Facebook Twitter

¹ 3გ/ად-31-კს-02 10 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: სარჩელის წარმოებაში მიღება; გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 22 დეკემბერს გამართულმა “ს.-ის” IV ყრილობამ ცვლილებები შეიტანა კავშირის წესდებაში, რაც «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრირებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის 16 იანვრის ¹22 ბრძანებით.

2002 წლის 23 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ოთხმა ფიზიკურმა პირმა: ვ. ა-იამ, თ. ზ-ელმა, გ. კ-იამ და ა. გ-ძემ მოპასუხე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა:

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ს.-ის” ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის 16 იანვრის ¹22 ბრძანების ბათილად ცნობა;

2. «ს.-ის" აღმასრულებელი ორგანოს (საორგანიზაციო კომიტეტის) მიერ წესდებაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესაბამისად მიღებული ყველა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

2002 წლის 25 აპრილს მოსარჩელე ფიზიკურმა პირებმა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოითხოვეს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის 16 იანვრის ¹22 ბრძანების მოქმედების შეჩერება დავის გადაწყვეტამდე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002 წლის 29 აპრილის განჩინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ" პუნქტის გათვალისწინებით, განსახილველად წარმოებაში მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის 16 იანვრის ¹22 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის ნაწილი, ხოლო «ს.-ის” აღმასრულებელი ორგანოს მიერ წესდებაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესაბამისად მიღებული ყველა გადაწყვეტილების ბათილობის ნაწილში სარჩელს წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა" პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან სარჩელის აღნიშნული ნაწილი სასამართლო უწყებას განსახილველად არ ექვემდებარება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ვ" პუნქტის თანახმად, სასამართლო კოლეგიამ იმავდროულად დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა დავის გადაწყვეტამდე სადავო ადმინისტრაციული აქტის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის 16 იანვრის ¹22 ბრძანების მოქმედების შეჩერებაზე.

ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება ეხებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება «ს.-ის" ინტერესებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ მესამე პირის სტატუსით საქმის განხილვაში ჩააბა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება «ს.-ი".

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 29 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა “ს.-ის” საორგანიზაციო კომიტეტმა და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი მოტივით:

1. ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება და სარჩელის შეტანა დავის გადაწყვეტამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერების იურიდიული საფუძველია, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ფიზიკური პირების მიერ წარდგენილი სარჩელის განსახილველად წარმოებაში მიღების კანონიერებას და თავად სარჩელის დასაშვებობას, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიაჩნია, რომ მოსარჩელე ფიზიკური პირები სასამართლოს არასათანადო მოსარჩელეებად უნდა ეცნო და სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიეღო;

2. სარჩელი დაუშვებელია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ" პუნქტის თანახმად, ექვემდებარება წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას, ვინაიდან დაინტერესებული პირის _ «ს.-ის" სახელით შეტანილია იმ პირთა მიერ _ ვ. ა-ია, თ. ზ-ელი, გ. კ-ია, ა. გ-ძე, რომელთაც არა აქვთ უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე;

3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის «დ" პუნქტის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის დავის გადაწყვეტამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ¹22 ბრძანების მოქმედების შეჩერებას, რადგან პარტიის წესდებაში ცვლილებების რეგისტრაცია დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება და უკვე დაუყოვნებლივ აღსრულებულიც არის;

4. დავის გადაწყვეტამდე ¹22 ბრძანების მოქმედების შეჩერება კერძო საჩივრის ავტორს უმართებულოდ მიაჩნია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე" პუნქტის თანახმად, ვინაიდან ამგვარი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება კანონით გათვალისწინებული არ არის. სახელდობრ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის სადავო ¹22 ბრძანებით, დარეგისტრირდა «ს.-ის" IV ყრილობაზე წესდებაში შეტანილი ცვლილებები, რაც იმავე წესით ხორციელდება, როგორც თავად პარტიის რეგისტრაცია. «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულია მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს მიერ პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმის სასამართლოში გასაჩივრება ერთ თვის ვადაში, რაც მარტოოდენ პარტიის კომპეტენციაა და რეგისტრაციის სხვა პირთა მიერ გასაჩივრება ან გასაჩივრების სხვა შემთხვევა ზემოაღნიშნული ორგანული კანონით გათვალისწინებული არ არის;

