Facebook Twitter

3გ-ად-26-კს-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს «მ-მა» სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ «ი-ის» საქართველოს ფილიალის მიმართ და მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოთხოვა. კერძოდ, მიუღებელი მოგების _ 21400 აშშ დოლარისა და საბანკო კრედიტის 24% წლიური განაკვეთის დასაფარავად გადახდილი 16920 აშშ დოლარის სახით. მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში შემდეგ გარემოებებზე მიუთითებდა:

შპს «მ-სა» და, ესპანეთის ქარხანა «ბ-ს» დავალებითა და სახელით, ამერიკულ კომპანია «ე-ს» შორის 1999წ. 7 ივნისს დადებული ¹044-IV-99 ხელშეკრულებისა და შესაბამისი დანართებისა და სპეციფიკაციის საფუძველზე, ესპანეთის ქარხნიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის მოწოდება ორჯერ მოხდა. პროდუქციის (სრული ღირებულება 16665 აშშ დოლარი) პირველი მოწოდებისას, 1999წ. 1 სექტემბერს, საბაჟოს მხრიდან შეფერხება არ ყოფილა, ხოლო 16999,40 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის მეორედ _ 1999წ. 11 დეკემბერს მოწოდებისას მოპასუხის მიერ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების გამო, პროდუქციის ადგილზე მიწოდება ექვსი თვის დაგვიანებით მოხერხდა. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მედიკამენტების (პროდუქციის) შესაძლო შემოსავლის თაობაზე მოპასუხეს, საბაჟო კოდექსის 108-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, წინასწარ 1999წ. 22 დეკემბერს ეცნობა და საჭირო დოკუმენტაციაც იქნა წარდგენილი. ამასთან, 1999წ. 8 ნოემბერს შპს «მ-მა» ინსპექტირების ჩასატარებლად დადგენილი თანხა _ 350 აშშ დოლარი გადაიხადა.

საქონელი თბილისში 1999წ. 11 დეკემბერს წინასაიმპორტო ინსპექტორების დამადასტურებელი სერთიფიკატის გარეშე ჩამოვიდა, რამაც იძულებული გახადა მოსარჩელე ტვირთი კონტროლის რეჟიმით საბაჟო საწყობ «.......-ში» გაეფორმებინა. ადგილზე ტვირთის ინსპექტირება მოგვიანებით განხორციელდა და მოსარჩელის დამატებით 152 ლარის გადახდა მოუწია. მეტიც, 2000წ. 16 თებერვალს იმპორტის გადასახადის მოწმობა საქართველოში მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით იქნა გაფორმებული. კერძოდ, მედიკამენტების იმპორტისათვის გადასახდელი 5%-ის ნაცვლად დაერიცხა 34%, თვით პროდუქციის ღირებულება კი 6990 ლარით იქნა გაზრდილი. მოსარჩელის მიერ მითითებული მოწმობის სადავოდ გახდის შედეგად, საბაჟო გადასახადი 5% განისაზღვრა, მაგრამ პროდუქციის გაზრდილი ღირებულება კვლავ უცვლელი დარჩა. მოსარჩელის თქმით, ტვირთის კანონშესაბამისად განბაჟება მხოლოდ 4 თვიანი დავის შემდგომ გახდა შესაძლებელი.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხის მიერ თავისი ვალდებულების არაჯეროვანმა შესრულებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომპანიას და ეჭვქვეშ დააყენა მისი შემდგომი საქმიანობა, მან ადგილობრივ ბაზარზე შეღწევისა და დამკვიდრების შესაძლებლობა დაკარგა, რამაც ზემოხსენებული ¹044-IV-99 ხელშეკრულების შესრულება და მოსარჩელის მიერ ამიერკავკასიაში კომპანია «ე-ის» ოფიციალური დისტრიბუტორობის უფლების შემდგომი შენარჩუნება სადავო გახადა. მოსარჩელე შპს «მ-ი» აღნიშნავდა, რომ მომწოდებელთან შეთანხმებული გრაფიკი მიმდინარე წელს სომხეთსა და აზერბაიჯანში შეღწევას და იქაურ ბაზარზე დამკვიდრებას, ხოლო შემდგომში საქართველოს შიდა ბაზრის ათვისების ითვალისწინებდა, რისთვისაც კომპანიის მიერ გამოყოფილი იყო 35000 აშშ დოლარის ოდენობით საბრუნავი სახსრები. გაანგარიშების მიხედვით, მას მიახლოებით 260000 აშშ დოლარის ბრუნვა და 50000 აშშ დოლარზე მეტი წლიური მოგება უნდა უზრუნველეყო.

