3გ-ად-32-02 14 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მსაჯულები: ი. ყარალაშვილი,
ნ. ალხანიშვილი
დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 10 ივნისის ¹111/2002 განკარგულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკომ) 2002წ. 8 ივნისის ¹92/2002 განკარგულებით ბათილად ცნო ¹18-03 ზემო ალვანის თემის საარჩევნო ოლქის ¹6 საარჩევნო უბნის 2002წ. 2 ივნისს ჩატარებული თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს არჩევნების კენჭისყრის შედეგები, ხოლო განმეორებითი კენჭისყრა დანიშნა 2002წ. 16 ივნისს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებას საფუძვლად დაედო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნ. ზ-ძის, მოადგილის ს. ა-შვილის, მდივნის მ. ჯ-შვილის და წევრების: ნ. ნ-შვილის, ნ. თ-შვილის, მ. მ-ურის, მ. ხ-შვილის, გ. ა-იანის განცხადება, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ ზემო ალვანის ¹6 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა არჩევნების გაყალბებას, კერძოდ, კომისიის თავმჯდომარეს ნ. ზ-ძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კომისიის წევრმა ლ. მ-ულმა, თვითნებურად გახსნა ხმის მიცემის ყუთი და აურია გადასატან ყუთში, რომელშიც აშკარად მეტი კონვერტები ეყარა. საოლქო კომისიის წევრებმა ი. უ-ულმა და ბ. ე-ძემ ძალით გამოართვეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნ. ზ-ძეს ბეჭედი, იძულებით მოაწერინეს ხელი ოქმებზე, ჩაკეტეს ცალკე ოთახში და არ მისცეს საშუალება დაკავშირებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. განმცხადებელთა განმარტებით, არ დაბალანსდა ბიულეტენების და კონვერტების საერთო რაოდენობა და არჩევნები ჩატარდა საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით.
ცსკომ გაიზიარა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნ. ზ-ძის, მოადგილის ს. ა-შვილის, ასევე, კომისიის წევრების უმრავლესობის მოსაზრებები და მიიჩნია, რომ ¹18-03 ზემო ალვანის თემის საარჩევნო ოლქის ¹6 საარჩევნო უბანში თვითმმართველობის ორგანოს არჩევნები ჩატარდა კანონდარღვევით, რის გამოც ¹92/2002 განკარგულებით, ბათილად ცნო ამ უბანზე კენჭისყრის შედეგები, თუმცა 2 დღის შემდეგ, 2002წ. 10 ივნისს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ¹111/2002 განკარგულებით თავისი ინიციატივით, ძალადაკარგულად გამოაცხადა მის მიერ 2002წ. 8 ივნისს მიღებული ¹92/2002 განკარგულება ¹18-03 ზემო ალვანის თემის საარჩევნო ოლქის ¹6 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის შესახებ.
სწორედ ცსკოს ამ განკარგულების (111/2002) ბათილად ცნობა მოითხოვა დეპუტატობის კანდიდატმა გ. (შ.) ი-ძემ, რომელმაც 2002წ. 13 ივნისს სასარჩელო განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
მოსარჩელის განმარტებით, ცსკომ თავისი ინიციატივით, საქმის გამოკვლევის გარეშე, ძალადაკარგულად გამოაცხადა მის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი. ამასთან, თუ ჩავთვლით, რომ ¹92/2002 განკარგულება თავის დროზე ცსკომ უკანონოდ მიიღო, მაშინ იგი ბათილად უნდა გამოეცხადებინა. ის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ¹92/2002 განკარგულება ბათილად არ ცნო, იმაზე მიუთითებს, რომ იგი უკანონოდ არ თვლის ამ განკარგულებას. საყურადღებოა ისიც, რომ ცსკოში არავის გაუსაჩივრებია ¹92/2002 განკარგულება, აღნიშნული განკარგულება არც სასამართლოში გასაჩივრებულა.
