გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
(საქართველოს სახელით)
¹ 3გ-ად-25-02 17 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე ბ. კობერიძე
მსაჯულები: შ. მამფორია,
ლ. გაჩეჩილაძე
განიხილა ნ. თ-ის, გ. მ-ის, ი. ნ-ის წარმომადგენელ ვ. კ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხე ცსკოს მიმართ საქართველოს ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹95/2002 განკარგულების გაუქმებისა და ხელახალი კენჭისყრის დანიშვნის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 11 ივნისს გარდაბნის ¹21 საარჩევნო ოლქის სოფ. ...ის ¹21-22 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა: ნ. თ-ის, გ. მ-ისა და ი. ნ-ის წარმომადგენელმა ვ. კ-ემ სარჩელით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოპასუხე ცსკოს მიმართ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ცსკოს 2002წ. 8 ივნისს განიხილა ბლოკ “.. ..-ის” წარმომადგენლის საჩივარი, გარდაბნის ¹21 საარჩევნო ოლქის სოფ. ...ის ¹21-22 საარჩევნო ოლქის ¹15 და ¹57 საარჩევნო უბნებში კენჭისყრის შედეგების შესახებ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ¹95/2002 განკარგულებით უარი უთხრა ბლოკ “.. ..-ის” წარმომადგენელს საჩივრის დაკმაყოფილებასა და გარდაბნის ¹21 საარჩევნო ოლქის სოფ. ...ის ¹21-22 საარჩევნო ოლქის ¹15 და ¹57 საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გაითვალისწინა ...ის სოფლის ¹21-22 საარჩევნო ოლქში გამოვლენილი მთელი რიგი დარღვევები, რომლებმაც უშუალო გავლენა იქონიეს არჩევნების მიმდინარეობასა და საბოლოო შედეგებზე, კერძოდ: სარჩელში აღნიშნულია, რომ 2002წ. 1 ივნისს ¹57 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ს. ი-მა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს: ა. თ-ს, ბ. ა-სა და ი. ნ-ს თვითნებურად შეუწყვიტა უფლებამოსილება, რაც დააბრალა გარდაბნის ¹21 საოლქო საარჩევნო კომისიას. გასაჩივრების შედეგად აღმოჩნდა, რომ ¹10 განკარგულება საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ასეთი შინაარსით არ იყო გამოცემული, რაც კომისიის თავმჯდომარემ დაადასტურა საკუთარი ხელმოწერითა და კომისიის ბეჭდით. ამის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიამ ¹57 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ს. ი-ს მოსთხოვა უკანონოდ გაძევებული კომისიის წევრების დაბრუნება. ¹57 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ს. ი-მა კანონის ყველა მოთხოვნის დარღვევით აღნიშნულ მოთხოვნას საკუთარი ხელით მიაწერა ფრაზა: “არ ვღებულობ” და დაამოწმა კომისიის ბეჭდით.
გარდა ამისა, მოხდა ბიულეტენების დატაცება და ამომრჩევლებისათვის მათი დარიგება. ბიულეტენები საარჩევნო ბლოკ “მ-ს” წარმომადგენელმა გ. ფ-მა ამოიღო მოსახლეობიდან და შესაბამისი აქტის საფუძველზე 98 ცალი საარჩევნო ბიულეტენი გადასცა საოლქო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო უბნებზე თავმჯდომარეებმა თვითნებურად გამოაცხადეს შესვენება და ამის საფუძველზე გამოაძევეს უბნებიდან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები. სწორედ ამ დროს მოხდა საარჩევნო ურნებში ბიულეტენების მასიური ჩაყრა. მოსარჩელეებმა გარდაბნის ¹21 საარჩევნო ოლქის სოფ. ...ის ¹21-22 საარჩევნო ოლქს მიმართეს განცხადებით, გაეუქმებინათ კენჭისყრის შედეგები, რაზეც გადაწყვეტილება არჩევნების ჩატარებულად ცნობის თაობაზე მიღებული იყო, ხოლო კანონდარღვევები, რომლებიც უხვად იქნა დაფიქსირებული, გადაგზავნილიყო პროკურატურაში. ეს ოქმი, რომლის ნომერია 14, დათარიღებულია 2002წ. 4 მაისით. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღო საოლქო საარჩევნო კომისიის 6 წევრმა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად საოლქო საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან სხდომას არ ესწრებოდა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ საოლქო საარჩევნო კომისიის 12 წევრიდან სხდომას მხოლოდ 6 დაესწრო. ამრიგად, 2002წ. 4 ივნისს საოლქო საარჩევნო კომისიამ შესაბამისი კვორუმის გარეშე 2002წ. 2 ივნისის არჩევნები ჩატარებულად ცნო.
მოსარჩელის განმარტებით, გარდაბნის ¹21 საარჩევნო ოლქის ...ის სოფლის ¹21-22 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმში აღნიშნული იყო, რომ: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 2692; არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1579 ამომრჩეველმა; საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა 1579 საარჩევნო ბიულეტენი;
ბათილად იქნა ცნობილი 242 საარჩევნო ბიულეტენი, შესაბამისად, დარჩა 1337 ბიულეტენი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მარტივი გამოთვლით შეიძლება შემდეგი დასკვნის გამოტანა: 1337 ამომრჩეველს საარჩევნო კანონის მიხედვით საკუთარ ბიულეტენში რომ შემოეხაზა 5 კანდიდატი, მაშინ მიღებული ხმების რაოდენობა იქნებოდა 6685. შემაჯამებელ ოქმში აღმოჩნდა 7107 ხმა, რაც 428 ხმით მეტია თეორიულად შესაძლებელზე. განსხვავება მე-5 და მე-6 ადგილებზე გასულ კანდიდატებს შორის მხოლოდ 15 ხმაა. აქედან გამომდინარე, მოხდა გაყალბება, რაც არ გაუთვალისწინებია ცსკოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹95/2002 განკარგულებისა და გარდაბნის ¹21 საარჩევნო ოლქის სოფ. ...ის ¹21-22 საარჩევნო ოლქის კენჭისყრის შედეგების გაუქმებასა და ხელახალი კენჭისყრის დანიშვნას.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს მოსარჩელეების წამომადგენელმა დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა და ითხოვა ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹95/2002 განკარგულების, გარდაბნის ¹21 საარჩევნო ოლქის ...ის სოფლის ¹21-22 საარჩევნო ოლქის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა და განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა.
