Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ-ად-28-02 17 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მსაჯულები: შ. მამფორია,

ლ. გაჩეჩილაძე

დავის საგანი: საქართველოს ცსკოს 08.06.02წ. ¹39/2002 განკარგულების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომელიც ეხება ¹27 მცხეთის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქს.

აწერილობითი ნაწილი:

მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კ. ბ-ურმა საქართველოს ცსკოს განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ცსკოს წარუდგინა მცხეთის რაიონში ჩატარებული არჩევნების მასიური გაყალბების, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-6, მე-8, მე-10, 49.1, 49.4, 50.2, 50.3 «ა», «დ», 51.4, 52.1, 52.2, 52.3, 52.4, 52.5, 53.1-3, 54.1, 54.2 «ა»-»ე», 54.3, 55.3, 56, 59.3 «ა» მუხლების და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევების შესახებ დამადასტურებელი ფაქტები. მიუხედავად ამისა, ცსკომ (მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მსგავსად) რეალურად არ განიხილა საჩივარი და უარი თქვა მცხეთის რაიონში ჩატარებული არჩევნების ბათილად ცნობაზე. სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა «2002წ. 2 ივნისის ¹6 სამგორის, ¹11 საგარეჯოს, ¹12 გურჯაანის და ¹27 მცხეთის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრობის ხელახალი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ» ცსკოს 08.06.02წ. ¹89/2002 განკარგულების ბათილად ცნობა, იმ ნაწილში, რომელიც ¹27 მცხეთის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქს შეეხება. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებას დაურთო განცხადება-საჩივრები კენჭისყრის პროცედურის დარღვევების შესახებ და ვიდეო მასალა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმეებად დაიკითხნენ კ. ბ-ურის რწმუნებულები ¹27 საარჩევნო ოლქის ¹1, ¹2, ¹31 საარჩევნო უბნებში _ მ. მ-ინი, ნ. ა-ძე, მ. ხ-ძე, რომლებმაც აღნიშნეს კენჭისყრის პროცედურის წესების დარღვევა საარჩევნო უბნებში, კერძოდ საარჩევნო უბნებში ბეჭდები წარდგენილი იყო ლუქის გარეშე, ბეჭედი იყო მელნიანი, კენჭისყრის პროცედურების დაწყების წინ არ გადათვლილა ბიულეტენების რაოდენობა, ამომრჩეველთა დამატებით სიებში პირთა შეყვანა ხდებოდა თვითნებურად, ბიულეტენები გაიცემოდა პირადობის მოწმობის გარეშე, კომისიის მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე, ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევას, პოლიციის მუშაკები მორიგეობდნენ უბნებთან და მართავდნენ კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესს.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოპასუხე – ცსკოს და მესამე პირის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობის გამო და მოითხოვეს სადავო აქტის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 02.06.02წ. ¹27 მცხეთის საარჩევნო ოლქში ჩატარდა საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოების წევრებისა და გამგებლის არჩევნები. 03.06.02წ. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის კ. ბ-ურის წარმომადგენელმა ¹27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა კ. ბ-ურის მომხრეთა განცხადება. ¹27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 05.06.02წ. სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის, ბატონ კ. ბ-ურის წარმომადგენლების მიერ წარდგენილი განცხადება-საჩივრები. საოლქო საარჩევნო კომისიამ კოდექსის 61-ე, 62.3 მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე შედგენილი აქტები ძირითადად არის სუბიექტური, იურიდიულად არასრულყოფილი და უსაფუძვლო. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კოდექსის 77-ე მუხლის I პუნქტით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა ზემდგომ საარჩევნო კომისიაში, ასეთად ვერ იქნება მიჩნეული პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის წარმომადგენლის ზ. თ-შვილის მომართვა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისადმი კომისიის მიმართ უნდობლობის გამოცხადებისა და საოლქო კომისიაში წარმოდგენილი მასალების ცსკოში გადაგზავნის შესახებ, ვინაიდან განმცხადებელი არ უთითებს თუ რაში არ ეთანხმება საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას. ცსკოს 08.06.02წ. ¹89/2002 განკარგულებით დამტკიცდა 02.06.02წ. ¹6 სამგორის, ¹11 საგარეჯოს, ¹12 გურჯაანის და ¹27 მცხეთის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

