Facebook Twitter

3გ-ად-32-კ-02 31 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1997წ. 1 იანვარს კასატორ სპს «მ-სა” და ხაშურის მერიის საბინაო კომუნალური მეურნეობის განყოფილებას შორის (ამჟამად სერვისული მომსახურების ცენტრი) სააფთიაქო მაღაზიის განთავსებისათვის დაიდო იჯარის ხელშეკრულება ხაშურში, ..... მდებარე 35კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის 3 წლით იჯარით გაცემის შესახებ. ხაშურის რაიონის სასამართლოს 1997წ. 15 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა სპს «მ-სა” და ხაშურის მერიის საბინაო კომუნალური მეურნეობის განყოფილებას შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება 35კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე და სპს «მ-ს” მიეცა აღნიშნული ფართის იჯარა-გამოსყიდვის უპირატესი უფლება, ვინაიდან სასამართლომ გაითვალისწინა, რომ სპს «მ-მა” საიჯარო ფართში ჩაატარა შელესვა-შეღებვისა და სხვა სახის სამუშაოები, გასწია გარკვეული ხარჯები, გადაიხადა წინა წლების საიჯარო დავალიანება 252 ლარი, ხოლო იჯარის ხელშეკრულების მოშლა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეს აღარ წარმოადგენდა საბინაო კომუნალური მეურნეობის განყოფილება, არამედ ხაშურის რაიონის გამგეობის 1996წ. 25 აპრილის ¹44 დადგენილებით, სადავო ფართი მუნიციპალური საკუთრება გახდა, შეტანილ იქნა საპრივატიზებო ნუსხაში და მისი იჯარით გაცემა ეწინააღმდეგებოდა იმჟამად მოქმედ «იჯარის შესახებ” კანონსა და საქართველოს პარლამენტის 1994წ. ¹555 დადგენილებას.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული განყოფილების მიერ 1997წ. 26 სექტემბერს ადგილობრივ გაზეთ «.....-ში” გამოქვეყნდა განცხადება ..... მდებარე 35კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების შესახებ იჯარა-გამოსყიდვის ფორმით. ქონების მართვის ხაშურის რაიონული განყოფილების 1997წ. 31 ოქტომბრის ¹33 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის ოქმი ¹6 და ხაშურის რაიონული სასამართლოს 1997წ. 15 ივლისის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, არასაცხოვრებელი ფართი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაეცა სპს «მ-ს”, რაც გაასაჩივრა სხვა კონკურენტმა ჯ. ე-ძემ.

გორის სასამართლოს 1998წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. ე-ძის სარჩელი, გაუქმდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რაიონული განყოფილების საკონკურსო კომისის სხდომის 1997წ. 31 ოქტომბრის შედეგები და სახელმწიფო ქონების მართვის რაიონულ განყოფილებას დაევალა სადავო ფართის იჯარა-გამოსყიდვაზე ახალი კონკურსის ჩატარება, რაც უცვლელი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998წ. 20 ოქტომბრის ¹513 განჩინებით.

ი. გ-ძემ 1999წ. 15 ივნისს ხაშურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ქ. ხაშურის საკრებულოს გამგეობისა და ხაშურის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ და იჯარის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე საიჯარო ფართში ჩაატარა რემონტი, გასწია სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები, რომელთა ღირებულება აუდიტორულმა ფირმა «ც-ძე, დუნდუა, ზ-შვილის სპს”-ს აუდიტორული დასკვნით შეადგენს 4262 ლარსა და 50 თეთრს. მოსარჩელე ი. გ-ძემ მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით მოითხოვა საიჯარო ფართზე ჩატარებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ღირებულების კომპენსაცია უცხოურ ვალუტაში _ 3330 დოლარი, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით _ 5000 ლარი (რომელიც შემდგომში მოხსნა), აუდიტორული შემოწმების ხარჯის 250 ლარისა და ქონების მართვის სამმართველოს ნაცვლად საპრივატიზაციო კონკურსის შესახებ ცნობის გაზეთში გამოქვეყნებისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე «ს-მ” სარჩელი არ ცნო, ხოლო სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის სამმართველომ სარჩელი აღიარა კონკურსის შესახებ ინფორმაციის გაზეთში გამოქვეყნების თანხის ნაწილში.

