3გ-ად-26კ-02 5 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: გორის რაიონის გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს მიერ ... მეურნეობის ბაზაზე 100% სახელმწიფო წილით, 1999 წლის 1 ივლისის მდგომარეობით დაფუძნდა შპს «მ.», რომელიც რეგისტრირებულია გორის რაიონული სასამართლოს მიერ. გორის რაიონის გამგეობის 2000 წლის 30 მაისის ¹143 დადგენილებით სოფ. ... მცხოვრებ რ. ს-ძეს 49 წლის ვადით, სხვა მიწის ნაკვეთთან ერთად გადაეცა 34 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაშენებულია შპს «მ-ის» საწესდებო კაპიტალში შეტანილი მრავალწლიანი ნარგავები. სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს მიერ 2000 წლის 19 დეკემბერს შპს «მ-ის» 100% წილის გასხვისების თაობაზე შედგა კონკურსი და გამარჯვებულად გამოცხადდა გ. მ-ძე, მაგრამ რ. ს-ძემ უარი განაცხადა იჯარით აღებული 34 ჰა მიწის ნაკვეთის გ. მ-ძისათვის გადაცემის თაობაზე იმ მოტივით, რომ ამ ფართზე მას ჰქონდა გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება.
სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველომ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა გორის რაიონის გამგეობას და ითხოვა 2000 წლის 30 მაისის დადგენილების გაუქმება, მაგრამ გამგეობამ უარი განაცხადა საჩივრის განხილვაზე მისი შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო.
სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველომ 2001 წლის 26 აპრილს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გორის რაიონის გამგეობის 2000 წლის 30 მაისის ¹143 დადგენილების გაუქმება. მოსარჩელის მითითებით, შპს «მ-ის» საწესდებო კაპიტალში შესული 34 ჰა მრავალწლიანი ნარგავების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით (მათ შორის იჯარით) დროებითი გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, თანახმად საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებისა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვის (გადაცემის) წესის შესახებ», რაც რ. ს-ძისათვის ნაკვეთის გაცემის დროს არ იქნა დაცული. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მათ არ გაუშვიათ სადავო ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რადგან ადმინისტრაციული აქტის შესახებ მათთვის დაგვიანებით გახდა ცნობილი.
მოპასუხემ _ გორის რაიონის გამგეობამ არ ცნო სარჩელი უსაფუძვლობის გამო. სარჩელს არ დაეთანხმა მესამე პირი რ. ს-ძეც, რომელმაც მიუთითა, რომ მასზე მიწა იჯარით გაიცა იმ კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომლის წევრიც იყო სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს უფროსის მოადგილე პ. კ-ძე, რომლის ხელმოწერაც დაფიქსირებულია ოქმზე. რ. ს-ძის განმარტებით, გამგეობის სხდომაზე, სადაც გადაწყდა მისთვის მიწის იჯარით გაცემის საკითხი, ესწრებოდა სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს უფროსი გ. თ-შვილი და მათთვის ცნობილი იყო აქტის მიღების თაობაზე, მაგრამ მათ გაუშვეს ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. რ. ს-ძეს მიაჩნია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი მმართველობის ორგანო, ხოლო შენობა-ნაგებობის იჯარით გაცემას ათანხმებს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან.
გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი გორის რაიონის გამგეობის 2000წ. 30 მაისის ¹143 დადგენილების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც რ. ს-ძეს 49 წლის ვადით იჯარით გადაეცა სოფ. ... მდებარე მიწა 34 ჰა მრავალწლიანი ნარგავებით, ხოლო 135 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთის რ. ს-ძისათვის იჯარით 49 წლით გადაცემის ნაწილში დადგენილება დარჩა უცვლელი.
გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-ძემ. თბილისის საოლქო სასამართლომ 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი: ნაწილობრივ გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და გაუქმებული გადაწყვეტილების ნაწილში მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს სარჩელი გორის რაიონის გამგეობის 2000წ. 30 მაისის ¹143 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
1. თბილისის საოლქო სასამართლო არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს თითქოს გამგეობის სადავო დადგენილება გამოტანილია საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცბული დებულებისა და «მეწარმეთა შესახებ» კანონის დარღვევით. საოლქო სასამართლოს აზრით, გორის რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა «მეწარმეთა შესახებ» კანონის 46-ე მუხლი, რომლის თანახმად პარტნიორს შეუძლია წილის გასხვისება და მემკვიდრეობით გადაცემა;
2. საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 8 ივნისის ¹1-3/398 ბრძანებით, სოფ. ... სახელმწიფო მეურნეობა შემდგომი პრივატიზაციის პირობით, მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადაეცა გორის მერიას. 1998წ. 11 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით ასევე დადასტურებულია, რომ სოფ. ... სახელმწიფო მეურნეობას სხვა მატერიალურ ფასეულობებთან ერთად ერიცხებოდა მრავალწლიანი ნარგავები 74 ჰა;
3. საოლქო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 34 ჰა მრავალწლიანი ნარგავები წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს და ბათილია გარიგება, რომლითაც მხარეს უნარჩუნდება საკუთრების უფლება მარტოოდენ არსებით შემადგენელ ნაწილზე. სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, ნივთის არსებით შემადგენელი ნაწილი ცალკე უფლების ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ვაშლის ბაღის, როგორც მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის დამოუკიდებელი განკარგვა დაუშვებელია, რადგან მისი ბედი მთლიანადაა დაკავშირებული მთავარ ნივთთან. მართალია, შპს «მ-ის» საწესდებო კაპიტალში შეტანილი იყო მრავალწლიანი ნარგავები, მაგრამ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ეს ნარგავებია განთავსებული, საწესდებო კაპიტალში ვერ იქნებოდა შეტანილი და შესაბამისად მასზე პრივატიზაციაც ვერ განხორციელდებოდა, რადგან კანონი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» მიწის პრივატიზების საკითხს არ აწესრიგებს. მიწის უფლებრივი დატვირთვა რ. ს-ძეზე განხორციელდა პრეზიდენტის 1998წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულების მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო იჯარის სუბიექტის – გორის რაიონის გამგეობის მიერ, საიჯარო ხელშეკრულების დადებით, რომლის საფუძველსაც შეადგენდა 2000წ. 30 მაისის ¹143 დადგენილება. ამასთან, რ. ს-ძეზე სადავო მიწის ნაკვეთის უფლებრივი დატვირთვა მოხდა უფრო ადრე 2000წ. 6 ივნისს, ხოლო შპს «მ-ის» 100% სახელმწიფო წილის პრივატიზაცია 2000წ. 28 დეკემბერს;
4. საოლქო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, თითქოს რ. ს-ძისათვის ფართის იჯარით გადაცემის თაობაზე შეთანხმებული არ ყოფილა სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოსთან, რადგან გორის გამგეობის 2000წ. 30 მაისის სხდომას ესწრებოდა გ. თ-შვილი, ხოლო გამგეობის სახელმწიფო საკუთრების მიწის საიჯარო მიწათსარგებლობის კომისიის 2000წ. 20 მაისის სხდომას (ოქმი ¹5) პ. კ-ძე. სააპელაციო პალატის აზრით, პ. კ-ძე ¹5 ოქმზე ხელმოწერით დაეთანხმა რ. ს-ძისათვის 169 ჰა მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემას, რაც იმას ნიშნავს, რომ საკითხი მიწის იჯარაზე შეთანხმებული იყო სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოსთან. მითუმეტეს გაირკვა, რომ რაიმე სპეციალური ფორმა საკითხის შეთანხმების შესახებ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში ან მის ტეროტორიულ ორგანოში არ არსებობდა;
5. საოლქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ დარღვეულია ადმინიტრაციულ აქტის გასაჩივრების 6-თვიანი ვადა, მით უფრო, როცა ადმინისტრაციული აქტის მიღება-განხილვაში მონაწილეობდნენ გ. თ-შვილი და პ. კ-ძე.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებენ სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს უფროსი გ. თ-შვილი და მესამე პირი გ. მ-ძე.
