც ...ის თემის საკრებულოს და არც შუაევის რაიონის გამგეობას არ მიუღია, შესაბამისად მისთვის არ იყო ცნობილი, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ცნო სარჩელი. შესაბამისად, არ არის სწორი კოლეგიის მოსაზრება სსსკ 426-ე მუხლის დარღვევის, ერთთვიანი ვადის გაცდენის შესახებ.

აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს 25.03.02 წ. განჩიებით კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივრის და საქმის მასალების გაცნობით საკასაციო პალატა თვლის, რომ შუახევის რაიონის გამგებლის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს 19.02.99 წ. გადაწყვეტილება არ ჩაბარებია ...ის თემის საკრებულოს. საქმეში დაცულია (ს.ფ. 159) ...ის თემის საკრებულოს თავმჯდომარის ხელწერილი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თაობაზე. რაც შეეხება 19.07.99 წ. გადაწყვეტილების შუახევის რაიონის გამგეობისათვის ჩაუბარებლობას, აღნიშნული არ წარმოადგენს სსსკ 426-ე მუხლით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა შესახებ განცხადების შეტანის ვადის დაცვის დამადასტურებელ გარემოებას, შუახევის რაიონის გამგეობა არ წარმოადგენდა პროცესის მხარეს, შესაბამისად მისთვის არც გადაწყვეტილების ასლი გაგზავნილა. ამასთანავე, განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის დაცულობის დამადასტურებელი გარემოების მოყვანა, სსსკ 427-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების სავალდებულო კომპონენტს.

სსკ-ს 1509-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის, სსკ 1509-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით თვითმმართველობის ერთეული ასევე წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულება წარმოეშობა არა უშუალოდ სახელმწიფოს, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს, რომელსაც წარმოადგენს საკრებულოს თავმჯდომარე და არა რაიონის გამგეობა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვალდებულება წარმოეშვა ერთ იურიდიულ პირს – სახელმწიფოს, არ არის მართებული. «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე, «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის 33-ე მუხლების თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შუახევის რაიონის გამგეობა არ არის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის უფლებამოსილი პირი, შესაბამისად სსსკ 429-ე მუხლის მიხედვით მართებულია კოლეგიის მიერ მისი განუხილველად დატოვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შუახევის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 05.03.02 წ. და 25.03.02 წ. განჩინებები.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.