5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება 2002 წლის 2 ივნისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (საკრებულოების) არჩევნების დანიშვნის შესახებ. «ს.-ი" საარჩევნო სუბიექტია და სადავო ¹22 ბრძანების შეჩერებით, პარტია ფაქტობრივად, პარალიზებულ იქნა, არჩევნების პერიოდში ქმედუუნარო გახდა, რაც პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეჩერების ტოლფასია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის თანახმადაც პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეჩერება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და წესით;

6. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ახლად გამოვლენილ გარემოებად უნდა ჩაითვალოს ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის 1 აპრილის ¹01/23/12-1563 წერილი (პასუხი) გ. კ-იასადმი, ადმინისტრაციულ საჩივარზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მომჩივნის მოთხოვნა სადავო ¹22 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმება ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების აღსრულების შეჩერება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 7 მაისის განჩინებით, დაუსაბუთებლობის მოტივით, კერძო საჩივარს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა შემდეგ მოსაზრებათა გამო:

1. სარჩელის წარმოებაში მიღების დროს სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლით და ვინაიდან არ არსებობდა ამავე კოდექსის 186-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი, სარჩელი წარმოებაში მიიღო. ამასთან, სასამართლო არაუფლებამოსილია სათანადო და არასათანადო მოსარჩელის სტატუსზე იმსჯელოს სარჩელის წარმოებაში მიღების სტადიაზე;

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სადავო ¹22 ბრძანება შინაარსობრივად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით დამატებით სპეციალური ნორმა დაწესდა, რომლის მიხედვითაც სარჩელის წარდგენა სასამართლოში თავისთავად (ავტომატურად) აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული (ინდივიდუალური) აქტის მოქმედებას;

3. სადავო ¹22 ბრძანებით რეგისტრაციაში გატარდა ს.-ის წესდების ცვლილებები და სადავო აქტის მოქმედების შეჩერება არ იწვევს პარტიის წესდების რეგისტრაციის შეჩერებას; ამიტომ კერძო საჩივარი “ს.-ის” საქმიანობის პარალიზებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაბრკოლებების შექმნის შესახებ, უსაფუძვლოა;

4. სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლობის გამო ასევე არ გაიზიარა კერძო საჩივარი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ¹01/23/12-1565 წერილი გ. კ-იას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არ მიიჩნია ახლად გამოვლენილ გარემოებად. ამასთანავე, სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან;

5. სასამართლომ, უსაფუძვლობის მოტივით, არ დააკმაყოფილა კერძო საჩივრის ალტერნატიული მოთხოვნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეჩერების შესახებ, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ¹22 ბრძანება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ვ' პუნქტის საფუძველზე შეჩერებულ იქნა არა მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, არამედ კანონის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის, იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზეც.

ამრიგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 194-ე მუხლის თანახმად, სასამართლო კოლეგიამ, მართალია, დასაშვებად ცნო კერძო საჩივარი, მაგრამ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ დააკმაყოფილა იგი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

მოწინააღმდეგე მხარემ, მოსარჩელეებმა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2002 წლის 29 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის აზრით, თავად «ს.-ის" საორგანიზაციო კომიტეტის კერძო საჩივარია შეტანილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ" პუნქტის დარღვევით, ვინაიდან დაინტერესებული პირის _ «ს.-ის" სახელით შეტანილია საქმის წარმოებაზე არაუფლებამოსილი პირის _ საორგანიზაციო კომიტეტის სახელით, რომლის ლეგიტიმურობაზე ¹22 ბრძანების მოქმედება სასამართლოს განჩინებით უკვე შეჩერებულია.

კერძო საჩივარი არ ცნო მოპასუხე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმაც, უსაფუძვლობის მოტივით მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საოლქო სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 29 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ «ს.-ის" საორგანიზაციო კომიტეტის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 29 აპრილისა და 7 მაისის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

1. თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ 2002 წლის 29 აპრილის განჩინებით იმავდროულად გადაწყვიტა სარჩელის განსახილველად წარმოებაში მიღებისა და სარჩელის უზრუნველყოფის სახით, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების პროცესუალური საკითხები და ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის წარდგენა დავის გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების კანონისმიერი საფუძველია, კერძო საჩივრის ავტორი სასამართლო განჩინების გაუქმებას ითხოვს როგორც სარჩელის წარმოებაში მიღების, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილშიც, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან:

