Facebook Twitter

3გ-ად-29-კ-ს-02 23 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე (მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: სარჩელის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს «მ.»-ის დამფუძნებელმა _ ლ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების _ აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ა. ა-ის, ... ქარხნის დირექტორის თ. ბ-ის, აჭარის კონტროლის პალატის მთავარი ინსპექტორის გ. ქ-ის, აჭარის ყოფილი პროკურორის გ. ა-ის, აჭარის ტელემაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის თ. ბ-ის და გაზეთ «ა-ის» რედაქტორის ნ. ზ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და დანაშაულებრივი ქმედებით შპს «მ.»-ისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 26.03.01.წ. განჩინებით შპს «მ.»-ის დამფუძნებელ ლ. ქ-ეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, ვინაიდან სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას და დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლება საქმის წარმოებაზე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ქ-ემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება. აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს 23.01.02.წ. განჩინება ლ. ქ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ კერძო საჩივარი არ არის დასაბუთებული, ფაქტიურად იმეორებს სარჩელის შინაარსს და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით თუ ამ კოდექსისთ სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის I ნაწილის «ა» და «ზ» ქვეპუნქტების მიხედვით მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას და დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა პირმა, რომელსაც არ აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე. შპს «მ.»-ის დამფუძნებელ ლ. ქ-ე თავის სასარჩელო განცხადებაში ითხოვს მოპასუხეების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, რაც სასამართლო კომპეტენციას არ განეკუთვნება. აღნიშნული მოთხოვნით მოსარჩელემ უნდა მიმართოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც არიან უფლებამოსილი განიხილონ მოპასუხეების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი. «მეწარმეთა შესახებ» საქრთველოს კანონის 9-ე მუხლის 1 და 4 პუნქტების მიხედვით მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში საზოგადოებას წარმოადგენს დირექტორი, ვინაიდან ლ. ქ-ე არის შპს «მ.»-ის დამფუძნებელი და არა დირექტორი, მართებულია 26.03.01წ. განჩინებაში კოლეგიის მითითება იმის შესახებ, რომ ლ. ქ-ე არ არის უფლებამოსილი შპს «მ.»-ის სახელით სპეციალური მინდობილობის გარეშე აღძრას სარჩელი სასამართლოში.

ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო განცხადება შეტანილია არა მხოლოდ შპს “მ.”_ის სახელით, არამედ ლ. ქ-ის სახელითაც. ლ. ქ-ის მიერ 26.03.01წ. განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის თანდართულ მასალებში წარმოდგენილ იქნა შპს “მ.”_ის ბრძანების და 04.12.99წ. გენერალური მინდობილობის ასლები ლ. ქ-ისათვის საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, რომელიც კოლეგიის მიერ არ იქნა შეფასებული. გარდა ამისა, სასარჩელო მოთხოვნა ეხება არა მხოლოდ მოპასუხეთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, არამედ მოწოდებული საქონლის აუნაზღაურებელი ღირებულების, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. მიუხედავად ამისა, აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლგია 26.03.01წ. და 23.01.02წ. განჩინებებით არ იქონია მსჯელობა სასარჩელო განცხადების მითითებულ ასპექტებზე, სარჩელის ამ ნაწილში წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველზე. 23.01.02წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი საერთოდ არ შეიცავს მითითებას კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ ხელმეორედ უნდა იქონიოს მსჯელობა სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ქ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 26.03.01.წ. და 23.01.02წ. განჩინებები.

2. საქმის მასალები სარჩელის წარმოების მიღების საკითხის გადასაწყვეტად გაეგზავნოს აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.