3გ/ად-27-კ-02 23 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს 2001 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (სარჩელის საგანი); ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს 2001 წლის 7 იანვრისა და 29 იანვრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელის საგანი).
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 18 ივნისს ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დ. დ-იანმა ამავე საკრებულოს წევრის ვ. ც-იას მიმართ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ზუგდიდის საკრებულოს 2001 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს ყოფილმა წევრმა და საკრებულოს ყოფილმა მდივანმა თ. ხ-ავამ, რომელსაც ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 2 მარტის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს 2001 წლის 7 იანვრის გადაწყვეტილებით, შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შეკრიბა საკრებულოს თავმჯდომარე თ. ჯ-იაზე განაწყენებული საკრებულოს წევრები, მათ შორის ა. ი-ია და ი. ბ-ია, რომელთაც ამავე საკრებულოს 2001 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით შეწყვეტილი ჰქონდათ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ოთხ თვეზე მეტ ხანს საკრებულოს საქმიანობაში არასაპატიო მიზეზით მონაწილეობის მიუღებლობის გამო, და 2001 წლის 2 თებერვალს ჩაატარა ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს სხდომა საკრებულოს არაუფლებამოსილ წევრთა მონაწილეობით. აღნიშნულ სხდომაზე თანამდებობიდან გადააყენეს საკრებულოს თავმჯდომარე თ. ჯ-ია და მის ნაცვლად აირჩიეს ვ. ც-ია. მოსარჩელის განმარტებით, ზუგდიდიდს ქალაქის საკრებულოს 2001 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მოპასუხე ვ. ც-იამ ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დ. დ-იანის მიმართ შეგებებული სარჩელი აღძრა და ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს 2001 წლის 7 იანვრისა და 29 იანვრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა. შეგებებული სარჩელის საფუძვლად ვ. ც-იამ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს 2001 წლის 7 იანვრის სხდომის ოქმის მიხედვით, საკრებულომ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა საკრებულოს სამ წევრს _ ჯ. ნ-იას, რ. ა-იას და თ. ხ-ავას. ხოლო მათ ნაცვლად მიიღო ვ. რ-ავა და გ. ჭ-ია, რითაც დაარღვია საკრებულოს დებულების პირველი თავის პირველი მუხლი. 29 იანვრის სხდომის ოქმის მიხედვით, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა ი. ბ-იას და ა. ი-იას, ხოლო მათ ნაცვლად საკრებულოს სხვა წევრთა უფლებამოსილება არ უცვნია, რითაც საკრებულოს წევრთა რაოდენობრივი შემადგენლობა არ შეესაბამება კანონით დადგენილს.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, 2001 წლის 7 იანვარს, კვირას, უქმე დღეს, თ. ჯ-იამ, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოწყობილ სუფრაზე, მოიწვია საკრებულოს რამდენიმე წევრი და ეცადა საკრებულოს სხდომის იმიტაციას, რითაც უხეშად დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლი. აგრეთვე, დაარღვია ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს დებულება. 7 იანვრისათვის საკრებულოს შემადგენლობა განსაზღვრული იყო 21 წევრით, ხოლო მდივნად არჩეული იყო თ. ხ-ავა. სხდომაზე გამოცხადდა 6 წევრი. სხდომა დაიწყო 16 საათზე. დამატებით კიდევ გამოცხადდა საკრებულოს 2 წევრი, მათ შორის ერთი მოტყუებით, მაგრამ ორივე წევრმა კრება დატოვა. რ. ა-ია საერთოდ არ გამოცხადებულა ამ შეკრებაზე. აქედან გამომდინარე, ვ. ც-იას მოსაზრებით, არ იყო ქვორუმი, რითაც დაირღვა საკრებულოს დებულების მე-4 თავის 21-ე მუხლი. სხდომა დაიწყო 16 საათზე, რითაც დაირღვა იმავე დებულების 23-ე მუხლი. დაირღვა ასევე «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლი კენჭისყრის შესახებ და მე-19 მუხლი სხდომის ოქმის შესახებ, საკრებულოს დებულების მე-3 მუხლი საკრებულოს მუშაობის საერთო წესის შესახებ, მე-18 მუხლი სხდომის მოწვევის შესახებ, დებულების 21-ე, 23-ე, მე-40, 46-ე, 47-ე, 48-ე, 49-ე და 67-ე მუხლები.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს 2001 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება. ამავე გადაწყვეტილებით, ვ. ც-იას შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ზუგდიდიდს ქალაქის საკრებულოს 2001 წლის 7 და 29 იანვრის გადაწყვეტილებები თ. ხ-ავას, რ. ა-იას, ჯ. ნ-იას, ი. ბ-იასა და ა. ი-იას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ნაწილში ცნობილ იქნა ბათილად და ამ პირებს აღუდგათ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება; საკრებულოს 7 იანვრის გადწყვეტილება გ. ჭ-იასა და ვ. რ-ავას საკრებულოს წევრად უფლებამოსილების ცნობის ნაწილში ცნობილ იქნა ბათილად და მათ შეუწყდათ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება; 29 იანვრის გადაწყვეტილებები სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მ. ქ-იას განთავისუფლების, საკრებულოს მდივნის თანამდებობაზე დ. დ-იანის არჩევის, სამანდატო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გ. ჭ-იას არჩევის, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვ. რ-ავას არჩევის ნაწილში ცნობილ იქნა ბათილად.
ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დ. დ-იანმა. აპელანტმა ვ. ც-იას შეგებებული სარჩელის მიღების შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 ივნისის განჩინებისა და 2001 წლის 21 აგვისტოს საოქმო განჩინების გაუქმებაც მოითხოვა. სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ვ. ც-იამ, რომელმაც დ. დ-იანის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დ. დ-იანის სააპელაციო საჩივარი და გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 ივნისის განჩინება ვ. ც-იას შეგებებული სარჩელის მიღების თაობაზე, 2001 წლის 21 აგვისტოს საოქმო განჩინება შეგებებული სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობისა და 2001 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება ვ. ც-იას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ვ. ც-იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ც-იას შეგებებული სარჩელი ფაქტიურად წარმოადგენდა დამოუკიდებელ სარჩელს, რომელიც არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს და ამიტომ რაიონულ სასამართლოს იგი წარმოებაში არ უნდა მიეღო და ძირითად სარჩელთან ერთად არ უნდა განეხილა. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაცილი საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მეორე ნაწილზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს 2001 წლის 7 და 29 იანვრის გადაწყვეტილებები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებდა შეგებებული სარჩელის ავტორის _ ვ. ც-იას კანონიერ უფლებას და ინტერესს, რის გამოც მისი შეგებებული სარჩელი რაიონულ სასამართლოს დასაშვებად არ უნდა მიეჩნია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა დავით დავითულიანის სააპელაციო საჩივარი, უსაფუძვლოდ მიიჩნია ვ. ც-იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ც-იამ.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის მეორე ნაწილი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მეორე ნაწილი და «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართვებლობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლი.კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებლობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ვ. ც-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს 2001 წლის 7 და 29 იანვრის გადაწყვეტილებები, თ. ხ-ავას, რ. ა-იას, ჯ. ნ-იას, ი. ბ-იასა და ა. ი-იას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, არის ადმინისტრაციული ორგანოს _ ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს _ მიერ მიღებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი (ადმინისტრაციული აქტი), რომლის დეფინიციაც მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტში: «ადმინისტრაციული აქტი ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს». აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს 7 და 29 იანვრის გადაწყვეტილებები, ზემოდასახელებულ პირთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, უშუალოდ (ინდივიდუალურად) ამ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს შეეხება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად (დისპოზიციურობის პრინციპი), ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებამოსილებაც მათ გააჩნიათ, მითუმეტეს, რომ «საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად». კიდევ უფრო აზუსტებს ამ ვითარებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც «სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას». ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვახტანგ ცხადაიას შეგებებული სარჩელი არ არის დასაშვები, რადგან მის მიერ გასაჩივრებული ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს 2001 წლის 7 და 29 იანვრის გადაწყვეტილებები, თ. ხ-ავას, რ. ა-იას, ჯ. ნ-იას, ი. ბ-იასა და ა. ი-იას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს შეგებებული სარჩელის ავტორის _ ვ. ც-იას კანონიერ უფლებას ან ინტერესს».
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლი და მიიჩნევს, რომ ამ ნორმის თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ აქტების გასასაჩივრებლად, რომლებიც ზღუდავენ მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რაც გარანტირებულია ამ კანონით. აღნიშულის თანახმად, საკრებულოს ამა თუ იმ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა უშუალოდ და პირდაპირ ეხება საკრებულოს ამ წევრის უფლებასა და კანონიერ ინტერესს, რადგან მას შეიძლება აღარ უნდოდეს საკრებულოს წევრობა და აღარც ასაჩივრებდეს საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი თავად გაასაჩივრებს მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რადგან აღნიშნული უფლებამოსილება მხოლოდ მას აქვს მინიჭებული. ამას ადასტურებს «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დებულებები, რომელიც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს ითვალისწინებს და ამ ნორმის თანახმად, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი საკრებულოს წევრის პირადი განცხადებაა უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე. ამასთან, ამავე კანონის მე-2 და მე-4 მუხლების თანახმად, «საკრებულოს წევრის სტატუსი არის ამ წევრის კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს». ამ კანონით დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოსათვის აღნიშნული სარჩელით მიმართვა შეუძლიათ ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს იმ წევრებს, ვისი უფლებამოსილებაც ვადამდე იქნა შეწყვეტილი. რაც შეეხება ვ. ც-იას შეგებებული სარჩელს, იგი დაუშვებელია და სწორად არ იქნა დაკმაყოფილებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და შესაბამისად დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ც-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.