3გ-ად-27-02 17 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე ნ. კლარჯეიშვილი,
მსაჯულები: ი. ბუხნიკაშვილი,
ლ. თამაზაშვილი
დავის საგანი: 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება; 2. ჭიათურის რაიონის ... თემის საარჩევნო ოლქის ¹56-27 საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 11 ივნისს მისარჩელეებმა _ ჭიათურის რაიონის ... თემის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებმა გ. გ-შვილმა და მ. ხ-ძემ სარჩელი აღძრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკოს) მიმართ და ... თემის საარჩევნო ოლქის ¹56-27 საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვეს შემდეგი საფუძვლით:
1. ... საარჩევნო ოლქის ¹56-27 საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი 1610 საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტები საქართველოს საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით ინახებოდა საარჩევნო უბნის ერთ-ერთი ოთახის მაგიდის უჯრაში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი ¹1 ოქმით;
2. ¹56-27 საარჩევნო უბანში კენჭისყრა ჩატარდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის უხეში დარღვევით. კერძოდ, კენჭისყრაში მონაწილე სპეციალური კონვერტები, გარდა ერთი კონვერტისა, არ იყო დამოწმებული საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. აღნიშნულ დარღვევაზე არჩევნების დღესვე, 2002წ. 2 ივნისს, საუბნო საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა სოციალისტური პარტიის წარმომადგენელმა რ. ც-ძემ, რაც დარეგისტრირდა საჩივრების ჟურნალში. იმავე დღეს, კენჭისყრის დამთავრებამდე, 19 საათსა და 30 წუთზე შედგა ¹56-27 საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელმაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის ზემოაღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით მიიღო ოქმი ¹ 4.
საკრებულოს არჩევნების მეორე დღეს, 2002წ. 3 ივნისს ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართეს მოსარჩელეებმა _ ... თემის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებმა გ. გ-შვილმა, მ. ხ-ძემ და რ. მ-შვილმა, რომლებმაც ზემოაღნიშნულ დარღვევათა გამო, წირქვალის თემის საარჩევნო ოლქის ¹56-27 საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვეს, თანახმად საქართველოს საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა” ქვეპუნქტისა. ¹56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის ¹49 წერილით განმცხადებლებს ეცნობათ, რომ საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის 1-3 პუნქტებისა და 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მათი განცხადება განხილვას არ ექვემდებარებოდა ვადის დარღვევით შეტანის გამო.
2002წ. 5 ივნისს ცსკოს განცხადებით მიმართეს მოსარჩელეებმა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა რ. მ-ძემ და იმავე საფუძვლით მოითხოვეს ¹56-27 საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა. საქართველოს ცსკომ 2002წ. 8 ივნისს მიიღო განკარგულება ¹96/2002, რომლითაც ძალაში დატოვა სოფ. ... საარჩევნო ოლქის ¹56-27 საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები.
მოსარჩელეებმა უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დროს გაზარდეს სარჩელი და ¹56-27 საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობასთან ერთად, ასევე მოითხოვეს საქართველოს ცსკოს 2002წ. ¹96/2002 განკარგულების ბათილად ცნობაც. სარჩელის გაზრდას დაეთანხმა მოპასუხე – ცსკოს წარმომადგენელიც, ვინაიდან შინაარსობრივად ¹96/2002 განკარგულება არსებითად ეხება დავის საგანს და სამართლებრივად ორივე მოთხოვნა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.
