3გ/ად-31ა-კ-02 12 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულშ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტისაგან დაწყებული გზის მშენებლობის დამთავრების მოთხოვნა იმდროინდელი მანეთის შესაბამისი ლარის კურსის ფარგლებში.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 6 დეკემბერს ... კავშირმა სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს საქართველოს გზების სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ და მიუთითა, რომ საქართველოს ... კავშირის გამგეობის წევრმა და კავშირის თავმჯდომარის მოადგილე _ ე. ჩ-ძემ 1989 წელს ხარაგაულის რაიონში ორი გზის გაყვანის თაობაზე შექმნა ორი პროექტი, პირველი _ ...-ის შვიდკილომეტრიანი გზის მოწყობა, რომელიც 700 000 მანეთი ჯდებოდა და, მეორე _ ხარაგაულის რაიონში, სოფ. ...-ში სამკილომეტრიანი ახალი გზის გაყვანა, რომელიც 200 000 მანეთის ღირებულების იყო. აღნიშნული ორივე პროექტი შემოწირულობების ხარჯზე ... კავშირის მიერ იყო დაფინანსებული და ყველა სამუშაოც მისი სახელით ხორციელდებოდა. ამასთან, მოზიდული თანხების დეპარტამენტის ანაგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, ხაშურის მეხუთე საგზაო სამმართველოსთან ერთად ... ვეტერანებმა და სტუდენტურმა ჯგუფმა გარკვეული სამუშაოები შეასრულეს, სამუშაოს საბოლოოდ დასრულება კი ხაშურის მეხუთე საგზაო სამმართველოს დაევალა. 1990 წლისათვის ...-ის გზის მშენებლობის 10%-ი, ხოლო სოფ. ...-ში შესრულებული სამუშაოების 50%-ი იყო დასრულებული, თუმცა შემდგომში, რაჭა-იმერეთის რაიონებში მომხდარი მიწისძვრის გამო, მითითებული გზების მშენებლობა შეჩერდა. ... კავშირის გამგეობის წევრის ე. ჩ-ძის არაერთი მიმართვის შედეგად, საგზაო დეპარტამენტმა თანხმობა განაცხადა მითითებული ორი გზიდან ერთერთის _ ხაშურის რაიონში, სოფ. ...-ში გათვალისწინებული გზის მშენებლობაზე, თუმცა სოფ. ...-ში საგზაო მაგისტრალის მშენებლობა არ გაგრძელებულა. ამასთან, საგზაო დეპარტამენტმა არაერთხელ აცნობა მოსარჩელე მხარეს, რომ ბიუჯეტში თანხების სიმცირის გამო პროექტით გათვალისწინებული გზის მშენებლობა ვერ გაგრძელდებოდა და დროებით შეჩერებული იყო. დეპარტამენტი აქვე დაამატებდა, რომ შემოსავლების გაზრდის შემთხვევაში, მათ მიერ განხილულ იქნებოდა გზების მშენებლობის დასრულებისათვის დოტაციის გამოყოფის საკითხი, რაც, მოსარჩელის აზრით, მოპასუხის მხრიდან თანხმობას ნიშნავდა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხე საგზაო დეპარტამენტისაგან ხარაგაულის რაიონის სოფ. ...-ის სამკილომეტრიანი გზის მშენებლობის დამთავრება მოითხოვა იმდროინდელი 150 000 მანეთის შესაბამისი ლარის კურსის ფარგლებში.
