გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-25-კ-ს-02 3 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
კერძო საჩივრის თხოვნა: 1) განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა იმავე სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინება ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ; 2) საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 5 ივნისს სს «ს-მა» სარჩელი აღძრა მოპასუხეების: საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა:
1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 2001წ. 1 მარტს შედგენილი სს «ს-ის» საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების აქტის, აგრეთვე, სს «ს-ის” მიერ ბუნებრივი აირის რეალიზაციის დადგენილი ტარიფების გამოყენების სისწორის შესახებ ფასების სახელმწიფო ინსპექციისა და კონტროლის პალატის 2001წ. 26 მარტის აქტის მოქმედების შეჩერება;
2. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქართველოს კონტროლის პალატას დავალებოდა, საგადასახადო სამსახურის მეშვეობით არ განეხორციელებინა სახელმწიფო ბიუჯეტისა და სხვადასხვა სახელმწიფო ფონდის სასარგებლოდ დარიცხული 6772484 ლარის ამოღება;
3. საქართველოს კონტროლის პალატის 2001წ. 1 მარტის აქტის, აგრეთვე, საქართველოს კონტროლის პალატისა და ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2001წ. 26 მარტის აქტის ბათილად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 11 ივნისის განჩინებით მოსარჩელე «ს-ს» საქმის განხილვის იმ ეტაპზე უარი ეთქვა სარჩელში დაყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების დაკმაყოფილებაზე.
2001წ. 5 ოქტომბერს სს «ს-მა» კვლავ მიმართა შუამდგომლობით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და ითხოვა საქართველოს კონტროლის პალატის 2001წ. 1 მარტისა და საქართველოს კონტროლის პალატისა და ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2001წ. 26 მარტის აქტების, აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2001წ. 2 ოქტომბრის ¹133 ბრძანების შეჩერება.
2001წ. 10 ოქტომბერს სს «ს-მა» დამატებითი სარჩელი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების: საქართველოს კონტროლის პალატის, ფასების სახელმწიფო ინსპექციის, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართ და დამატებით ითხოვა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2001წ. 2 ოქტომბრის ¹133 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სს «ს-ის» შუამდგომლობა ადმინისტრაციული აქტების შეჩერების მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2001წ. 2 ოქტომბრის ¹133 ბრძანების მოქმედების შეჩერებას.
სასამართლო კოლეგიის 2001წ. 9 ნოემბრის განჩინებით სს «ს-ის» სარჩელი მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველად. ამასთან, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტი, რომლითაც შეჩერდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2001წ. 2 ოქტომბრის ¹133 ბრძანების მოქმედება.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს «ს-მა» და ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2001წ. 9 ნოემბრის განჩინების გაუქმება.
სასამართლო კოლეგიის 2001წ. 14 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 11 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო, ხოლო 2002წ. 15 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია «ი.».
2002წ. 5 აპრილს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე «ს-მა» დააყენა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ვიდრე არ გადაწყდებოდა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღიძრა შსს საგამოძიებო დეპარტამენტში, სს «ს-ის» თანამშრომლების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» პუნქტის საფუძველზე.
სასამართლო კოლეგიის 2002წ. 5 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა სს «ს-ის» შუამდგომლობა და შეჩერდა მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ვიდრე არ გადაწყდებოდა შსს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ აღძრული ¹1400380 სისხლის სამართლის საქმე. ამავე განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები, რომლებითაც შეჩერებული იყო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2001წ. 2 ოქტომბრის ¹133 ბრძანება.
აღნიშნულ განჩინებაზე სს «ს-მა» შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 5 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
სასამართლო კოლეგიამ 2002წ. 8 აპრილის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო კერძო საჩივრის ავტორს მისცა ვადა ხარვეზის შესავსებად.
სს «ს-მა» შეავსო ხარვეზი და დაზუსტებული კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს.
დაზუსტებულ კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სს «ს-ი» მხარს უჭერს საქმის წარმოების შეჩერებას შსს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე, რადგანაც გასარკვევია, ჰქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ჩადენას სს «ს-ის» თანამშრომლების მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 5 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2002წ. 5 აპრილის განჩინების ის ნაწილი, რომლითაც გაუქმდა იმავე სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინება, უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოების გამო:
სასამართლო კოლეგიის 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც შეჩერდა სადავო ადმინისტრაციული აქტის მოქმედება, სასამართლო კოლეგიამ გამოიტანა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად სასამართლოს განჩინება ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ შეიძლება შეიცვალოს სასამართლოს მიერ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობისას და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი არ არსებობს ზემოთ მითითებული არც ერთი გარემოება.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სასამართლო კოლეგიას არ ჰქონდა უფლება, თვითნებურად გაეუქმებინა 2002წ. 11 ოქტომბრის განჩინება, მითუმეტეს, რომ არ ყოფილა მოთხოვნა ამ განჩინების გაუქმების შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 5 აპრილის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ამავე სასამართლო კოლეგიის 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინება ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 12 აპრილის განჩინებით სს «ს-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, მოუსმინა მხარეთა, მესამე პირთა განმარტებებს, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა საგამოძიებო დეპარტამენტში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დაკავშირებულია, როგორც სს «ს-ის» ცალკეულ თანამშრომელთა ქმედების მართლზომიერებასთან, ასევე საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს 1998 წლის 23 დეკემბრის ¹78 ბრძანების ნამდვილობასთან, ამიტომ შეუძლებელია აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე მოცემული ადმინისტრაციული საქმის განხილვა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო კოლეგიამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტი, რადგანაც მოცემული ადმინისტრაციული საქმის განხილვას და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას ხელს არ შეუშლის საქართველოს შინაგან საქმეთა საგამოძიებო დეპარტამენტში აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება უნდა განახლდეს. მითუმეტეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარეებმაც თანხმობა განაცხადეს საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, ვერ გაიზიარებს სასამართლოს კოლეგიის განმარტებას, რომ შინაგან საქმეთა საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე მიჩნეულ უნდა იქნეს იმ ახლად გამოვლენილ გარემოებად, რომლის საფუძველზეც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით გააუქმოს განჩინება ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.
საქმის მასალებიდან ირკვევა და საკასაციო სასამართლოც თვლის, რომ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას შინაგან საქმეთა საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ სს «ს-ის» ცალკეულ თანამშრომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ფაქტი არ იყო ახლად გამოვლენილი გარემოება, რომლის საფუძველზეც სასამართლო კოლეგიას უფლება ექნებოდა, გაეუქმებინა თავისივე, 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინება ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარეების განმარტებებს, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინებით შეჩერებული საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2001წ. 2 ოქტომბრის ¹133 ბრძანება «საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ სს «ს-ში» ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დაცვის შესახებ», არ უნდა შეჩერებულიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე, რადგანაც სადავო აქტი დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტით გათვალისწინებულ «სხვა გადასახდელების გადახდასთან».
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2001წ. 2 ოქტომბრის ¹133 ბრძანებით გათვალისწინებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ ამოსაღები საჯარიმო თანხა არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტში გათვალისწინებულ «სხვა გადასახდელების» კატეგორიაში, ვინაიდან “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული სანქცია არ შეიძლება გაიგივდეს გადასახდელთან. საკასაციო სასამართლოს აზრით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ “სხვა გადასახდელებში” იგულისხმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელები, რომელთა გადახდა სავალდებულოა და არ არის დამოკიდებული სამართალდარღვევაზე.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმებისა და საურავების სადავო თანხები ამოიღება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ე.ი. თვით საგადასახადო კოდექსით დადგენილი ჯარიმებისა და საურავების ამოღება დაუშვებელია სასამართლოს მიერ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეჩერებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და შესაბამისად, სასამართლოს სადავო ადმინისტრაციული აქტის შეჩერების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «ს-ის» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 5 აპრილის განჩინება.
3. მოცემულ საქმეზე განახლდეს საქმის წარმოება.
4. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინება დარჩეს ძალაში.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.