პალატა სარჩელზე თანდართული 42 საჩივარ-განცხადებების შესწავლის შედეგად გამოარკვია, რომ წარმოდგენილი მასალები ძირითადში ეხება საარჩევნო უბნებში დაულუქავი ბეჭედის წარდგენას (14), დამატებით სიებში თვითნებურ შეყვანას (9), კენჭისყრის ოთახების ფარულობის დარღვევას (4), საარჩევნო უბნებში პოლიციის თანამშრომელთა ყოფნას (3), საარჩევნო უბნებში აგიტაციის გაწევას (2), საარჩევნო პროცესების დაწყების წინ ბიულეტენების რაოდენობის გადაუთვლელობას (2), საარჩევნო უბნების კანონით განსაზღვრულ ვადაზე გვიან დახურვას და სხვა. საჩივარ-განცხადებების უმრავლესობა არ პასუხობს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მოთხოვნებს, ზოგი საჩივარ-განცხადება (2) ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს წევრის კანდიდატის ბიულეტენებში მიუთითებლობას, ბიულეტენში კანდიდატთა რიგითობის ნუმერაციის დარღვევას, რაც არ შეადგენს განსახილველი დავის საგანს. სასამართლოსათვის წარმოდგენილ საჩივარ-განცხადებებში არ მოიპოვება საქმეზე მოწმეებად დაკითხული პირების მიერ საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად შედგენილი საჩივარ-განცხადებები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა აგრეთვე ვიდეოკასეტები, რომლებზედაც ასახულია ¹27 მცხეთის საარჩევნო ოლქის ¹1, ¹32, ¹33 და სხვა საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურები.

პალატა აღნიშნავს, რომ მიუხედავად ცალკეული დარღვევებისა კენჭისყრის პროცედურა ¹27 მცხეთის საარჩევნო ოლქში წარიმართა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამომრჩეველთა დამატებით სიაში კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თვითნებურად შეჰყავდათ ამომრჩევლები. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, თუ სოფელში ან თემში მცხოვრებ ამომრჩეველს არ აქვს კოდექსში აღნიშნული ერთ-ერთი საბუთი კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩეველს ეძლევა კომისიის თავმჯდომარის და მდივნის ხელმოწერით ცნობა, რომლის საფუძველზეც ამომრჩევლის მონაცემები კომისიის წევრს შეაქვს ამომრჩეველთა სიაში. ცნობის მისაღებად კენჭისყრამდე არაუგვიანეს ორი დღისა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას, საარჩევნო კანონმდებლობა არ შეიცავს რაიმე აკრძალვას ცნობის კენჭისყრის დღეს გაცემის შესახებ. ამდენად სარჩელზე თანდართული საჩივარ-განცხადებები, მოწმეთა ახსნა-განმარტებები და ვიდეოფირზე ასახული მასალა (24 საგურამოს საარჩევნო უბანი) კომისიის ცნობის საფუძველზე დამატებით საარჩევნო სიაში შეტანის და საარჩევნო ბიულენტენის გაცემის შესახებ არ წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევას.

საქმის მასალებით არ დასტურდება აგრეთვე კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა ყოფნა და ამომრჩევლებზე ზემოქმედება. წარმოდგენილი ვიდეომასალის მიხედვით, პოლიციის მუშაკები იმყოფებიან კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გარეთ. ამასთანავე, პოლიციის მუშაკების კენჭისყრის შენობაში ყოფნა თავისთავად არ ადასტურებს კოდექსის 55-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევებს. კენჭისყრის შენობაში პოლიციის მუშაკების ყოფნის ცალკეული შემთხვევები განპირობებული იყო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის საჭიროებით (55.4 მუხლი), პოლიციის მუშაკების მიერ ამომრჩეველთა სახით კენჭისყრაში მონაწილეობით. ¹11 და ¹13 საარჩევნო უბნებიდან შემოსული განცხადება-საჩივრები შენობაში პოლიციის თანამშრომელთა ყოფნის შესახებ არ ადასტურებს ამომრჩევლებზე ზემოქმედების ფაქტს, მით უფრო, რომ მითითებული საუბნო საარჩევნო კომისიის არც ერთ წევრს კენჭისყრის შედეგების შესაბამის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებისას არ დაუფიქსირებია რაიმე დარღვევა.