გ. თ-შვილი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ გამგეობის მიერ სადავო აქტის მიღებისას დარღვეული იქნა ზოგადი ადმინიტსრაციული კოდექსის 28-ე, 56-ე, 58-ე მუხლები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გამოქვეყნებისა და გაცნობის შესახებ, ასევე დარღვეულია აქტის გამოცემისა და მომზადების წესი (მუხლი 60), აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს (გამგეობის) მიერ. გ. თ-შვილის განმარტებით, აქტის გამოცემისას დარღვეულია პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება «სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის» შესახებ, კერძოდ, მიწის იჯარით გაცემის შესახებ არ მომხდარა ინფორმაციის გამოცხადება (თავი VII) და მიწის იჯარით გაცემის საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოსთან (თავი II, მე-7 პუნქტი). აქტის გამოცემისას ასევე დარღვეულია «მეწარმეთა შესახებ» კანონის 46-47 მუხლები, რომლის თანახმადაც საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების ნებისმიერი სახით დატვირთვაზე გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველო.
მეორე კასატორს _ გ. მ-ძეს მიაჩნია, რომ მის მიერ აუქციონზე სადავო ობიექტის შესყიდვა მოხდა კანონიერად, რასაც ადასტურებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ხოლო რ. ს-ძეზე მიწის იჯარით გადაცემა კანონის დარღვევით განხორციელდა, რადგან ეს საკითხი არ იყო შეთანხმებული სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოსთან. გ. მ-ძის მითითებით, არც სადავო ადმინისტრაციული აქტიდან და არც გამგეობის სხდომის ოქმიდან არ ჩანს, რომ რ. ს-ძისათვის გადაცემული 34 ჰა მრავალწლიანი ნარგავი წარმოადგენს შპს «მ-ის» საწესდებო კაპიტალში შესულ ქონებას. მასში მხოლოდ მითითებულია, რომ რ. ს-ძეს იჯარით გადაეცემა მიწის ნაკვეთი და ოქმში არაფერია ნათქვამი იჯარის ობიექტზე, ამიტომ სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს არ შეიძლება ცოდნოდა, რომ იჯარით გაიცემოდა შპს «მ-ის» საწესდებო კაპიტალში შესული ქონება.
გ. მ-ძის განმარტებით, პ. კ-ძის მონაწილეობა გამგეობის კომისიის სხდომაზე არ ნიშნავს საკითხის შეთანხმებას სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან, რადგან კომისიაში პ. კ-ძეს ქონდა მხოლოდ ერთი ხმა და მისი მონაწილეობა გავლენას ვერ მოახდენდა გადაწყვეტილების მიღებაზე. გორის გამგეობასა და რ. ს-ძეს შორის გაფორმებული მიწის იჯარის ხელშეკრულება არის სამოქალაქო გარიგება, რომელმაც შეზღუდა მესამე პირის – შპს «მ-ის» უფლება ისარგებლოს თავის საწესდებო კაპიტალში შემავალი ქონებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ მესამე პირის წერილობითი თანხმობის შემდეგ, ასევე, ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გარიგების დადებისას ეცნობებინა მესამე პირისათვის, რომლის ინტერესებსაც ეს გარიგება შეეხებოდა.
გ. მ-ძის აზრით, სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, არ გაუშვია ადმინიტსრაციული აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. გამგეობას ქონების მართვის სამმართველოსათვის ოფიციალურად არ უცნობებია ადმინიტრაციული აქტის მიღების თაობაზე, გამგეობის სხდომას ბოლომდე არ დასწრებია გ. თ-შვილი და აქედან გამომდინარე, მათთვის არ შეიძლება ცნობილი ყოფილიყო აქტის მიღების თაობაზე. გამგეობის დადგენილება სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ გაასაჩივრა მას შემდეგ, როცა მათთვის ცნობილი გახდა აქტის მიღება. გ. მ-ძე ასევე ეყრდნობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას გამოიყენება მე-9 თავით დადგენილი წესები. ამავე კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტის წარდგენის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ყველა დაინტერესებული პირის უფლება მონაწილეობა მიიღოს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა, რითაც დაირღვა ადმინისტრაციული აქტის მიღების საჯაროობის პრინციპი. ასევე, სადავო ადმინისტრაციული აქტი არ მოიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილ აუცილებელ რეკვიზიტებს. მასში არ არის მითითებული მისი გასაჩივრების წესი (ორგანო, ვადა და ა.შ).
ამასთან, კასატორის აზრით სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი.
