Facebook Twitter

3გ-ად-30-კ-ს-02 6 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: სარჩელის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2000 წლის 25 აპრილს შპს «... ინსტიტუტის» რექტორმა ჰ. რ-მ მოპასუხეების: ამავე ინსტიტუტის სტუდენტების, სამტრედიის ¹... პროფსასწავლებლის, სამტრედიის პოლიციის და სხვათა მიმართ სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში ინსტიტუტისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, საიდანაც საქმე აცილების წესით აბაშის რაიონულ სასამართლოს გადაეცა. ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 360 250 აშშ დოლარს შეადგენდა, განსჯადობით განსახილველად საქმე საბოლოოდ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეს ხარვეზის შესავსებად ვადა მიეცა და განემარტა, რომ სარჩელის შეტანისას მის მიერ დაცული არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლების მოთხოვნები, გადახდილი არ იყო ასევე სახელმწიფო ბაჟი. ამავე სასამართლოს 2002 წლის 16 იანვრის განჩინებით კი ინსტიტუტის რექტორის ჰ. რ-ს სარჩელი უმოძრაოდ იქნა დატოვებული, რადგან მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხადა.

აღნიშნული განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რაც საოლქო სასამართლომ დაუშვებლად და დაუსაბუთებლად მიიჩნია და განსახილველად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა. საოლქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ გაუშვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი კერძო საჩივრის წარდგენის 12 დღიანი ვადა, ამასთან არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ჰ. რ-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 16 იანვრისა და 4 აპრილის განჩინებები და საქმე სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ საკითხის გადასაწყვეტად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, «გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი». ამავე მუხლის თანახმად, თუ ადგილი აქვს რომელიმე ამ მოთხოვნის დარღვვას, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლო აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.

ვინაიდან ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2002 წლის 16 იანვრის განჩინებით ინსტიტუტის რექტორს ჰ. რ-ს კანონით დადგენილი წესით არ განუმარტა ორგანო, სადაც შეიძლებოდა განჩინების გასაჩივრება, ამ ორგანოს ადგილმდებარეობა, ასევე განჩინების გასაჩივრების წესი, ამდენად, ინსტიტუტის რექტორს კერძო საჩივრის წარდგენის ვადა არ გაუშვია, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მისი კერძო საჩივარი დასაშვებია.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ინსტიტუტის რექტორის ჰ. რ-ს კერძო საჩივრის განხილვისას, საოლქო სასამართლომ მსჯელობა უნდა იქონიოს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან გაწილვადების, ასევე სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესაძლებლობაზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით უშვებს ხარჯების გადახდის გადადებას ან გაწილვადებას, ასევე სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირებას. მხარის აღნიშნული მდგომარეობა საქმის მასალებიდანაც ნათლად ჩანს, თუმცა სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მას მისი შეჭირვებული ქონებრივი მდგომარეობის დამამტკიცებელი დამატებითი დოკუმენტები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს «... ინსტიტუტის» რექტორის ჰ. რ-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «... ინსტიტუტის» რექტორის ჰ. რ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 16 იანვრისა და 4 აპრილის განჩინებები და საქმე სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ საკითხის გადასაწყვეტად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.