საარჩევნო კოდექსის ნორმებს არ ემყარება ცალკეულ საჩივარ-განცხადებებში და ვიდეომასალებში ასახული პრეტენზიები საარჩევნო პროცედურების დაწყების წინ ბიულეტენების გადათვლის შესახებ. საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად ცსკო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ოლქებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრამდე არა უგვიანეს 24 საათისა საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს გადასცემენ საუბნო საარჩევნო კომისიებს. საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა ზუსტად აღირიცხება. ცსკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისათვის საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემისას დგება აქტი, 2 ცალად, რომელშიც აღინიშნება საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გამცემი და მიმღები საარჩევნო კომისიების დასახელება, მათი რაოდენობა, გადაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა სახეობა, ნომრები. აქტს ხელს აწერენ საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გამცემი და მიმღები პირები (აქტის თითო ცალი გადაეცემა შესაბამის საარჩევნო კომისიას). საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი რაოდენობის აღრიცხვის მიზნით თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენი თანამიმდევრობით ინომრება და ას-ას ცალად იკინძება. საარჩევნო ბიულეტენების ყოველ შეკვრას აქვს თავფურცელი, რომელზედაც დაბეჭდილია გრაფები საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრებისა და დასახელების, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო ბიულეტენთა მიღების თარიღის აღნიშვნისა და საარჩევნო ბიულეტენთა გამცემი და მიმღები პირების ხელმოწერისათვის. ამდენად, კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საქმის განხილვის შედეგად დადგენილად არის ცნობილი ის, რომ რიგი საარჩევნო უბნების გახსნისას საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი იყო დაულუქავი. პალატა თვლის, რომ კანონმდებლობით რეგლამენტირებული საარჩევნო პროცესის სხვა კომპონენტების დაცულობა (საარჩევნო ბიულეტენების და კონვერტების დალუქულ მდგომარეობაში წარდგენა, კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ყოველ ამომრჩეველზე გაცემული საარჩევნო ბიულეტენის და სპეციალური კონვერტის ბეჭდის დასმამდე კომისიის ორი წევრის ხელმოწერით დამოწმება) გამორიცხავდა აღნიშნული ხარვეზის კენჭისყრის შედეგზე რაიმე ზემოქმედებას, მით უფრო, რომ წარმოდგენილი არც ერთი მასალით არ დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდის არამართლზომიერი გამოყენება. საუბნო საარჩევნო კომისიებში იმ პაკეტების ლუქის გარეშე წარდგენა, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი, არ წარმოადგენს ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა მნიშვნელოვანწილად არის განპირობებული თვით საკანონმდებლო ბაზის ხარვეზიანობით. სახელდობრ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კენჭისყრის დაწყებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს შორის წილისყრით ანაწილებს ფუნქციებს. წილისყრის ჩატარებისათვის კომისიის წევრთა ფუნქციები აღინიშნება ფურცელზე, რომელიც უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. კოდექსის 52-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემოდმითითებული წილისყრის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი, რის შემდეგადაც ხსნის მას. საარჩევნო კოდექსის მიერ ზემოაღნიშნული თანმიმდევრობით საარჩევნო უბნის გახსნის პროცედურის რეგლამენტაცია აზრს უკარგავს კოდექსის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის «გ» ქვეპუნქტში აღნიშნული იმ პაკეტის მთლიანობის შემოწმების მოთხოვნას, რომელშიც მოთავსებულია საარჩევნო კომისიის ბეჭედი.

არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს აგრეთვე არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში აგიტაციის გაწევის ცალკეული ფაქტები (¹11, ¹8 და სხვ. საარჩევნო უბნები). წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება თუ რა გავლენა მოახდინა აღნიშნულმა დარღვევამ არჩევნების შედეგებზე. თვით ის, რომ ამგვარი საჩივარ-განცხადებები უბნებში თითოეულ ეგზემპლარად არის წარმოდგენილი, ადასტურებს იმას, რომ დარღვევა იყო ერთჯერადი და იგი აღიკვეთა მისი დაფიქსირებისთანავე.

¹8 საარჩევნო უბნიდან წარმოდგენილი განცხადება-საჩივარი შედგენილია მასზედ, რომ ქართული წერა-კითხვის უცოდინარი ამომრჩევლების ნაცვლად ამომრჩეველთა ძირითად სიაში ხელს აწერდნენ სხვა პიროვნებები. საარჩევნო კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტი მიუთითებს, რომ ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის და სპეციალური კონვერტის მიღებას ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით. ამასთან კოდექსის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს ბიულეტენი, უფლებას აძლევს ამ მიზნით დასახმარებლად მიმართოს სხვა პიროვნებას გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, წარმომადგენელის ან დამკვირვებლისა. ამ მოთხოვნათა დაცვით წერა-კითხვის უცოდინარი ამომრჩევლებს სრული უფლება აქვთ დახმარების მიზნით მიმართონ სხვა პირებს. გამომდინარე აქედან, აღნიშნული არ წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის დარღვევას და შესაბამისად არ არსებობს არჩევნების ბათილად ცნობის საფუძველი.