მოწინააღმდეგე მხარის გორის რაიონის გამგეობისა და რ. ს-ძის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრები უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს, ითხოვენ მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოსა და გ. მ-ძის საკასაციო საჩივრები უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას გორის რაიონის გამგეობის 2000წ. 30 მაისის ¹143 დადგენილების საქართველოს პრეზიდენტის ¹446 დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევით მიღების თაობაზე. აღნიშნული ნორმის თანახმად: «ისეთი მიწის ნაკვეთის (მისი ნაწილის) იჯარით გაცემისას, რომელზეც განლაგებულია სახელმწიფო (მუნიციპალური) საკუთრების ობიექტები, საკითხი შეთანხმებულ უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან».
სწორედ მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმებისა და მიწის იჯარით გაცემის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის, ამავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (გამგეობის) მიერ იქმნება მუდმივმოქმედი კომისია, რომელშიც გარდა შესაბამისი სამინისტრო _ დეპარტამენტის წარმომადგენლებისა, შედის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელიც, რაც კონკრეტული სადავო ნაკვეთის იჯარით გაცემის შემთხვევაში, გორის გამგეობის მიერ დაცული იქნა. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ გორის გამგეობის სახელმწიფო საკუთრების მიწების საიჯარო მიწათსარგებლობის კომისიის 2000წ. 20 მაისის სხდომამ, რომელსაც კომისიის წევრი, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს უფროსის მოადგილე პ. კ-ძეც ესწრებოდა, მე-10 საკითხად განიხილა რ. ს-ძისთვის 169 ჰა მიწის ნაკვეთის 49 წლის ვადით იჯარით გაცმის საკითხი (მათ შორის სახნავი 135 ჰა და სადავო მრავალწლიანი 34 ჰა). რ. ს-ძის განცხადებაზე პ. კ-ძის, როგორც კომისიის წევრისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს წარმომადგენლის, თანხმობა დაფიქსირებულია კომისიის სხდომის ¹5 ოქმზე, რის შემდეგაც გორის რაიონის გამგეობამ 2000წ. 30 მაისის სხდომაზე, სადაც თავად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის განყოფილების უფროსი გ. თ-შვილიც მონაწილეობდა, განიხილა და ¹143 დადგენილებით დააკმაყოფილა რაიონის გამგეობის საიჯარო მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება სოფ. ... ტერიტორიიდან 169 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულის, მათ შორის 34 ჰა მრავალწლიანი ნარგავის, 49 წლის ვადით რ. ს-ძისათვის იჯარით გაცემის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადენილი ფაქტობრივი გარემოება და ვინაიდან კასატორებს სხვა რაიმე მტკიცებულება და დამატებითი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი არ შემოუტანით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას და სამართლებრივ შეფასებას. რადგან საკითხის შეთანხმების სხვა კონკრეტული ფორმა არ არსებობს, მიწების საიჯარო მიწათსარგებლობის კომისიისა და გამგეობის სხდომებში (საქმიანობაში) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმოდგენელთა მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმების პრაქტიკაში დამკვიდრებულ ფორმას წარმოადგენს, ამიტომ საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას, რომ რ. ს-ძეზე 169 ჰა, მათ შორის სადავო 34 ჰა, მიწის ნაკვეთის გაცემა გორის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელდა სწორედ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის გაცემის წესის შესახებ» დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, სარჩელსა და კასაციაში მითითებული მოტივი - სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოსთან შეუთანხმებლობა - უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია;
2. საკასაციო საჩივრებში მითითებულია იჯარის გაუქმების მეორე საფუძველიც – მიწის იჯარით გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა, რაზეც საკასაციო პალატა ამჯერად ვერ იმსჯელებს, ვინაიდან თავდაპირველად სარჩელი მოპასუხეების _ გორის რაიონის გამგეობისა და რ. ს-ძის მიმართ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველომ სწორედ ზემოაღნიშნული ერთადერთი საფუძველით, მასთან შეუთანხმებლობის მოტივით აღძრა. რაიონული და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებიც სწორედ ამ ერთადერთ არგუმენტს ეხება, ამიტომ საკასაციო პალატა პროცესუალურად არაუფლებამოსილია იმსჯელოს საკასაციო საჩივრებში მითითებულ ახალ საფუძველზე;
3. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას «მეწარმეთა შესახებ» კანონის 46-47-ე მუხლთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების ნებისმიერი სახით დატვირთვაზე გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ კონკრეტული დავის განხილვისას მითითებული ნორმების არასწორად გამოყენების თაობაზე, რადგან, მართალია, 1998წ. 11 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით სოფ. ... სახელმწიფო მეურნეობას (ამჟამად შპს «მ-ს») მუნიციპალურ საკუთრებაში გადაეცა 74 ჰა მრავალწლიანი ნარგავები, მაგრამ მიწის ნაკვეთი, რომლებზეც ნარგავებია გაშენებული, შპს «მ-ის» საწესდებო კაპიტალში ვერ იქნებოდა შეტანილი და მიწაზე პრივატიზებაც არ განხორციელდებოდა, რადგან «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონი მიწის პრივატიზების საკითხს არ განსაზღვრავს.
