3გ-ად-24-02 14 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციით
შემადგენლობა: თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მსაჯულები: ი. ყარალაშვილი,
ნ. ალხანიშვილი
დავის საგანი: ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹92\2002 განკარგულების მე-4 პუნქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკომ) 2002წ. 8 ივნისის ¹92\2002 განკარგულების მე-4 პუნქტით ბათილად ცნო დედოფლისწყაროს ქალაქის ¹14-01 საარჩევნო ოლქის ¹2 საარჩევნო უბნის 2002წ. 2 ივნისს ჩატარებული თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს არჩევნების კენჭისყრის შედეგები, ხოლო განმეორებითი კენჭისყრა დანიშნა 2002წ. 16 ივნისს.
განკარგულებას ცსკომ საფუძვლად დაუდო საკრებულოს წევრობის კანდიდატების _ ი. ნ-შვილისა და ვ. კ-შვილის 2002წ. 6 ივნისის განცხადებები, სადაც ისინი მიუთითებდნენ, რომ არჩევნების დროს ¹14-01-02 საუბნო საარჩევნო კომისიაში მათ მიერ დაფიქსირდა დარღვევა, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ არჩევნები ჩაატარა ბეჭედდაუსმელი კონვერტებით.
აღნიშნული განკარგულების მე-4 პუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოს სარჩელით მომართეს დეპუტატობის კანდიდატებმა: თ. გ-შვილმა და ა. ლ-შვილმა.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელეები შემდეგ გარემოებებზე მიუთითებენ:
1. ¹14-01-02 საარჩევნო უბანზე არჩევნები და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგები შეჯამდა საქართველოს ორგანულე კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 49-63-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო დეპუტატობის კანდიდატების: ვ. კ-შვილისა და ი. ნ-შვილის განცხადებები საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ იქნა საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-60-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევით, რის გამოც, ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ცსკოს იგი არ უნდა განეხილა.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ბეჭედდაუსმელი კონვერტებით კენჭისყრა მოცემულ უბანზე განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ¹2 საუბნო საარჩევნო კომისიას საოლქო საარჩევნო კომისიისაგან, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიას ცსკოსაგან, დაულუქავი ბეჭედი გადაეცა. საუბნო სარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, ბეჭედი დაესვა ხმის მიცემის ბიულეტენებს, ხოლო კონვერტები დაინომრა. ამდენად, მოსარჩელეთა მოსაზრებით, აღნიშნული ვითარება თვით საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედებით იყო გამოწვეული, როცა საუბნო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღეს დაულუქავი ბეჭედი გადასცეს.
3. გასაჩივრებული განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პროცედურების დარღვევით იქნა მიღებული. კერძოდ, კომისიამ უგულებელყო ამ კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლები დაინტერესებული მხარის მონაწილეობისა და საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შესახებ.
4. საარჩევნო კომისიამ განკარგულებაში საქართველოს საარჩევნო კოდექსის ზოგადი ხასიათის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის «ა», «გ» და «ზ» ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტის «თ» ქვეპუნქტი მიუთითა. კომისიამ არ გამოიყენა სპეციალური ნორმები და არ დაასაბუთა, თუ კოდექსის რომელი ნორმები იქნა დარღვეული მოცემულ საარჩევნო უბანში კანჭისყრის დროს, რაც ამ უბანზე არჩევნების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა.
მოპასუხე საქართველოს საარჩევნო კომისიამ შესაგებელი არ წარმოადგინა, ხოლო მთავარ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, კენჭისყრის დროს სპეციალურ კონვერტზე საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდის დაუსმელობა საარჩევნო ბიულეტენის ბათილად ცნობის საფუძველია, რის გამოც ცსკომ ბათილად ცნო მოცემულ უბანზე კენჭისყრის შედეგები და დანიშნა ხელახალი არჩევნები. მოპასუხე თვლის, რომ დეპუტატობის კანდიდატების: ვ. კ-შვილისა და ი. ნ-შვილის განცხადებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კანონით დადგენილი წესით იქნა განხილული, რადგან აღნიშნული განცხადებები ქვემდგომმა საარჩევნო კომისიებმა უსაფუძვლოდ არ განიხილეს.
