3გ-ად-33-კს-02 4 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა და საერთო სარგებლობის მიწის გამიჯვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 22 ოქტომბერს ზ. ა.-მა სარჩელით მიმართა დუშეთის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ ქ. დუშეთში, ... მდებარე სახლი მან დედის _ დ. ა.-ის გარდაცვალების შემდგომ მემკვიდრეობით მიიღო და მითითებულ ბინაში ცხოვრობდა. ზ. ა.-ის თქმით, სამკვიდრო ქონება, სახლის გარდა, საერთო სარგებლობაში არსებულ 281კვ.მ მიწის ნაკვეთსაც მოიცავდა, რომლისგან 100კვ.მ 1936 წელს დედამისს, სახლთან ერთად, შ. თ.-ისაგან ჰქონდა შეძენილი.
დუშეთის რაიონის აღმასკომმა მოსახლეობის განცხადება განიხილა და 1959წ. 16 მაისის სხდომის ოქმით დ. თ.-ეს, დ. ა.-ს, ი. თ.-ესა და თ. ზურუმოვას საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთი მილიციის ეზოს ხარჯზე გაუზარდა, ხოლო მოგვიანებით, დუშეთის რაიონის აღმასკომის 1979წ. 15 ნოემბრის ¹201 გადაწყვეტილებით ზ. ა.-სა და გ. თ.-ეს საერთო სარგებლობის ეზოდან თავიანთი ეზოს გამოყოფისა და ეზოს გასწვრივ სამზარეულოსა და სააბაზანოს აშენების ნება დართო.
დუშეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 1997წ. 22 ოქტომბრის ¹270 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გ. თ.-ის ქალიშვილმა _ ე. თ.-ემ საერთო სარგებლობის ეზოდან, ზ. ა.-ის ნებართვის გარეშე, 141კვ.მ მიწის ფართობი გამოყო და შეღობა, რითაც მოსარჩელის კანონიერი უფლებები შელახა.
საბოლოოდ, მოსარჩელემ დუშეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 1997წ. 22 ოქტომბრის ¹270 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება და საერთო სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის თანაბარ ნაწილებად გაყოფა მოითხოვა.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 16 ნოემბრის განჩინებით გ. თ.-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა, დუშეთის სასამართლოსათვის საქმის ჩამოცილებისა და სხვა სასამართლოსათვის გადაგზავნის შესახებ, დაკმაყოფილდა. საბოლოოდ საქმე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ა.-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 6 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად დუშეთის რაიონის გამგეობა იქნა ჩაბმული.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა დავის საგანი გაზარდა და გასაჩივრებული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისს ზ. ა.-ის წარმომადგენლის მ. ჭ.-ის ადვოკატმა _ ზ. თ.-მა მოწინააღმდეგე მხარეს მორიგება შემდეგი საფუძვლებით შესთავაზა:
გ. თ.-ეს ზ. ა.-ისათვის მოსარჩელის მიერ მითითებულ ფართზე ავტოფარეხის მოწყობის ნება უნდა დაერთო.
ე. თ.-ე და მისი ადვოკატი დაეთანხმნენ მორიგებას იმ პირობით, თუ ზ. ა.-ი აგებულ ავტოფარეხზე არაფერს დააშენებდა და ავტოფარეხის აშენებით თ.-ეს თავისი ეზოს სარგებლობაში ხელს არ შეუშლიდა. ამასთან, ზ. ა.-ი განჩინების ძალაში შესვლისთანავე ეზოს გათავისუფლებას კისრულობდა.
მხარეები მითითებულ პირობებზე შეთანხმდნენ, მორიგებას მესამე პირებიც დაეთანხმნენ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 30 იანვრის განჩინებით, მხარეთა მორიგების გამო, საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება შეწყდა.
