Facebook Twitter

ცსკოს განკარგულება

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ-ად-30-02 14 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ბ. კობერიძე

მსაჯულები: ს. გამრეკელი,

ვ. მგელაძე

განიხილა ¹30-01 კასპის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული გამგებლობის კანდიდატ გ. გ-ის სარჩელი მოპასუხე ცსკოს მიმართ ცსკოს 2002წ. 10 ივნისის ¹108/2002 განკარგულების გაუქმების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 12 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართა ¹30-01 კასპის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული გამგებლობის კანდიდატმა გ. გ-ემ მოპასუხე საქართველოს ცსკოს მიმართ.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მონაწილეობას იღებდა 2002წ. 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და კენჭს იყრიდა ¹30-01 კასპის საარჩევნო ოლქში ქ. კასპის გამგებლად. საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით 2053 ხმით იგი აირჩა ქალაქის გამგებლად.

მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2002წ. 10 ივნისს ცსკომ გამოსცა ¹108\2002 განკარგულება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ¹30 კასპის საარჩევნო ოლქის ¹1, ¹2, ¹3, ¹4, ¹5 და ¹6 საარჩევნო უბნებში 2002წ. 2 ივნისს ჩატარებული კასპის გამგებლის არჩევნების კენჭისყრის შედეგები და ამ უბნებში განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა 2002წ. 16 ივნისს.

სარჩელში მითითებულია, რომ არჩევნების დღეს, 2002წ. 2 ივნისს, კასპის არც ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის ან ხმის დათვლის პროცედურის დარღვევები არ დაფიქსირებულა. ექვსი უბნიდან არც ერთ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ მიუღია დარღვევის შესახებ ოქმი.

2002წ. 3 ივნისს საოლქო საარჩევნო კომისიას წარედგინა ¹1, ¹2 და ¹3 საუბნო საარჩევნო კომისიებში მომუშავე ლეიბორისტული პარტიის მიერ წარდგენილი კომისიის წევრების და მათი წარმომადგენლების მიერ შედგენილი დარღვევის ოქმები, რომლებიც შედგენილი იყო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-5 პუნქტების დარღვევით. არც ერთ ოქმში არ არის დაფიქსირებული ოქმის შემდგენის გვარი, სახელი, მისამართი, კონკრეტული დამრღვევი პირის გვარი, სახელი, დარღვევის არსი, მისი ჩადენის დრო, მოწმის გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი და სხვა. ამასთან, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლების მიერ შედგენილ დარღვევის ოქმებში «კომისიის წევრების» გრაფის გასწვრივ ხელს აწერენ სხვადასხვა კანდიდატის თუ პარტიის წარმომადგენლები, თავად კანდიდატები, რაც კანონის მოთხოვნის დარღვევაა და იმაზე მიუთითებს, რომ ოქმები კენჭისყრის შემდეგ შედგა. აღნიშნულ ოქმზე ხელს არ აწერს კომისიის არც ერთი წევრი.

¹30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2002წ. 4 ივნისის სხდომაზე განიხილა მიღებული საჩივრები და არ დააკმაყოფილა ისინი, რადგანაც ¹1, ¹3 და ¹4 საუბნო საარჩევნო კომისიის სრულმა შემადგენლობამ, იქ მყოფმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა («ედპ», «ახალი მემარჯვენეები», «მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს») კატეგორიულად უარყვეს ოქმებში დაფიქსირებული დარღვევები, რის გამოც საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა უსაფუძვლო საჩივრები.

2002წ. 6 ივნისს ცსკოს საჩივრით მიმართა ¹30 კასპის საარჩევნო ოლქის ქ. კასპის გამგებლობის კანდიდატმა გ. მ-მა, რომელმაც საჩივარში აღნიშნა, რომ ქ. კასპის ¹30-01 საარჩევნო ოლქის ექვს უბანზე დაირღვა კენჭისყრის პროცედურა და აღნიშნულის დამადასტურებლად წარადგინა შპს «კ.» მიერ გაცემული ორი ცნობა მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილიდან და ¹1 საარჩევნო უბანზე 2002წ. 2 ივნისს შედგენილი დარღვევის ოქმი.