სოფ. ... სახაზინო მეურნეობის შექმნის შესახებ გორის მერის 1997წ. 18 სექტემბრის ¹132 განკარგულების მე-6 პუნქტის მიხედვით, ერთი კვირის ვადაში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სოფ. ... სახაზინო მეურნეობისათვის «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით მიმაგრების შესახებ» ხელშეკრულების პროექტი, რაც არ შესრულებულა. ამდენად, საკასაციო პალატა, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ სადავო 34 ჰა მიწის ნაკვეთი რ. ს-ძისათვის გადაცემის მომენტში, 2000წ. 30 მაისათვის იყო უფლებარივად დაუტვირთავი, სამართლებრივად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არავისზე არ ყოფილა გაცემული, ამიტომ გორის რაიონის გამგეობა უფლებამოსილი იყო საიჯარო მიწათსარგებლობის კომისიის წინადადებისა და საქართველოს პრეზიდენტის ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, დაეკმაყოფილებინა რ. ს-ძის განცხადება, დამოუკიდებლად განეკარგა სადავო 34 ჰა მიწის ნაკვეთი, რ. ს-ძესთან დაედო იჯარის ხელშეკრულება, რაც კანონიერია და არ უნდა გაუქმდეს;
4. საკასაციო სასამართლო იზიარებს გ. მ-ძის საკასაციო საჩივარს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის _ «განსაკუთრებული განსჯადობა» _ სააპელაციო პალატის მიერ არასწორად გამოყენების თაობაზე, მაგრამ აღნიშნული საკასაციო სასამართლოს მააჩნია არაარსებით, მექანიკურ შეცდომად და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლზე მითითებით, სააპელაიცო პალატა იმის თაობაზე მსჯელობს, რომ რაიონულ სასამართლოს საქმეში მესამე პირად უნდა ჩაება შპს «მ-ი», სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და გ. მ-ძე, რომელთა ინტერესებსაც ეხებოდა მოცემული დავა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას უნდა მიეთითებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლზე, ნაცვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა, რაც მექანიკურ შეცდომად უნდა ჩაითვალოს;
5. სააპელაციო პალატის აზრით, მოსარჩელე _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველომ გორის გამგეობის სადავო 2000წ. 30 მაისის დადგენილება სასამართლოში დაგვიანებით გაასაჩივრა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება უსწორობისა და უსაფუძვლობის გამო. სახელდობრ, გორის გამგეობის სადავო ¹143 დადგენილება ეხება რა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემას ანუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის «ზ» პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ გარიგებას, სამართლებრივად ამავე კოდექსის IV თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტს კი არ წარმოადგენს, არამედ გარიგების კონტრაჰენტი ადმინისტრაციული ორგანოს (კონკრეტულ შემთხვევაში, გორის რაიონის გამგეობის) ნების წინასწარი წერილობითი გამოხატულებაა (შეთავაზება, ოფერტა) ამ ადმინისტრაციული გარიგების (მიწის იჯარის) დადების თაობაზე. ამიტომ გორის გამგეობის სადავო ¹143 დადგენილების ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით უმართებულოა, მაგრამ რადგან სააპელაციო პალატამ მარტო სარჩელის ხანდაზმულობას კი არ დააფუძნა თავისი გადაწყვეტილება, არამედ მოქმედ მატერიალურ ნორმებს და არსებითად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, საკასაციო პალატის აზრით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოსა და გ. მ-ძის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 398-ე, 418-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოსა და გ. მ-ძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.