Facebook Twitter

3გ/ად-28-კ-02 8 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვანის რაიონის სოფ. ... მცხოვრები ს. ბ-შვილი გარდაიცვალა 1998 წლის 21 ივნისს, მისი მეუღლე მ. დ-შვილი კი 1999 წლის 14 თებერვალს. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ს. ბ-შვილმა ანდერძით ქონება დაუტოვა ძმისშვილს, კასატორ ა. ბ-შვილს, რომელმაც მიმართა ნოტარიუსს მემკვიდრეობის მოწმობის თაობაზე, მაგრამ ვინაიდან 1996 წლიდან ს. ბ-შვილის კომლში ჩაწერილი იყო მოწინააღმდეგე მხარე ა. ფ-ძე, ნოტარიუსმა არ გასცა მასზე სამკვიდრო მოწმობა, რის გამოც ა. ბ-შვილმა 1999 წლის 16 მარტს სარჩელით მიმართა ვანის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ს. ბ-შვილის ანდერძით დატოვებული ქონების მისთვის მიკუთვნება და ს. ბ-შვილის კომლში ა. ფ-ძის წევრად ჩაწერის გაუქმება. მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხე) ა. ფ-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა ა. ბ-შვილის მიმართ და მოითხოვა მის სახელზე შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა, ხოლო საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა ს. ს-შვილმა (ა. ფ-ძის დედამ) დააყენა მოთხოვნა ა. ბ-შვილის სადავო სახლზე მის მიერ მიშენებული 3 ოთახის მის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

1999 წლის 13 ივლისის ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ა. ბ-შვილისა და მესამე პირის – ს. ს-შვილის სარჩელი, ხოლო ა. ფ-ძის შეგებებულ სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რის შედეგადაც ს. ბ-შვილის კომლში ა. ფ-ძის წევრობა გაუქმდა; ს. ს-შვილს საკუთრებაში გადაეცა მიშენებული ოთახები; ხოლო ს. ბ-შვილის ანდერძი ძალაში დარჩა.

მოცემული საქმე მრავალგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ, საბოლოოდ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ივლისს დაკმაყოფილდა ა. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი და ახალი გადაწყვეტილებით, 1999 წლის 13 ივლისის ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლითაც ა. ბ-შვილის სარჩელს ს. ბ-შვილის კომლში ა. ფ-ძის კომლის წევრად ჩაწერის გაუქმებაზე უარი თქვა უსაფუძვლობისა და მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო, რაც უცვლელი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინებით.

2000 წლის 20 ნოემბერს განცხადებით მიმართა ა. ბ-შვილმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით: ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ფაქტს ეყრდნობა, რომ ა. ფ-ძე ამოწერილი იყო ვანიდან 1996 წლის მარტში, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებასაც წარმოადგენს ვანის რაიონის საკრებულოდან აღებული ცნობა, რომ ა. ფ-ძე 1987 წლიდან 1996 წლამდე ცხოვრობდა, მიწერილი და რეგისტრირებული იყო ... ქ. ვანში, ამასთან 1996 წლისათვის რაიონის, სოფლის საკრებულოებს (გამგეობებს) დამოუკიდებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვანის რაიონული განყოფილების საპასპორტო, სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის გვერდის ავლით არ ჰქონდათ უფლება ეწარმოებინათ გარეშე პირთა ჩაწერა კომლში. შსს რაიგანყოფილების უფროსის ოფიციალური თანხმობა კომლში ა. ფ-ძის ჩაწერაზე წარდგენილი არ ყოფილა, რაც კანონის დარღვევად, კერძოდ 1994 წლის ¹572 ბრძანების დარღვევად უნდა ყოფილიყო მიჩნეული. ამასთან, განცხადების ავტორი მიუთითებდა, რომ ა. ფ-ძე ს. ბ-შვილის კომლში ჩაწერილი ყოფილა, როგორც მეურვე, რაც მისთვის მხოლოდ ამ ეტაპზე გახდა ცნობილი. ა. ფ-ძის მეურვეობა ასევე კანონდარღვევით არის გაფორმებული, ყალბია, რადგან საქმეში არც სამეურვეო პირის _ ს. ბ-შვილის განცხადებაა მეურვეობის თაობაზე და არც შესაბამის სამეურვეო ორგანოს გააჩნია რაიმე მტკიცება. საქმის განხილვისას წარმოდგენილი იქნა აგრეთვე ვანის რაიონის სოფ. ... საკრებულოს გამგებლის ცნობები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ 1994 წლის სექტემბრიდან სოფლის საკრებულოს გამგეობებს აეკრძალათ მოქალაქის კომლში ჩაწერა-ამოწერა.