მოსარჩელის განმარტებით, ცსკომ 2002წ. 10 ივნისის სხდომაზე მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ მასალებზე დაყრდნობით გააუქმა კასპის ¹30-01 საარჩევნო ოლქის ექვსი უბნის კენჭისყრის შედეგები.

მოსარჩელე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ზ. მ-ის საჩივარი ცსკომ განიხილა და განკარგულება გამოსცა 2002წ. 10 ივნისს, მაშინ, როდესაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საჩივარი უნდა განეხილა 3 დღის ვადაში, ე.ი. 9 ივნისამდე.

მოსარჩელის განმარტებით, ცსკოს 2002წ. 10 ივნისის ¹108\2002 განკარგულება ტენდენციური და უკანონო რომ არის, დასტურდება შემდეგი გარემოებებით:

1. თუ დაირღვა კენჭისყრის ან ხმის დათვლის პროცედურა, დარღვევებს ერთდროულად უნდა ემოქმედა როგორც საკრებულოს, ისე გამგებლის არჩევნების შედეგებზე. საკრებულოს არჩევნების შედეგები ჩაითვალა კანონიერად, ხოლო გამგებლის არჩევნების შედეგები _ უკანონოდ.

2. თუ მოხდა დარღვევა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გ. მ-ის წარმომადგენლების მიერ დარღვევის ოქმი ან საჩივარი უნდა გაფორმებულიყო საარჩევნო უბნებზე და გადასცემოდა საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეაგირებისათვის, რაც არ მომხდარა.

3. მომხდარი დარღვევის შესახებ გ. მ-ის წარმომადგენელმა კანონის შესაბამისად არ აცნობა საოლქო საარჩევნო კომისიას.

4. ცსკომ არასწორად უგულებელყო ¹30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 4 ივნისის ¹5 ოქმი საჩივრების განხილვის შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ცსკოს 2002წ. 10 ივნისის სხდომის ოქმისა და 2002წ. 10 ივნისის ¹108\2002 გაკარგულების გაუქმებას.

მოპასუხე ცსკოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ. კასპის გამგებლის არჩევნები ჩატარდა საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევებით და ცსკოს 2002წ. 10 ივნისის ¹108\2002 განკარგულება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებთან.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა: ი. ა-მა, ლ. თ-მა, ლ. გ-მა, მ. ხ-ემ, ო. მ-ემ, ლ. ს-მა, გ. დ-ემ, მ. ზ-ემ დაადასტურეს, რომ ¹30-01 კასპის საარჩევნო ოლქის ¹1, ¹2, ¹3, ¹4, ¹5, ¹6 საარჩევნო უბნებში 2002წ. 2 ივნისის კასპის გამგებლის არჩევნები ჩატარდა ყოველგვარი დარღვევის გარეშე, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

მოპასუხე ცსკოს წარმომადგენლის ინიციატივით დაბარებულმა მოწმეებმა: ლ. ბ-მა, ნ. გ-მა, ლ. ბ-მა, მ. ნ-მა, ლ. ზ-მა, განმარტეს, რომ კასპის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის _ საკრებულოს, გამგებლის არჩევნები ჩატარდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კერძოდ, ადგილი ჰქონდა გაყალბების ფაქტებს, რის შესახებაც დაიწერა საჩივრები და შედგა ოქმები.

სამოტივაციო ნაწილი:

ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა და მოწმეთა განმარტებებს, შეამოწმა წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები და დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2002წ. 2 ივნისს ¹30-01 კასპის საარჩევნო ოლქში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს, გამგებლის არჩევნები.

¹30-01 კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით ქალაქის გამგებლად აირჩა გ. გ-ე.

2002წ. 6 ივნისს ¹30-01 კასპის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულმა ქ. კასპის გამგებლობის კანდიდატმა გ. მ-მა საჩივრით მიმართა ცსკოს და ითხოვა ¹30-01 კასპის საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ არჩევნები ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევებით, კერძოდ, არჩევნების პროცესში ადგილი ჰქონდა გაყალბების ფაქტებს.