¹8, ¹13, ¹30 საარჩევნო უბნიდან წარმოდგენილი თითო განცხადება-საჩივარი შეეხება საარჩევნო კანონის დარღვევათა მცდელობას. სახელდობრ, ¹8 საარჩევნო უბანში ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე პირის მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობას, რომელიც იმთავითვე აღიკვეთა. ¹13 საარჩევნო უბანში ამომრჩეველი ცდილობდა ერთის ნაცვლად ორი ბიულეტენის ჩაგდებას, მცდელობა აღიკვეთა. ¹30 საარჩევნო უბანში განცხადება-საჩივარი შედგა მასზედ, რომ ამომრჩეველმა ¹30 უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ცდილობდა ხმის მიცემას ¹32 უბანზე. აღნიშნული ფაქტები წარმოადგენენ აღკვეთილ მცდელობებს, რასაც ცხადია არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

საარჩევნო კომისიების განთავსება იმ შენობა-ნაგებობებში, რომლებშიც განთავსებულია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოები ვერ გახდება ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველი, ამგვარი პრეტენზიის წარდგენის ვადის გაცდენის გამო. კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შენობებში საუბნო საარჩევნო კომისიების განთავსების შესახებ განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მისი გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, აღნიშნული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა და საარჩევნო პროცესის დროში მკაცრი რეგლამენტირების გამო არ დაიშვება მისი აღდგენა.

პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ საჩივარ-განცხადებების და ვიდეომასალების მიხედვით არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცედურის დარღვევები შეიმჩნეოდა საარჩევნო ოლქის ცალკეულ უბნებზე, კერძოდ კენჭისყრის კაბინის ფარულობის დარღვევას ადგილი ჰქონდა საარჩევნო ოლქის ¹13 საარჩევნო უბანზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საარჩევნო ბიულეტენებში გამოტოვებულ იქნა საკრებულოს ერთ-ერთი წევრის გვარი, რის შედეგადაც კენჭისყრის პროცედურა საარჩევნო ოლქის რიგ უბნებზე (¹32, ¹33 და სხვ) შეჩერდა, შესაბამისად საუბნო კომისიების გადაწყვეტილებით კენჭისმყრა დასრულდა კანონით განსაზღვრულ (54.7 მუხ) ვადაზე უფრო გვიან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნების აღნიშნულმა ხარვეზმა რამდენიმე საარჩევნო უბანში გარკვეული დროით შეაფერხა საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის არჩევნების პროცედურა, თუმცა აღნიშნულის შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრის არჩევნების ბიულეტენები არ გაუქმებულა, ამასთანავე, მოსარჩელე ითხოვს საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის და არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას.

ცალკეული დარღვევების მიუხედავად ¹27 მცხეთის საარჩევნო ოლქში 02.06.02წ. ჩატარებული არჩევნების შედეგები ასახავს ამომრჩეველთა ნებას, საარჩევნო პროცესის ცალკეული დარღვევების ხასიათი არ იძლევა მოქალაქეთა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული საარჩევნო უფლების რეალიზაციის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს, დარღვევებს არ ჰქონდათ ისეთი ხასიათი, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, მით უფრო, რომ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის და მოსარჩელის მიერ მიღებული ხმების სხვაობა ბევრად აღემატება აღნიშნულ უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობას (105.14 მუხ) და არ შეცვლიდა არჩევნებში გამოვლენილ გამარჯვებულს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოსარჩელის სასარჩელო განცხადება ცსკოს მიმართ «2002წ. 1 ივნისის ¹6 სამგორის, ¹11 საგარეჯოს, ¹12 გურჯაანის, ¹27 მცხეთის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცების შესახებ» ცსკოს 08.06.02წ. ¹89/2002 განკარგულების იმ ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ, რომელიც ეხება ¹27 მცხეთის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქს, არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოსარჩელის _ კ. ბ-ურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს საქართველოს ცსკოს 08.06.02წ. ¹89/2002 განკარგულება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.