ხაშურის რაიონის სასამართლოს 1999წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით ი. გ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სკ-ს 548-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს უარი ეთქვა საიჯარო ფართში ჩატარებულ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების მთლიანი ღირებულების ანაზღაურებაზე და 598-ე მუხლის თანახმად, აუნაზღაურდა საიჯარო ქონებაზე გაწეული აუცილებელი ხარჯები; ასევე სკ-ს 407-ე, 411-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელეს აუნაზღაურდა მიუღებელი შემოსავალი, აუდიტის დასკვნაზე გაწეული ხარჯის ნაწილი, რაზეც ხაშურის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით ი. გ-ძის სასარგებლოდ ხაშურის საკრებულოს გამგეობას დაეკისრა 581 ლარი; ხაშურის ქონების მართვის სამმართველოს _ 67 ლარი, ხოლო ელექტრომრიცხველი, სანიტარული კვანძი, ტიხრის შემადგენელი მასალა, რკინის რიკულები, ხის პანელი 35მ2 ცნობილი იქნა მოსარჩელის საკუთრებად და დაექვემდებარა დაბრუნებას.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 1999წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე ი. გ-ძემ და ხაშურის საკრებულოს გამგეობამ. აპელანტი ი. გ-ძე ითხოვდა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას და ხაშურის საკრებულოს გამგეობისთვის მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 3079 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და აუდიტის ხარჯების _ 220 ლარის დაკისრებას; აღნიშნული საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სპს «მ-ის” სასარჩელო მოთხოვნა ხაშურის გამგეობის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო, ხოლო ხაშურის რაიონული სასამართლოს 1999წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება ხაშურის ქონების მართვის სამმართველოსათვის 67 ლარის დაკისრების ნაწილში უცვლელი დარჩა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გამოტანილია შემდეგი მოტივით:

1. 2001წ. 23 ოქტომბერს სააპელაციო პალატამ არასათანადო მოსარჩელე ი. გ-ძე შეცვალა სათანადო მოსარჩელით – სპს «მ-ით”;

2. მხარეთა თანხმობით, სკ-ს 1507-ე მუხლის შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობა სასამართლომ განიხილა ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმებით;

3. საქმის მასალებზე დაყრდნობით სასამართლომ გამოარკვია, რომ მოსარჩელე სპს «მ-ი” მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელიც შეწყვეტილ იქნა ხაშურის რაიონული სასამართლოს 1997წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული საჯარო ხელშეკრულება სააპელაციო სასამართლომ განიხილა, როგორც ქირავნობის ხელშეკრულება, რაც სამოქალაქო კოდექსის 531-575-ე მუხლებით რეგულირდება;

4. სამოქალაქო კოდექსის 573-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია, ვინაიდან აღნიშნული ნორმის მიხედვით: «გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში, ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან”. ვინაიდან მხარეებს შორის სადავო ფართზე იჯარის ხელშეკრულება შეწყდა სასამართლოს 1997წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით, ხოლო სარჩელი ი. გ-ძემ ზიანის ანაზღაურებაზე აღძრა 1999წ. 15 ივნისს, სკ-ს 573-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მოსარჩელე სპს «მ-ს” უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხაშურის საკრებულოს გამგეობის მიმართ, რითაც იმავდროულად დაკმაყოფილდა ხაშურის საკრებულოს გამგეობის სააპელაციო საჩივარი;

5. ხაშურის ქონების მართვის სამმართველოსათვის ი. გ-ძის სასარგებლოდ 67 ლარის დაკისრების ნაწილში ხაშურის რაიონული სასამართლოს 1999წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, ვინაიდან ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს-მ «მ-ი”, სსკ-ს 393-ე მუხლით ითხოვდა მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, სამოქალაქო კოდექსის 573-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან იგი არეგულირებს ურთიერთობას გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების შემთხვევაში, განსახილველი დავისას კი ადგილი ჰქონდა საიჯარო ქონების არა გაუარესებას, არამედ, პირიქით ნივთის გაუმჯობესებას, ამიტომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 129-ე მუხლი და აქედან გამომდინარე სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება უმართებულოა.

საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს კასატორმა საკასაციო საჩივრის დამატებით საფუძველზეც, საპროცესო ნორმის დარღვევაზეც მიუთითა და აღნიშნა, რადგან სასამართლოს 1997წ. გადაწყვეტილებით გაუქმებული საიჯარო ხელშეკრულების მეორე მხარე იყო ხაშურის მერიის საბინაო კომუნალური მეურნეობის განყოფილება, ამჟამად სერვისული მომსახურების ცენტრი, ამიტომ საიჯარო ხელშეკრულების მოშლის გამო ზიანის ანაზღაურებაზე სათანადო მოპასუხეა სერვისული მომსახურების ცენტრი და კასატორის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურებაც მასვე უნდა დაკისრებოდა, ნაცვლად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოსი. კასატორმა საბოლოოდ მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება.

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ხაშურის საკრებულოს გამგეობა და სერვისული მომსახურების ცენტრი არ ცნობს საკასაციო საჩივარს, უსაფუძვლობის მოტივით ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას, ხოლო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპს «მ-ის” საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი – სპს «მ-ი” ქ. ხაშურის საკრებულოს გამგეობისა და ხაშურის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსაგან ითხოვდა იჯარის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანისა და საიჯარი ფართში ჩატარებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ანაზღაურებას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ სკ-ს 573-ე მუხლის საფუძველზე, «მ-ის” სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია, ვინაიდან სადავო ფართზე იჯარის ხელშეკრულება სასამართლოს 1997წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყდა, ხოლო ზიანის ანაზღაურებაზე ი. გ-ძემ სარჩელი აღძრა 1999წ. 15 ივნისს ე.ი. 573-ე მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვებით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, ეთანხმება სპს «მ-ის” საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 573-ე მუხლის მე-2 ნაწილის უმართებულო განმარტებით არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სკ-ს ზემოაღნიშნული 573-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში, მეორე ნაწილის თანახმად, გამქირავებლისათვის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება გაქირავებული ნივთის დაბრუნების მომენტიდან, ხოლო დამქირავებლისათვის _ ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან.

სკ-ს 573-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ექვსთვიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხაშურის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან, 1997წ. 15 ივლისიდან, საკასაციო პალატის აზრით, კონკრეტულ შემთხვევაში არასწორია, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით, მართალია, გაუქმდა სპს «მ-სა” და ხაშურის მერიის საბინაო კომუნალური მეურნეობის განყოფილებას შორის იჯარის ხელშეკრულება, მაგრამ ამავე გადაწყვეტილებით სპს «მ-ს” სადავო ფართის იჯარა-გამოსყიდვის უპირატესი უფლება მიენიჭა სწორედ იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ჩატარებული ჰქონდა სარემონტო სამუშაოები. სასამართლოს 1997წ. 15 ივლისის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონული განყოფილების 1997წ. 31 ოქტომბრის ¹33 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის ოქმი ¹6 და სადავო არასაცხოვრებელი ფართი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით კვლავ გადაეცა სპს «მ-ს”, რაც სასარჩელო წესით გაასაჩივრა კონკურენტმა ჯ. ე-ძემ და დღეისათვის საქმეზე მიმდინარეობს საკასაციო წარმოება.

ხაშურის რაიონის სასამართლოს 1997წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით მინიჭებული, სადავო ფართის იჯარა-გამოსყიდვის უპირატესი უფლების რეალიზაცია სპს «მ-მა” იმავე წლის 31 ოქტომბერს მოახდინა, ისევ მას გადაეცა სადავო ფართი და, ბუნებრივია, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანისა და იქ გაწეული სარემონტო სამუშაოების ანაზღაურებაზე სარჩელს არ აღძრავდა, მაგრამ, რადგან ამჟამადაც სასამართლო დავის საგანია 31 ოქტომბრის კონკურსის შედეგები, საკასაციო სასამართლოს, სკ-ს 573-ე მუხლის საფუძველზე, უმართებულოდ მიაჩნია სპს «მ-ის” სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება და მხოლოდ ამ მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში არსებითად არ უმსჯელია სპს «მ-ის” სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობასა და საფუძვლიანობაზე, შესაბამისად არ გამოუკვლევია სათანადო მტკიცებულებები და «მ-ს” მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მხოლოდ სარჩელის ხანდაზმულობის მოტივით ეთქვა უარი, ამიტომ საკასაციო სასამართლოს, სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, ამ ეტაპზე შეუძლებლად მიაჩნია დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სპს «მ-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.