ა) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: «თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი". ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ადგენს ადმინისტრაციულ დავებზე სარჩელის წარმოებაში მიღების განსხვავებულ წესს, სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე, 185-ე მუხლებით;

ბ) სასამართლო კოლეგიამ წარდგენილი სარჩელის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე, 179-ე მუხლებთან შესაბამისობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა კოდექსის 186-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი და სარჩელი წარმოებაში მიიღო. ზემოაღნიშნული 185-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის ხარვეზიანობის შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში არ შეავსებს მითითებულ ხარვეზს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ, რაზეც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად დადგენილია: «კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში". ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლი ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას მარტოოდენ სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ განჩინებაზე, 414-ე მუხლიდან გამომდინარე, სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება; ამიტომ ამ ნაწილში კერძო საჩივარი დაუშვებელია. საკასაციო პალატა პროცესუალურად არაუფლებამოსილია ამ ეტაპზე იმსჯელოს სარჩელის წარმოებაში მიღების კანონიერებაზე და კერძო საჩივარს სარჩელის მიღების შესახებ განჩინების გაუქმებაზე უარი უნდა ეთქვას;

გ) ამასთან, საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: «საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამრთლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა". ამდენად, სარჩელის დასაშვებობის მართლზომიერების საკითხი კერძო საჩივრის ავტორს შეუძლია, სადავოდ გახადოს მხოლოდ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების სტადიაზე და ამ ეტაპზე, როგორც აღვნიშნეთ, სარჩელის წარმოებაში მიღების ნაწილში კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუშვებლობის მოტივით.

2. კერძო საჩივრის ავტორი საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინებას ასაჩივრებს აგრეთვე სადავო ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების ნაწილშიც, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მართალია, დასაშვებია, მაგრამ, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. სახელდობრ, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის 16 იანვრის ¹22 ბრძანება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება «ს.-ის” წესდებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ სამართლებრივად წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ" პუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ აქტს, რომლის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა" პუნქტის მიხედვით, შეიძლება იყოს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი, ხოლო დავის შემთხვევაში, ამავე კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად დადგენილია, რომ სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას.

პროცესუალურად დავის გადაწყვეტამდე სადავო ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ვ" პუნქტით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაა, მაგრამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით დამატებით დაწესდა სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც სარჩელის შეტანა სასამართლოში თავისთავად წარმოადგენს სადავო ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების კანონისმიერ საფუძველს, ავტომატურად აჩერებს მის მოქმედებას და გასაჩივრებული ინდივიდუალური აქტის მოქმედების შეჩერება არ არის დამოკიდებული სასამართლოს ნებაზე, განსხვავებით ნორმატიული სამართლებრივი აქტებისა, რომლის მოქმედების შეჩერების მიზანშეწონილობის საკითხს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით,Y წყვეტს სასამართლო.