ამდენად, ზემოაღნიშნული საფუძვლებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის თანახმად, ა. ბ-შვილი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლების.

2001 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა ა. ბ-შვილის განცხალება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, შემდეგი მოტივით:

1. განცხადებაში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ა. ბ-შვილს წარმოდგენილი ცნობები შეეძლო გამოეთხოვა და წარედგინა სააპელაციო ინსტანციაში საქმის არსებითად განხილვის დროს;

2. განცხადების ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობები ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან თავის დროზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 4 ივლისს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატას ნამსჯელი აქვს და სამართლებრივი შეფასება მოცემული 1994 წლის 8 სექტემბრის ¹572 ბრძანებაზე, რომლის მოთხოვნების დაუცველობასაც უდებს საფუძვლად ა. ბ-შვილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-შვილმა და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 19 დეკემბრის განჩინების, 2000 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ან თბილისის საოლქო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად საქმის გადაგზავნა, შემდეგი საფუძვლით:

1. თავდაპირველად, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას იხილავდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: ფ. ბ.-ა და ო. შ.-ა, მათი განჩინება გააუქმა უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ და დააბრუნა საქმე ხელახლა განსახილველად უკვე ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში, სადაც განხილვაში კვლავ მიიღეს მონაწილეობა ფ. ბ.-ამ და ო. შ.-ამ, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლით დაუშვებელია;

2. სასამართლოს მიერ საქმის განხილვა არ ჩატარებულა 2001 წლის 19 დეკემბერს, როგორც ეს მითითებულია საქმის მასალებით, კერძოდ განჩინებით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შედგა 2001 წლის 12 დეკემბერს, სხდომის მდივანმა კი მას შემდეგ, რაც სასამართლო გავიდა სათათბირო ოთახში, შეგვატყობინა რომ გადაწყვეტილება გამოგვიცხადდებოდა ერთი კვირის შემდეგ, რაც საპროცესო ნორმათა დარღვევაა;

3. სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტი, კერძოდ: სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი;

4. ქუთაისის საოლქო სასამართლომ არასწორად და არასრულყოფილად შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ: ვანის რაიონული კომუნალური გაერთიანების ცნობა, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 4 აგვისტოს ¹572 დადგენილება და კიდევ ორ ათეულზე მეტი მტკიცებულებანი.

მოწინააღმდეგე მხარის – ს. ბ-შვილისა და ა. ფ-ძის წარმომადგენელი არ ცნობს ა. ბ-შვილის საკასაციო საჩივარს და უსაფუძვლობის მოტივით ითხოვს საკასაციო საჩივრისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ვინაიდან მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები არ წარმოადგენენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის I ნაწილის «ვ» პუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებებს და ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 19 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვებას.

ვანის რაიონის სოფ. ... საკრებულოს გამგებელი, რომელიც მისი დასწრების გარეშე საქმის განხილვას ითხოვდა, არ ეთანხმება ა. ბ-შვილის საკასაციო საჩივარს და ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 19 დეკემბრის განჩინების ძალაში დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი დარჩეს გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს სააპელაციო პალატის მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის დარღვევით განჩინების გამოტანის თაობაზე, რასაც კასატორი იმავდროულად უკავშირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტის დარღვევას. სახელდობრ, კასატორის აზრით, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული 2001 წლის 19 დეკემბრის განჩინება გამოტანილია სასამართლოს შემადგენლობის მიერ, რომელსაც მოსამართლე ფ. ბ.-ა თავმჯდომარეობდა, რომელიც უკვე ორგზის მონაწილეობდა აღიშნული საქმის განხილვაში.

ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი კრძალავს მოსამართლის მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ იგი ამ საქმესთან დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში (ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის მომზადება-გამოცემაში), ხოლო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობის დაუშვებლობა გაუქმდა 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონით (ცვლილებით), ამიტომ საკასაციო საჩივრის აღნიშნულ მოტივს საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, ვერ დააკმაყოფილებს და მიაჩნია, მითითებულ პროცესუალურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, საქმის წარმოების განახლების შესახებ კასატორის განცხადება მოსამართლე ფ. ბ.-ს თავმჯდომარეობით განიხილა სასამართლოს კანონიერმა შემადგენლობამ;

2. პოცესუალურად უმართებულოა ასევე სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმების საფუძვლად სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტის მითითებაც, რადგან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელიც კანონის თანახმად არაუფლებამოსილი იყო საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე. კასატორი კი აღნიშნული მოტივით, 422-ე მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე, ითხოვს არა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც სასარჩელო დავა არსებითად იქნა გადაწყვეტილი, არამედ სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის განჩინების ბათილობას, რომლითაც კასატორს უარი ეთქვა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც პროცესუალურად სრულიად განსხვავებული შემთხვევაა და ამგვარი განჩინების ბათილად ცნობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს;

3. საკასაციო პალატის აზრით, ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ა. ბ-შვილის საკასაციო საჩივრის დანარჩენი მოტივებიც და პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს განჩინებას საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან კასატორის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებულ გარემოებათა და მტკიცებულებათა ნაწილი ან ადრე უკვე იყო ცნობილი საქმის განმხილველი სააპელაციო და საკასაციო სასამართლოთათვის ან მტკიცებულება გაცემის თარიღის მიხედვით, მართალია, ახალია, მაგრამ სამართლებრივად იგივე შინაარსისაა, რაც უკვე განხილული მტკიცებულებები.

კერძოდ, ა. ბ-შვილმა განცხადებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის I ნაწილის «ვ» პუნქტის საფუძველზე, მოითხოვა საქმის წარმოების განახლება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა. ამგვარ გარემოებებად და მტკიცებულებებად კი მიუთითა:

ა) ვანის საკრებულოს 2000 წლის 20 ოქტომბრის ¹97 წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ ა. ფ-ძე 1987 წლიდან 2000 წლის 28 ივლისამდე მიწერილი, რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა ... ქ. ვანში, ამიტომ 1996 წლის 3 ივნისიდან მისი ჩაწერა სოფ. ..., აწ გარდაცვლილ ს. ბ-შვილის კომლში, უკანონო და ფიქტიური იყო;

ბ) ვანის შს რაიგანყოფილების უფროსის 2000 წლის 17 ნოემბრის ¹10/1994 წერილი, რომ შს სამინისტროს 1994 წლის ¹572 ბრძანების თანახმად, შს რაიგანყოფილების საპასპორტო, სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილების გვერდის ავლით საკრებულოებსა და გამგებლებს ეკრძალებოდათ კომლში გარეშე პირთა ჩაწერა;

გ) ვანის შს რაიგანყოფილების 2000 წლის 17 ნოემბრის ¹10/1993 წერილი, რომ ს. ბ-შვილის კომლში ა. ფ-ძის რეგისტრაცია შს რაიგანყოფილების ოფიციალური თანხმობის გარეშე განხორციელდა;

დ) კასატორისათვის 2000 წლის 13 ნოემბრის გახდა ცნობილი, რომ ა. ფ-ძე ს. ბ-შვილის კომლში ჩაწერილი იყო მეურვედ, რაც ყალბი და უკანონოა, ვინაიდან მეურვეობის შესახებ არც ს. ბ-შვილის განცხადება არსებობს და არც შესაბამისი ორგანოების დადგენილება.

საკასაციო პალატის აზრით, კასატორ ა. ბ-შვილის მიერ მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, სამართლებრივად, პროცესუალური თვალსაზრისით არ წარმოადგენენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის I ნაწილის «ვ» პუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რადგან აღნიშნულ მტკიცებულებათა დიდი ნაწილი წარმოდგენილი და ცნობილი იყო საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოებისათვის და მათი შესწავლა-გამოკვლევისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე იქნა მიღებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც, უსაფუძვლობისა და მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო, მოსარჩელე ა. ბ-შვილს უარი ეთქვა ს. ბ-შვილის კომლში ა. ფ-ძის კომლის წევრობის გაუქმებაზე, რაც უცვლელი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა საკასაციო პალატის 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინებით.

