გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-25-კ-01 27 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართელოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 9 თებერვალს შპს კბ «მ.» სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ.
სარჩელის მოთხოვნები დაემყარა შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 13 ნოემბრის ¹310 ბრძანების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 9 ივლისის ¹61 ბრძანებაში შევიდა ცვლილებები და დამატებები, რომლითაც დადგინდა მოქმედი კომერციული ბანკებისათვის განაღდებული საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგი. აღნიშნულის თანახმად სს კბ «მ.» დაევალა 2000 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ვადაში საწესდებო კაპიტალის სრულად შევსება _ ხუთ მილიონ ლარამდე. ზემოთ მითითებულ ვადაში აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 30 დღის გასვლისთანავე, ეროვნული ბანკი 2000 წლის 13 ნოემბრის ¹310 ბრძანებით ითვალისწინებდა საბანკო ლიცენზიის გაუქმებას.
მოსარჩელის განმარტებით, საწესდებო კაპიტალი შეავსო 2001 წლის 31 იანვარს, ხოლო აღნიშნული შესრულება მიიღო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
2001 წლის 7 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა გამოსცა ¹8 განკარგულება, რომლითაც შპს კბ «მ.» გაუუქმდა საბანკო ლიცენზია.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული აქტით საბანკო ლიცენზია გაუუქმდა უკანონოდ, ვინაიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ზემოთ მითითებული აქტების საფუძველზე დადგენილი ვადა მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების მომენტისათვის არ იყო ამოწურული.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საწესდებო კაპიტალის შევსების ვადის ბოლო დღე _ 2000 წლის 31 დეკემბერი _ იყო კვირა _ არასამუშაო, დასვენების დღე. ვინაიდან საწესდებო კაპიტალის შევსებასთან დაკავშირებული ურთიერთობები განეკუთვნებოდა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების კატეგორიას, ამიტომ ამ ურთიერთობათა რეალიზაციის პროცესში გამოყენებულ ვადებსა და მათი გამოთვლის წესზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 კარის 1-ლ თავში გათვალისწინებული დებულებები, კერძოდ, ამავე კოდექსის 127-ე მუხლი.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 13 ნოემბრის ¹310 ბრძანების მე-5 მუხლით დადგენილი ვადის დენა იწყებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 9 ივლისის ¹61 ბრძანების 1-ლი მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის 123.1 მუხლის თანახმად: «დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად». ვადის ბოლო დღედ მიიჩნევა ის უკანასკნელი დღე, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია მოქმედების შესრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი დღე იყო 2001 წლის 3 იანვარი, რადგანაც 2000 წლის 31 დეკემბერი იყო კვირა, ხოლო 2001 წლის 1 და 2 იანვარი სადღესასწაულო, დასვენების დღეებად იყო გამოცხადებული.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ოცდაათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2001 წლის 3 იანვარს და ამ დღიდან დაწყებული, 30 დღის განმავლობაში მოსარჩელემ შეიტანა თანხა საწესდებო კაპიტალის შევსების მიზნით.
სარჩელში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შპს კბ «მ.» მიერ საწესდებო კაპიტალის შესავსებად შეტანილი თანხა ეროვნულმა ბანკმა მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ვალდებული იყო, უარი განეცხადებინა შპს კბ «მ.» ვალდებულების მიღებაზე, რასაც ადგილი არა ჰქონია. უფრო მეტიც, საწესდებო კაპიტალის შესავსებად შეტანილი თანხა ეროვნული ბანკმა გადაიტანა ამ მიზნისათვის სპეციალურად გახსნილ დროებით ანგარიშზე.
სარჩელში მოსარჩელემ ითხოვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 7 თებერვლის ¹8 განკარგულების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა შპს კბ «მ.» საბანკო ლიცენზია.
თბილისის საოლქო სასამართლოში დამატებითი სარჩელი აღძრა შპს კბ «მ.», რომელმაც ნაწილობრივ უკანონოდ მიიჩნია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 2001 წლის 2 აპრილს გამოცემული ¹181 განკარგულება შპს კბ «მ.» საწესდებო ფონდის დროულად შეუვსებლობის გამო ჯარიმის ჩამოწერის შესახებ». აღნიშნული განკარგულებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 9 ივლისის ¹61 ბრძანების შეუსრულებლობისათვის შპს კბ «მ.» დაეკისრა ჯარიმა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და ეს მაშინ, როდესაც ეროვნულ ბანკს 2001 წლის 7 თებერვლის ¹8 განკარგულებით შპს კბ «მ.» უკვე გამოთხოვილი ჰქონდა საბანკო ლიცენზია.