მოპასუხე – ცსკოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და უსაფუძვლობის მოტივით მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხემ დაადასტურა, რომ ¹56-27 საარჩევნო უბანში 2002წ. 2 ივნისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების არჩევნების კენჭისყრის შემდეგ გამოვლინდა, რომ გარდა ერთი სპეციალური კონვერტისა, მასობრივად ყველა კონვერტი იყო საარჩევნო უბნის ბეჭედდაუსმელი, მაგრამ ვინაიდან უბანში სხვა დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ყველა საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული იყო საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით (საუბნო საარჩევნო კომისიის ორი წევრის ხელმოწერითა და საუბნო კომისიის ბეჭდით), ამიტომ სარჩელში მითითებული დარღვევა არ წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უხეშ დარღვევას და არ შეიძლება გახდეს ¹56-27 საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ განცხადება კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის I და მე-3 ნაწილის თანახმად, უნდა გადაეცეს კენჭისყრის დასრულებამდე, რაც მოსარჩელეებს არც დაუცვიათ და მითითებული ნორმის დარღვევით, მოსარჩელეებმა დაგვიანებით, კენჭისყრის მომდევნო დღეს, 2002წ. 3 ივნისს მიმართეს განცხადებით საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მართებულად არ განიხილა მოსარჩელეთა განცხადება და შეაჯამა ¹56-27 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები, რაც ძალაში დატოვა ცსკოს სადავო ¹96/2002 განკარგულებამ, რომელიც კანონშესაბამისია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის შესწავლის, მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹96/2002 განკარგულება და ¹56-27 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელეთა _ ... თემის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების გ. გ-შვილის, მ. ხ-ძის და მოწმეთა – რ. ც-ძის, ვ. ჩ-ძის, ა. ს-ძის, ლ. გ-შვილის განმარტებით პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ ¹56-27 საარჩევნო უბანში გარდა ერთი სპეციალური კონვერტისა, ყველა კონვერტი იყო საარჩევნო უბნის ბეჭდით დაუმოწმებელი, რაც ასევე დაადასტურა მოპასუხის – ცსკოს წარმომადგენელმაც.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტი განსაზღვრავს არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ პროცედურას: «მიღებული საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, სადაც მათ ხელმოწერით ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებზე ხელმომწერი კომისიის 2 წევრი, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით დამმოწმებელი კომისიის წევრი”. ამდენად, საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტი კენჭისყრის პროცედურის დადგენისას ნათლად განსაზვრავს, რომ საარჩევნო ბიულეტენიცა და სპეციალური კონვერტიც დამოწმებული უნდა იყოს კომისიის 2 წევრის ხელმოწერით და საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა იწვევს საარჩევნო ბიულეტენების ბათილად ცნობას.
სახელდობრ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად: «დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად თუ საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, რომელშიც იდო საარჩევნო ბიულეტენი, დამოწმებული არ არის საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდითა და საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტზე ხელმომწერი კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით”.
ამდენად, საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» პუნქტი საარჩევნო ბიულეტენების ბათილად ცნობის უპირველეს საფუძვლად სწორედ სპეციალურ კონვერტზე ან საარჩევნო ბიულეტენზე საარჩევნო კომისიის ბეჭდის დაუსმელობას (დაუმოწმებლობას) მიუთითებს. განსახილველი დავის შემთხვევაში, ჭიათურის რაიონის სოფ. ... საკრებულოს წევრობის კანდიდატთა არჩევნების ჩატარებისას ¹56-27 საარჩევნო უბანში კენჭისყრაში მონაწილე ყველა სპეციალურ კონვერტზე (გარდა ერთისა) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდის დაუმოწმებლობას აღიარებენ მოპასუხე -– ცსკო და დაკითხული მოწმეები, რაც კენჭისყრის დღესვე, 2 ივნისს ¹4 ოქმით დადასტურებულია თვით ¹56-27 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების მიერ.
ამდენად, ¹56-27 საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილე სპეციალური კონვერტების საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით დაუმოწმებლობა მხარეთა და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულია, რაც საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო ბიულეტენების ბათილად ცნობის უპირველესი უდავო საფუძველია. ამიტომ, სასამართლოს აზრით, ¹56-27 საარჩევნო უბნის შემთხვევა სწორედ რომ წარმოადგენს ამავე კოდექსის 64-ე მუხლის მე-4 და 123-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევას და მოპასუხე – ცსკო, ისევე როგორც საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი იყვნენ ბათილად ეცნოთ კენჭისყრის შედეგები ¹56-27 საარჩევნო უბანში, რაც მათ არ განუხორციელებიათ. საოლქო საარჩევნო კომისიამ არ განიხილა ზემოაღნიშნულ კანონდარღვევაზე მოსარჩელეთა მიერ შეტანილი საჩივარი, ხოლო ცსკომ სადავო ¹96/2002 განკარგულებით ძალაში დატოვა სოფ. ... საარჩევნო ოლქის ¹56-27 საარჩევნო უბანში უხეში დარღვევით ჩატარებული კენჭისყრის შედეგი. სასამართლო იზიარებს სასარჩელო განცხადებას, თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს; საქართველოს საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი კანონის უხეში დარღვევით ჩატარებული ჭიათურის ¹56-27 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები და შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის I ნაწილის «დ» პუნქტის თანახმად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ცსკოს კანონსაწინააღმდეგო ¹96/2002 განკარგულება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 32-ე მუხლის I ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 247-ე, 248-ე, 249-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ჭიათურის რაიონის ... თემის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების გ. გ-შვილისა და მ. ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹96/2002 განკარგულება და ჭიათურის რაიონის ... თემის საარჩევნო ოლქის ¹56-27 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები;
3. მოსარჩელეებს – გ. გ-შვილსა და მ. ხ-ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 32 ლარი;
4. მოპასუხე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის გადახდა:
5. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.