¹ 3გ/ად-33-კ-02 10 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: პრივატიზების ხელშეკრულების ბათილობა; ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
საბურთალოს რაიონის გამგეობამ სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ნ. ბ-ურისა და მ. ს-ძის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის სამოთახიან, არაიზოლირებულ ბინაში თავდაპირველად ცხოვრობდა სამი ოჯახი: ს. ჯ-შვილსა და მის ქალიშვილ ნ. ბ-იურს ეკავათ 12 კვ.მ. ფართის ერთ ოთახი, ტ. უ-ოვას _ 19 კვ.მ. ფართის ერთი ოთახი, ხოლო ჭ-შვილების ოთხსულიან ოჯახს _ 18 კვ.მ. ფართის ერთი ოთახი. ტ. უ-ოვას გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დაკავებული ოთახი გამოთავისუფლდა და იგი საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 1989 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით გამოეყო თ. ჭ-შვილის ოჯახს.
სარჩელის თანახმად საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 1989 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ჯ-შვილს ერთ სულზე გამოეყო ქ. თბილისში, ... მდებარე ¹25 ბინა, ხოლო მოპასუხე ნ. ბ-ური დარჩა სადავო ბინაში.
1992 წლის 13 მაისს ნ. ბ-ურმა მის მიერ დაკავებულ ოთახს გაუკეთა პრივატიზება და პრივატიზებული ოთახი 1992 წლის 18 აგვისტოს აჩუქა დედას _ ს. ჯ-შვილს, რომელმაც 1994 წლის 29 ოქტომბერს აღნიშნული ოთახი მიჰყიდა ჯ-ძეს.
მოსარჩელის განმარტებით, იმის გამო, რომ მოპასუხე ნ. ბ-ურმა ბინის პრივატიზება გააკეთა ჭ-შვილების ოჯახის თანხმობის გარეშე, ამ უკანასკნელის სარჩელის საფუძველზე საბურთალოს რაიონის სასამართლომ 1995 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო ქ. თბილისში, ... მდებარე სადავო ოთახის პრივატიზების, ნაჩუქრობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებები.
ნ. ბ-ურმა 1995 წლის 7 ივლისს განმეორებით გააკეთა სადავო ბინის პრივატიზება და 1998 წლის 27 თებერვლის ნაჩუქრობის ხელშეკრულებით იგი აჩუქა მ. ს-ძეს.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ნ. ბ-ური 1992 წლიდან არ ცხოვრობდა სადავო ბინაში და მას ფაქტობრივად დაკარგული ჰქონდა ფართზე უფლება.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა ... მდებარე, ბინის ერთი 12 კვ.მ. ფართის ოთახის 1995 წლის 7 ივლისის პრივატიზებისა და 1997 წლის 27 თებერვლის ნაჩუქრობის ხელშეკრულებების ბათილად და სადავო ფართზე მოპასუხე ნ. ტ-ურის უფლებადაკარგულად ცნობა.
მოპასუხე ნ. ბ-ურმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან სადავო ბინის პრივატიზება განახორციელა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა აღნიშნული ბინის პრივატიზების გაუქმების არავითარი საფუძველი.
მოსარჩელემ მოთხოვნა მოპასუხე მ. ს-ძის მიმართ მოხსნა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილ იქნა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მხარეებმა თავადვე მოშალეს მათ შორის გაფორმებული ნაჩუქრობის ხელშეკრულება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 15 ნოემბერს განიხილა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი. შესაბამისად უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.
ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ სააპელაციო პალატის განჩინებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები, კერძოდ, აღნიშნული დავა სამართლებრივი თვალსაზრისით უშუალოდ ეხება იმავე ბინაში მცხოვრებ ჭ-შვილების ოჯახის უფლებებს, ამიტომ სასამართლოს საქმეში მესამე პირებად უნდა ჩაება თ., ე., მ. და ეკ. ჭ-შვილები.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად ჭ-შვილების ოჯახის სრულწლოვანი წევრების საქმეში მესამე პირებად ჩაბმა უნდა მომხდარიყო სასამართლოს ინიციატივით. სასამართლომ არ გამოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებული დავა ეხებოდა ჭ-შვილების ოჯახს. ამით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1995 წლის 8 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ., ე., მ. და ეკ. ჭ-შვილების სარჩელი მოპასუხეების: ნ. ტ-ურის, ს. ჯ-შვილის, მესამე პირის, ქ. თბილისის ¹... სანოტარო კანტორის, მიმართ და ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის 12 კვ.მ. ფართის ოთახის 1992 წლის 13 მაისის პრივატიზების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.
სადავო ოთახის პრივატიზების ბათილად ცნობის საფუძვლად ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დამქირავებელ ნ. ტ-ურის მიერ გაკეთებული სადავო ოთახის პრივატიზებისას მეორე დამქირავებელ ჭ-შვილის თანხმობა არ ყოფილა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის განხილვისას სასამართლოს უნდა გამოეკვლია ნ. ტ-ურის მიერ ხელმეორედ გაკეთებული იგივე ოთახის პრივატიზებისას თანახმანი იყვნენ თუ არა, მეორე დამქირავებელი ნ. ჭ-შვილი და მისი ოჯახის წევრები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში მესამე პირებად არ ჩააბა თ. ჭ-შვილი და მისი ოჯახის წევრები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს უნდა ეცნობებინა ჭ-შვილების ოჯახის წევრებისათვის ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩაება ისინი საქმეში მესამე პირებად, რაც სააპელაციო პალატას არ გაუკეთებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რის გამოც განჩინება იურიდიულად სრულყოფილად არ არის დასაბუთებული. ეს კი მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თავად ვერ გამოიტანს მოცემულ საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას, ამიტომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლეციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელ მ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.