მესამე პირების წარმომადგენელმა ლ. ჩ-ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიას არ შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება საარჩევნო ბიულეტენების სპეციალური კონვერტების დანომვრის შესახებ, რადგან, კანონის თანახმად, კონვერტები ბეჭდით უნდა დამოწმებულიყო. ამასთან, მესამე პირების წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მისი მარწმუნებლების მიერ განცხადებები დროულად წარედგინა როგორც საუბნო, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებმაც ეს განცხადებები კანონით დადგენილი წესით არ განიხილეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ (პირველი ინსტანციით) მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, დაკითხა მოწმეები, გამოიკვლია და შეაფასა წერილობითი მტკიცებულებები და დადგენილად ცნო შემდეგი:
დედოფლისწყაროს ქალაქის ¹14-01 საარჩევნო ოლქის ¹2 საარჩევნო უბანზე კანჭისყრის დროს საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით და კომისიის თავმჯდომარის მითითებით, ყველა საარჩევნო ბიულეტენი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, დამოწმებულ იქნა საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით, ხოლო განსხვავებით საარჩევნო ბიულეტენებისაგან, სპეციალური კონვერტები დაინომრა. აღნიშნული ვითარება იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ¹2 საუბნო საარჩევნო კომისიას ¹14-01 საოლქო საარჩევნო კომისიისაგან არჩევნების დღეს დაულუქავი ბეჭედი გადაეცა, რომელიც ასევე დაულუქავი ფორმით იყო მოწოდებული ცსკოდან. საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაყალბების, საუბნო საარჩევნო კომისიის დაულუქავი ბეჭდის ასლის გამოყენების თავიდან აცილებისა და არჩევნების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის მითითებით, მიიღო გადაწყვეტილება და დამატებით, დამცავი მექანიზმი შეიმუშავა.
საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია კენჭისყრის ორგანიზებაზე და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო უფლების განხორციელების უზრუნველყოფაზე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო უფლების სრულ და განუხრელ განხორციელებას, ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს კენჭისყრას.
ამდენად, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ არჩევნების დღეს, 2002წ. 2 ივნისს, ¹2 საუბნო საარჩევნო კომისიას ზემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან კანონით დადგენილი წესით არ გადაეცა საუბნო სარჩევნო კომისიის ბეჭედი, რადგან იგი დალუქული არ იყო. საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის თანახმად კი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე «ამოწმებს იმ პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი, რის შემდეგაც ხსნის მას». უზენაესი სასამართლო თვლის, რომ ¹2 საუბნო საარჩევნო კომისია და მისი თავმჯდომარე არა თუ უფლებამოსილი, ვალდებულიც იყო დამატებით შეემუშავებინა დამცავი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა, როგორც კანდიდატთა, ისე ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების დაცვას და კენჭისყრის დროს დაულუქავი ბეჭდის ასლის გამოყენების თავიდან აცილებას. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევას უზენაესი სასამართლო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის უხეშ დარღვევად არ მოიაზრებს. მითუმეტეს, რომ სხვა არანაირ დარღვევას მოცემულ უბანზე ადგილი არ ჰქონია.
უზენაესი სასამართლო, ასევე, დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 8 ივნისის სადავო ¹92\2002 განკარგულება მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების დარღვევით, საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის გარეშე. განკარგულებას არ გააჩნია სამოტივაციო ნაწილი და მასში მითითებული არ არის, თუ საარჩევნო კოდექსის რომელი ნორმების უხეში დარღვევა გახდა ¹2 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლო თვლის, რომ თ. გ-შვილისა და ა. ლ-შვილის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ (პირველი ინსტანციით) იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 249-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ. გ-შვილისა და ა. ლ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹92\2002 განკარგულების მე-4 პუნქტი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.