მოსარჩელის განმარტებით, ეროვნული ბანკის ამგვარი ქმედებით დაირღვა «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» კანონის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, რომელთა თანახმად ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იყო, გამოეთხოვა საბანკო ლიცენზია მას შემდეგ, რაც იგი თანმიმდევრულად განახორციელებდა ამავე კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებულ სანქციებს, მათ შორის _ ჯარიმის დარიცხვასაც.
მოსარჩელემ დამატებით სარჩელში ითხოვა შპს კბ «მ.» საწესდებო ფონდის დროულად შეუვსებლობის გამო ჯარიმის ჩამოწერის შესახებ» საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2001 წლის 2 აპრილის ¹181 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმა 375 ლარისა და 30 თეთრის ოდენობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს კბ «მ.» სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2001 წლის 7 თებერვლის განკარგულება შპს კბ «მ.» ნაწილში, მისგან გამომდინარე შედეგებით; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2001 წლის 2 აპრილის ¹181 განკარგულება შპს კბ «მ.» საწესდებო ფონდის დროულად შეუვსებლობის გამო ჯარიმის ჩამოწერის შესახებ», მისგან გამომდინარე შედეგებით; მოპასუხე საქართველოს ეროვნულ ბანკს მოსარჩელე შპს კბ «მ.» სასარგებლოდ დაეკისრა 375 ლარისა და 30 თეთრის გადახდა.
საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ სადავოდ მიიჩნია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საწესდებო კაპიტალის შევსების ვადის ათვლის პროცედურა, რაც არასწორია. საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით საწესდებო კაპიტალის შეუვსებლობის გამო კომერციულ ბანკებს დაერიცხებოდათ საჯარიმო სანქციები 30 დღის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის გასვლისთანავე მათ უუქმდებოდათ საბანკო ლიცენზია, ე.ი. ნორმატიული აქტით ბანკს კიდევ 30 დღით გაუგრძელდა ვადა, ხოლო ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად ახალი ვადა გამოითვლება გასული ვადის დამთავრებიდან. კონკრეტულ შემთხვევაში 2000 წლის 31 დეკემბერს დამთავრდა ვალდებულების შესრულების ვადა. ახალმა გაგრძელებულმა ვადამ დინება დაიწყო 2001 წლის 1 იანვარს და ამოიწურა 30 დღის შემდეგ, ანუ 30 იანვარს. ამასთან, ეროვნულ ბანკს ბრძანებით იმპერატიულად დაევალა, საწესდებო კაპიტალის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბანკო ლიცენზიის ჩამორთმევა დამატებითი გაფრთხილების გარეშე.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ არასწორად ჩათვალა უკანონოდ ეროვნული ბანკის ქმედება ლიცენზიაჩამორთმეული ბანკებისათვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 9 ივლისის ¹61 ბრძანება ითვალისწინებს კონკრეტული დარღვევისათვის საბანკო ლიცენზიის გაუქმებისა და ჯარიმების დაკისრების მექანიზმს, კერძოდ, გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევისას იწყება საჯარიმო სანქციების დარიცხვა 30 დღის განმავლობაში და ამ გაგრძელებული ვადის გათვალისწინებით თუ არ მოხდა საწესდებო კაპიტალის შევსება, ხდება ლიცენზიის გაუქმება. საქართველოს ეროვნული ბანკის 2001 წლის 7 თებერვლის განკარგულებით შპს კბ «მ.» გაუუქმდა საბანკო ლიცენზია, ხოლო ეროვნული ბანკის 2001 წლის 2 აპრილის ¹181 განკარგულებით ტექნიკურად განხორციელდა 2001 წლის 1 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით დარიცხული ჯარიმების ჩამოჭრა.
კასატორის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, მართებულად რომ ჩათვლილიყო სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლის გამოყენება, საწესდებო კაპიტალის შევსების ბოლო დღედ უნდა განსაზღვრულიყო 30 იანვარი, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 27 დეკემბრის ¹165 ბრძანებით 2000 წლის 30 და 31 დეკემბერი, საბანკო სისტემაში დამკვიდრებული მრავალწლიანი პრაქტიკის შესაბამისად, როგორც წლის ბოლო, ეროვნული ბანკისათვის გამოცხადდა სამუშაო დღეებად, რის თაობაზეც კომერციულ ბანკებს ეცნობათ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2001 წლის 27 დეკემბრის ¹60\26 წერილით. ე.ი. ამ შემთხვევაშიც ვალდებულების შესრულების ბოლო დღე იყო 2001 წლის 30 იანვარი.
კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ «საქართველოს მოქმედი კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგის შესახებ» საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 9 ივლისის ¹61 ბრძანების 1-ლი მუხლის თანახმად, 2000 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი კომერციული ბანკებისათვის საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში განაღდებული მინიმალური ოდენობა უნდა ყოფილიყო 5 მილიონი ლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 13 ნოემბრის ¹310 ბრძანებით ზემოთ აღნიშნულ ბრძანებაში შევიდა ცვლილებები და დამატებები, რომლის შემდგომ ბრძანების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 9 ივლისის ¹61 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაწესებულ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკები უნდა დაჯარიმებულიყვნენ საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის შესავსები თანხის 0,5%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა, ხოლო ბრძანების მე-5 მუხლის თანახმად, ამ ბრძანებით დაწესებული ვადებიდან 30 დღის გასვლისთანავე კომერციულ ბანკებს, რომლებიც ვერ უზრუნველყოფდნენ ფულად ფორმაში მინიმალური საწესდებო კაპიტალის შევსებას დადგენილი ოდენობით, დამატებითი გაფრთხილების გარეშე გაუუქმდებოდათ საბანკო ლიცენზია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ, ახალმა, გაგრძელებულმა ვადამ დინება დაიწყო 2001 წლის 1 იანვარს, რადგანაც შპს კბ «მ.» 31 დეკემბერს დაუმთავრდა ვალდებულების შესრულების ვადა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რადგანაც შპს კბ «მ.» ვალდებულების შესრულების ბოლო დღე _ 2000 წლის 31 დეკემბერი იყო არასამუშაო დღე _ კვირა, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად 2000 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად გამოყენებული უნდა ყოფილიყო მომდევნო სამუშაო დღე. ასეთი დღე იყო 2001 წლის 3 იანვარი, რადგანაც «საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2000 წლის 29 დეკემბრის კანონით საქართველოს შრომის კანონთა კოდექსს დაემატა 2472-ე მუხლი, რომლის თანახმად, 2001 წლის 2 იანვარი გამოცხადდა უქმე დღედ.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ შპს კბ «მ.» ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა უნდა ყოფილიყო 2000 წლის 31 დეკემბერი, რადგანაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 27 დეკემბრის ¹165 ბრძანებით ეროვნული ბანკისათვის 30 და 31 დეკემბერი გამოცხადდა სამუშაო დღეებად, რის თაობაზეც კომერციულ ბანკებს ეცნობათ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2001 წლის 27 დეკემბრის ¹60/26 წერილით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 27 დეკემბრის ¹165 ბრძანება ეხებოდა მხოლოდ ეროვნულ ბანკს ხოლო კომერციული ბანკი «მ.» არ იყო ვალდებული, გაეთვალისწინებინა აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნა მაშინ,Mროდესაც მასზე იერარქიულად მაღლა მდგომი ნორმატიული აქტის – საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის _ თანახმად 2000 წლის 31 დეკემბერი – კვირა _ დარჩა უქმე დღედ.
რადგანაც საქმის მასალებით დასტურდება და არც საქართველოს ეროვნული ბანკი უარყოფს, რომ შპს კბ «მ.» საწესდებო კაპიტალი 2001 წლის 31 იანვრისთვის შეადგენდა 5 მილიონ ლარს, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს კბ «მ.» არ გაუშვია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 13 ნოემბრის ¹310 ბრძანებით განსაზღვრული ვადა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 7 თებერვლის ¹8 განკარგულებით შპს კბ «მერკურისათვის» საბანკო ლიცენზიის გაუქმება უკანონოა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოტივაციას, რომელიც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2001 წლის განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას იმ ნაწილში, რომლითაც შპს კბ «მ.» დაეკისრა ჯარიმა 375 ლარისა და 30 თეთრის ოდენობით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 9 ივლისის ¹61 ბრძანების თანახმად, რომელშიც ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 13 ნოემბრის ¹310 ბრძანებით, 2001 წლის 3 იანვრიდან უნდა მომხდარიყო შპს კბ «მ.» დაჯარიმება საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის შესავსები თანხის 0,5%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შპს კბ «მ.» უკანონოდ დაეკისრა ჯარიმა 375 ლარის და 30 თეთრის ოდენობით და მოსარჩელის მოთხოვნა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2001 წლის 2 აპრილის განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ შპს კბ «მ.» ჯარიმის დაკისრების ნაწილში, საფუძვლიანია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.