მოპასუხე საქართველოს ცსკომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მართალია 2002წ. 8 ივნისს ¹92/2002 განკარგულებით ცსკოს მიერ ბათილად იქნა მიჩნეული ზემო ალვანის თემის ¹6 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები, მაგრამ ორი დღის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ დაუბრუნდა აღნიშნულ საკითხს და ჩათვალა, რომ მოცემულ უბანზე საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, ცსკომ განმარტა, რომ ზემო ალვანის ¹6 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობის მიერ ცსკოში წარდგენილ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები კომისიას არ შეუმოწმებია.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა (პირველი ინსტანციით) გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა მტკიცებულებები და დადგენილად ცნო შემდეგი:
საქართველოს ცსკომ 2002წ. 8 ივნისის ¹92/2002 განკარგულებით ბათილად ცნო ¹18-03 ზემო ალვანის თემის საარჩევნო ოლქის ¹6 საარჩევნო უბნის 2002წ. 2 ივნისს ჩატარებული თვითმმართველობის ორგანოს არჩევნების კენჭისყრის შედეგები, ხოლო განმეორებითი კენჭისყრა დანიშნა 2002წ. 16 ივნისს. განკარგულებას საფუძვლად დაედო საუბნო კომისიის წევრთა უმრავლესობის განცხადება, რომ არჩევნები ჩატარდა გაყალბებებით, მათზე ზეწოლის განხორციელებით (კონკრეტული გვარების მითითებით) და ოქმების ხელმოწერისას მათი ნება გამოხატული არ ყოფილა, რაც ცსკომ საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვეად მიიჩნია.
ორი დღის შემდეგ ცსკომ, ¹111/2002 განკარგულებით, თავისი ინიციატივით, ისე, რომ ზემოთდასახელებული განკარგულება არავის გაუსაჩივრებია, ძალადაკარგულად გამოაცხადა იგი და ჩათვალა, რომ საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები ცსკოს მიერ შემოწმებული არ ყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა (პირველი ინსტანციით) მიიჩნევს, რომ გ. (შ.) ი-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ცსკოს ¹111/2002 განკარგულება შემდეგ გარემოებათა გამო:
ცსკოს ¹111/2002 განკარგულება მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე და მე-100 მუხლების დარღვევით, კერძოდ, «ადმინისტრაციულიო ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე» (96-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). «დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ» (96-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ცსკომ ისე მიიღო ¹111/2002 განკარგულება, რომ საქმის გარემოებები არ გამოუკვლევია, არ დაუდგენია, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობის განცხადება სინამდვილეს შეეფერებოდა თუ არა, მაშინ, როცა განცხადებაში საარჩევნო კოდექსის დამრღვევ კონკრეტულ პირთა გვარები იყო დასახელებული. საყურადღებოა ისიც, რომ სადავო განკარგულების გამოტანისას ცსკოს ¹6 საარჩევნო უბნის კომისიის წევრებისათვის არ უცნობებია და არ მოუსმენია მათი ახსნა-განმარტებები.
ამდენად, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა თუ რა არსებითი გარემოება და საარჩევნო კოდექსის რომელი მოთხოვნა დაედო საფუძვლად ¹111/2002 განკარგულების მიღებას.
უზენაესი სასამართლო, ამასთან, მოპასუხის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცსკო მიიჩნევდა, რომ ¹92/2002 განკარგულება ეწინააღმდეგებოდა კანონს და, ¹6 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა განცხადების მიუხედავად, საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევას ამ უბანზე ადგილი არ ჰქონია, მაშინ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ცსკოს ¹92/2002 განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადების ნაცვლად ბათილად უნდა ეცნო, რადგან ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამრიგად, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, თუ რა გარემოება გახდა ¹92/2002 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, მაშინ, როცა ცსკოს აღნიშნული განკარგულება კანონსაწინააღმდეგოდ არ მიუჩნევია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ დეპუტატობის კანდიდატ გ (შ.) ი-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ (პირველი ინსტანციით) იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 249-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ. (შ.) ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ცსკოს 2002წ. 10 ივნისის ¹111/2002 განკარგულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.