მოპასუხე ცსკოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ გარდაბნის ¹21 საარჩევნო ოლქის ...ის სოფლის ¹21-22 საარჩევნო ოლქის მე-15 და 57-ე საარჩევნო უბნებში კენჭისყრის შედეგები ეჭვს არ იწვევს, რის გამოც ცსკომ კანონთან შესაბამისობაში გამოსცა ¹95/2002 განკარგულება.
სასამართლო შემადგენლობა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2002წ. 2 ივნისს ¹21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის ...ის სოფლის ¹21-22 საარჩევნო ოლქის მე-15 და 57-ე საარჩევნო უბნებში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნები.
...ის სოფლის ¹21-22 საარჩევნო ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად საკრებულოს წევრებად აირჩნენ მ. ს-ი, ს. სო-ი, ე. ს-ი, მ. სო-ი, რ. მ-ი.
გარდაბნის ¹21 საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 4 ივნისის ¹14 ოქმის თანახმად განხილულ იქნა ...ის სოფლის ¹21-22 საარჩევნო ოლქის ¹15 და ¹57 საარჩევნო უბნებიდან შესული საჩივრები არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევების შესახებ. გარდაბნის ¹21 საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ...ის სოფლის ¹21-22 საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩათვლილიყო ჩატარებულად, ხოლო წარდგენილი მასალები გადაგზავნილიყო პროკურატურაში.
ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹95/2002 განკარგულებით ძალაში დარჩა გარდაბნის ¹21 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და ...ის სოფლის ¹21-22 საარჩევნო ოლქის მე-15 და 57-ე საარჩევნო უბნებში კენჭისყრის შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო შემადგენლობა მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ...ის სოფლის ¹21-22 საარჩევნო ოლქის ¹57 საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის შედეგების ოქმის მიხედვით საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა 767 საარჩევნო ბიულეტენი, რომელთაგან 118 ცალი ჩაითვალა ბათილად. კენჭისყრაში მონაწილე 649 ამომრჩევლის ბიულეტენებიდან უნდა დაფიქსირებულიყო 3245 ხმა, მაგრამ ოქმში დაფიქსირდა 3436 ხმა, ანუ მაქსიმუმზე 191-ით მეტი ხმა.
რაც შეეხება ¹15 საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ხმის დათვლის შედეგების ოქმს, საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა 812 საარჩევნო ბიულეტენი, რომელთაგან 124 ჩაითვალა ბათილად, შესაბამისად, 688 საარჩევნო ბიულეტენიდან შესაძლებელი იყო დაფიქსირებულიყო 3440 ხმა, მაგრამ ოქმში დაფიქსირდა 3767 ხმა, ანუ მაქსიმუმზე 327 ხმით მეტი. სულ კი ორივე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა 518 ხმით მეტი.
გარდა ამისა, საქმის მასალებში წარმოდგენილია საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად შედგენილი აქტები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე, რაც უსაფუძვლოდ არ გაიზიარა გარდაბნის ¹21 საოლქო საარჩევნო კომისიამ.
სასამართლო შემადგენლობა თვლის, რომ ცსკომ 2002წ. 8 ივნისის ¹95/2002 განკარგულებით ისე დატოვა ძალაში გარდაბნის ¹21 საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 4 ივნისის ¹14 ოქმი, რომ არ შეამოწმა საარჩევნო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა იყო თუ არა უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება, რადგანაც ზემოთ აღნიშნული ოქმიდან ჩანს, რომ სხდომას ესწრებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის ექვსი წევრი, ხოლო ხუთი არ ესწრებოდა. სულ კი გარდაბნის საარჩევნო ოლქი შედგებოდა 12 წევრისაგან. 2002წ. 4 ივნისის ოქმში არ ჩანს, ესწრებოდა თუ არა სხდომას გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი შ. ო-ე.
სასამართლო შემადგენლობა თვლის, რომ ცსკომ დაარღვია საარჩევნო კოდექსის 64-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რადგანაც ორივე საარჩევნო უბანში უხეშად დაირღვა საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები.
სასამართლო შემადგენლობას მიაჩნია, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე გარდაბნის ¹21 საარჩევნო ოლქის სოფ. ...ის ¹21-22 საარჩევნო ოლქის ¹15 და ¹57 საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და საარჩევნო კოდექსის 124-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად უნდა დაინიშნოს განმეორებითი კენჭისყრა.
სარეზოლუციო ნაწილი:
1. გარდაბნის ¹21 საარჩევნო ოლქის სოფ. ...ის ¹21-22 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების: ნ. თ-ის, გ. მ-ისა და ი. ნ-ის წარმომადგენელ ვ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹95/2002 განკარგულება.
3. ¹21-22 სოფ. ...ის საარჩევნო ოლქის მე-15 და 57-ე საარჩევნო უბნებში კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნეს ცნობილი და აღნიშნულ უბნებში დაინიშნოს განმეორებითი კენჭისყრა კანონით დადგენილი წესით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.