ამრიგად, თბილისის საოლქო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის სწორი გამოყენებითა და განმარტებით მიიღო კანონიერი განჩინება დავის გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის _ იუსტიციის სამინისტროს ¹22 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე და კერძო საჩივარი მისი გაუქმების ნაწილში უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის «დ" და «ე" პუნქტებით სადავო აქტის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან თავისი იურიდიული ბუნებით სადავო აქტი _ იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის 16 იანვრის ¹22 ბრძანება არ განეკუთვნება ზემოაღნიშნული «დ" პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტების კატეგორიას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანული კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული პარტიის წესდებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ბრძანების აღსრულება ხდება თავად ამ ბრძანების გამოცემით, სხვა პირთა მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება საჭირო აღარ არის, ხოლო წესდებაში შეტანილი ცვლილებები კი ამოქმედდება მხოლოდ ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს სადავო ¹22 ბრძანება არათუ დაუყოვნებლივ აღსრულებაზე, არამედ საერთოდ არ შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ წერილობით დასაბუთებას. საყურადღებოა ის გარემოებაც, თუ სადავო ¹22 ბრძანება დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებას განეკუთვნება, მაშინ თავად აქტის გამომცემ ორგანოს შეეძლო გაესაჩივრებინა სასამართლოს განჩინება აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ, რაც იუსტიციის სამინისტროს არ განუხორციელებია, პირიქით, იგი დაეთანხმა საოლქო სასამართლოს განჩინებას და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე" პუნქტით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების იმ მოტივით დაუშვებლობას, რომ ამგვარი შეჩერება არ არის გავალისწინებული «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, რომელიც მეტი იურიდიული ძალის მქონეა, ვიდრე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ორგანულ კანონს მეტი იურიდიული ძალა აქვს საპროცესო კოდექსთან, როგორც სისტემატიზებულ კანონთან, შედარებით და რომ «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი ითვალისწინებს მხოლოდ პარტიის რეგისტრაციაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ უარის თქმის სასამართლოში გასაჩივრებას, მაგრამ პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებების რეგისტრაციის ან პარტიის წევრთა მიერ პარტიულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი და პროცედურა ორგანული კანონით საერთოდ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს კონსტიტუციის (რომელიც, როგორც სახელმწიფო უზენაესი კანონი, «ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-19 მუხლის «ა" პუნქტის თანახმად, ორგანულ კანონზე მეტი იურიდიული ძალის მქონეა) 26-ე მუხლის პირველი, მეორე პუნქტებითა და 42-ე მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილია პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობასა და თვითმმართველობაში მონაწილეობის, ასევე მოქალაქის, როგორც პარტიის წევრის შელახულ უფლებათა ან თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის კონსტიტუციური უფლება. კონსტიტუციის შესაბამისად, წესდების ცვლილებების რეგისტრაციის ან ყრილობის გადაწყვეტილებათა პარტიის წევრების მიერ სასამართლოში გასაჩივრების უფლება-შესაძლებლობას, თავად კერძო საჩივრის ავტორიც აღიარებს. ამიტომ, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე" პუნქტით სადავო აქტის მოქმედების შეჩერების დაუშვებლობის შესახებ. ამასთან, საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული ნორმის კერძო საჩივრის ავტორისეული განმარტება უსწოროა, რადგან იგი კანონის მიერ ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების დაუშვებლობას კი არ აწესებს, არამედ თვით კანონი უნდა ითვალისწინებდეს მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების დაუშვებლობას, რასაც სადავო აქტთან კავშირი არა აქვს.

4. საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს და 2002 წლის 2 ივნისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (საკრებულოს) არჩევნებს არ მიიჩნევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების დანიშვნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 მარტის ¹ 354 განკარგულება განჩინების გამოტანამდეა მიღებული და ცნობილი იყო ყველასათვის, მათ შორის, გასაჩივრებული განჩინების გამომტანი სასამართლო კოლეგიისთვისაც.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სადავო ¹22 ბრძანების შეჩერებით, ფაქტობრივად, პარალიზებულ იქნა “ს.-ი”, რომელიც საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს და სადავო აქტის შეჩერებით მოხდა მისი რეგისტრაციისა და საქმიანობის შეჩერება, რაც საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტს ეწინააღმდეგება, რასაც საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს და ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 7 მაისის განჩინებას, რომ “ს.-ის” წესდების ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ სადავო ¹22 ბრძანების მოქმედების შეჩერებით შეჩერდა მხოლოდ პარტიის IV ყრილობაზე მიღებული წესდების ცვლილებები, რაც სამართლებრივად არ იწვევს (არ ნიშნავს) თავად პარტიის რეგისტრაციის და, შესაბამისად, მისი საქმიანობის შეჩერებას. ვინაიდან, განსახილველი სარჩელის საგანი არ ყოფილა “საქართველოს მოქალქეთა კავშირის” რეგისტარაციის ბათილად ცნობა ან მისი საქმიანობის შეჩერება, სასამართლო კოლეგიამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვიტა არა თვით პარტიის რეგისტრაციის, არამედ სარჩელის უზრუნველყოფის _ “ს.-ის” წესდებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ¹22 ბრძანების მოქმედების შეჩერების საკითხი; ამიტომ კერძო საჩივარი პარტიის საარჩევნო კამპანიის პარალიზების შესახებ სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ “ს.-ის” საორგანიზაციო კომიტეტის კერძო საჩივარს სარჩელის წარმოებაში მიღების ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას დაუშვებლობის გამო, ხოლო სადავო ადმინისტრაციული აქტის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ¹22 ბრძანების - მოქმედების შეჩერების გაუქმების ნაწილში კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით; უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 29 აპრილისა და 7 მაისის განჩინებები, ვინაიდან კერძო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, სასამართლომ კანონის სწორი გამოყენებითა და მართებული განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. '

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. «ს.-ის"'საორგანიზაციო კომიტეტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 29 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.