მოსარჩელის თქმით, ყოველივე ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა ძალზე დააზიანა შპს «მ-ის» საქმიანობა, ხოლო ყველაზე მეტი მატერიალური ზიანი მას იმ იმ შემთხვევაში მიადგებოდა, თუ კორპორაცია «ე-ი» მის ოფიციალურ დისტრიბუტორობის გაგრძელებაზე უარს იტყოდა. აღნიშნული უფლების შესანარჩუნებლად მოსარჩელე იძულებული გახდა ბანკიდან აეღო კრედიტი 70500 აშშ დოლარის ოდენობით (წლიური 24%-იანი განაკვეთი).

ამდენად, შპს «მ-ი» მიუთითებდა, რომ მოპასუხე «ი-ის» მოქმედებით მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და სერიოზული საფრთხე შეექმნა მის შემდგომ საქმიანობას, რის გამოც, სკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხისაგან მიყენებული ზარალისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება მოთხოვა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ «ა-მ» ზუსტ ვადებში შეასრულა ყველა ფორმალობა, რომელიც მას ევალებოდა და მისი მხრიდან ბრალეულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელისათვის ზარალის მიყენება კი თვით მისივე დაუდევრობით იყო გამოწვეული და, შესაბამისად, მისი სარჩელი მოპასუხისათვის ზარალის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლო იყო.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს «მ-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ 21400 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 16920 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული ზიანის მიყენებაში მოპასუხის ბრალეული ქმედებისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობის დამამტკიცებელი საბუთები მოსარჩელეს სასამართლოში წარდგენილი არ ჰქონდა, რაც აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 7 მარტის განჩინებით «ა-ის» გენერალური დირექტორის ნ. ბ-ეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.

«ი-ის» საქართველოს ფილიალის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, გაუქმდა საოლქო სასამართლოს განჩინება და 2001წ. 4 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა პალატას დაუბრუნდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 31 იანვრის განჩინებით «ი-ის» გენერალური დირექტორის ნ. ბ-ეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა «ი-ის» წარმომადგენელმა ა. კ-შვილმა და მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა «საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ» კანონის მოთხოვნები. კასატორი აქვე დაამატებდა, რომ საოლქო სასამართლოს მიერ არასწორად იყო განმარტებული სკ-ს მე-400, 402-ე და 412-ე მუხლებიც. საბოლოოდ, კასატორი თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას მოითხოვდა.

შპს «მ-ის» წარმომადგენელმა ნ. ს-შვილმა საკასაციო საჩივარზე პასუხი წარადგინა სასამართლოში და აღნიშნა, რომ რადგან «ა-ის» საქართველოს ფილიალი, ეკონომიური მდგომარეობის გამო, აღარ ფუნქციონირებს, საქმეში მხარედ ჩაბმულ უნდა ყოფილიყო სათაო ორგანიზაცია, რათა მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შესაძელებელი გამხდარიყო. შპს «მ-ის» წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობა და გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოში «ი-ის» კერძო საჩივარი იქნა წარმოდგენილი.

საქმის გარემოებები შემდეგნაირად განვითარდა: 2000წ. 25 მარტს შპს «მ-ის» წარმომადგენელმა ნ. ს-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მიუთითა, რომ «ა-ის» ხელშეკრულების ვადა 2002წ. 1 აპრილში იწურებოდა და საქართველოს სახელმწიფო მის შემდგომ გაგრძელებას აღარ აპირებდა იმ მოტივით, რომ საქართველომ აღნიშნული ხელშეკრულებით მოგებაზე მეტი ზარალი მიიღო. შპს «მ-ის» თქმით, საკასაციო წარმოებაში საქმის განხილვასა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე «ა-ის» საქმიანობა საქართველოში შეწყვეტილ იქნებოდა, რაც 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდიდა. ამდენად, მან მოპასუხის _ შპს «ი-ის» საქართველოს ფილიალის საბანკო ანგარიშზე, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, ყადაღის დადება მოითხოვა.