ცსკომ 2002წ. 10 ივნისის სხდომაზე განიხილა გ. მ-ის საჩივარი, თანდართული მასალა და განხილვის შემდეგ გამოსცა ¹108\2002 განკარგულება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ¹30 ქალაქ კასპის საარჩევნო ოლქის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 საარჩევნო უბნებში 2002წ. 2 ივნისს ჩატარებული კასპის გამგებლის არჩევნების კენჭისყრის შედეგები და აღნიშნულ საარჩევნო უბნებში კასპის გამგებლის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა 2002წ. 16 ივნისს.

აღნიშნული განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა ¹30-01 კასპის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული გამგებლობის კანდიდატმა გ. გ-ემ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებში წარმოდგენილი ¹30 კასპის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული გამგებლობის კანდიდატ გ. მ-ის საჩივარში მითითებულია ¹30 კასპის საარჩევნო ოლქის ¹1 საარჩევნო უბანზე მომხდარი დარღვევის შესახებ. საჩივრის ავტორი ¹30 კასპის საარჩევნო ოლქის დანარჩენ უბნებზე კონკრეტული დარღვევების შესახებ არ მიუთითებს და ზოგადად აღნიშნავს, რომ თითქმის ექვსივე საარჩევნო უბანზე დაირღვა კანონი, კერძოდ, ადგილი ჰქონდა საარჩევნო სიების ხელოვნურად გაზრდას გარდაცვლილებისა და არასრულწლოვნების მეშვეობით.

საქმის მასალებში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების (ქ. კასპის ¹30-01 საარჩევნო ოლქის კომისიის წევრის, ე. დ-ის, მიერ 2002წ. 6 ივნისს შედგენილი საჩივარი და კასპის ¹30-01 საარჩევნო ოლქის ¹1 საარჩევნო უბანზე 2002წ. 2 ივნისს 22 საათსა და 35 წუთზე მომხდარი დარღვევის შესახებ 2002წ. 3 ივნისს 16 საათსა და 30 წუთზე შედგენილი ¹1 ოქმი) შემოწმებისა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებების მოსმენის შემდეგ სასამართლო შემადგენლობა დადგენილად თვლის იმ ფაქტს, რომ კასპის ¹30\01 საარჩევნო ოლქის ¹1 საარჩევნო უბანზე 2002წ. 2 ივნისს მოხდა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევა, რაც იმ უბანზე არჩევნების კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საფუძველია.

ამდენად, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა თვლის, რომ ცსკომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 124-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სწორად ცნო ბათილად არჩევნების კენჭისყრის შედეგი კასპის ¹30-01 საარჩევნო ოლქის ¹1 საარჩევნო უბანზე და სწორად დანიშნა განმეორებითი კენჭისყრა.

რაც შეეხება იმავე საარჩევნო ოლქის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 საარჩევნო უბნებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას, სასამართლო შემადგენლობა ვერ გაიზიარებს, რადგანაც საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ, საჩივრები, ოქმები და ვერც მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა განმარტებებით დადგინდა აღნიშნულ საარჩევნო უბნებში საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევის ფაქტები.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო შემადგენლობა თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სარეზოლუციო ნაწილი:

ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ¹30-01 კასპის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული გამგებლის კანდიდატ გ. გ-ის სარჩელი.

2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ცსკოს 2002წ. 10 ივნისის ¹108/2002 განკარგულება, კერძოდ, ¹30 ქ. კასპის საარჩევნო ოლქის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 საარჩევნო უბნებში 2002წ. 2 ივნისს ჩატარებული კასპის გამგებლის არჩევნების კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ¹30 ქ. კასპის საარჩევნო ოლქის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 საარჩევნო უბნებში კასპის გამგებლის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის 2002წ. 16 ივნისს დანიშვნის ნაწილში.

3. ცსკოს 2002წ. 10 ივნისის ¹108/2002 განკარგულება ¹30 ქ. კასპის საარჩევნო ოლქის ¹1 საარჩევნო უბანში 2002წ. 2 ივნისს ჩატარებული კასპის გამგებლის არჩევნების კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ¹30 ქ. კასპის საარჩევნო ოლქის ¹1 უბანში კასპის გამგებლის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის 2002წ. 16 ივნისს დანიშვნის ნაწილში დარჩეს ძალაში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.