Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-27-კს-02 3 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.

აწერილობითი ნაწილი:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით კერძო საჩივრის ავტორს – ინვალიდ მეომართა, ტყვედნამყოფთა, ომის ვეტერანთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ხსნის ფონდ «მ-ს» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, დაკმაყოფილდა მესამე პირის – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სარკინიგზო დეპარტამენტის ¹... სალიანდაგო დისტანციასა და აფხაზეთში ტყვედ ნამყოფ რკინიგზელთა საზოგადოება «მა-ს» შორის 1996წ. 1 ოქტომბერს დადებული ¹1 საიჯარო ხელშეკრულება. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ _ ფონდმა «მ-მა». თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 6 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი უმოძრაოდ დატოვა და 28 ოქტომბრამდე მისცა ვადა სარჩელზე ხარვეზის შესავსებად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს არა საკასაციო საჩივრით, არამედ სააპელაციო წესით, ამასთან მიუთითა სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდაზე. 2001წ. 28 ოქტომბრამდე ფონდმა «მ-მა» არ შეავსო მითითებული ხარვეზი და 30 ოქტომბრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფონდ «მ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ფონდმა «მ-ი» საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო პალატის 2001წ. 30 ოქტომბრის განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად წარმოებაში მიღება მოითხოვა იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ 2001წ. 6 სექტემბრის განჩინება მათთვის არავის გადაუცია, არც განჩინების გამოცხადებას ესწრებოდნენ, არ იცოდნენ მითითებული ხარვეზის შესახებ, ამიტომ 28 ოქტომბრამდე მათგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ შეძლეს ხარვეზის შევსება. ამჟამად ხარვეზი მათ მიერ გამოსწორებულია და გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარმოადგინეს სააპელაციო საჩივარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით მიუთითეს, რომ «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის «მ» პუნქტის თანახმად, ფონდი «მ-ი» გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 მარტის განჩინებით ფონდ «მ-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ფონდს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან ფონდის დებულების 2.1. მუხლზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, მართალია, ფონდის საქმიანობა საქველმოქმედო მიზნებისკენაა მიმართული, მაგრამ «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის «მ» პუნქტის შეღავათი მასზე არ ვრცელდება, რადგან ფონდი არ განეკუთვნება ინვალიდთა საზოგადოებრივ ორგანიზაციას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იგი მოცემულ შემთხვევაში ვერ იყენებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით მინიჭებულ უფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება-განაწილვადებაზე, ვინაიდან მხარეს აღნიშნული მოთხოვნით არ მიუმართავს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფონდი «მ-ის» კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 30 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2001წ. 6 სექტემბრის განჩინებით ფონდ «მ-ის» საკასაციო საჩივარი მართებულად დატოვა უმოძრაოდ და განუმარტა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად, შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა და ასევე სწორად მიუთითა სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე. სასამართლომ აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა მისცა 2001წ. 28 ოქტომბრამდე და მიუთითა, თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვებოდა, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი არ არის სააპელაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ 6 სექტემბრის განჩინების აპელანტისათვის – ფონდი «მ-ისათვის» გაგზავნის ან ხელზე ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს სააპელაციო პალატის 2001წ. 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმების შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან ფონდ «მ-ს» სამოქალაქო-ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით არ გადასცემია განჩინება სააპელაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვებისა და ხარვეზის შესახებ, ბუნებრივია, აპელანტისათვის უცნობი იქნებოდა განჩინებაში მითითებული საჩივრის უმოძრაოდ დატოვების მიზეზები და ვერც მითითებულ ვადაში შეავსებდა ხარვეზს, რის გამოც სასამართლო პროცესუალურად არაუფლებამოსილი იყო სააპელაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ განჩინების აპელანტისათვის ჩაუბარებლად და ფაქტობრივად ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის ვადის მიუცემლად გამოეტანა განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კერძო საჩივარი ამ ნაწილში საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 30 ოქტომბრის განჩინება ფონდი «მ-ის» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

2. სააპელაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ განჩინებაში მითითებული ერთი ხარვეზი ფონდ «მ-ს» უკვე გამოსწორებული აქვს და გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად, შემოტანილია სააპელაციო საჩივარი, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდას, საკასაციო პალატა, ფონდის წესდებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 2000წ. 8 მარტის ¹3/8 დადგენილებათაა რეგისტრირებული, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის «მ» პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლებიან ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები. აპელანტი (კერძო საჩივრის ავტორი) _ ინვალიდ მეომართა, ტყვედნამყოფთა ომის ვეტერანთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ხსნის ფონდი «მ-ი» _ წესდების 1.2 პუნქტის თანახმად, არის აფხაზეთში ტყვედნამყოფი რკინიგზელთა საზოგადოება «მა-ისა» და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ხსნის ფონდი «მ-ის» შერწყმით წარმოშობილი იურიდიული პირი, რომლის მიზანი 2.1 პუნქტით არის: «საქართველოში მცხოვრებ სამამულო ომის მონაწილეთა, ომში დაღუპულთა, ვეტერანთა ოჯახების დახმარება. უდედმამო, ობოლი, მეურვეობასა და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების სოციალური დაცვა”.

ამდენად, მიუხედავად ჭეშმარიტად კეთილშობილური და საპატიო მიზნებისა, რადგან ფონდი «მ-ი» არ წარმოადგენს ინვალიდთა საზოგადოებას, მასზე ვერ გავრცელდება «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მითითებული შეღავათი. ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის 2002წ. 11 მარტის განჩინებას და თვლის, რომ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ხარვეზი კვლავ გამოუსწორებელია, ფონდი «მ-ი» არ არის გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მას სასამართლოსათვის არ მიუმართავს შუამდგომლობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების ან განაწილვადების შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლისა, ამიტომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ იმსჯელა ბაჟის გადადება-განაწილვადებაზე.

რადგან სააპელაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ 2001წ. 6 სექტემბრის განჩინება ფონდ «მ-ს» საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით არ ჩაბარებია და არ განმარტებია ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ფონდ «მ-ის» კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 30 ოქტომბრის განჩინება და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების საკითხის გადასაწყვეტად საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ინვალიდ მეომართა, ტყვედნამყოფთა, ომის ვეტერანთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ხსნის ფონდი «მ-ის» კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 30 ოქტომბრისა და 2002წ. 11 მარტის განჩინებები და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების საკითხის გადასაწყვეტად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. ფონდ «მ-ს» უარი ექთვას სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.