გ. თ.-ემ საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მიღებული განჩინება არაობიექტური და ცალმხრივი იყო, რადგან მისი კანონიერი უფლებები ილახებოდა და მხოლოდ ზ. ა.-ის ინტერესები იყო გათვალისწინებული. კერძოდ: მორიგების დამტკიცების თაობაზე 2002წ. 30 იანვრის განჩინებით მას კედლის გასწვრივ ფართობზე დამხმარე სათავსოს მიშენების შესაძლებლობა მოესპო, რადგან გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელეს სწორად ამ ფართობზე მიეცა ავტოფარეხის მოწყობის უფლება. ამასთან, სახლის კედელსა და ასაშენებელ ავტოფარეხს შორის დაშორების მანძილად 17 სანტიმეტრის განსაზღვრა ლახავდა მის ინტერესებს, რადგან ძალზე მცირე იყო და ფეხით გასასვლელი მანძილიც კი არ რჩებოდა. ამას გარდა, ავტომანქანის გამონაბოლქვი მის ჯანმრთელობას ვნებას მიაყენებდა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მორიგება მისმა რწმუნებულმა მასთან შეუთანხმებლად მოახდინა, მაშინ, როცა მის რწმუნებულებას ვადა მხოლოდ 2002წ. 15 თებერვლამდე ჰქონდა, მან კი, მორიგებაზე თანხმობა რწმუნებულების ვადის გასვლის შემდგომ _ 2002წ. 2 აპრილს დააფიქსირა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2002წ. 19 აპრილის განჩინებით გ. თ.-ის კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ არსებული მორიგებით კერძო საჩივრის ავტორის ინტერესები არ ილახებოდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია რაიონის პოლიციის მესამე პირად ჩართვის მოთხოვნა და განმარტა, რომ აღნიშნულის აუცილებლობა საქმიდან არ გამომდინარეობდა.
ამას გარდა, სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. თ.-ის მიერ ე. თ.-ისათვის გაცემული მინდობილობა ძალაში იყო 2002წ. 28 სექტემბრამდე და მას საქმის მორიგებით დამთავრების უფლებამოსილება გააჩნდა. ამასთან, საქმის განხილვაში გ. თ.-ის ადვოკატიც მონაწილეობდა, რომელმაც _ ე. თ.-ესთან ერთად მოსარჩელის მიერ შემოთავაზებულ მორიგებაში გარკვეული კორექტირება შეიტანა და ხელმოწერითაც დაადასტურა იგი.
ამდენად, საოლქო სასამართლომ გ. თ.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ გ. თ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 30 იანვრისა და 19 აპრილის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე ზ. ა.-სა და მოპასუხე გ. თ.-ეს შორის მორიგების თაობაზე შეთანხმება საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით დაამტკიცა. მხარეთა შორის მორიგებას თავისი ხელმოწერით დაეთანხმნენ საქმეში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები: დუშეთის საკრებულო, მიწის მართვის სამმართველო და ტექინვენტარიზაციის ბიურო. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტი და სწორად შეწყვიტა საქმე წარმოებით. სააპელაციო სასამართლოს მიერ ადგილი არ ჰქონია არც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას. აღნიშნული მორიგება არ ყოფილა ამორალური და კანონსაწინააღმდეგო.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მის წარმომადგენელს _ ე. თ.-ეს არ გააჩნდა მოწინააღმდეგე მხარესთან მორიგების დადების უფლებამოსილება, რომ ე. თ.-ე ისე ავად იმყოფებოდა, რომ არ შეეძლო ანგარიში გაეწია მის მიერ განხორციელებული ქმედებისათვის და რომ უფლებამოსილებას ვადა ჰქონდა გასული. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ გ. თ.-ემ შვილს ე. თ.-ეს 2001წ. 28 სექტემბერს ერთიწ. ვადით 2002წ. 28 სექტემბრამდე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად, გაუფორმა მინდობილობა და მიანიჭა სპეციალური უფლებამოსილება _ საქმე მორიგებით დაემთავრებინა. მორიგების თაობაზე სპეციალური მინდობილობა გააჩნდა, ასევე მოსარჩელე ზ. ა.-ის წარმომადგენელს _ მ. ჭ.-ს. მორიგების თაობაზე შეთანხმებაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე ადვოკატები, რომლებმაც ხელმოწერით დაადასტურეს მხარეთა შორის მორიგება და თავიანთი პირობები შესთავაზეს ერთმანეთს. მხარეთა შორის მორიგების შესახებ შეთანხმება სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 30 იანვრის განჩინებით დაამტკიცა, რა დროსაც გ. თ.-ის წარმომადგენელი _ ე. თ.-ე ავად არ ყოფილა, მითუმეტეს, ისე ავად, რომ ანგარიში ვერ გაეწია მის მიერ განხორციელებული ქმედებისათვის. საკასაციო სასამართლო საქმის განხილვისას კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ე. თ.-ის ავადმყოფობის ცნობას, რომელიც გაცემულია ქალთა კონსულტაციის მიერ თითქმის ერთიწ. შემდეგ და მიუთითებს მის ჰიპერტონიულ კრიზზე 2002წ. 30 იანვარს, ე. თ.-ის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. თ.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. თ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 30 იანვრისა და 19 აპრილის განჩინებები.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.