კერძოდ, ა. ფ-ძის ს. ბ-შვილის კომლში წევრად ჩაწერის არაკანონიერება და ფიქტიურობა წარმოადგენდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების უმთავრეს საფუძველს, ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული ქ. ვანის გამგებლის 2000 წლის 20 ოქტომბრის ზუსტად ¹97 წერილი საკასაციო ინსტანციაში წარმოდგენილი იყო და მსჯელობა-შეფასების საგანს წარმოადგენდა, მაგრამ საკასაციო პალატამ არ გაიზიარა იგი, ხოლო კომლში ა. ფ-ძის ჩაწერაზე ს. ბ-შვილის კომლის წევრის, მისი მეუღლის მ. დ-შვილის წერილობითი თანხმობის არარსებობა, სოფელ ვანის საკრებულოს 1999 წლის ივნისის ¹128 წერილით, ცნობილი იყო ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის, ვანის რაიონული სასამართლოსათვის.

ს. ბ-შვილის კომლში შს რაიგანყოფილების გვერდის ავლით, მისი ოფიციალური თანხმობის გარეშე, შს სამინისტროს 1994 წლის ¹572 ბრძანების გაუთვალისწინებლად ა. ფ-ძის ჩაწერის შესახებ, ვანის შს რაიგანყოფილების 1999 წლის 22 ივნისის ¹10/1332 წერილი ასევე ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის და იგივე შინაარსის 2000 წლის 9 ნოემბრის ¹10/1954 წერილი წარდგენილი იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის განხილვისას. ამასთან, კასატორის მოტივს სასამართლოს მიერ შს სამინისტროს 1993 წლის ¹572 ბრძანების გამოუყენებლობის თაობაზე, საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის «ვ» პუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან პროცესუალურად კანონის გამოუყენებლობა ან არასწორი გამოყენება არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» პუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები, მაგრამ სამართლებრივად არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას.

კასატორი ა. ბ-შვილი ახლად აღმოჩენილ გარმოებად უთითებს ასევე იმ გარემოებას, რომ ა. ფ-ძე ს. ბ-შვილის კომლში მეურვედ ყოფილა ჩაწერილი, თავად ს. ბ-შვილის განცხადებისა და კომპეტენტური ორგანოს დადგენილების გარეშე, რაც კასატორისათვის თითქოს ახლა გახდა ცნობილი, მაგრამ საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოტივს და მტკიცებულებას ახლად აღმოჩენილ გარემოებად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან ა. ფ-ძის მეურვეობის შესახებ მითითებულია სოფ. ... საკრებულოს გამგებლის 2000 წლის 9 ნოემბრის ¹219 ცნობაში, რომელიც საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას იქნა წარმოდგენილი და ამდენად, მისთვის ცნობილი იყო.

ა. ბ-შვილის მითითებას ს. ბ-შვილის კომლში ა. ფ-ძის მეურვედ ჩაწერის უკანონობასა და სიყალბეზე, საკასაციო პალატა ახლად აღმოჩენილ გარემოებად ასევე ვერ მიიჩნევდეს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული სიყალბე დადასტურებული უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ყოფილა წარმოდგენილი არარსებობის გამო.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ა. ბ-შვილის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული გარემოება - მტკიცებულებები სამართლებრივად არ წარმოადგენენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის I ნაწილის «ვ» პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებს, რადგან აღნიშნული მტკიცებულებები და გარემოებები წარდგენილი და ცნობილი იყო საქმის არსებითად განხილვის დროს, სასამართლოს მსჯელობა-შეფასების საგანს წარმოადგენენ, მაგრამ არ იქნენ გაზიარებული სააპელაციო და საკასაციო სასამართლოთა მიერ; მათ წარმოდგენამ ა. ბ-შვილისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანა ვერ გამოიწვია და ა. ბ-შვილის მოთხოვნას დაუსაბუთებლობის მოტივით უარი ეთქვა ა. ფ-ძის კომლში ჩაწერის გაუქმებაზე. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის განჩინებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის «ვ» პუნქტის სწორი განმარტებით მართებული შეფასება მისცა განცხადებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებულ გარემოება-მტკიცებულებებს, განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს, ხოლო ა. ბ-შვილს უსაფუძვლობის მოტივით უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, მე-7, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის I ნაწილის «ვ» პუნქტით, 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.