მოპასუხე _ საგზაო დეპარტამენტმა მის მიერ წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ სოფ. ...-ის გზის მშენებლობას აწარმოებდა ¹5 საგზაო-სამშენებლო სარემონტო სამმართველო (ამჟამად, შპს «გ.-ი»), რომელიც ხაშურის რ-ის სოფ. ო.-ში მდებარეობდა. მოპასუხის თქმით, მითითებული გზა ადგილობრივი მნიშვნელობის გზას განეკუთვნებოდა და მისი დაფინანსება რაიონიდან ამოღებული თანხებით უნდა მომხდარიყო. ამრიგად, მოპასუხის მოსაზრებით, საქართველოს საგზაო დეპარტამენტი არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ ორივე გზის ოფიციალური დამკვეთი «ქ.-ზა» იყო, ხოლო შემსრულებელი _ შპს «გ.-ი». ხელშეკრულებაც «ქ.-ზასა» და შპს «.-ს» შორის იყო გაფორმებული, ამდენად რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მხარეები არასათანადო მოსარჩელესა და არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდნენ და რადგან ე. ჩ-ძემ უარი განაცხადა სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე, სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... კავშირმა და მიუთითა, რომ სარჩელში ნახსენები გზების მშენებლობის დამკვეთიცა და დამფინანსებელიც ... კავშირი იყო, ამდენად, სასამართლოს მიერ მისი არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევა უსაფუძვლო იყო. მოსარჩელემ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
2001 წლის 28 სექტემბერს მოპასუხე საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა სასამართლოში სააპელაციო საჩივარზე პასუხი წარადგინა და მიუთითა, რომ იგი არასათანადო მოპასუხე იყო და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მართებულად ეთქვა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამასთან, საგზაო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ სარჩელი შეტანილ უნდა ყოფილიყო მოპასუხის («გ.-ის») ადგილმდებარეობის მიხედვით, ხაშურის რაიონის სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ... კავშირის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამრთლოს გადაწყვეტილება და საგზაო დეპარტამენტს ხარაგაულის რაიონის სოფ. ...-ში დაწყებული გზის მშენებლობის დასრულება დაევალა.
საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხედ მიჩნეული «ქ.-ა» ლიკვიდირებული იყო და მის უფლებამონაცვლეს საქართველოს საგზაო დეპარტამენტი წარმოადგენდა, რომელსაც საქართველოს გზების მოვლა-პატრონობა, მათი მართვა და სრულყოფა ევალებოდა, ამდენად, სწორად მას უნდა დავალებოდა დაწყებული გზის მშენებლობის დასრულება. ამასთან, საოლქო სასამრთლომ მიუთითა, რომ საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ თანხების არსებობის შემთხვევაში სადავო გზის მშენებლობის დასრულებაზე თანხმობა მიჩნეულ უნდა ყოფილიყო მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებად.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა და მიუთითა, რომ სადავო გზების მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულება დადებული იყო «ქ.-სა» და შპს «.-ს» შორის, ამრიგად მოსარჩელე ვეტერანთა კავშირი და მოპასუხე საქართველოს საგზაო დეპარტამენტი საქმეში სათანადო მხარეებს არ წარმოადგენდნენ. ამას გარდა, კასატორის თქმით, ... კავშირი მოსარჩელე რომც ყოფილიყო, მას გაშვებული ჰქონდა სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდზმულობის სამწლიანი ვადა, რადგან, მართალია, გაკოტრებული «ქ.-ის» უფლებამონაცვლე საგზაო დეპარტამენტი იყო, მაგრამ დაინტერესებულ პირებს სალიკვიდაციო კომისიისათვის მოთხოვნების წაყენების უფლება მისი ლიკვიდაციის დღიდან 1 თვის განმავლობაში ჰქონდათ. ... კავშირს კი 1993 წლიდან (ლიკვიდაციის თარიღი) 1999 წლამდე საგზაო დეპარტამენტისათვის არ მიუმართავს და სოფ. ...-ში დაწყებული გზის მშენებლობის საკითხით არ დაინტერესებულა.
ამასთან, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიუთითებს, რომ მას არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია, არც ვალდებულებები აუღია ვეტერანთა კავშირის წინაშე და მისი მხრიდან ვალის აღიარებას ადგილი არ ჰქონია. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს საგზაო დეპარტამენტმა საოლქო სასამართლოს 2001 წლის 5 ნოემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ... საქართველოს კავშირის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მიუხედავად იმისა, რომ დავა 1989-1990 წლებში წარმოშობილ ურთიერთობებს შეეხებოდა, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებზე, მაშინ როდესაც იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, «სასარჩელო ხანდაზმულობა სასამართლოს მიერ გამოყენებული უნდა იქნეს მხარეთა განცხადების დამოუკიდებლად», ხოლო ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, «სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.» საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1990 წლისათვის შესრულებული იყო ხარაგაულის რაიონის სოფ. ...-ის სამკილომეტრიანი გზის სამუშაოების 50%, თუმცა, ამ პერიოდში რაჭა-იმერეთის რეგიონებში მომხდარი მიწისძვრის გამო, მითითებული გზის მშენებლობა არ გაგრძელებულა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2000 წლის 6 დეკემბრამდე სარჩელი სასამართლოში არ შეუტანია. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად «საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაციების, კოლმეურნეობებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთშორის სარჩელებისათვის _ ერთი წლით.» ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე ... საქართველოს კავშირის სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3 ... კავშირის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.