Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-28-კს-02 26 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღება მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ქუთაისის ...ის ფაბრიკის აქციონერთა სახელით რ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა ნულოვანი აუქციონის შედეგების გაუქმება და ქ. ქუთაისის ...ის ფაბრიკის ქონების სრულად გამოსყიდვის უფლების აქციონერებისათვის მინიჭება, ხოლო ნულოვანი აუქციონის შედეგების გაუქმების შეუძლებლობის შემთხვევაში ...ის ფაბრიკის აქციონერთა მიერ გადახდილი 1933497 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 5 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა გადაედო მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე იმ საფუძვლით, რომ ქ. ქუთაისის ...ის ფაბრიკის აქციონერები მძიმე ფინანსურ და ეკონომიურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილ ვადაში კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ.

კერძო საჩივარში აღნიშნული იყო, რომ, ვინაიდან მოსარჩელე სახელმწიფოსაგან ითხოვდა სოლიდურ თანხას, სასამართლო კოლეგიას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე საქმე არ უნდა მიეღო წარმოებაში და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის გადადებაზე განჩინება არ უნდა გამოეტანა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინება სამართლებრივად არ იყო დასაბუთებული და იგი ემყარებოდა აქციონერთა სიტყვიერი განცხადებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 5 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღება, რომლითაც საქმის წარმოება შეჩერდება მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის _ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდამდე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 აპრილის განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები არიან ფიზიკური პირები _ ქუთაისის ...ის ფაბრიკის აქციონერები. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ დააბრკოლებს საქმის განხილვასა და გადაწყვეტას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის გადავადების შესახებ საოლქო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება კანონს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად გაითვალისწინა მოსარჩელე ქ. ქუთაისის ...ის ფაბრიკის აქციონერთა მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა გადაუდო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილია და საკასაციო სასამართლოც იზიარებს იმ ფაქტს, რომ ქ. ქუთაისის ...ის ფაბრიკის აქციონერები ძირითადად მიეკუთვნებიან მუშათა კატეგორიას და სხვა სამუშაო არ გააჩნიათ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის გამოყენებით სასამართლო კოლეგიამ 2002წ. 5 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა გადაუდო მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 5 თებერვლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.