2002წ. 28 მარტს ნ. ს-შვილმა კვლავ წარადგინა განცხადება სასამართლოში და მოპასუხის ანგარიშზე ყადაღის დადების ნაცვლად თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 4 აპრილის განჩინებით შპს «მ-ის» წარმომადგენელის – ნ. ს-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 სექტემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული.

«ი-ის» საქართველოს ფილიალმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს 2002წ. 4 აპრილის განჩინება და მიიჩნია, რომ «ა-სა» და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გასვლა არ გულისხმობდა, რომ საქართველოში მისი ფილიალი აღარ იარსებებდა და არ იქნებოდა საქმის საბოლოოდ გადაწყვეტის შემდგომ მისი აღსრულება შესაძლებელი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, შპს «მ-ს» თავისი მოთხოვნის უზრუნველყოფა სხვა საშუალებითაც შეეძლო და სასამართლოს მიერ უკიდურესი ზომის _ საქმის საბოლოო დამთავრებამდე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების გამოყენება არამართებული იყო. მეტიც, სასამართლომ შპს «მ-ი» ყოველგვარი შემხვედრი უზრუნველყოფისაგან გაათავისუფლა.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა 2002წ. 4 აპრილის განჩინების გაუქმება და მისი საბოლოო გაუქმებამდე დადგენილი საპროცესო მოქმედების _ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 19 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ ვითარებაში გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას რეალური საფრთხე შეიძლებოდა შექმნოდა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა სამართლიანად ჩათვალა. სასამართლომ აქვე დაამატა, რომ კერძო საჩივრისათვის კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟი არ იყო გადახდილი. საოლქო სასამართლომ კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

2002წ. 24 მაისს შპს «მ-ის» წარმომადგენელმა კერძო საჩივარზე პასუხი წარმოადგინა საკასაციო სასამართლოში და მიუთითა, რომ «ა-ის» საქართველოს ფილიალი რეალურად გაუქმებული იყო, იგი აღარ ფუნქციონირებდა, რაც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის რეალურ საფუძველს წარმოადგენდა. შპს «მ-ის» წარმომადგენელმა «ი-ის» საქართველოს ფილიალის ნაცვლად საქმეში, უფლებამონაცვლეობის წესით, აღნიშნული ორგანიზაციის სათაო ოფისის ჩართვა მოითხოვა, რათა აღსრულება მის ქონებაზე მიქცეულიყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმომადგენელი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ «ი-ის» საქართველოს ფილიალის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 4 აპრილისა და 19 აპრილის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

«სამოქალაქო საპროცესო კოდექსის» 268-ე მუხლი დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებების ამომწურავ ჩამონათვალს იძლევა. მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილებას თუ იგი ეხება ალიმენტის მიკუთვნების საკითხს, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების, ასევე, მუშაკთათვის არაუმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების და უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას და თამასუქის ან ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისას. ამასთან, ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის «ზ» პუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცევს, თუ არსებულმა განსაკუთრებულმა გარემოებებმა შეიძლება გააძნელოს ან საერთოდ შეუძლებელი გახადოს გამოტანილი გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ «ა-სა» და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების ვადის გასვლის შედეგად «ი-ის» საქართველოს ფილიალის საქმიანობის შემდგომი გაგრძელება სადავო იქნებოდა, რასაც შესაძლოა გამოტანილი გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულება გაეძნელებინა ან საერთოდ შეუძლებელი გაეხადა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მართებულად იქნა სასამართლოს მიერ მიჩნეული სსკ-ს 268-ე მუხლის I-ლი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ გარემოებად. ამდენად, საკასაციო კოლეგია მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 4 აპრილის და 19 აპრილის განჩინებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. «ი-ის» საქართველოს ფილიალის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 4 აპრილისა და 19 აპრილის განჩინებები.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება